გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-27-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.03.2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე: მ---- წ---–-----ი,წარმომადგენელი: თ------- რ------–---–ი,მოპასუხე: გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--–-----რას საჯარო სკოლა,წარმომადგენელი: თ-----ი გ--–-–---–ი;
მესამე პირები: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო გ--------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
წარმომადგენელი: თ-----ი გ--–-–---–ი;
დავის საგანი: გ--------ის რაიონის სოფელ მ----ნეთის საშუალო სკოლაში ჩარიცხვის, სწავლებისა და დამთავრების ფაქტის დადასტურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მ---- წ---–-----ის (ქ---------–ვილის) მიერ გ--------ის რაიონის სოფელ მ----ნეთის საშუალო სკოლაში ჩარიცხვის, სწავლებისა და დამთავრების ფაქტის აღიარებას და მოპასუხისათვის სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემის დავალებას;
მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, მ---- წ---–-----ი დაიბადა 1969 წლის 29 დეკემბერს კასპში, დაბადებიდან ატარებდა გვარს ქ---------–ვილი. 1976 წლის 31 აგვისტოს მ----ნეთის რვაწლიანი საშუალო სკოლის №26 ბრძანებით, მოსარჩელე ჩაირიცხა პირველ კლასში. 1986 წელს დაამთავრა ამავე სკოლის ათწლედი და აიღო სრული საშუალო განათლების ატესატატი. 1986 წელს სკოლის დამთავრების შემდგომ მოსარჩელე ჩაირიცხა ქ. თბილისის ო-----------ის სახელობის საბაზისო მესამე სამედიცინო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. მოსარჩელემ 1991 წლის 05 ნოემბერს შეიცვალა გვარი. მოსარჩელემ 2017 წლის 18 აგვისტოს მიმართა მოპასუხე მხარეს ატესტატის დუბლიკაცის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 17 ოქტომბერს კი მოსარჩელე მხარემ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს რათა მასზე გაცემულიყო საშუალო განათლების ატესატატის დუბლიკატი, თუმცა ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სკოლაში არ იძებნება დოკუმენტაცია საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ. ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარემ დამთავრა მ----ნეთის საშუალო სკოლის ათწლედი დასტურდება ლ--–-----რას საშუალო სკოლის მიერ გაცემული ატესტატების გაცემის წიგნის ამონაწერით, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეზე გაცემულია ატესტატი, ასევე არსებობს სკოლადამთავრებულის ნიშნების ფურცლის ამონაწერი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო და სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას დაეთანხმა. წერილობითი შესაგებლის შინაარსიდან გამომდინარე, მ---- ქ---------–ვილზე - წ---–-----ზე გაცემულია საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ატესტატის გაცემის წიგნის ჩანაწერით.
3. მესამე პირის პოზიცია
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. წარმომადგენლის მითითებით, 2017 წლის 17 ოქტომბერს ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლს მიმართა მოქალაქე თ------- რ------–---–მა და მოითხოვა მ---- წ---–-----ის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა. თ------- რ------–---–ის განცხადებით, მ---- წ---–-----მა 1986 წელს დაასრულა გ--------ის რაიონის სოფელ მ----ნეთის საშუალო სკოლის სრული კურსი. მოქალაქემ განცხადებას თან დაურთო სსიპ გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--–-----რას საჯარო სკლის მიერ 2017 წლის 25 სექტებერს გაცემული №4-78 ცნობა. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2017 წლის 17 ოქტომბერს №1-----0 წერილით მიმართა ქალაქ გ--------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლიდან გამოითხოვა მ---- წ---–-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. რესურსცენტრის 2017 წლის 18 ოქტომბრის №1-----4 წერილით გადმოგზავნილი სკოლის 2017 წლის 18 ოქტომბრის №12----7 კორესპოდენციის თანახმად, სკოლაში იძებნება მხოლოდ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი. წერილის თანახმად, მ---- წ---–-----ის მიერ საგანმანათლებრლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივშია გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო გ--------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლმა წერილობითი შესაგაბელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. ამასთან მიუთითა, რომ გ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--–-----რას საჯარო სკოლაის დოკუმენტაციაში ვერ მოიძებნა მ---- წ---–-----ის (ქ---------–ვილის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია , თუმცა სკოლაში არსებული ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალის თანახმად, მოსარჩელის სახელზე გაცემულია ატესტატი. თუ სასამართლო აღიარებს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცემს ატესტატს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1969 წლის 17 მარტს დაბადებული მ---- ქ---------–ვილი 1976 წლის 31 აგვისტოს №26 ბრძანებით ჩაირიცხა მ----ნეთის რვაწლიანი სკოლის პირველ კლასში. 1986 წელს დაამთავრა გ--------ის რაიონის სოფელ მ----ნეთის საშუალო სკოლის სრული კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 60-67; 78-85; 88-96)
-მ----ნეთის რვაწლიანი სკოლის დირექტორის 1976 წლის 31 აგვისტოს №26 ბრძანება (ს. ფ. 27)
- ატესტატის გაცემის წიგნის ჩანაწერი (ს. ფ. 28-29)
3.1.2. მ---- ქ---------–ვილს 1986 წელს აღებული აქვს ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი-ატესტატი №574630.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 60-67; 78-85; 88-96)
-ატესტატის გაცემის წიგნის ჩანაწერი (ს. ფ. 28-29)
3.1.3. 1969 წლის 29 დეკემბერს დაბადებულმა მ---- ქ---------–ვილმა შეიცვალა გვარი და მოსარჩელის ამჟამინდელი გვარია წ---–-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 60-67; 78-85; 88-96
- სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა (ს. ფ. 38)
-დაბადების მოწმობა (ს. ფ. 37)
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2017 წლის 27 ოქტომბრის №01/-------გ გადაწყვეტილებით მ---- წ---–-----ს უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვერ ხერხდებოდა მ---- წ---–-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-14);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 60-67; 78-85; 88-96)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 ოქტომბრის №01/-------გ გადაწყვეტილება (ს. ფ. 19-20)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
.საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე გ--------ის რაიონის სოფელ ლ--–-----რას საჯარო სკოლისა და მესამე პირის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო გ--------ის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმოებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - ადგილი უნდა ჰქონდეს პირის უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისთვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - მ---- წ---–-----ის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გაცემული ატესტატი სპეციალობის დიპლომთან ერთად წარადგინოს სამსახურში მოსაწყობად წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, შესაძლებელია მოსარჩელეს დასჭირდეს სხვადასხვა საჭიროებების მქონე კურსების გავლა, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, კი შეილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ცნობს სარჩელს და ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ასევე მოპასუხის და მესამე პირის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მ---- წ---–-----ის მიერ სრული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და 1985-1986 სასწავლო წელს გ--------ის რაიონის სოფელ მ----ნეთის საშუალო სკოლის მიერ სრული ზოგადი განათლების №574630 ატესტატის გაცემის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
დასახელებული ბრძანების მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატების გაცემა ხორციელდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილ თავისებურებათა გათვალისწინებით. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის, ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-8 და მე-16 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არ-არსებობის შემთხვევაში, განცხადება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება საინფორმაციო სისტემას. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
აღნიშნული პროცედურა მოსარჩელეს დაცული აქვს და მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო უარი ეთქვა ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, რამაც განაპირობა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა, რადგან ცხადია სხვა გზით ამ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ წარმოადგინა მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---- წ---–-----ის წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნას მ---- წ---–-----ის (ქ---------–ვილის) მიერ გ--------ის რაიონის სოფელ მ----ნეთის საშუალო სკოლაში ჩარიცხვის, სწავლებისა და დამთავრების ფაქტი და მის სახელზე გაიცეს სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი;
3. მ---- წ---–-----ს დაუბრუნდეს თ------- რ------–---–ის მიერ 2018 წლის 07 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება №1, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში/სახაზინო კოდი 300063150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი