გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.03.2018
საქმის ნომერი
140310118002255386
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310118002255386

საქმე № 3/5-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

7 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

 

მოსარჩელე: ნ---- გ--–-–---–ი

წარმომადგენლები: ქ------- ბ----–---–- და მ--- გ-----–-–---–-

 

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: გ------- მ------–---–- და თ----- თ-------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახლის გამოცემის დავალდებულება, განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის წესით სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე მობილობის წესით ნ---- გ--–-–---–ის გამწესების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

1.3. გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით 650 ლარის ანაზღაურების დავალდებულება.

 

1.4. საჯარო მოხელეთა რეზერვში ნ---- გ--–-–---–ის ჩარიცხვის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის № 62-კ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ნ---- გ--–-–---–ი (პირ. № 5----------) 2015 წლის იანვრიდან მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად; იგი წარმოადგენდა მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტს.

 

ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ უნდა მომხდარიყო დასაქმებულ პირთა მიმართ მობილობის პროცესი და მათი გადაყვანა ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის აპარატებში, რაც მის მიმართ არ განხორციელებულა.

 

ამ გაერთიანების შემდეგ მერიაში ჩამოყალიბდა სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, სადაც მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტები განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით; ამ თანამდებობაზე, ძველი შტატების გათვალისწინებით, მობილობით შესაძლოა, გადაყვანილი ყოფილიყო სულ 4 პირი, მათ შორის ნ---- გ--–-–---–ი.

 

მერიამ ისე დაასრულა მობილობის პროცესი, რომ ნ---- გ--–-–---–ის მიმართ რაიმე აქტი, თუნდაც მობილობაზე უარის თქმის შესახებ, არ გამოცემულა; მას ისე ეთქვა უარი როგორც ამ 3 საშტატო ერთეულზე, ასევე ტოლფას ან თუნდაც დაბალი რანგის თანამდებობაზე მობილობით გადაყვანაზე, რომ მიზეზი გაურკვეველია.

 

მერიამ დაარღვია მობილობის განხორციელების კანონით დადგენილი ვადები.

 

გარდა ამისა, იგი ჩარიცხეს საჯარო მოსამსახურეთა რეზერვში მისი თანხმობის გარეშე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მერიამ გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტად განისაზღვრულ 3 საშტატო ერთეულზე მობილობით გადაიყვანა ის პირები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შესაბამის მოთხოვნებს; ეს 3 პირი და ნ---- გ--–-–---–ი იმყოფებოდნენ თანაბარ პირობებში და, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გათვალისწინებით, მერიამ მოახდინა მითითებული 3 პირის შერჩევა; ასეთ ვითარებაში მერიას არ ევალებოდა, დაესაბუთებინა თანაბარ პირობებში მყოფ მოხელეთა მიმართ მობილობის გამოყენებისა თუ გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მას შემდეგ, რაც მერიისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ---- გ--–-–---–ს სარჩელი ჰქონდა აღძრული სასამართლოში, ჩაითვალა, რომ ეს იყო მისი მხრიდან გაცხადებული თანხმობა რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, და მერიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებაც.

 

მერიამ ეს გადაწყვეტილებები მიიღო მობილობის განხორციელების კანონით დადგენილ ვადებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ნ---- გ--–-–---–ს მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

 

მტკიცებულება: დიპლომი.

 

ნ---- გ--–-–---–ი 2010 წლის 1 თებერვლიდან დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის სპეციალისტის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2014 წლის 26 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობებში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე;

 

მტკიცებულება: შრომის წიგნაკი.

 

3.2.2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 იანვრის ბრძანებით, ნ---- გ--–-–---–ი დაინიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად 3 თვის გამოსაცდელი ვადით; თანამდებობირივ სარგოდ განესაზღვრა ყოველთვიურად 580 ლარი; იგი წარმოადგენდა მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტს;

 

მტკიცებულება: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 იანვრის № 1პ-21 ბრძანება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის № 04/3/507 ცნობა, 2018 წლის 25 იანვრის № 04/3/752 ცნობა.

 

3.2.3. იგი იკავებდა ამ თანამდებობას 2017 წლის 14 ნოემბრამდე; მის მიმართ დისციპლინური სახდელი არ გამოყენებულა.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 იანვრის № 04/3/412 მიმართვა, 2018 წლის 18 იანვრის № 04/3/507 ცნობა.

 

3.2.4. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის დასკვნით, ნ---- გ--–-–---–ი არის დისციპლინებული, კეთილსინდისიერი, კომუნიკაბელური, აქტიური საჯარო მოხელე; იგი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ საქმიანობას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს კომპლექსური გადაწყვეტილებების განხილვასა და შუალედური გადაწყვეტილებების მიღებაში, სამსახურის მუშაობის პროცესის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას; გამოირჩევა დავალებული სამუშაოს დროულად შესრულებით, რაც განსაზღვრავს უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის ეფექტურობას; იგი ნებისმიერ სამუშაოს გაართმევს თავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საჯარო სამსახურის ეფექტურ მუშაობასა და განვითარებაში;

 

მტკიცებულება: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის 2017 წლის 18 სექტემბრის შეფასება-დასკვნა.

 

3.2.5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის შეფასებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს - ნ---- გ--–-–---–ს, მ--- გ-----ეს, ნ----- შ------–---–სა და ნ---- ხ------ს მიეცათ კარგი შეფასება - შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას.

 

მტკიცებულება: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების კომისიის 2017 წლის 4 ოქტომბრის სხდომის ოქმი.

 

3.2.6. ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების დასრულების შემდეგ, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ნ---- გ--–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; მას მობილობის წესით იმავე, ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გამწესებაზე ეთქვა უარი ისე, რომ არც გათავისუფლებაზე და არც მობილობის გამოყენებაზე უარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რაიმე სახის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 იანვრის № 04/3/507 ცნობა, მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.7. ნ---- გ--–-–---–ი მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხა 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2 წლის ვადით.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის № 62-კ ბრძანება.

 

3.2.8. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის დადგენილებით განისაზღვრა მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, მათ შორის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის 1-ლი და მე-2 კატეგორიის სპეციალისტების 3 საშტატო ერთეული - თანამდებობრივი სარგოები - 700, 650 და 540 ლარი.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის დადგენილება № 19.

 

3.2.9. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 ნოემბრისა და 13 დეკემბრის ბრძანებებით სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის 1-ლი და მე-2 კატეგორიის სპეციალისტების 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანილი იქნენ ნ----- შ------–---–ი, ნ---- ხ------ი და მ--- გ-----ე;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 ნოემბრის № 132-კ, № 149-კ და 2017 წლის 13 დეკემბრის № 202-კ ბრძანებები.

 

3.2.10. ნ---- ხ------ს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით; იგი 2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად;

 

მტკიცებულება: დიპლომი, შრომის წიგნაკი.

 

3.2.11. ნ----- შ------–---–ს (ქორწინებამდე კ--–-------) დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი ელექტრონულ-გამომთვლელი აპარატურის კონსტრუირებისა და წარმოების სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-კონსტრუქტორ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია; მან ასევე დაამთავრა კასპის დამოუკიდებელი ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; იგი 2015 წლის 8 აპრილიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად;

 

მტკიცებულება: დიპლომები, შრომის წიგნაკი, ქორწინების მოწმობა.

 

3.2.12. მ--- გ-----ეს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი სოციოლოგის სპეციალობით და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; იგი 2015 წლის 9 იანვრიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე მუშაობდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად; იგი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე; გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ/კურსები;

 

მტკიცებულება: დიპლომი, შრომის წიგნაკი, სერტიფიკატები.

 

3.2.13. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია მობილობის განხორციელებისა და განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, მათ შორის ნ---- გ--–-–---–თან დაკავშირებით;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 დეკემბრის № 04/3/1154 მიმართვა.

 

3.2.14. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია შიდა ქართლის მასშტაბით პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შესახებ, მერიამ კი გააგზავნა მიმართვები ამ საჯარო დაწესებულებებში მერის ყოფილ თანამშრომელთა მიმართ მობილობის წესით გადაყვანის შესახებ, რაზეც დაწესებულებების მხრიდან ითქვა უარი;

 

მტკიცებულება: საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 4 იანვრის № გ6, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 25 იანვრის № 04/3/735, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის № 869, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის № 184, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 იანვრის № 04/249, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის № 03/160, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის 2018 წლის 11 იანვრის № 07/29 მიმართვები.

 

3.2.15. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანებით, ნ---- გ--–-–---–ი ჩაირიცხა პროფესიულ საჯარო მოხელეთა რეზერვში და დადგინდა მისთვის კომპენსაციის გაცემა.

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანება № 62-კ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მობილობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ მერიის გადაწყვეტილება, რამდენადაც ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის განუხორციელებლობა არის დაუსაბუთებული, და მოპასუხეს უნდა დაევალოს შესაბამისი გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; ამავე დროს, მოსარჩელის რეზერვში ჩარიცხვა არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება, ,,გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება, ,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016212) ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტი გაიყო, გორის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნა თვითმმართველი თემი − გორის მუნიციპალიტეტი და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი გორი; დადგენილება ამოქმედდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 იანვრის ბრძანებით, ნ---- გ--–-–---–ი დაინიშნა თვითმმართველი ქალაქის - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტად 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად ამისა, იგი მუშაობდა ამ თანამდებობაზე 2017 წლის 14 ნოემბრამდე.

 

,,გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილებით სარეგისტრაციო კოდი 010250000.09.001.016411) თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად − გორის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი გორი; დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს.

 

,,საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულ მუნიციპალიტეტების მერებს/საკრებულოების თავმჯდომარეებს დაევალათ, საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველეყოთ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის № 199 დადგენილებით, რომლის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მობილობა ნიშნავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელის გადასვლას სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე;

 

იმავე ,,წესის“ მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

2017 წელს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაერთიანდა ქალაქ გორისა და გორის თვითმმართველი თემები და ჩამოყალიბდა ერთი თვითმმართველი ერთეული - გორის მუნიციპალიტეტი.

 

ამ გაერთიანების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოყალიბდა სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, სადაც მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტები განისაზღვრა 3 საშტატო ერთეულით;

 

ამ თანამდებობაზე, ძველი შტატებისა და დაკავებული თანამდებობების გათვალისწინებით, მობილობით შესაძლოა, გადაყვანილი ყოფილიყო სულ 4 პირი - ნ----- შ------–---–ი, ნ---- ხ------ი, მ--- გ-----ე და ნ---- გ--–-–---–ი.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 29 ნოემბრისა და 13 დეკემბრის ბრძანებებით, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მე-4 რანგის 1-ლი და მე-2 კატეგორიის სპეციალისტების 3 საშტატო ერთეულზე მობილობის წესით გადაყვანილი იქნენ ნ----- შ------–---–ი, ნ---- ხ------ი და მ--- გ-----ე, ნ---- გ--–-–---–ს კი უარი ეთქვა როგორც ამ, ასევე მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე მობილობის წესით გამწესებაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

როგორც აღინიშნა, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების დასრულების შემდეგ, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ნ---- გ--–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; მას მობილობის წესით იმავე, ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გამწესებაზე ეთქვა უარი ისე, რომ არც გათავისუფლებაზე და არც მობილობის გამოყენებაზე უარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რაიმე სახის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა;

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და მობილობის განხორციელების წესის შესახებ ზემოთ მითითებული ნორმებით გორის მუნიციპალიტეტის მერიას მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე მისი თანხმობით გადაიყვანოს ან არ გადაიყვანოს იმავე ან მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ ვითარებაში, როდესაც მერიამ გამოიყენა ეს უფლებამოსილება და მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში მყოფი 4 მოსამსახურიდან მობილობა განახორციელა 3 პირის მიმართ, მას უფრო მეტად გააჩნდა ამგვარი გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება, რათა უფრო ნათელი გამხდარიყო ამგვარი გადაწყვეტილების გამოყენების საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა, თუნდაც ამ ოთხ პირთან მიმართებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ზოგადად, შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება, გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს, რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევას, დადგენასა და შეფასებას;

 

ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება).

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების შეფასებისას უნდა შეფასდეს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.

 

ამგვარი დასაბუთების აუცილებლობაზე სასამართლო მიუთითებს იმის გამოც, რომ მოპასუხემ შესაგებელში განავითარა მსჯელობა მითითებულ ოთხ პირთან მიმართებაში მათ განათლებაზე, სამუშაო სტაჟსა და გამოცდილებაზე იმის დასასაბუთებლად, რომ მერიამ ნ---- გ--–-–---–თან შედარებით უპირატესობა მიანიჭა დანარჩენ სამ პირს სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეს 4 პირი იმყოფებოდა თანაბარ პირობებში განათლებისა და სხვა კრიტერიუმებთან მიმართებაში და, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების გათვალისწინებით, მერიამ მოახდინა მითითებული 3 პირის შერჩევა, რის გამოც მერიას არ ევალებოდა, დაესაბუთებინა თანაბარ პირობებში მყოფ მოხელეთა მიმართ მობილობის გამოყენებისა თუ გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში მობილობაზე უარის თქმის დასაბუთების აუცილებლობა გამომდინარეობს იქიდანაც, რომ მოსარჩელის მითითებით, მობილობაზე უარი ეთქვა კონკრეტული პარტიისადმი მისი მხარდაჭერის არარსებობის გამო.

 

გარდა ამისა, სასამართლომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დასაბუთების აუცილებლობაზე, ძირითადად, იმსჯელა მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში მყოფ 4 მოსამსახურესთან მიმართებაში, თუმცა ამგვარი დასაბუთების აუცილებლობა არსებობს აგრეთვე ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობზე სხვა პირთა მიმართ გამოყენებულ მობილობებთან და ამ თანამდებობებზე ნ---- გ--–-–---–ის მობილობის წესით გადაყვანაზე უარის თქმასთან დაკავშირებითაც.

 

,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ბიურო ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოიძიებს ინფორმაციას საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და აცნობებს მას საჯარო დაწესებულებას. ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ვაკანტური თანამდებობების მოძიებისას ბიურო ხელმძღვანელობს ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

უსაფუძვლოა მოპასუხის პოზიცია, რომ მერიამ იმოქმედა რა ამ მუხლით განსაზღვრული წესით და საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია მობილობის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ნ---- გ--–-–---–თან მიმართებაში, ამით შეასრულა თავისი ვალდებულება;

 

ზემოთ მოყვანილი საკანონმდებლო აქტების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა სწორედ იმ საკითხის დასაბუთება, თუ რატომ იყო შეუძლებელი ნ---- გ--–-–---–თან მიმართებაში მობილობის განხორციელება, პირველ რიგში, მერიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებში; როგორც აღინიშნა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია მობილობის განხორციელებისა და განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, მათ შორის ნ---- გ--–-–---–თან დაკავშირებით, თუმცა რაში მდგომარეობდა ეს ,,შეუძლებლობა“ დასაბუთებული არაა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად; დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

 

როგორც აღინიშნა, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტების გაერთიანების დასრულების შემდეგ, 2017 წლის 14 ნოემბრიდან ნ---- გ--–-–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; მას მობილობის წესით იმავე, ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობაზე გამწესებაზე ეთქვა უარი ისე, რომ არც გათავისუფლებაზე და არც მობილობის გამოყენებაზე უარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რაიმე სახის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, რაც ასევე არღვევს როგორც კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე დაინტერესებული პირის - ნ---- გ--–-–---–ის უფლებებსა და ინტერესებს.

 

იმის გამო, რომ არ არსებობს მობილობის გამოყენებაზე უარის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის რაიმე სახის წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შეუძლებელია, სასამართლომ იმსჯელოს მოსარჩელის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის ფაქტობრივი საფუძვლების კანონიერებასა თუ უკანონობაზე;

 

მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მითითებული საფუძვლები გამოკვეთილიყო და დადგენილიყო თუნდაც საქმის განხილვის დროს მაინც, ესეც შეუძლებელი შეიქმნა.

 

აქედან გამომდინარე, ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის წესით სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება იმდენად არასრული და არასრულყოფილია, რომ შეუძლებელია მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ნ---- გ--–-–---–ის მობილობაზე უარის თქმისას დაცული არ იქნა ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო მოთხოვნები;

 

ადმინისტრაციულ ორგანოს, საკითხის გადაწყვეტისას, მტკიცებულებათა მოპოვების გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- გ--–-–---–ის მობილობაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც უარი ნათქვამია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა-შეჯერების გარეშე, სადავო საკითხის ცალსახად გადაწყვეტა. ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს მოპასუხეს; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის მიმართ მობილობის განხორციელებისა თუ მისი შეუძლებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები როგორც მის მიერ დაკავებულ, ასევე ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობებთან მიმართებაში, და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება მობილობასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

იმის გამო, რომ შეუძლებელია დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა, ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი მობილობის განხორციელების დავალდებულებისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

,,პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, მოხელის ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; თუ მოხელე უარს განაცხადებს შეთავაზებულ პოზიციაზე, მოხელის სურვილის გათვალისწინებით, იგი ირიცხება მოხელეთა რეზერვში კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე.

 

ამ ნორმიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში მოხელე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში ირიცხება მოხელეთა რეზერვში.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ნ---- გ--–-–---–ი საჯარო მოხელეთა რეზერვში გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის № 62-კ ბრძანებით ჩაირიცხა და კომპენსაციის მიღება დადგინდა ისე, რომ მას თანხმობა ამაზე არ გამოუთქვამს, ანუ მისი სურვილის გათვალისწინება არ მომხდარა.

 

უსაფუძვლოა მერიის პოზიცია, რომ ნ---- გ--–-–---–ის მიერ სარჩელის სასამართლოში აღძვრა უნდა იქნეს ჩათვლილი ასეთ სურვილად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემით არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, აქტები არ შეიცავს ნ---- გ--–-–---–ის მობილობის განხორციელებაზე უარის თქმისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის საკმარის დასაბუთებას და უკანონოა; შესაბამისად, უარის თქმა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ხოლო რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანება სრულად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე, რის გამოც მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აქედან გამომდინარე, ნ---- გ--–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 32-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის წესით სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება.

 

1.1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, გამოიკვლიოს ნ---- გ--–-–---–ის მიმართ მობილობის განხორციელებისა თუ მისი შეუძლებლობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები როგორც მის მიერ დაკავებულ, ასევე ტოლფას ან დაბალი რანგის თანამდებობებთან მიმართებაში, და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება მობილობასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის სპეციალისტის ან მის ტოლფას, ან დაბალ თანამდებობაზე მობილობის წესით ნ---- გ--–-–---–ის გამწესების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. ნ---- გ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ განაცდურის სახით გადაწყვეტილების აღსრულებამდე 650 ლარის ანაზღაურების დავალდებულების შესახებ ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 თებერვლის № 62-კ ბრძანება საჯარო მოხელეთა რეზერვში ნ---- გ--–-–---–ის ჩარიცხვისა და მისთვის კომპენსაციის გაცემის ნაწილში.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. ნ---- გ--–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე 2018 წლის 12 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება № 15603071).

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი