განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001476464
საქმე #1-868/16
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თ----- ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ დ--------------–ის
ბრალდებულის - ო----- ც-–--–--ის
ადვოკატის - რ------------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172180616002 საქმე,ბრალდებულ ო----- ც-–--–--ის მიმართ,მამის სახელი: შ-----
დაბადებული: 01.05.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: შ--------------------------–--------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთის რაიონი, სოფელი დაგვა
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 18 ივნისს, ღამის საათებში, ო----- ც-–--–--ემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავში წყლიანი გრაფინის ჩარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ მ------ ტ------–--ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
2. დაზარალებულმა მ------ ტ------–--ემ საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დაგვაში, ბრალდებული ო----- ც-–--–--ე მისი მეზობელია. 2016 წლის 18 ივნისს, საღამოხანს, სახლისკენ მიმავალი გზად შემთხვევით შეხვდა ო----- ც-–--–--ეს, გამოელაპარაკენ ერთმანეთს, ო-----მა სახლში მიიპატიჟა, რაზეც უარი არ უთქვამს. ც-–--–--ის ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ო-----მა სუფრა მისაღებ ოთახში გაშალა, შემოუსხდნენ მაგიდას და ცოტა დალიეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სახლში წასვლა დააპირა, მასპინძელი შეეწინააღმდეგა. სრულიად მოულოდნელად, სახლის კარი გასაღებით ჩაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და გამოუცხადა, რომ სახლში ვერ წავიდოდა და იმ ღამით მასთან მოუწევდა დარჩენა. ერთად დავიძინებთო, უთხრა და სრულიად ღიად შესთავაზა სექსუალური კავშირი. ტ------–--ე მოულოდნელი წინადადებისგან გაურკვევლობაში ჩავარდა, განუცხადა, რომ არ აპირებდა მასთან დარჩენას, ცდილობდა კარი გაეღებინებინა ც-–--–--ისთვის. ეს უკანასკნელი უარმა გააღიზიანა, აგრესიული გახდა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ ვერ დაითანხმებდა, კარი გაუღო, მიაძახა გათრეულიყო, თან დასძინა, რომ სახლამდე კიდევ საკმაო გზა ჰქონდა გასავლელი და შეიძლება "რამე მოსვლოდა". ეს ფრაზა მუქარად მიიღო ტ------–--ემ და თავის დაზღვევის მიზნით განუცხადა, რომ მისი საუბარი და მისგან შეთავაზებული უხამსი წინადადებები ტელეფონში ჰქონდა ჩაწერილი, არაფერი გაებედა, თორემ ჩანაწერს სხვებსაც მოასმენინებდა. ამის თქმა იყო და ეზოში გასულს ც-–--–--ე დაეწია, ჩანაწერის ნახვას ითხოვდა, ცდილობდა ტელეფონი წაერთმია. საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა, თავს ესხმოდა ტ------–--ეს ტელეფონის ხელში ჩაგდების მიზნით, ის კი იგერიებთა თავდასხმას. სწორედ ამ დროს მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის. საბოლოოდ, ტელეფონი ვერ წაართვა ც-–--–--ემ, "თავი მოაჩვენა", რომ დამშვიდდა, შესთავაზა სახლში შესულიყვნენ და ყველაფერზე მშვიდად ესაუბრათ. ტ------–--ე დათანხმდა შეთავაზებას, რადგან მისი სურვილიც იყო ამ დაპირისპირებას "მშვიდობიანი დასასრული" ჰქონოდა, არ უნდოდა მომავალში მეზობლებს შორის ისევ პრობლემები მოჰყოლოდა იმ დღეს მომხდარ ფაქტს. სახლში შეჰყვა ც-–--–--ეს. მშვიდად ესაუბრა და უთხრა, რომ მომხდარის შემდეგ აღარასდროს მივიდოდა მასთან სტუმრად და არც ც-–--–--ეს ეცადა მასთან კონტაქტი. გამობრუნდა და ოთახიდან გასვლას აპირებდა, რა დროსაც თავში, მარჯვენა მხარეს რაღაც მძიმედ მოხვდა და გონება დაკარგა. გონს ქობულეთის საავადმყოფოში მოვიდა, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. სურს, რომ ბრალდებული კანონის შესაბამისად დაისაჯოს მისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანისა და მორალური შეურაცხყოფისთვის.
3. მოწმე დ----- გ-------–--ემ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა, სასამართლოს განუმარტა, რომ გამოძახების საფუძველზე, 2016 წლის ივნისის თვეში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გაემგზავრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დაგვაში. დანიშნულების ადგილას მისულებს, ოთახის შუაგულში პაციენტი უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში მწოლიარე დაუხვდათ. მამაკაცს, რომელიც იმავე ოთახში იმყოფებოდა, შეეკითხა მომხდარის თაობაზე, უბრალოდ წავკამათდითო - მიიღო პასუხი. პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა თავის არეში, ჰემატომა, სდიოდა საკმაოდ ბევრი სისხლი. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას, ისევე, როგორც საავადმყოში გადაყვანის პერიოდში, პაციენტი აბსოლუტურად უკონაქტო იყო, ის გონზე არ მოსულა.
4. მოწმე მ------ დ-------ემ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდამ, სასამართლოს განუმარტა, რომ ექიმ დ----- გ-------–--ესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დაგვაში ც-–--–--ის ოჯახში იმყოფებოდა გამოძახებაზე. ადგილზე მისულებმა დაინახეს, მისაღებ ოთახში, შესასვლელ კართან დაახლოებით 1-1,5 მეტრის მოშორებით იატაკზე სისხლის გუბეში მწოლიარე მამაკაცი, უგონო მდგომარეობაში, იქვე ეყარა შუშის ნამსხვრევები. სახლში იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც განუცხადა, რომ დაშავებულ პირთან კონფლიქტი მოუხდა და თავში წყლიანი გრაფინი ჩაარტყა.
5. 2016 წლის 18 ივნისს შედგენილი, ო----- ც-–--–--ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ სახლი არის ერთსართულიანი, ბელეტაჟის ტიპის. სახლში შესასვლელი კარი ორფრთხიანია, რომელიც შედის მისაღებ ოთახში. აღნიშნულ ოთახს აქვს კიდევ ორი კარი, საიდანაც შესაძლებელია გასვლა სამზარეულოსა და საძინებელში. ოთახის მარცხენა კუთხეში დგას ტელევიზორი, მის გვერდით ფანჯარასთან განთავსებულია მაგიდა, რომლზეც დევს სამლიტრიანი ჭურჭელი გამჭვირვალე სითხით, წყლის ორი ცალი ჭიქა, არყის ორი ცალი პატარა ჭიქა, ორი თეფში, ტაფა, პლასტმასის თეფში პურით. იატაკზე აღმოჩენილია მოწითალო ფერის ლაქები და შუშის ნამსხვრევები.
6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N003651816 დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, მ------ ტ------–--ე 2016 წლის 18 ივნისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოთავსებული იქნა საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - ინტრაკრანიალური ტრავმა, კომოციურ-კონტუზიური სინდრომი. მარჯვენა ყურის ნაფლეთოვანი ჭრილობა, კეფის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზაინების მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზინებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
7. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დასკვნის ავტორმა - ექსპერტმა მ------ მ---------–მა.
8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N00374116 დასკვნის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, ო----- ც-–--–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში - შუბლის არეში, მარჯვენა წარბის ზემოთ, მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა თეძოს ფრთის საპროექციოდ, მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებიათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
9. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----------------ემ მოწმედ დაკითხვისას.
10. 2016 წლის 19 ივნისს, ბრალდებულ ო----- ც-–--–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა აღწერა 2016 წლის 18 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, მის მიერ მ------ ტ------–--ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. ოქმს ერთვის ფოტო-ილუსტრაცია.
11. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ქმნის ბრალდების მხარის მტკიცებულებების ძირითად ბაზას, რომლის საფუძველზეც მხარე დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ო----- ც-–--–--ის მიერ მ------ ტ------–--ის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტს.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
13. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
14. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
15. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები - ბრალდებულ ო----- ც-–--–--ის ჩვენება, ასევე მოწმეების - თ----- ბ-----ის და ი-----–- ბ-----ის ჩვენებები.
16. ბრალდებულმა ო----- ც-–--–--ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მასსა და ტ------–--ეს შორის 2016 წლის 18 ივნისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი, დაზარალებულის ცუდი სიმთვრალე და ახირებული ხასიათი იყო. დათვრა და სრულიად უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი ბრალდებულს, მიაყენა დაზიანებები, მიიმწყვდია მაგიდასთან ახლოს და ყელში მოჭერილი ხელით დახრჩობას უპირებდა, ამიტომ თავის გადარჩენის მიზნით, იძულებული გახდა წყლიანი გრაფინი ჩაერტყა თავში. შემდეგ კი თავადვე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ყველანაირად შეეცადა დახმარებოდა დაზარალებულს.
17. მოწმე ი-----–- ბ-----ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მ------ ტ------–--ეც და ო----- ც-–--–--ეც მისი მეზობლები არიან. მ------ ტ------–--ეს ცუდი სიმთვრალე აქვს, "მეზობლის ქორწილში იჩხუბა". ც-–--–--ეს დადებითად ახასიათებს. 2016 წლის 18 ივნისს, ღამით, სასწრაფო დახმარების მანქანის სიგნალის ხმაზე გამოეღვიძა და ც-–--–--ის სახლში შესულ ექიმებს თვითონაც შეჰყვა. ოთახში შესვლისას დაინახა მ------ ტ------–--ე, რომელიც დივანს მიყრდნობოდა, მას ექიმები უწევდნენ დახმარებას. თავიდან ვერც იცნო, სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. ტ------–--ე თავად გამოეცნაურა- მ------ ვარ, ი-----–- ბიძია, ვერ მიცანიო?. ც-–--–--ესთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაეხმარა და ტ------–--ე საკაცით მანქანაში მოათავსებინა.
18. მოწმე თ-----ა ბ-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობს ინფორმაციას. შეუძლია მხოლოდ დაახასიათოს ბრალდებული და დაზარალებული, რომლებიც მისი მეზობლები არიან. ტ------–--ე საკმაოდ კარგი და ზრდილი ახალგაზრდაა, მაგრამ ცუდი სიმთვრალე აქვს. ც-–--–--ე სულ რამდენიმე წელია მის მეზობლად ცხოვრობს, მისგან გინება და ვინმეს შეურაცხყოფა არ სმენია.
19. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბრალდებულმა ო----- ც-–--–--ემ ჩაიდინა სწორედ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება - მ------ ტ------–--ეს განზრახ მიაყენა ჯამნრთელობის მძიმე დაზიანება.
20. უდავოდ დადასტურებული ფაქტია და ორივე მხარე ეთანხმება იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 18 ივნისს სოფ. დაგვაში, ო----- ც-–--–--ის საცხოვრებელ სახლში, ც-–--–--ემ თავში წყლიანი გრაფინის ჩარტყმით, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა მ------ ტ------–--ეს, თუმცა განსხვავებულია ის შეფასებები, რომლებსაც მხარეები აკეთებენ ამ დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. ვერსია, რომელსაც საქმის არსებითი განხილვისას ავითარებდა დაცვის მხარე ჭრილობის თავდაცვის მიზნით მიყენების თაობაზე, ვერ იქნა დადასტურებული სასამართლოს წინაშე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
21. სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო----- ც-–--–--ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა უთანხმოება, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. დაზარალებულის და ბრალდებულის გარდა არ არსებობს სხვა შემსწრე ამ დაპირიპირების, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ პირთა ჩვენებებს და მათი გაზიარების შესაძლებლობას განიხილავს იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანის განმარტება მოდის შესაბამისობაში სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულ გარემოებებთან. ო----- ც-–--–--ე მიუთითებს, რომ მის მიერ ტ------–--ისთვის თავში წყლიანი ჭურჭლის ჩარტყმა გამოიწვია ამ უკანასკნელის მოქმედებამ, რომელიც სრულიად უმიზეზოდ ეჩხუბებოდა, მაგიდასთან ახლოს მიიმწყვდია, ყელში ხელი ისე ძლიერად მოუჭირა, რომ ახრჩობდა, ამიტომ ხელში მოჰყვა წყლიანი გრაფინი, მოუქნია და თავში ჩაარტყა.
22. საქმეში წარმოდგენილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ბრალდებული ც-–--–--ის მონაწილეობით, რა დროსაც, მან აღწერა და გადმოსცა შემთხვევის ადგილას და დროს არსებული ვითარება, ზუსტად მიუთითა და გაიმეორა მის მიერ შესრულებული მოქმედებები. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისას ც-–--–--ის მიერ გაჟღერებული ვერსია, არ განსხვავდება სასამართლო სხდომაზე მის მიერვე გაჟღერებული ვერსიისგან, რომლის მიხედვით ტ------–--ისთვის წყლიანი ჭურჭლის ჩარტყმა გამოიწვია ამ უკანასკნელის მიერ ყელში ხელის მოჭერამ. ანუ, ც-–--–--ეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული გარემოებები. საყურადღებოა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე დართული ფოტო-ილუსტრაცია, სადაც აღბეჭდილია ც-–--–--ის მოქმედებები. ფოტოებზე ის თავად მიუთითებს და აჩვენებს სად იდგა და როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა გრაფინის ჩარტყმისას. ფოტოებზე აღბეჭდილი ეს მომენტები, შესაბამისობაშია საქმის განხილვისას ბრალდებულის მიერ აღწერილ გარემოებებთან, თუმცა ფაქტია, რომ სახეზეა არსებითი შეუსაბამობა ბრალდებულის განმარტებებისა, გრაფინის ჩარტყმის მომენტში ფოტოზე ასახულ მის მოქმედებებთან, კერძოდ: ბრალდებული მიუთითებს და ფოტოზე ნათლადაა დაფიქსირებული სად იდგა და რომელი ხელი, რა მიმართულებით მოიქნია ტ------–--ისკენ: - მაგიდასთან ახლოს მდგომმა მარჯვენა ხელი მოიქნია, მისივე განმარტებით, მის წინ მდგარი და ყელში ჩაფრენილი ტ------–--ის მოსაშორებლად. ასეთ ვითარებაში, უდავოა, რომ ტ------–--ეს გრაფინი მოხვდებოდა თავის მარცხენა არეში და შესაბამისად, დაუზიანებდა სწორედ აღნიშნულ მხარეს, თუმცა როგორც დაზარალებულის განმარტებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგენილია, რომ ტ------–--ეს არა მარცხენა, არამედ მარჯვენა ყურის არეში აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობა. საგულისხმოა, რომ დაზარალებულის განმარტებით, მას თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს მას შემდეგ, რაც შებრუნდა ც-–--–--ის საპირისპირო მიმართულებით და აპირებდა ოთახიდან გასვლას. ასეთ ვითარებაში, საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებულ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი მოქმედებით, ც-–--–--ეს თავისუფლად შეეძლო სწორედ თავის მარჯვენა ნახევარში ჩაერტყა გრაფინი ტ------–--ისთვის.
23. ამდენად, ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და მისი ამსახველი ოქმი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომლითაც დასტურდება ც-–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 30 დეკემბერს №424აპ-16 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, შეაფასა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოპოვებული ინფორმაციის სანდოობის და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას მისი, როგორც ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულების გაზიარების საკითხი და გააკეთა განმარტება, რომელიც რელევანტურია განსახილველი საქმის მოცემულობასთან, კერძოდ: უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: "დაცვის მხარეს საქმის სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის თანხმობის გარეშე, იძულებით ან მოტყუებით, ანდა სხვა უკანონო საშუალებითა, თუ მისი რომელიმე საპროცესო უფლების დარღვევით. ამიტომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და მასში წარმოდგენილი მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტების, როგორც მტკიცებულების, სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს".
24. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ისევე, როგორც გამოძიების პროცესში ბრალდებულის მიერ გაჟღერებული ვერსია, არა თუ წინააღმდეგობაში მოდის, არამედ, სრულ შესაბამისობაშია სასამართლო განხილვისას მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის თუ შედეგების თაობაზე, არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა არც ერთ ეტაპზე. ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ მოქმედებები, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს ც-–--–--ე, აბსოლუტურად თავისუფალია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა და მასთან ერთად დაზარალებულის ჩვენება, ერთობლივად იმაზე მიუთითებს, რომ ო----- ც-–--–--ე მ------ ტ------–--ისთვის დაზიანების მიყენების მომენტში არ იმყოფებოდა მის პირისპირ, შესაბამისად, ვერ ექნებოდა ხელი მოჭერილი ყელში და თავში გრაფინის ჩარტყმა არ იყო გამოწვეული აუცილებელი მოგერიებით.
25. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში დაწვრილებით არის ასახული ის დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა როგორც დაზარალებულს, ასევე ბრალდებულს. ტ------–--ის შემთხვევაში სახეზეა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება თავის არეში, ხოლო ც-–--–--ეს აღენიშნებოდა, უმნიშვნელო, მსუბუქი დაზიანებები ნაჭდევის და სისხლაჟღენთის სახით შუბლის, იდაყვების, მხრის, თეძოს, მუხლის არეში. თავის ჩვენებაში ბრალდებული ყელში ხელის მოჭერით გამოწვეულ ძლიერ ტკივილზე და დახრჩობის საფრთხეზე საუბრობდა, რამაც, თითქოს, განაპირობა მის მიერ დაზიანების მიყენება ტ------–--ისთვის. ასეთ მტკივნეულ და ფაქტიურად დახრჩობის ზღვარზე მიმყვან ფიზიკურ ზემოქმედებას ადამიანის სხეულზე, ნაკლებად სარწმუნოა, არ დაეტოვებინა თავისი კვალი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ც-–--–--ე შემთხვევის დღესვე იქნა შემოწმებული ექიმის მიერ და მას დაზიანება ყელის არეში არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის და დაზარალებულის მიერ მიღებული დაზიანებების მარტივი შედარებითაც კი ნათელია, რომ ც-–--–--ისთვის მუხლზე, იდაყვებზე, თეძოს არეში ნაკაწრების თუ სისხლნაჟღენთების თავიდან ასაცილებლად, არ იყო აუცილებელი მოწინააღმდეგისთვის თავში, შესაბამისად, სიცოცხლისათვის საშიშ არეში წყლიანი გრაფინის ჩარტყმა.
26. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებდა ასევე დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე, თუმცა ამ პოზიციის დასაბუთებისას საუბრობდა დაზარალებულის მიერ არაარსებით გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ცალკეულ განმარტებაზე. ზოგადად, დაკითხვის პროცესში ნებისმიერი დასაკითხი პირის ჩვენება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დამკითხავი პირის მიერ მისთვის დასმულ შეკითხვებზე, შესაბამისად, სავსებით დასაშვებია სასამართლო განხილვისას დასმული შეკითხვების ფარგლებში საუბარი ისეთ გარემოებებზე, რაზეც არ გამახვილებულა ყურადღება გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას. ცხადია ნებისმიერი განსხვავება ჩვენებებს შორის, ვერ იქნება შეფასებული არსებით წინააღმდეგობად. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე და საქმის სასამართლო განხილვისას მიცემულ ჩვენებებს შორის, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რაც დაზარალებულის მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენების გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავდა, არ არის სახეზე. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებებს და მათი გაზიარების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანის განმარტება მოდის შესაბამისობაში სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულ გარემოებებთან.
27. სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებებში გადმოცემულ გარემოებებს.
28. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს, მოწმე თ----- ბ-----ე ფაქტის ირგვლივ არ ფლობს რაიმე ინფორმაციას, მხოლოდ დაზარალებულის და ბრალდებულის დახასიათებით შემოიფარგლა, მოწმე ი-----–- ბ-----ე ასევე არ არის ფაქტის შემწრე პირდაპირი მოწმე, ის მომხდარი ფაქტის შემდეგ მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალთან ერთად ც-–--–--ის სახლში. მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ დაზარალებული მ------ ტ------–--ე ტახტზე იყო მიყრდნობილი და საუბარი გამართა მასთან, არსებითად ეწინააღმდეგება სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრების განმარტებებს, რომელთა თანახმად, ტ------–--ე სისხლის გუბეში მწოლიარე დაუხვდათ იატაკზე უგონო მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გადაიყვანეს ქობულეთის საავადმყოფოში.
29. ამდენად, სასამართლო, მის წინაშე წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ო----- ც-–--–--ემ, ურთიერთშელაპარაკლებისას, 2016 წლის 18 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში, მასთან სტუმრად მყოფ მ------ ტ------–--ეს, განზრახ მიაყენა დაზიანება, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება გულისხმობს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რაც ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილიც.
30. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
31. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
32. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
33. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
34. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
35. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
36. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
38. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ო----- ც-–--–--ის მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება.
სამართლებრივი შეფასება :
39. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო----- ც-–--–--ემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში მდებარე მისივე საცხოვრებელ სახლში, სტუმრად მყოფ მ------ ტ------–--ეს, თავში წყლიანი გრაფინის ჩარტყმით განზრახ მიაყენა დაზიანება, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ე.ი. ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები :
40. ო----- ც-–--–--ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.
41. ო----- ც-–--–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია - ქმედების ჩადენის შემდეგ დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა, დადებითი დახასიათება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
42. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
43. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
44. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
45. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
46. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
47. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
48. სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
49. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების, რომელსაც არასდროს ჰქონია კონფლიქტი კანონთან, ჰყავს ოჯახი, ხასიათდება დადებითად, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის - გაუწია დახმარება მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს (გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება), სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
50. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ო----- ც-–--–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
51. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი - ო----- ც-–--–--ის და მ------ ტ------–--ის ტანისამოსი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მ------ ტ------–--ის და ო----- ც-–--–--ის სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნამსხვრევები და მოწითალო ფერის ლაქები - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ო----- შ-----ს ძე ც-–--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
ო----- ც-–--–--ე დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.
მსჯავრდებული ო----- ც-–--–--ე მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მსჯავრდებულ ო----- ც-–--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები: ო----- ც-–--–--ის და მ------ ტ------–--ის ტანისამოსი - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მ------ ტ------–--ის და ო----- ც-–--–--ის სისხლის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნამსხვრევები და მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი