განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020-0--170020-2710
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/462-17 2 მარტი, 20-8 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ლ--------–--
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული თე----------------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–----------–-----------–-------------------------–---------------------–-----–--------------------–-----------–----–---------------------------------------–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
2.2. ადვოკატი ა-–------------------–-–---–-
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
20-7 წლის 1----------, დაახლოებით 09:00 საათზე ქ. ფოთი, დ-----------–-----–-ს სახელობის ხიდზე რუსთაველის რკალის მიმართულებით ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომობილით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით T-------- მოძრავმა თ-------------მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნები, სიჩქარის შენელების მიზნით გამოიყენა მკვეთრი მუხრუჭი, რის შედეგადაც მოუცურდა ავტომობილი, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლზე, დატრიალდა და საპირისპირო სავალი ზოლის მარცხენა კიდიდან დაახლოებით ორ მეტრში დაეჯახა ქვეით დ---------------–--ს, ხოლო შემდეგ შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით ქვეითი დ---------------–-- ადგილზე გარდაიცვალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, რომელიც ზოგადად მიუთითებს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე, თუმცა კონკრეტულად არ ჩამოთვლის მათ. ამდენად, იმისათვის, რომ დადგინდეს სსკ-ის 276-ე მუხლის ზუსტი შინაარსი, აუცილებელია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების მოძიება სხვა ნორმატიულ აქტში. მოცემულ შემთხვევაში რელევანტური სხვა ნორმატიული აქტი არის ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის ნორმების დაცვაც ევალებოდათ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეებს. აღნიშნული კანონის 33.1. მუხლის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს მოყინული იყო გზა, მაგრამ სხვა ავტოსაგზაო შემთხვევა იმ ადგილას არ მომხდარა. ჩქარა მოძრაობდა ბრალდებული. სიჩქარის გამო შეჯახების შემდეგ გარდაცვლილის სხეული დასკდა, ადგილი არ ჰქონდა მთელი დარჩენილი. თქვეს, გაქცევას აპირებდაო მძღოლი, მაგრამ მარშუტკა გაჩერდა, ხალხი შეგროვდა და ამიტომ დარჩაო. პანაშვიდზე ყველა ამბობდა, ავტომანქანა მოფრინავდა, მაგრამ ამის მოწმედ არავინ მოდისო.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ პ-----------------ს ჩვენების თანახმად, ავტომობილზე არსებული სხვა დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მათი რაიმე ოვალური ფორმის მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, როგორიც შესაძლოა იყოს ბოძი, ხე და სხვა. ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. ავტომანქანა მოცურებულ მდგომარეობაშია დაჯახებული. მოცურება შეიძლება მაღალმა სიჩქარემ გამოიწვიოს.
მოწმე ს---------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ დილით გაიგო შეჯახების ხმა. ავტომობილი იყო ბოძს შეჯახებული. ქალი იწვა ტროტუარზე. ავტომანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა პიროვნება, თავზე მოიკიდა ხელი. გზა სველი იყო. ამინდი - მზიანი. ავტომობილი მოძრაობდა აღმაშენებლის ხიდიდან, რომელიც უერთდება რუსთაველის რკალს. გზა მოლიპული არ იყო. დილით არ ყინავდა. სიგნალის ხმა არ გაუგია. მძღოლი არ გაქცეულა.
მოწმე თ-------------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ დილით გაუჩერა ავტომობილი ს-------------–--ს, რომელმაც კარი გააღო, მაგრამ შეჩერდა და უკან იხედებოდა. გაიხედა თვითონაც და ნახა, რომ გოგო იწვა ტროტუარზე. ავტომანქანიდან ბიჭი ჩამოვიდა, პულსი გაუსინჯა. ს-------------–--მ უთხრა, მგონი ავტომანქანამ დაარტყაო. გზა სველი იყო და მოლიპული. მოძრაობა არ იყო. მის წინ არავინ მოძრაობდა. ხიდს მზე არ ადგება და ხშირად არის მოლიპული.
მოწმე ვ-–-----–----ს ჩვენების თანახმად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. გზის მარჯვენა მხარეს იყო გაჩერებული მანქანა, რომელიც ბოძზე იყო შეჯახებული. იმავე მარჯვენა მხარეს ესვენა ქალი. გზა იყო სველი. გზა ორმაგი უწყვეტითაა გაყოფილი, რაც ამჩნევია. თითო ზოლი იყოფა ორად. 18 მეტრი იყო გზის სიგანე სულ. ბოძი არის ტროტუარზე. გზაზე მოცურების კვალი არ იყო, რადგან გზა იყო სველი. შეტყობინების დაწერიდან 10-15 წუთში მივიდა ადგილზე. ექსპერტებთან ერთად გავიდა. ცხედარს ყურსასმენი არ ჰქონია. ხიდი იანვარში იყინება ხოლმე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ ზ-------------------ს ჩვენების თანახმად, თ-------------ს მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მუხრუჭების გამოყენება არ იყო აუცილებელი, რადგან მის ზოლში არ იყო დაზარალებული. მუხრუჭმა გამოიწვია მოცურება. მუხრუჭი ისე უნდა გამოიყონოს მძღოლმა, რომ არ მოცურდეს ავტომობილი, საბურავები უნდა შეარჩიოს შესაბამისი და ა.შ. ავტომანქანა მოცურდება, თუ მაქსიმალურად საჭეს მიმართავ და დაამუხრუჭებ. სხვაგვარად არ მოცურდება. ქვეითი მძღოლის ზოლში რომ ყოფილიყო, ვერ აღმოჩნდებოდა საბოლოო განთავსების ადგილზე, სხვანაირი განლაგება იქნებოდა. 50 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა იმ ხარისხის დაზიანებას ვერ მიიღებდა, რაც ავტომობილს აღენიშნება. მას სიჩქარე მეტი ჰქონდა. თუ ქვეითი იქნებოდა მძღოლის ზოლში, ის ვერ დაეცემოდა იქ, სადაც დაეცა.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, დილით შუქნიშანზე გაჩერდა აღმაშენებლის ხიდთან. როგორც კი მწვანე აინთო, დაიძრა ტაძრისკენ. შუა ხიდზე შენიშნა, რომ დაზარალებული გადადიოდა გზაზე ჩქარი ნაბიჯებით. სიგნალი მისცა ორჯერ, მაგრამ დაზარალებული არ მობრუნდა, რის შემდეგაც დაამუხრუჭა და ავტომობილი მოუსრიალდა. ავტომანქანა უკნიდან მოხვდა დაზარალებულს. მივიდა მასთან. ის ჯერ სუნთქავდა. მოსრიალების შემდეგ ავტომანქანა გადავიდა საპირისპირო მხარეს. გზა მოყინული იყო.
20-7 წლის 14 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ფოთი, დ-----------–-----–-ს სახელობის ხიდის ბოლოს რუსთაველის რკალის მიმართულებით გზირ მარცხენა მხარეს საავტომობილო გზაზე. რ---------–--------–------------ს ქუჩის მიმართლებთ გზის მარჯვენა კიდესთან დგას ავტოსაგზაო შეთხვევის მონაწილე ბმვ-ს მარკის ავტომობილი. იქვე ავტომობილთან ტროტუარზე დგას განათების ბოძი, რომელსაც აღენიშნება შეჯახების კვალი. ავტომობილის უკან 4,5 მეტრში დევს სამი ცალი პლასტმასის დეტალის ნამსხვრევი. ნამსხვრევებიდან 6,7 მეტრში ასვენია პირაღმა მდგომარეობაში ფეხებით სავალი გზისკენ დ---------------–--ს ცხედარი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ირკვევა, რომ შექმნილ გარემო პირობებში ბრალდებულმა სწორად არ შეარჩია სიჩქარე, რომელიც საშუალებას მისცემდა, ეკონტროლებინა ავტომობილი და თავიდან აერიდებინა მისგან მომდინარე საფრთხეები, მოძრაობდა ჩქარა, ჩათვალა, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში სწრაფად მოძრავი ქვეითი მას შეუქმნიდა დაბრკოლებას, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება მკვეთრი მუხრუჭის გამოყენებისა და საჭის კვეთრად მომართვის თაობაზე, რაც, მისი აზრით, თავიდან აარიდებდა შეჯახებას, თუმცა მოხდა პირიქით, მოცურდა ავტომობილი და მისი უკანა ნაწილით საპირისპირო მოძრაობის ზოლში მოხდა კონტაქტი ქვეითთან, რომელიც გარკვეულ მანძილზე გადაისროლა, ხოლო თავად ავტომობილი მოსრიალების შემდეგ ტრიალით გვერდიდან ძლიერად შეეჯახა ბოძს.
2.2. რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი მოითხოვს შედეგს - ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმით დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლანკელბობა. გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, მოტეხილი ბოლოების შეღწევით პლევრის ღრუში, ფილტვების ქსოვილის და მფარავი პლევრის დაზიანებით, მრავლობითი უსწორო კიდეებით. მრავლობითი ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში განვითარებულია მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 20-7 წლის 1---------- გაიგო, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დ---------------–-- გარდაიცვალა. შეჯახების შემდეგ გარდაცვლილის სხეული დასკდა, ადგილი არ ჰქონდა მთელი დარჩენილი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის და ექსპერტ პ-----------------ს ჩვენების თანახმად, ავტომობილის ძარზე სახურავზე და წინა მარჯვენა მოხვევის მაჩვენებელ მაშუქ ფარზე არსებული დაზიანებები, თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის სხეულიც.
მოწმე ს---------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ავტომობილი იყო ბოძს შეჯახებული. ქალი იწვა ტროტუარზე.
მოწმე თ-------------–--ს ჩვენებით დასტურდება, რომ გოგო იწვა ტროტუარზე. ავტომანქანიდან ბიჭი ჩამოვიდა, პულსი გაუსინჯა. ს-------------–--მ უთხრა, მგონი ავტომანქანამ დაარტყაო.
მოწმე ვ-–-----–----ს ჩვენების თანახმად, გზის მარჯვენა მხარეს იყო გაჩერებული ავტომანქანა, რომელიც ბოძზე იყო შეჯახებული. იმავე მარჯვენა მხარეს ესვენა ქალი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დ---------------–-- გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დ---------------–--ს გარდაცვალების ფაქტი დაცვის მხარის მიერ სადავო არ გამხდარა.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ავტომანქანა უკნიდან მოხვდა დაზარალებულს. მივიდა მასთან. ის ჯერ სუნთქავდა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ფოთი, დ-----------–-----–-ს სახელობის ხიდის ბოლოს რუსთაველის რკალის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს საავტომობილო გზაზე. რ---------–--------–------------ს ქუჩის მიმართლებთ გზის მარჯვენა კიდესთან დგას ავტოსაგზაო შეთხვევის მონაწილე ბმვ-ს მარკის ავტომობილი. ავტომობილის უკან 4,5 მეტრში დევს სამი ცალი პლასტმასის დეტალის ნამსხვრევი. ნამსხვრევებიდან 6,7 მეტრში ასვენია პირაღმა მდგომარეობაში ფეხებით სავალი გზისკენ დ---------------–--ს ცხედარი.
ამდენად, ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ადამიანის სიკვდილთან, ვინაიდან ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევით მისი ავტომანქანის მოძრაობა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად დაზარალებულის სასიკვდილო შედეგი არ დადგებოდა.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება გაუფრთხილებელ დანაშაულს წარმოადგენს, რაც შეიძლება განხორციელდეს გაუფრთხილებლობის ორივე ფორმით: როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი, უტყუარი, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა, რის გამოც თ------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არსებით სხდომაზე დანაშაულის აღიარება, დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარების მცდელობა.
თ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა გაუფრთხილებლობის ყველაზე მძიმე ფორმით - თვითიმედოვნებით იმ პირობებში, როცა უხეშად იქნა დარღვეული საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნა და გამოყენებულ იქნა შექმნილ ვითარებაში აშკარად შეუსაბამო, თავიდანვე სახიფათო ზომები.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (შექმნილი ვითარების არაადეკვატურად შეფასების გამო თვითიმედოვნებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა მოლიპულ გზაზე და მკვეთრი დამუხრუჭება საჭიროების გარეშე), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს (მკვეთრი მუხრუჭის გამოყენება და საჭის მკვეთრად მომართვა მოლიპულ გზაზე, რასაც მოჰყვა ავტომობილის მოცურება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ეცადა დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარება, არსებით სხდომაზე აღიარა დანაშაული), ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების, ბრალის ხარისხის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მინიმალურთან მიახლოებული ძირითადი სასჯელის განსაზღვრა. ამასთან, საქმის გარემოებების, ბრალდებულის პიროვნების, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა მოითხოვს, ძირითად სასჯელთან ერთად გამოყენებულ იქნეს მუხლის სანქციით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელის მაქსიმალური ზომა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას პირობითი მსჯავრი გამოყენების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ის ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის სახეს, ზომასა და მოხდის წესს განსაზღვრავს სასჯელის მიზნების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მათ შორის ბალანსის დაცვით. სასჯელის მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, დანაშაულის პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია ერთობლიობაში უნდა იქნეს გათვალისწინებული. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დანაშაულის როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის, ისევე, როგორც სამართლიანობის აღდგენის მიზანი მოითხოვს მკაცრ რეაგირებას მაშინ, როცა დამნაშავის რესოციალიზაციის მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნეს უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენებით. ბრალდებულმა იმდენად უხეშად დაარღვია დაკისრებული მოვალეობა, ავტომობილებთან მისი სამსახურებრივი კავშირის (რაც მას ავალდებულებს, სხვებზე უკეთ იყოს გათვითცნობიერებული ავტომობილისა და მძღოლის შესაძლებლობებში და სხვებზე მეტად დაიცვას უსაფრთხო მოძრაობის წესები) მიუხედავად მის მიერ გამოვლენილი საკუთარი თავის, ავტომობილის, გზის საფარის და საკუთარი შესაძლებლობების აღქმა იყო იმდენად არარეალური, მისი ქმედება იყო იმდენად სახიფათო და შედეგი იმდენად სავალალო, რომ, მართალია, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, გამოიყენოს ძირითადი სასჯელის მინიმუმთან მიახლოებული ზომა, თუმცა დანაშაულის პრევენციის მიზნის შესრულება შეუძლებელი ჩანს მაქსიმალური დამატებითი სასჯელის გამოყენების გარეშე. ამასთან, სასჯელის სამივე მიზანს შორის ბალანსის მიღწევის აუცილებლობა მოითხოვს, მსჯავრდებულს სასჯელი არ ჩაეთვალოს პირობითად და ის სრულად მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავტომანქანა, ლაქები, ნამსხვრევები, სარკე, რკინის დეტალი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, რომელთაგან, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავტომანქანა უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო ლაქები, ნამსხვრევები, სარკე, რკინის დეტალი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები იმავე ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ------------- საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის - უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
თ-------------ს ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.
თ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 17 ივლისის №12/878-20-7 განჩინებით 8000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, თ--------------ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.--------------------–------------ში, პირველი სართული, ბინა N1, ფართი 75 კვმ (საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.1--.0-.0--), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები: მობილური ტელეფონი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს; ლაქები, ნამსხვრევები, სარკე, რკინის დეტალი, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია