განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2018
საქმის ნომერი
190100117002240092
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/689-17

(#012291017002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - ლაშა მერაბიშვილი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ელნარა ზურაბის ასული ეიბაში, დაბადებული 1977 წლის 07 დეკემბერს, პირადი ნომერი 35001004149, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. რუსთავი, მე-8 მ/რ, N9-25 და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რუსთავი, მაჩაბელის ქ. N10-9

 

ადვოკატი - რიმა გურგულია

 

თარჯიმანი - ეკატერინე ჩუბინიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) .

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ელნარა ეიბაში მივიდა დედამისის, ზოხრა ალიევას, საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქალაქი რუსთავი მარჯანიშვილის N3/24-ში, სადაც ამ უკანასკნელს იმის გამო რომ თითქოსდა მისი შვილები ნარკომანად გაზარდა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მოქაჩა თმა, ხელი გაარტყა სახეში და უკბინა მარჯვენა ხელზე. ელნარა ეიბაშის ქმედებით ზოხრა ალიევამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ამ ეპიზოდში ელნარა ეიბაშმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

2018 წლის 22 იანვარს დაახლოებით14:00 საათზე, ელნარა ეიბაში მივიდა დედამისის ზოხრა ალიევას, საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქალაქი რუსთავი მარჯანიშვილის #3/24-ში, სადაც ამ უკანასკნელს იმის გამო, რომ ადანაშაულებდა მისი შვილის არასწორად აღზრდაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ მოქაჩა თმა და ფეხი დაარტყა მუცლის არეში. ელნარა ეიბაშის ქმედებით ზოხრა ალიევამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ამ ეპიზოდში ელნარა ეიბაშმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი და აღნიშნული სპეციფიური დანაშაულია რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის(ების) მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და იძულება .

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ოჯახში ძალადობაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია მის თაობაზე ქართულ რეალობაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. ოჯახში ძალადობის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სამოქალაქო სამართლის კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

 

„ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დადგება თუ ოჯახის წევრებს შორის განხორციელებული ძალადობა შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. “ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულაციას, რომლის თანახმად, ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაფუძნება დაკავშირებულია შემდეგ ქმედებასთან და მის შედეგთან: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოყოლია ჯანმრთელობის თუნდაც მსუბუქი დაზიანება.“

 

ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

აღნიშნული დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული.

 

შესაბამისად მსხვერპლიც უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში -ძალადობა, სისტემატურ შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.

 

ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით)

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დადგინდა, ელნარა ეიბაშმა 2017 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე მის დედას ზოხრა ალიევას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კერძოდ: მოქაჩა თმა, ხელი გაარტყა სახეში და უკბინა მარჯვენა ხელზე. ელნარა ეიბაშის ქმედებით ზოხრა ალიევამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ასევე საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 22 იანვარს დაახლოებით 14:00 საათზე, ელნარა ეიბაში მივიდა დედამისის ზოხრა ალიევას საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. კერძოდ მოქაჩა თმა და ფეხი დაარტყა მუცლის არეში. ელნარა ეიბაშის ქმედებით დედამისმა ზოხრა ალიევამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიდუციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ზოხრა ალიევას, ალასკერ ატამოვის, ჯავანშირ მუსაევის, რომან ბექაურის, ელენე შერვაშიძის, ნათია კაშიას, ანუკი ჩიხრაძის დაკითხვის ოქმები, ზოხრა ალიევას სამედიცინო დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა ელნარა ეიბაშის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელნარა ეიბაშმა ორივე ეპიზოდში (2017 წლის 29 ოქტომბრის და 2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდები) ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ელნარა ეიბაშის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ეს გარემოება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშნებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნება პასუხისმგებლობის ისეთი დამამძიმებელი გარემოებებისადმი, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ აისახა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირელ ნაწილში და ამავე ნიშნების, პასუხისმგებლობის დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად გამოყენება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია.

 

სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ელნარა ეიბაშის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს, ასევე იმ გარემოებას რომ ელნარა ეიბაშს 2017 წლის 29 ოქტომბერს მისი დედის - ზოხრა ალიევას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შეფარდებული ჰქონდა რა აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი სახე ( შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ) არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი, რათა არ გაეგრძელებინა დანაშაულებრივი საქმიანობა და 2018 წლის 22 იანვარს კვლავ იძალადა მის დედაზე - ზოხრა ალიევაზე, რითაც თავი წარმოაჩინა, როგორც არაკანონმორჩილმა პიროვნებამ. ამდენად სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ელნარა ეიბაშს სასჯელის სახით დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული. მოცემული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო ბრალდებულ ელნარა ეიბაშს 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდში დაუნიშნავს 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო 2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდში 07 (შვიდი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას, მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო გამოიყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილს, რომლის მიხედვითაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ელნარა ეიბაში ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

2. ელნარა ეიბაში ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, კერძოდ 2018 წლის 22 იანვრის ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2017 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდში დანიშნული სასჯელი და ელნარა ეიბაშს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

4. ელნარა ეიბაშს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 22 იანვრის 17:30 საათიდან;

 

5. ელნარა ეიბაშის მიმართ 2017 წლის 02 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ და 2018 წლის 24 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე