გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1417-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 თებერვალი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "ს---–-ა"
წარმომადგენლები ვერიკო ბაზალი, თორნიკე კოჭლამაზაშვილი
მოპასუხე მ--------- ბ--–--ე (არ გამოცხადდა)
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ--------- ბ--–--ისათვის 2000 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
2017 წლის 14 იანვარს შპს „ს---–-ასთან“ მ--------- ბ--–--ემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება N22959-1 მართვის ავტომატური სისტემის გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 500 ლარი. სესხი გაიცა 103 დღის ვადით, სესხის დღიური სარგებელი შეადგენს 0.195%-ს. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება სამ ეტაპად ყოველთვიური გადახდებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის ერთჯერადი ჯარიმას 50 ლარი, 14 დღემდე ვადაგადაცილებისათვის 150 ლარი, ყოველდღიურად გადასახდელი პირგასმატეხლოა სესხის 3%.
მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებაა 2587.90 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი 42.90 ლარი, პირგასამტეხლო 2045 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ?? ???????? 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც სხდომაზე გამოცხადდა. სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 11 აგვისტოს, ხოლო სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო უწყება ჩაბარდა მის ძმას ზურაბ ბ--–--ეს 2018 წლის 2 თებერვალს. წერილობითი შესაგებლის წარმოუდგენლობის და სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილი არ არის, რის გამოც ზემოთდასახელებული ნორმის საფუძველზე სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად ითვლება.
3.1.1. 2017 წლის 14 იანვარს შპს „ს---–-ასთან“ მ--------- ბ--–--ემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება N22959-1 მართვის ავტომატური სისტემის გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 500 ლარი. სესხი გაიცა 103 დღის ვადით, სესხის დღიური სარგებელი შეადგენს 0.195%-ს. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება სამ ეტაპად ყოველთვიური გადახდებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის ერთჯერადი ჯარიმა 50 ლარი, 14 დღემდე ვადაგადაცილებისათვის 150 ლარი, ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოა სესხის 3%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სესხის ხელშეკრულების ასლი და თანხის ჩარიცხვის ქვითარი (ს.ფ. 15-26)
3.1.2. მსესხებელმა მ--------- ბ--–--ემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებაა 2587.90 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 ლარი, სარგებელი 42.90 ლარი, დარიცხულია პირგასამტეხლოა 2045 ლარი. სარჩელით მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო – 1457.10 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 625-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 325-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით ესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარგებელი დღეში სესხის 0.195%-ის ოდენობით, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან დასაშვებია არაუზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებაში პროცენტი შეადგენდეს სესხის თანხის 100%-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, მსესხებელს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხა 500 ლარი და სარგებელი 42.90 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ?? ???????? 70-?–78-? ???????? დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია. კერძოდ, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის და სესხის სარგებლის დაკისრების შესახებ, რაგან სესხის მოვალს არ დაუბრუნებია. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია სესხის ძირითად თანხასთან და სარგებელთან ერთად მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასმატეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
ამ ნორმით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ემსახურება და მისი მიზანია სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპის უზრუნველყოფა.
სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმების საგანი, მათ მიერ შეთანხმებული ოდენობით განისაზღვრება, მაგრამ ამავდროულად 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო გონივრული ოდენობის უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლო შეფასების საგანი გახდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
დასახელებული ნორმის მიხედვით სადაო სამართალურთიერთობა მოწესრიგდება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ.
„მიკროსაფინანსო ორგანიზციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
ამავე კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
მიკროკრედიტის გაცემის სასესხო ურთიერთობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მსესხებლებს სთავაზობს საკრედიტო ურთიერთობის პირობებს. ამგვარ ურთიერთობაში გამსესხებლის მიერ განისაზღვრება საკრედიტო ხელშეკრულებისათვის მნიშნელოვანი პირობები – სესხის სარგებლის პროცენტი, პირგასამტეხლოს ოდენობა. სესხის ხელშეკრულება ელექტრონული ფორმით იდება, მსესხებელი ელექტრონულად ეთანხმება მიკროსაფინანსო ორანიზაციის ვებგვედრზე განთავსებულ სესხის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და მას ამ პირობების ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის საფუძველზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ხელშეკრულების პირობები უნდა განსაზღვროს სამართლიანად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 500 ლარი, სარგებელი 42.90 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 1457.10 ლარი. მართალია მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, საერთოდ არ დააბრუნა სესხად მიღებული თანხა, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.
სესხის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 28 თებერვლიდან, რადგან მოპასუხეს სესხის დასაბრუნებლად პირველი შენატანი უნდა განეხორციელებინა სესხის აღებიდან მომდევნო თვეში, რაც არ შეასრულა. პირგასამტეხლო დარიცხულია 2017 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, რაც მოიცავს ვადის გადაცილების 123 დღეს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის (ყოველდღიურად 3%) მიხედვით, ერთ დღეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 15 ლარი. სარჩელით მოთხოვნილია 1457.10 ლარი, რაც ვადის გადაცილების თითოეული დღისათვის არის 11.84 ლარი.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო, მაგრამ მოთხოვნილი პირგასამტეხლოც მაღალია, რადგან მოსარჩელე ყოველდღიურად 11.84 ლარის დაკისრებას მოითხოვს, ხოლო საერთო ჯამში მოთხოვნილია სესხის დავალიანების სამჯერ მეტი თანხის პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ იგი ასევე იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება. პირგასამტეხლო არ უნდა იყოს იმ ოდენობის, რომ დაამძიმოს და გაართულოს ვალდებულების შესრულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულია, 500 ლარის ოდენობით სესხის დაუბრუნებლობისათვის 1450 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დარღვევიდან 4 თვის განმავლობაში აშკარად მაღალი თანხაა, გამოიწვევს მეტისმეტად მკაცრი სანქციის დაკისრებას და არ ემსახურება ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის პრევენციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გადასახდელ პირგსამტეხლოდ უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირთადი თანხის 0.5%, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 2.5 ლარს, ხოლო ვადის გადაცილების 123 დღეში გადასახდელი პირგასმატეხლოა 307.5 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. ამ ნორმის თანახმად, სესხის სარგებლის, სესხის გაცემის საკომისიოს, პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა ჯამურად არ შეიძლება არემატებოდეს სესხის გადაუხდელი ნაწილის 150 პროცენტს. მოსარჩელის მიერ დარიცხული, ასევე სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო აღემატება სესხის დავალიანების - 500 ლარის 150%-ს 750 ლარს, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ზემოთ უკვე დასახელებული პროცენტით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს ხელშეკრულების დარღვევისათვის ჯამური სანქციის წლიურ ოდენობას, ხოლო სარჩელი აღძრულია სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევიდან (2017წლის 28 თებერვლიდან) 1 წლის ვადის გასვლამდე, 2017 წლის 6 ივლისს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია "მიკროსაფინნასო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მიკროსესხის გაცემისას სესხის პირგასამტეხლოს განსაზღვრას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ეს კანონი ადგენს რომ სესხის სარგებლის და პირგასამტეხლოს პროცენტს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცი, მაგრამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ეს პირობები სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე უნდა განსაზღვროს. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი ადგენს ზოგადად სესხის ხელშერულების საფუძველზე კრედიტორის მიერ მისაღები საპროცენტო სარგებლის და სანქციების ჯამურ საერთო ოდენობას, რაც სასამართლოს აზრით ასახავს კანონმდებლის დამოკიდებულებას სესხის პირგასამტეხლოს გონივრულობის ფარგლების საკითხზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მ--------- ბ--–--ეს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 500 ლარის, სარგებლის 42.90 ლარის და პირგასამტეხლოს 307.5 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 42%, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 42% შეადგენს 21 ლარს, რომელიც მოპასუხემ უნდა აუნაზღუროს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ს---–-ას“ სარჩელი;
1.1. მ--------- ბ--–--ეს დაეკისროს შპს „ს---–-ასათვის“ 850.4 ლარის გადახდა.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვა 1149.6 ლარის ნაწილში;
2. მ--------- ბ--–--ეს დაეკისროს შპს „ს---–-ასათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 21 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი