გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002132159
N2/1057-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს „მ---“
წარმომადგენელი ე----------------–---–ი
მოპასუხე ლ-----------ა
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლ-----------ას მოსარჩელე შპს „მ---ს“ სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის 700 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა -350 ლარი, პროცენტი - 52,10 ლარი, პირგასამტეხლო - 297,90 ლარი) გადახდა.
1.2.მოპასუხე ლ-----------ს შპს „მ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.
1.3.მოპასუხე ლ-----------ს შპს „მ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს "მ---სა" და ლ-----------ას შორის 2016 წლის 01 ნოემბერს დაიდო სესხის N333497 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, პროცენტი 30 დღეზე - 15%, ჯარიმის განაკვეთი: ერთჯერადი (საურავი) - 15 ლარი, ყოველდღიური (პირგასამტეხლო) - 1,0% ყოველ ვადაგადაცილებვულ დღეზე. მოპასუხემ დაარია სესხის ხელშეკრუკლებით გათვალისწინებული პირობები და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 700 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა -350 ლარი, პროცენტი - 52,10 ლარი, პირგასამტეხლო - 297,90 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი თანხის 700 ლარის ნაწილში, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 700 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეები პირგასამტეხლოს თაობაზე არ შეთანხმებულან, კანონით დადგენილი წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „მ---ს“ სარჩელი ლ-----------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ლ-----------ას შპს „მ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 402,10 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 52,10 ლარი), გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 ნოემბერს (N333497) გაფორმებული ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ძირი თანხის - 700 ლარის დაკისრების ნაწილში, შპს "მ---ს" სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 ნოემბერს (N333497) გაფორმებული ელექტრონული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა სესხი 700 ლარის ოდენობით, აღნიშნულ სესხზე სარგებელი შეადგენს 52,10 ლარს. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სარგებლის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ხოლო, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, თვით ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება, ე.ი სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება - მხარეთა თანასწორობაზე დამყარებული, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის თუ შეწყვეტისკენ. მხარეთა თანასწორობა და კერძო ნების ავტონომიურობა სახელშეკრულებო ურთიერთობების ფუნდამენტალური პრინციპებია. სწორედ, ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტები, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დებენ ხელშეკრულებებს და განსაზღვრავენ ამ ხელშეკრულებათა შინაარსს. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელიც თუმცა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის კანონით, მაგრამ, არ ეწინააღმდეგება მას. მიუხედავად, თავისუფალი სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა ითვალისწინებს იმპერატიულ ნორმებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ხელშეკრულების დადებისა თუ მისი შინაარსის განსაზღვრისას. ხელშეკრულების დადებისას, კანონის ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა ეხება გარიგების ფორმას. ხელშეკრულება, შეიძლება დაიდოს ზეპირი, მარტივი წერილობითი, ან რთული წერილობითი ფორმით. ფორმის თაობაზე, თანხმდებიან მხარეები. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით პირდაპირაა დადგენილი შესაბამისი ფორმა.
კანონით განსაზღვრული ფორმის დაწესებას, სხვადასხვა საფუძველი აქვს. ამ მხრივ, საყურადღებოა: ა) გაფრთხილების ფუნქცია - ნების გამომვლენი დაცული უნდა იქნას გარიგების დადებაზე ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღებისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისაგან; ბ) სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. ფორმის დაცვის (მაგ. წერილობითი ფორმის) დაცვის შედეგად, ცხადი ხდება რა სახით და რა შინაარსით დაიდო ხელშეკრულება. გ) იდენტიფიცირებისა და ნამდვილობის ფუნქცია, ფორმის დაცვის შედეგად, შესაძლებელია დოკუმენტის შემდგენის იდენტიფიცირება. ასევე, ნების გამოვლენის მიმღებს, შეუძლია იმის იდენტიფიცირება, თუ ვის მიერაა გამოვლენილი ნება და რომ ნების გამოვლენა ნამდვილია. ამასთან, რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ხელმოწერების შედეგად, იმის გარკვევა და ვარაუდის დაშვება, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერ პირს გააზრებული აქვს ხელშეკრულების შინაარსი და ეთანხმება მას. დ) ინფორმაციის მიწოდება და კონსულდტაციის გაწევის ფუნქცია. წერილობით ფორმას (განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხებში), აქვს აქვს დატვირთვა, მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია ნაკისრ ვალდებულებებზე.
სწორედ, ხსენებული მიზნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით კანონით დადგენილი ფორმის დაცვა აუცილებელი პირობაა, იმისთვის, რომ გარიგება ჩაითვალოს ნამდვილად. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ხელშეკრულება ძალაში შედის, მხოლოდ, ამ ფორმის შესახებ, მოთხოვნის შესრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, საჯარო წესრიგის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება, თავად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები, მოქცეულია სამართლებრივ ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას, კანონის იმპერატიული მოთხოვნების გარდა, რომელთა დაცვაც მხარეებს ევალებათ და რომლებიც უპირობოდ ვრცელდება შესაბამის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, კანონმდებელი მხარეებს სთვაზობს სამართლებრივ დანაწესებს, რომელთა საკანონმდებლო ძალა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. აღნიშნული ნორმები, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები პირდაპირ განსაზღვრავენ მათ საკუთარ ხელშეკრულებაში. საკართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი ასეთი პირობაა - შეთანნხმება პირგასამტეხლოს თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დადთქმულ დროსა და ადგილას. ხოლო, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ პირგასამტეხლოს სახით, ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. როგორც უკვე ითქვა, იმისთვის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი კონკრეტული ვალდებულობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეს მოეთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა, თუ ეს პირდაპირაა გათვალისწინებული შეთანხმებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ცალსახად და პირდაპირ ადგენს პირგასამტეხლოს თაობაზე, მხარეთა შეთანხმების წერილობით ფორმით გაფორმების ვალდებულებას. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმისთვის რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, ჩაითვალოს ნამდვილად, საჭიროა, ეს შეთანხმება დაიდოს წერილობითი ფორმით.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია მხარეთა ხელმოწერა. აღსანიშნავია, რომ აქ გათვალისწინებულია მარტივი წერილობით ფორმა, რომელიც არ მოითხოვს, დამატებით სანოტარო წესით დამოწმებას. წერილობითი ფორმის შემთხვევაში, ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია გარიგების წარმოშობისკენ, გამოვლენილი უნდა იყოს ანბანური-ასო ნიშნებით.
აღნიშნული მუხლის ანალიზი, გვაძლევს საფუძველს, რომ ვიფიქროთ, წერილობითი ფორმის დაცვა, გულისხმობს, დოკუმენტის შედგენას, რომელზე დასმული იქნება მხარეთა ხელმოწერები. ამ ფორმით, დაცულია კანონნმდებლის მიზნები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც, დაადგინა კანონით გათვალისწინებული ფორმის სავალდებულოობა.
დოკუმენტის შედგენა შეუძლიათ მხარეებს, ასევე - მესამე პირებს, როგორც ხელნაწერი, ასევე, ნაბეჭდი სახით. აუცილებელია, ამ დოკუმენტზე მხარეთა მიერ საკუთარი ხელმოწერების დასმა. ხელმოწერას რამდენიმე დატვირთვა აქვს 1) მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ შინაარს და ასრულებენ საკუთარი ნების გამოვლენას; 2) ხელმოწერით ვლინდება ხელისმომწერის ვინაობა და დოკუმეტი დაცულია სხვა პირთა მიერ გაყალბებისგან. საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ წერილობითი ფორმა გულისხმობს, დოკუმენტის არსებობას, რომელზეც დასმულია მხარეთა ხელმოწერები.
მოცემულ შემთხვევაზე სახეზეა მართვის ელექტრონული საშუალებით, ელექტრონულად, ტექსტური ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან პირგასამტეხლოს თაობაზე. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დადასტურებული მხარეთა ხელმოწერით. ამდენად, განსახილველი შეთანხმება ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდქსის 418-ე მუხლით, პირგასამტეხელოზე შეთანხმებისთვის დადგენილი წერილობითი ფორმის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, აზრი ეკარგება საქართველოს 68-ე მუხლის მიზნებს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, დადებული ხელშეკრულებით მიუღწეველია ის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც, კანონმდებელმა დაადგინა წერილობითი ფორმა. დარღვეულია დადებული ხელშეკრულების სიცხადისა და მტკიცების ფუნქცია. სადავოა და მხარეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმოდგენილი ხელშეკრულების ავთენტურობას. ასევე, ხელშეკრულება ვერ ადასტურებს მხარეთა იდენტურობას. რაც გულისხმობს იმას, რომ დაუდგენელია ეჭვი, პირგასამტეხლოს თაობაზე თანხმობის გამომხატველი პირი არის თუ არა მოპასუხე ლ-----------ა და ნამდვილად ის გაეცნო თუ არა, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმებას. შესაბამისად, იმ პირობებში, რომცა დაუზუზსტებელი რჩება, გარემოება, პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმების პთაობაზე, გაურკვეველია, რამდენად იყო ინფორმირებული მოპასუხე ლ-----------ა საკუთარ ვალდებულებაზე, გადაეხადა პირგასამტეხლო. მით უმეტეს, შეუძლებელია მსჯელობა, აღნიშნული ფორმით დადებული გარიგების გამაფრთხილებელ ეფექტზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დგინდება, რომ მხარეები, პირგსამტეხლოს თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ფორმის დაცვით, არ შეთანხმებულან. რამაც გამოიწვია აღნიშნული ხელშეკრულების სრული შეუსაბამობა, როგორც სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, ასევე - ასევე, საკანონმდებლო მიზნებთან. ამდენად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე,წარმოდგენილ ხელშეკრულებაში შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, უნდა ჩაითვალოს ბათილად.
საბოლოოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ შეთანხმებულან. ხოლო, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, იმისთვის, რომ მხარეს დაეკისროს პირგასამტეხლო, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება. პირგასამტეხლოს დაკისრების სხვა საფუძვლებს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასმტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
შპს „მ---ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 10.10.2017 წ. საგადასახადო დავალება N1507644830) 25 ლარი, 3,72 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 21,28 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
ლ-----------ას შპს „მ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 16,08 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მ---ს“ სარჩელი ლ-----------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ლ-----------ას შპს „მ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 402,10 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 52,10 ლარი), გადახდა.
3. შპს „მ---ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 10.10.2017 წ. საგადასახადო დავალება N1507644830) 25 ლარი, 3,72 ლარი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 21,28 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
4. ლ-----------ას შპს „მ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის - 16,08 ლარის გადახდა.
5.გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე