გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310017001998431 (: 3-123/17 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - თი-----------იძე
წარმომადგენელი: ირ---–- სუ------ძე, ბა----- სუ------ძე.
მოპასუხე - ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (ამჟამად მერია)
წარმომადგენილი- ირ---–- ხა---–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 23/05/2017 წლის N09/5140 წერილი(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი)
1.2. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თი-----------იძისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე თი-----------იძე ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-. არის აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული და ღებულობს პენსიას. 2015 წლის 21 დეკემბერს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მენჯის მოტეხილობაზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ იმყოფება ქ. ბათუმში ახლო ნათესავთან, რადგან არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საჭიროებს ექიმის, მასაჟისტის და მომვლელის ზედამხედველობას, რომლის საშუალებაც მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე არ არის.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ არ მიენიჭა მაღალმთიანი რეგიონში მცხოვრების სტატუსი იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ კანონის ამოქმედების დროს არ ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში.
მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ თი-----------იძის მიერ კმაყოფილდება მთის მცხოვრების სტატუსის მისაღებად საჭირო სამივე კრიტერიუმი: 1. არის საქართველოს მოქალაქე; 2. რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტში; 3. 80 წელია მუდმივად ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ჭ---–-. შესაბამისად უნდა მინიჭებოდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, თუმცა ს---–---- თემის ადმინისტრაციის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელზე მიწოდებული არასწორი ინფორმაციის შედეგად არ მიენიჭა მთის მცხოვრების სტატუსი.
მოსარელე ითხოვს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულებას გამოსცეს აქტი თი-----------იძის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე –ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მართალია მოსარჩელე რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტში, მაგრამ ის 2015 წლიდან ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-, არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ დაკმაყოფილებულიყო მისი განცხადება.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს მოსარჩელის მიერ აღნიშნულ ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეშვიდე ნაწილის დანაწესის სწორ ინტერპრეტაციაზე, რომლის თანახმად, ,,ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა". მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, კანონში საუბარია მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირისათვის უკვე მინიჭებული სტატუსის შენარჩუნებაზე, ანუ, პირს უკვე მინიჭებული აქვს ასეთი სტატუსი და თუ ის ავადმყოფობის გამო გარკვეული პერიოდით მკურნალობის მიზნით დატოვებს საცხოვრებელ ადგილს, უნდა შეუნარჩუნდეს სტატუსი, მაგრამ თუ მას ასეთი სტატუსი მიღებული არ აქვს და ის სამკურნალოდ წასულია საცხოვრებელი ადგილიდან, ასეთი სტატუსი არ უნდა მიენიჭოს, რადგან ასეთ შემთხვეაში ის პირიც, ვინც თუნდაც ათი ან ოცი წლის უკან წავიდა სამკურნალოდ და დატოვა მაღალმთიანი საცხოვრებელი ადგილი, მოითხოვს ასეთი სტატუსის მიღებას.
მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე თი-----------იძე რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-, სოციალური მომსახურების ხულოს რაიონული განყოფილებიდან იღებს ასაკის პენსიას თვეში 150 ლარის ოდენობით.
აჭარის არ საარქივო სამმართველოს ტეროტორიული ორგანოს ხულოს არქივში დაცული ხულოს რაიონის ს---–---- თემის საკრებულოს სოფელ ჭ----- 2001-2006 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით თი-----------იძის კომლში მხოლოდ თი-----------იძე ირიცხება, კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 025 ჰა ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თი-----------იძის პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ. 21)
-სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 23)
-საარქივო ცნობა (ს.ფ. 22)
4.1.2. თი-----------იძემ 2015 წლის 21 დეკემბერს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მენჯის მოტეხილობაზე გაიკეთა ოპერაცია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საჭიროებს ექიმის, მასაჟისტის და მომვლელის ზედამხედველობას. აღნიშნული პერიოდიდან თი-----------იძე აღარ იმყოფება ხულოს მუნიციპალიტეტში და იმყოფება ქ. ბათუმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– 27.12. 2015 წელს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 19-20)
-მხარეთა ახსნა განმარტებები
4.1.3. 2016 წლის 29 სექტემბერს თი-----------იძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა თი-----------იძეზე მთის მცხოვრების სტატუსის მინიჭება.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 29 სექტემბრის N09/29210 წერილით თი-----------იძეს ეცნობა, რომ მის მიერ განცხადებაში მოთხოვნილი საკითხის საბჭოს სხდომაზე გატანისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო იყო ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბერის №591დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-თი-----------იძის 2016 წლის 29 სექტემბრის წერილი.
-ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 29 სექტემბრის N09/29210 წერილი.
4.1.4. 2017 წლის 11 მაისს თი-----------იძემ კვლავ მიმართა განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, აღნიშნა, რომ 80 წელია ცხოვრობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-, მიუთითა ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებზე, განცხადებას თან დაურთო ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და მოითხოვა მიენიჭოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-თი-----------იძის განცხადება (ს.ფ. 27)
4.1.5. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მაისის N09/5140 წერილით თი-----------იძეს ეცნობა, რომ ის ვერ აკმაყოფილებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (მესამე მუხლის პირველი პუნქტი) და ვერ წარმოადგინა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 23 მაისის N09/5140 წერილი (ს.ფ. 24)
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. .მხარეთა შორის სადავოა საკითხი თი-----------იძის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–- მუდმივ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ თი-----------იძე არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----- მუდმივი მცხოვრები, აქ მიაღწია 82 წლის ასაკს, მისი ოჯახი წარმოადგენდა ამ სოფელში კომლს, მუშაობდა ამ სოფელში და ბოლო პერიოდში მისი სამკურნალოდ ქ. ბათუმში ყოფნა არ შეიძლება გამხდარიყო მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ თი-----------იძე ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების პერიოდისათვის ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ხულოს მუნიციპალიტეტში, მას არ ჰქონდა შესაბამისი სტატუსი და შესაბამისად ვერ შეუნარჩუნდებოდა, როცა ის უკვე გადასული იყო ქ. ბათუმში საცხოვრებლად.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად და განმარტების გამყარების მიზნით მტკიცებულების სახით წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ თი-----------იძეს ჰქონდა მარცხენა ბარძაყის ყელის მოტეხილობა, 21.12.2015 წ. გაუკეთდა ოპერაცია, ნაწილობრივ ჩანაცვლა პროტეზით, დისტალური ნაწილი ცემენტის გამოყენებით, ოპერაციულ პერიოდში ესაჭიროება შეხვევები, რ-კონტროლი, ინფუზია კრისტალოიდების, სამკურნალო ფიზკულტურა, სიარული ჭოჭინით. პაციენტს გადაადგილებისათვის ესაჭიროება ეტლი. წარმოდგენილი იქნა ასევე საარქივო ცნობა, შრომის წიგნაკისა და პირადობის მოწმობის ქსეროასლები.
მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა შესაგებელთან ერთად წარმოადგინა ხულოს მუნიციპალიტეტის ს---–---- ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 16 მაისის N 9 ცნობა, რომლის მიხედვით, თი-----------იძე რეგისტრირებულია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ---–-, თუმცა ფიზიკურად არ ცხოვრობს და არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს ასევე ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეშვიდე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ,,ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა". მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა სტატუსს უნარჩუნებს იმ პირს, ვისაც უკვე მინიჭებული აქვს ეს ტატუსი. ხოლო იმ პირებისათვის, ვისაც არ აქვს მიღებული მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი და კანონის ამოქმედებამდე გადასულია სხვაგან თუნდაც მკურნალობის მიზნით, არ შეიძლება მიენიჭოს ასეთი სტატუსი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რაც შეეხება სხვა გარემოებებს წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ თი-----------იძე არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ----- მაცხოვრებელი.
სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები,-საარქივო ცნობა, შრომის წიგნაკისა და პირადობის მოწმობის ქსეროასლები.
- ცნობა თი-----------იძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
-ს---–---- ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 16 მაისის N 9 ცნობა
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
-საქართველოს კანონი ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
-საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბერის დადგენილება №591მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვეაში ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა ჩაითვალოს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 23/05/2017 წლის N09/5140 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვერ აკმაყოფილებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (მესამე მუხლის პირველი პუნქტი) რომელის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში.
7.2. .,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი არის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი; აღნიშნული კანონის მესამე მუხლის პირველი ნაწილით, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
მესამე მუხლის მეშვიდე პუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის მიზნით ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოცემულ შემთხვევაში თი-----------იძეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი არ მიენიჭა იმ საფუძვლით, რომ ის ვერ აკმაყოფილებს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილებით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (მესამე მუხლის პირველი პუნქტი) და ვერ წარმოადგინა ამავე დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
7.3. ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის, მათ შორის, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადგენის წესი, აგრეთვე აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს, განისაზღვრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბერის №591 დადგენილების მესამე მუხლი განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობებს, რომლის თანახმად
1. ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
2. სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
დასახელებული დადგენელების მეხუთე მუხლით, სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:
1. სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
2. განცხადება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით რეგისტრირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში. განცხადების ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილმა პირმა, რომელიც განცხადებას, ელექტრონული ფორმით, დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობას/მერიას. (20.05.2016 N 226)
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სახით შესაძლოა წარდგენილ იქნეს:
ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;
გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;
დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;
ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.
41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, განცხადების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის ფაქტს ამოწმებს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. (20.05.2016 N 226)
42. იმ შემთხვევაში, თუ იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი რეგისტრირებული არ არის მაღალმთიან დასახლებაში, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია შეიძლება დადასტურდეს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობით ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციით, რომელშიც დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად) მითითებულია მაღალმთიანი დასახლება. ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად, იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი წარადგენს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია დასტურდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში. (20.05.2016 N 226)
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას სავალდებულოა, დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არანაკლებ ორი დოკუმენტი.
დადგენილების მერვე მუხლის თანახმად,1.დასახელებული დადგენილების სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი საბჭოს მიერ ამ წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი რეკომენდაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების/სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
7.4. თი-----------იძის მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა სოციალური სამსახურიდან, რომ ნამდვილად ღებულობს პენსიას ხულოს მუნიციპალიტეტში და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რითაც ადასტურებდა, რომ ის საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი საკითხი და დადგენილება მიღებული იქნა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, არ იქნა დადგენილი მოსარჩელის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეუძლია თუ არა მას დამოუკიდებლად გადაადგილება და არის თუ არა შესაბამისი სამკურნალო პირობები საცხოვრებელ ადგილზე.
რაც შეეხება მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეშვიდე ნაწილი მხოლოდ იმ პირებს უნარჩუნებს სტატუსს ვისაც უკვე მიღებული აქვს ასეთი სტატუსი, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა ეხება იმ პირებსაც, ვისაც კანონის მიღების პერიოდისათვის საცხოვრებელი ადგილი, მაღალმთიანი დასახლება დატოვებული ჰქონდა მკურნალობის მიზნით. შესაბამისად ამ საკითხზე კონკრეტულად ემსჯელა ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას.
7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, თი-----------იძის განცხადების განხილვისას ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. არ არის სესწავლილი და დაკონკრეტებული თი-----------იძის ამჟამად რეგისტრირებულ მისამართზე არ ყოფნის მიზეზი.
ზემო დასახელებულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც ეს აქტი სათანადო გამოკვლევის გარშე არის მიღებული და სახეზეა ამ აქტების შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 23/05/2017 წლის N09/5140 წერილი(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი) და მოპასუხეს - ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), თი-----------იძისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თი-----------იძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 23/05/2017 წლის N09/5140 წერილი(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი)
3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), თი-----------იძისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ.
4. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას თი-----------იძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა.
5.თი-----------იძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე