გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017001785397
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.02.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე თა------------ძე
მოსარჩელის წარმომადგენელი: ლ----------–---–-
მოპასუხე ვლ------რი ბერ---–--ლი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილება
მესამე პირის წარმომადგენელი: თ----------------–---–-
დავის საგანი: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
არასრულწლოვანი ბავშვის- 17.10.2007 წელს დაბადებული ბი---ა ბერ---–--ლის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის- თა------------ძის საცხოვრებელი ადგილი (15.02.2015 წლის სხდომის ოქმი)
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების- 08.04.2006 წელს დაბადებული ვი----–ი ბერ---–--ლის და 17.10.2007 წელს დაბადებული ბი---ა ბერ---–--ლის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის-თა------------ძის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თა------------ძე და ვლ------რ ბერ---–--ლი ქორწინებაში იმყოფებიან 2005 წლიდან. ოჯახი ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში ცხოვრობდა. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- ვი----–ი და ბი---ა ბერ---–--ლები. ოჯახური კონფლიქტის გამო მეუღლეები რამდენჯერმე დაშორდნენ ერთმანეთს. 2016 წლის ზაფხულში, მორიგი კონფლიქტის შემდეგ, მოსარჩელე შვილებთან ერთად საცხოვრებლად გურჯაანში დაბრუნდა. 2016 წლის სექტემბრიდან ბავშვები ირიცხებიან გურჯაანის მესამე საჯარო სკოლაში. სასკოლო არდადაგების დროს, მოპასუხის თხოვნით, ბავშვები მამასთან წავიდნენ, საიდანაც ვი----–ი ბერ---–--ლი დაბრუნდა და სწავლა განაგრძო გურჯაანის სკოლაში, ხოლო ბი---ა ბერ---–--ლზე მოპასუხემ და მისმა მშობლებმა ფსიქოლოგიური გავლენა იქონიეს და იგი მამასთან დარჩა, თუმცა ირიცხება გურჯაანის სკოლაში, ამიტომ მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მოპასუხეს შვილების რჩენა-აღზრდისთვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა .
2018 წლის 15 თებერვალს, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ 01.10.2017 წელს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ორივე შვილი მოპასუხემ წაიყვანა და ამჟამად ბავშვები მოპასუხესთან ცხოვრობენ. როგორც მოსარჩელემ განმარტა, მასსა და მის შვილს- ვი----–ი ბერ---–--ლს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა, იგი დედის მიმართ გამოხატავს აგრესიას, ფიზიკურადაც კი შეეხო მას. მამის მიმართ აგრესიას არ ავლენს, სურს მასთან ცხოვრება და უჯერებს მას, ამიტომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 17.10.2007 წელს დაბადებული ბი---ა ბერ---–--ლის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ვი----–ი ბერ---–--ლი დარჩეს მამასთან .
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ დაეთანხმა და მოითხოვა ორივე ბავშვი საცხოვრებლად მასთან დარჩეს, რადგან არც ბი---ა ბერ---–--ლს სურს დედასთან საცხოვრებლად დაბრუნება.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას- 17.10.2007 წელს დაბადებული ბი---ა ბერ---–--ლის საცხოვრებელი ადგილად განისაზღვროს დედის-თა-------------ძის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო 17.10.2007 წელს- ბი---ა ბერ---–--ლი დარჩეს მამასთან, რაც არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. თა------------ძე და ვლ------რ ბერ---–--ლი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2005 წლიდან, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში- 2007 წლის 15 ივნისიდან. ოჯახი ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში ცხოვრობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა
4.1.2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 08.04.2006 წელს ვი----–ი ბერ---–--ლი , ხოლო 17.10.2007 წელს- ბი---ა ბერ---–--ლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები
4.1.3. თა-----------ძე და ვლ------რ ბერ---–--ლი 2016 წლის ზაფხულში დაშორდნენ ერთმანეთს. მოსარჩელე შვილებთან ერთად საცხოვრებლად ქ. გურჯაანში დედასთან დაბრუნდა . 2016 წლის სექტემბრიდან ბავშვები ირიცხებიან გურჯაანის მესამე საჯარო სკოლაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
4.1.4. 2016 წელს, სასკოლო არდადეგების დროს, ბავშვები მამასთან იმყოფებოდნენ. არდადეგების დასრულების შემდეგ ვი----–ი ბერ---–--ლი დაბრუნდა დედასთან და სწავლა გააგრძელა გურჯაანის სკოლაში, ხოლო ბი---ა ბერ---–--ლი დარჩა მამასთან . 2017 წლის 01 ოქტომბერს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ორივე შვილი მოპასუხემ თავის სახლში-ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში წაიყვანა და ამჟამად ბავშვები მოპასუხესთან ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის შეფასების მომენტისთვის მოსარჩელე თა-----------ძე ცხოვრობს ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის #9-ში კორპუსის 1 სართულზე მდებარე ოროთახიან ბინაში, რომელიც გასარემონტებელია, თუმცა უსაფრთხოა. სახლში უზრუნველყოფილია გათბობა და ელ.მომარაგება. ბავშვებს აქვთ თავიანთი კუთხე, სადაც განთავსებულია მათი საწერი მაგიდა, სასწავლო და პირადი ნივთები. ოჯახი უზრუნველყოფილია ძირითადი საჭიროებებით. თა------------ძის და მისი დედის შემოსავალი ყოველთვიურად 400-500 ლარს შეადგენს, რაც დღიური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია. თა-----------ძე და მისი დედა ბავშვების მიმართ იჩენენ სათანადო მზრუნველობას და სიყვარულს, რაც დაადასტურეს როგორც მეზობლებმა, ასევე გურჯაანის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებმა.
4.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის შეფასების მომენტისთვის, ვლ------რ ბერ---–--ლი ცხოვრობს მშობლებთან ერთად ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში, ორსართულიან სახლში, რომლის მდგომარეობა ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელია, დაცულია უსაფრთხოების და ჰიგიენური ნორმები. ვლ------რ ბერ---–--ლის თქმით, იგი მუშაობს თბილისში, ჯართის მიმღებ პუნქტში, მისი საშუალო შემოსავალი 350 ლარია, ხოლო მშობლები პენსიონერები არიან და იღებენ პენსიას, თითოეული თვეში 180 ლარს. ოჯახში ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი და ფრინველი. მოყავთ ბოსტნეული და მარცვლეული. ბავშვების მამა, ასევე პაპა-ბებია სიყვარულსა და სითბოს გამოხატავენ ვი----–ი და ბი---ა ბერ---–--ლების მიმართ. ოჯახის წევრებს აქვთ ბავშვების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების, მათზე ზრუნვის განხორციელების შესაძლებლობა. მეზობლების და სკოლის პედაგოგების თქმით, სასკოლო არდადეგების დროს, როცა ბავშვები სოფელ მაღრაანში მამასთან და პაპა-ბებიასთან ცხოვრობდნენ, ასევე 2016-2017 სასწავლო წელს, როდესაც ბი---ა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედის გარეშე მამასთან და პაპა-ბებიასთან ცხოვრობდა, ბავშვი ოჯახიდან მოწესრიგებული ცხადდებოდა სკოლაში, მასზე ხორციელდებოდა სათანადო მოვლა-მზრუნველობა.
4.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნით ირკვევა, რომ შეფასების მომენტისთვის მოხდა ბავშვებთან გასაუბრება, რა დროსაც როგორც ვი----–ი ბერ---–--ლმა, ასევე ბი---ა ბერ---–--ლმა გამოხატეს დედასთან ცხოვრების და არდადეგების მამასთან გატარების სურვილი.
4.2.4. სასამართლომ მოიწვია და მოუსმინა არასრულწლოვან ვი----–ი და ბი---ა ბერ---–--ლებს. სხდომაზე ვი----–ი ბერ---–--ლმა კატეგორიული უარი განაცხადა დედასთან ცხოვრებაზე და გარკვეული აგრესია და პროტესტი გამოხატა დედის მიმართ, ბი---ა ბერ---–--ლმა კი განაცხადა, რომ სურს დედამ და მამამ ერთად იცხოვრონ, სხვა შემთხვევაში დედასთან ცხოვრება არ სურს.
სოციალური მუშაკის მიერ მომზადებულ დასკვნაში დაფიქსირებული ბავშვების პოზიციის შეცვლის მიზეზის დასადგენად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონულ განყოფილებას დაევალა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა .
4.2.5 ჩატარებული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი : ვი----–ი ბერ---–--ლი არის 11 წლის, განვითარებულია ასაკის შესაბამისად, კონტაქტურია, ლაპარაკისას შეინიშნება აგრესია. სწრაფად ღიზიანდება და უჭირს ემოციის მართვა. ვიზიტის პერიოდში ცხოვრობს მამასთან, რითაც კმაყოფილია. დედის და ბებიის (დედის დედა) მიმართ გამოხატავს აგრესიას. ვი----–ი მომსწრეა მშობლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების, თუმცა მამის მიმართ ტოლერანტულია და მის საქციელს ამართლებს. დედასთან ცხოვრება არ სურს. მას უნდა , რომ მამასთან იცხოვროს და დედასთან არდადეგებზე წავიდეს, თუმცა მისი რეალური სურვილი მშობლების ერთად ყოფნაა. დაკვირვებით იკვეთება მამის მიმართ ვი----–ის მიჯაჭვულობა, მამას განიხილავს, როგორც ავტორიტეტულ ფიგურას.
ბი---ა ბერ---–--ლი არის 10 წლის. განვითარებულია ასაკის შესაბამისად. პირველი ვიზიტის დროს ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად გურჯაანში. მან აღნიშნა, რომ დედასთან და ბებიასთან ცხოვრება ,,ძალიანაც არ მომწონსო“, რადგან დავალებებს როდესაც არ წერს, დედა სცემს ხოლმე, თუმცა ეფერება კიდეც. მამასთან კარგად ცხოვრობდნენ, მოსწონდა იქ ყოფნა, რადგან ბავშვები საბანაოდ დადიოდნენ. აქ ვერ დადის, რადგან საბანაო წყალი შორსაა და დედა არ უშვებს. ბი---ას რეალური სურვილია, რომ დედა და მამა ერთად ცხოვრობდნენ, მშობლების ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში მამასთან ცხოვრება სურს, რადგან ,,მამა არც სცემდა და არც უყვიროდა“ (თუმცა ხან ამბობს, რომ სცემდა მამა მას და მის ძმას, ხან უარყოფს) .
მეორე შეხვედრა ბი---ა ბერ---–--ლთან განხორციელდა მამის სახლში, რადგან აღმოჩნდა, რომ ბი---ა მამასთან წავიდა მხოლოდ შაბათ-კვირას დასარჩენად, თუმცა შემდეგ დედას აღარ გაჰყვა სახლში. აღნიშნა - ,,მე იმიტომ ჩავედი იქ, რომ ვი----–ა წამოსულიყო, თორემ დედასთან მინდოდა, არ წამოვიდა და მეც ამიტომ დავრჩიო“.
ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით, ბი---ა ბერ---–--ლთან იკვეთება დედის მიმართ მიჯაჭვულობა, იგი დედას განიხილავს , როგორც ავტორიტეტულ ფიგურას .
ორივე არასრულწლოვანთან შეინიშნება ემოციური ტრავმები, ვი----–ი ბერ---–--ლთან იკვეთება მაღალი აგრესიულობა, ჩაკეტილობა და განყენებულობა. უჭირს ემოციის მართვა.
ფსიქოლოგიური კვლევის მიხედვით, მშობლებთან გასაუბრების დროს გამოიკვეთა, რომ ორივე მშობელი იყენებდა ფიზიკურად დასჯის მეთოდებს (ცემა), თუმცა მამა შედარებით უფრო მსუბუქად სჯიდა , დედის მიერ ვი----–ის ფიზიკურად დასჯა გამოწვეულია მასთან ურთიერთობის პრობლემებით, ვერ ახერხებს შვილის ქცევის მართვას, რის გამოც უწევს მისი ფიზიკურად დასჯა. დედა ვი----–ის ქცევის შეცვლას ოჯახის დანგრევას არ უკავშირებს. რაც შეეხება ბი---ას , მასთან მხოლოდ სწავლასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ თა-----------ძის სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის- ბი---ა ბერ---–--ლის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1200-ე, 1201-ე, 1199-ე, 1202-ე მუხლები;
,,ბავშთა უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია''
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის - 17.10.2007 წელს დაბადებული ბი---ა ბერ---–--ლის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის- თა-----------ძის საცხოვრებელი ადგილი .
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მის სამომავლო განვითარებას და კეთილდღეობას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის შესაბამისად, ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ასევე მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
დადგენილია, რომ მხარეები თა-----------ძე და ვლ------რ ბერ---–--ლი 2016 წლის ზაფხულიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მეუღლეთა დაშორების შემდეგ არასრულწლოვანი ვი----–ი და ბი---ა ბერ---–--ლები ქ. გურჯაანში დედასთან ცხოვრობდნენ და 2016 წლის სექტემბრიდან გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლაში დადიოდნენ. 2016 წელს სასკოლო არდადეგების დროს ბავშვები დედის თანხმობით მამასთან წავიდნენ, საიდანაც ვი----–ი ბერ---–--ლი დაბრუნდა და გააგრძელა სწავლა გურჯაანის სკოლაში, ხოლო ბი---ა ბერ---–--ლი დარჩა მამასთან. 01.10.2017 წლიდან ორივე ბავშვი მამასთან ცხოვრობს. მოსარჩელე ითხოვს 17.10.2007 წელს დაბადებული ბი---ა ბერ---–--ლის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს, ხოლო ვი----–ი ბერ---–--ლი საცხოვრებლად დარჩეს მამასთან
საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით ხდება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი იმდაგვარად, როგორც ამას მოსარჩელე ითხოვს და ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შეესაბამება თუ არა ბავშვების უპირატეს ინტერესებს. მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
მოცემულ შემთხვევაში ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით დანიშნული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა ვი----–ი ბერ---–--ლის მიჯაჭვულობა მამის მიმართ, იგი მამას განიხილავს, როგორც ავტორიტეტულ ფიგურას, ტოლერანტულია მის მიმართ, თუნდაც დასჯის შემთხვევაში ამართლებს მის საქციელს, სურს მასთან ცხოვრება , ხოლო დედის მიმართ ავლენს ღრმა აგრესიას . ბი---ა ბერ---–--ლის შემთხვევაში გამოიკვეთა მიჯაჭვულობა დედის მიმართ, იგი დედას განიხილავს, როგორც ავტორიტეტულ ფიგურას და სურს მასთან ცხოვრება . ფსიქოლოგიური კვლევით გამოიკვეთა , რომ ბი---ა შაბათ-კვირას მამასთან წავიდა იმიტომ, რომ ვი----–იც დედასთან წამოეყვანა ,,მე იმიტომ ჩავედი იქ, რომ ვი----–ა წამოსულიყო, თორემ დედასთან მინდოდა, არ წამოვიდა და მეც ამიტომ დავრჩიო“ .
მხარეთა ახსნა-განმარტების, თავად არასრულწლოვანი ბავშვების მოსმენის, ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. მოცემულ შემთხვევაში ბი---ა ბერ---–--ლი არის 10 წლის. სწორედ ამ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ავტორიტეტის შელახვა უარყოფითად აისახება ბავშვის, როგორც ინდივიდის, პიროვნულ ზრდაზე და ცხოვრების ფორმირებაზე. სასამართლო თვლის, რომ ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მხედველობაში მისაღებია ის ფაქტორი, რომ არასრულწლოვანი ბი---ა ბერ---–--ლი, როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ზოგადად ქალის მიმართ პატივისცემას დედასთან ურთიერთობის მაგალითზე ეჩვევა. ამ შემთხვევაში ბი---ას ჩამოყალიბებული აქვს დედის მიმართ მიჯაჭვულობა, დედა მისთვის ავტორიტეტია, და იმ ფონზე, როდესაც იგი ხდება როგორც მამის, ასევე უფროსი ძმის მხრიდან დედის მიმართ გამოჩენილი უარყოფითი ემოციის შემსწრე, მისი მამასთან საცხოვრებლად დარჩენის შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს მისი დედასთან ჯანსაღი მიჯაჭვულობის განცდა, დედა აღარ იყოს მის თვალში ავტორიტეტი, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ხელს შეუშლის მის პიროვნულ ზრდას და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება ვი----–ი ბერ---–--ლს, ვინაიდან ფსიქოლოგიური დასკვნით და თავად მხარეთა განმარტებებით იკვეთება ვი----–ი ბერ---–--ლის ერთის მხრივ მიჯაჭვულობა მამის მიმართ და მეორეს მხრივ, ღრმა აგრესია დედის მიმართ, ასეთ სიტუაციაში ბავშვის სურვილის იგნორირებამ და მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრამ, შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს დედა-შვილს შორის არსებული კონფლიქტი და წაახალისოს მისი მხრიდან დედის მიმართ აგრესია, ამიტომ სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის და მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას, რომლებმაც სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე უმჯობესია ვი----–ი ბერ---–--ლი, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ დაშორდეს და საცხოვრებლად დარჩეს მამასთან, რომელთანაც ჯანსაღი მიჯაჭვულობა აკავშირებს და არის ავტორიტეტი მისთვის. ამ ასაკში კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვი გაიზარდოს მშობელთან, რომელიც მისთვის ავტორიტეტია და რომელსაც შეუძლია ბავშვის ქცევის და ემოციის სწორედ მართვა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფსიქოლოგიური კვლევის დროს გამოიკვეთა, ორივე მშობლის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვებზე ფიზიკური და ემოციური ძალადობა (თუმცა ბავშვები მამის მხრიდან უფრო მსუბუქ დასჯის ღონისძიებებზე საუბრობენ), რამაც შესაძლოა განაპირობა ვი----–ი ბერ---–--ლის მაღალი აგრესია დედის მიმართ. შესაძლოა თა-----------ძე ვი----–ის მიმართ არასწორი მოპყრობის და მის მიმართ დასჯის ავერსიული მეთოდის (ცემის) გამო გახდა სწორედ სამაგიეროს გადახდის „მსხვერპლი“ .
სასამართლო მიუთითებს ორივე მშობელს, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მშობლის უნარ-ჩვევების განვითარება და ისწავლონ დასჯის არაავეერსიული მეთოდების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განვითარებას და მათ პიროვნულ ზრდას. ასევე მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვების თვალში აამაღლონ მეორე მშობლის ავტორიტეტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ძმების დაშორება და მათი ცალ-ცალკე აღზრდა ამ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ბავშვების ჭეშმარიტ ინტერესებს, თუმცა როგორც ფსიქოლოგიური კვლევით და თავად ბავშვების განმარტებით იკვეთება, ისინი განიცდიან მშობლების დაშორებას, მათი რეალური სურვილი მშობლების შერიგება და მათი ერთად ცხოვრებაა, ამიტომ მშობლების დაშორებამ და ბავშვების ცალ-ცალკე ცხოვრებამ რომ არ გაამძაფროს ეს განცდა, რაც უარყოფითად იმოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე, მათ სულიერ და ემოციურ განვითარებაზე, ორივე მშობელმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძმებმა რეგულარული ურთიერთობა იქონიონ ერთმანეთთან, ასევე მშობლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ბავშვის აღზრდაში, რომელიც მეორე მშობელთან ცხოვრობს, ხოლო მეორე მშობელს უფლება არ აქვს, ხელი შეუშალოს შვილთან ურთიერთობაში, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მშობლის არამარტო უფლებას, არამედ მის მოვალეობასაც. სს კოდექსის 1202 მუხლით კი, მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე საქართველოს სსს კოდექსის 46 მუხლის 1 ნაწილის ე) ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან , სახ. ბაჟი 100 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 53-ე, 55-ე, 243- 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591 -ე 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. თა------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. 2007 წლის 17 ოქტომბერს დაბადებული ბი---ა ბერ---–--ლის (პ/ნ 08401039---) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის- თა------------ძის საცხოვრებელი ადგილი.
3. ვლ------რი ბერ---–--ლს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ .
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი