გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2018
საქმის ნომერი
820310017002029546
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017002029546 (3-131/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 თებერვალი. 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - სო----------–-ძე

მოპასუხე - რო------ გ-------ძე

დავის საგანი - ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. რო------ გ-------ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 191.56 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

რო------ გ-------ძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2013 წლის 25 მარტს გააფორმა კონტრაქტი N60732 „საკონტრაქტი (პროფესიული) სამხედრო მოსამზადებლების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ “, რომ მე -3 პუნქტის თანახმად, მან აიღო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ემსახურა 4 წელი- 2017 წლის 25 მარტის ჩათვლით.

 

გენერალური შტაბის უფროსის 21.03.2017 წლის N1848 ბრძანებით რო------ გ-------ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის ( კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო), საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.12,.2012 წლის N973 ბრძანების თანახმად.

რო------ გ-------ძეს 2017 წლის მარტის თვის შრომის ანაზღაურება ჩაერიცხა მთლიანად - 848.32 ლარი. მასზე ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 191.56 ლარი, ანუ ზედმეტად მიღებული აქვს 2017 წლის 25, 26, 27, 28, 29, 30 და 31 მარტის ანაზღაურება.

 

რო------ გ-------ძის ზედმეტად დარიცხული ხელზე ასაღები ხელფასი 191.56 ლარის ოდენობით, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა, ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რო------ გ-------ძეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და თავისი პოზიცია სარჩელთან მიმართებაში არ გამოუხატავს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. რო------ გ-------ძე 2013 წლის 25 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.03.2013 წლის N60732 კონტრაქტი.

 

4.1.2. რო------ გ-------ძე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტატის უფროსის 2017 წლის 21 მარტის N1848 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 25 მარტიდან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.03.2017 წლის გენერალური შტაბის უფროსის N1848 ბრძანება.

 

4.1.3. რო------ გ-------ძეს სახელფასო ანგარიშზე 2017 წლის მარტის თვეში ჩარიცხულ იქნა სრულად ერთი თვის შრომის ანაზღაურება 848.32 ლარის ოდენობით.

მოპასუხეს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა 2017 წლის 25 მარტს, შესაბამისად, ზედმეტად დაერიცხა 7 დღის ხელფასი 191.56 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მთელი თვის შრომითი ანაზღაურების გაცემა ხდება ყოველი თვის 20-25 რიცხვამდე.

მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა მოპასუხეს თანხა ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.03.2017 წლის N110535 და N110536 საგადასახადო მოთხოვნები;

- 17.05.2017 წლის N454996 მე-4 მექანიზირებული ბრიგადის წერილი;

- 26.07.2017 წლის N15993 მე-4 მექანიზირებული ბრიგადის წერილი;

- ფინანსების დეპარტამენტის 26.07.2017 წლის N714719 წერილი.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს კონსტიტუცია,- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი,- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე რო------ გ-------ძე 2013 წლის 25 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალების რიგებში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტატის უფროსის 2017 წლის 21 მარტის N1848 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2017 წლის 25 მარტიდან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო.

 

7.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

7.4. დადგენილია, რომ რო------ გ-------ძეს სახელფასო ანგარიშზე 2017 წლის მარტის თვეში ჩარიცხულ იქნა სრულად ერთი თვის შრომის ანაზღაურება 848.32 ლარის ოდენობით. მოპასუხეს კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა 2017 წლის 25 მარტს, შესაბამისად, ზედმეტად დაერიცხა 7 დღის ხელფასი 191.56 ლარის ოდენობით.

 

7.5 სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

აღნიშნული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - რო------ გ-------ძისათვის 2017 წლის მარტის თვეში ზედმეტად დაერიცხა 7 დღის ხელფასი 191.56 ლარის ოდენობით, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - რო------ გ-------ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება - 191.56 ლარის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. რო------ გ-------ძეს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ - 191.56 ლარის ანაზღაურება.

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე