გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
010310017001882054
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310017001882054

№3-260/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი – ინგ-----–---–--ე

მოპასუხე – შპს „ნ---

წარმომადგენელი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, შპს „ნ---ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების სახით, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, 281.40 ლარის ოდენობით.

 

2.1.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს „ნ---ს“ შორის 2016 წლის 18 ივლის დაიდო დაცვის მომსახურების №414 ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ვ. გო-------–ის ქ. N33-ში, მდებარე ობიექტის ტექნიკური საშუალებით (ცენტრალური დაკვირვების პულტით) დაცვის შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, დაცვა ვალდებული იყო უზრუნველეყო დამქირავებლის ობიექტის დაცვა, ხოლო ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი თავის მხრივ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პილიციის სამმართველოს წინაშე ვალდებული იყო გადაეხადა, დაცვის მომსახურების საფასური, თვეში 100.00 ლარის ოდენობით, ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს. მოსარჩელის მტკიცებით, დაცვის სამსახური თავის ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულება, კერძოდ ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტები, არ მოხდა დაცვის მომსახურების საფასურის გადახდა, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოშობა, რომელმაც შეადგინა 281.40 ლარი.

 

2017 წლის 26 მარტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ბრძანების N716811 საფუძველზე 2017 წლის 26 მარტიდან მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა.

2017 წლის 10 მარტს, აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კარლო ურუშაძემ N581170 წერილით მიმართა შპს „ნ---ს“ დირექტორს, სვეტლანა აბასოვას, აცნობა დავალიანების თაობაზე და განუსაზღვრა დამატებითი ვადა დავალიანების დასაფარად, თუმცა მოპასუხის მიერ არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარავა.

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას, აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგარამ ამის მიუხედავად მოპასუხე დღემდე თავს არიდებს ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვას, რამაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის პოლიციის სამმართველოს მხრიდან შექმნა სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობა, მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარეს, შპს „ნ---ს“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე, შესაგებელი არ წარმოუდგენია.

მოპასუხე არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ნ---სა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის 2016 წლის 18 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, გო-------–ის ქ. №33-ში, ობიექტის დაცვის მომსახურების შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 100.00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 18 ივლისის ხელშეკრულება.

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2 2016 წლის 18 ივლის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კარლო ურუშაძემ მიიღო ბრძანება N1781175, რომლის თანახმად, დაცვის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეგანყოფილებას დაევალა, 2016 წლის 18 ივლისიდან განუსაზღვრელი ვადით შპს „ნ---ს“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 18 ივლისის N1781175 ბრძანება

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. 2017 წლის 26 მარტს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კარლო ურუშაძემ მიიღო ბრძანება №716811, რომლის თანახმად, 2017 წლის 26 მარტიდან შეწყვეტილ იქნა შპს „ნ---ს“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 26 მარტის №716811 ბრძანება;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, 2017 წლის 27 მარტის დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, შპს „ნ---ს“ გააჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული, დაცვის მომსახურების ღირებულების გადაუხდელი დავალიანება, 281.40 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ცნობა;

- გადახდის გრაფიკი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 281.40 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6.სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებულია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება“, რომლითაც განისაზღვრება ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილებანი.

 

დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანას შეადგენს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას წარმოადგენს და ამ საქმიანობის განხორციელება მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელებს და სწორედ ამ მიზნით არის დადებული შპს „ნ---სა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის, 2016 წლის 18 ივლისის დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ვ. გო-------–ის ქ. №33-ში, არსებული ობიექტის ტექნიკური საშუალებებით დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ზ) პუნქტით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

მოსარჩელე მხარე სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების სახით მოითხოვს თავისი სარჩელით მოპასუხისაგან თანხის ანაზღაურებას

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, შპს „ნ---სა“ და საქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის, 2016 წლის 18 ივლისს დაიდო ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ვ. გო-------–ის ქ. №33-ში, არსებული ობიექტის დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს დანაშაულის აღკვეთა შპს „ნ---ს“ ობიექტის, მდებარე ქ. ბათუმში, ვ. გო-------–ის ქ. №33-ში, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაცვის მომსახურების ანაზღაურება, თვეში 100.00 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია მისი მოქმედების ვადა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულება ძალაში შედის ობიექტის დაცვაში აყავანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

6.4. დადგენილია და უდავო, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 18 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება, მხარეთა შორის მოქმედებდა განუსაზღვრელი ვადით.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა 2017 წლის 26 მარტს მიიღო №716811 ბრძანება, ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად 2017 წლის 26 მარტიდან შეწყვეტილი იქნა ქ. ბათუმში, ვ.გო-------–ის N33-ში, მდებარე, შპს „ნ---ს“ ობიექტების ცენტრალური დაცვის პულტით მომსახურება.

სასამართლო საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, 2017 წლის 27 მარტის დავალიანების შესახებ ცნობის საფუძველზე დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, შპს „ნ---ს“ გააჩნია მოსარჩელის მიმართ, ხელშეკრულებით განსაზღვრული, დაცვის მომსახურების ღირებულების გადაუხდელი საფასური, 281.40 ლარის ოდენობით, რაც მას დავალიანებად ერიცხება.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 18 ივლისს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, შპს „ნ---ს“ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ საქრთველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა შპს „ნ---ს“ მიმართ საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შპს „ნ---ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

6.6.კანონის დასახელებული ნორმებისა და დადგენილ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლის მქონეა, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარეს, შპს „ნ---ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 281.40 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

მოსარჩელე მხარის, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით გადახდილია.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

აქედან გამომდინარე, მოპასუხე შპს „ნ---ს“ უნდა გადახდეს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 251-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

-მოპასუხე მხარეს, შპს „ნ---ს“ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 281 (ორასოთხმოცდაერთი)ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა.

2. შპს „ნ---ს“ გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი,100 (ასი) ლარის ოდენობით.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე