განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/29-18 (№057091217001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
12.02.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - დ----- ს--–----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული პ----- ზ------ე
მამის სახელი: ო------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული: საჩხერის რაიონი, სოფელი ს---------- მე-3 ქ. N28
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნ----ს ქ. N6ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, (02 ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
პ----- ზ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 08 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათზე, პ----- ზ------ემ ბაღდათის რაიონის სოფელ წ-----–---ში სტუმრად ყოფნის დროს, მის მეუღლეზე დ---- ხ------ეზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, კერძოდ: აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა გინებაში, ასევე სწვდა თმებში და გაშლილი ხელით სცემა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც დ---- ხ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.
- 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებში, პ----- ზ------ემ ქ. ქუთაისში, ნ----ს ქუჩის პირველი შესახვევი N6ა-ში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მის მეუღლეზე დ---- ხ------ეზე არასრულწლოვანი შვილის და არასრულწლოვანის ცოლის ძმის ა-–---------- ხ------ის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა და მარჯვენა ხელით სცემა თავის არეში, რის შედეგადაც დ---- ხ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 30 იანვარს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ პ----- ზ------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს პ----- ზ------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, პ----- ზ------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ---- ხ------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა მ-------- გ------------ის, გ------- ჯ----–--ის, თ----- ჯ----–--ის, არასრულწლოვან ა-–---------- ხ------ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით; შემაკავებელი ორდერის ოქმით; სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა პ----- ზ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; (02 ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პ----- ზ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარემოებებს: „მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ----- ზ------ემ მეუღლის ნათესავთან სტუმრად ყოფნისას მეუღლეს, რომელიც 1 წლის შვილს საკვებს აძლევდა, მოსთხოვა სიგარეტის მოტანა. მეუღლის პასუხმა, რომ ბავშვის გამოკვების დასრულების შემდეგ მიუტანდა სიგარეტს, პ----- ზ------ე გააბრაზა, რის გამოც დედამ შეაწყვეტინა ბავშვს საკვების მიღება და წავიდა საძინებელ ოთახში სიგარეტის მოსატანად. მან მოიძია სიგარეტი და რამდენიმე ღერი მიაწოდა მეუღლეს, რომელმაც სიგარეტის ღერები გამოართვა, ხელში დაჭმუჭნა და სახეში შეაყარა. ამის შემდეგ მოჩეჩა თმებში და გაშლილი მარჯვენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში. ერთი დღის განმავლობაში სტუმრად ყოფნისას ანალოგიური ფაქტი სამჯერ განმეორდა, როდესაც დედა ბავშვთან ერთად მარტო იმყოფებოდა. ყოველი ცემის დროს მეუღლე თან აგინებდა დედის მისამართით. პ----- ზ------ე ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას დ---- ხ------ეს როგორც ფხიზელ, ისე ნასვამ მდგომარეობაში, რომლის მიზეზიც მისთვის უცნობია, რა დროსაც ის განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. ბოლოს მისმა მეუღლემ სცემა თავისი არასრულწლოვანი ძმის ა-–---------- ხ------ის თანდასწრებით. მას არასოდეს მიუმართავს ამ ფაქტების შესახებ პოლიციისათვის, რადგან მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით“(დ---- ხ------ის ჩვენება ს.ფ.4-6). მისი დაშინების ხარისხზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ რაც დაზარალებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მენეჯერს მიმართა დახმარებისათვის, მის რჩევაზე დაერეკათ პოლიციაში, კიდევ თავს იკავებდა, რადგან მეუღლე სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა(მ-------- გ------------ის ჩვენება ს.ფ.7-9). იგივე ფაქტობრივი გარემოებები დგინდება ა-–---------- ხ------ის და თვით ბრალდებულის ჩვენებებით(ს.ფ. 24-26, 69-72)
აღნიშნული ჩვენებები საქმეზე მიჩნეულია უდავო მტკიცებულებებად, რომელთა გაანალიზების შემდეგ სასამართლო გადამწყვეტ მნიშვნელობა ვერ მიანიჭებს დაზარალებულ დ---- ხ------ის პოზიციას, რომელმაც ფსიქოლოგს განუცხადა, რომ „მას ძალიან უყვარს თავისი მეუღლე და მის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. მან იცის როგორ უნდა დაამშვოდოს და რა არის აუცილებელი, რომ ოჯახი შეინარჩუნონ და მშვიდად იცხოვრონ“(ს.ფ.100-104), ვინაიდან მსხვერპლის ასეთი, საქმის გარემოებებთან შეუსაბამო პოზიცია, შესაძლოა გამოწვეული იყოს ერთი მხრივ, მოძალადის მიმართ შიშით, მეორე მხრივ, არასაკმარისი ინფორმირებულობით ოჯახში მეუღლეთა თანასწორობის შესახებ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულიც, როგორც ფსიქოლოგთან განმარტავს, მოძალადე მამის ოჯახში გაიზარდა.
სასამართლო სასჯელის სახის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა მოძალადე მეუღლის შემდეგი ფსიქოლოგიური პორტრეტი: პ----- ზ------ეს დანაშაულები ჩადენილი აქვს უმნიშვნელო მოტივებით, რასაც თან ახლდა მსხვერპლის დამცირება და აბუჩად აგდება და ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ 21 წლის მეუღლე მონურ მორჩილებაში ჰყოლოდა. მისთვის შემაკავებლ ფაქტორს არ წარმოადგენს არც არასრულწლოვანი ცოლისძმის წინაშე მისივე დის ცემა, არც საკუთარი 1 წლის ბავშვის დედის ხელში ყოფნა ან თუნდაც კვება და შეუძლია ამ დროს ფიზიკურად გაუსწორდეს მას(რამაც შეიძლება გამოუსწორებელი დაღი დაასვას ბავშვის ფსიქიკას), რასაც აქვს სისტემატური ხასიათი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოძალადე მეუღლე არ მუშაობს და ოჯახი თავს ირჩენს დაზარალებულის დედის მიერ საბერძნეთიდან გამოგზავნილი დანაზოგი სახსრებით.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე მთელ ქვეყანაში, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია შეუძლებელია განხორციელდეს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებში. შესაბამისად, სასამართლოს სასჯელის მიზნების აღსრულება შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარიდან.
ამასთან, სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში, ის სრულად აღიარებს შერაცხულ ბრალდებას და სინანულს გამოთქვამს ჩადენილი ქმედებების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ----- ზ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 08 დეკემბრის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, პ----- ზ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პ----- ზ------ე აყვანილი იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და იგი მოთავსებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
პ----- ზ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პ----- ზ------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა (2017 წლის 16 დეკემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით) სულ 3 დღე, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
პ----- ზ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (დ---- ხ------ეს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე