გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
160210017001921282
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160210017001921282

N 2/416-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 თებერვალი 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი დიანა ქოჩორაშვილი

მოსარჩელე - თ----- რ-----–---–- პ/ნ (1----------)

წარმომადგენელი - ნაირა ბერიძე

მოპასუხე - გ-------–- უ----–--- პ/ნ (6----------)

წარმომადგენელი - დალი სულაქველიძე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ-------–- უ----–---სთვის პ/ნ (6----------) არასრულწლოვანი შვილების: 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–---ს, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–---ს და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–---ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 11 მაისიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე .

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2011 წლის 20 მარტიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–---, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–--- და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–---.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილები იმყოფებიან დედასთან და მათზე ზრუნავენ თ----- რ-----–---–-ს მშობლები, ვინაიდან ამჟამად იგი არ მუშაობს. მოპასუხე დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის შტაბის ცეცხლის მართვის ცენტრის გამომთვლელად და მისი შემოსავალი შეადგენს 1243(ათას ორას სამოცდასამ) ლარსა და 65 თეთრს.

 

2.1. მოპასუხე გ-------–- უ----–---ს პოზიცია

 

მოპასუხე გ-------–- უ----–---მ წარმოდგენილი შესაგებელით ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსამზადებელ სხდომაზე მან სარჩელი ცნო 100 ლარის ნაწილში და თანახმაა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ გადაიხადოს არსებული თანხა. ვინაიდან მოპასუხეს კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლები და ასევე იგი იხდის სესხის თანხას ბანკში, მას არ შეუძლია 150 ლარის გადახდა ყოველ თვე თითოეულ ბავშვზე.(იხ. შესაგებელი ს.ფ. 27-34).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2011 წლის 20 მარტიდან თ----- რ-----–---–- და გ-------–- უ----–--- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

- ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 17).

 

3.1.2. თ----- რეხვიაშვილსა და გ-------–- უ----–--- ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–---, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–--- და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–---.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 18-20);

 

3.1.3. 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–---, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–--- და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–--- აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან თ----- რეხვიაშვილთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი2-15 გვ).

 

3.1.4. გ-------–- უ----–--- მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის სამხედრო შტაბში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი2-15 გვ).

-ცნობა #7796 05.01.2018

 

3.1.5. თ----- რ-----–---–- არის უმუშევარი და დაკავებულია ბავშვების აღზრდით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი).

 

3.1.6. ა------- უ----–---ს აქვს მარტივი ასტიგმატიზმი და დანიშნული აქვს მკურნალობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა # 60150026375 ჯანმრთელობის შესახებ.

 

3.1.7. ვ----–-- უ----–---ს მარცხენა თვალზე აქვს თანდაყოლილი გლაუკომა H 40.9

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა # 605550017297 ჯანმრთელობის შესახებ.

 

3.1.8. ა------- უ----–--- არის ჩარიცხული ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება’’-ის ქ.ბოლნისის #1 საბავშვო ბაღში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა #217

 

3.1.9. ვ----–-- უ----–--- სწავლობს სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რაჭისუბნის საჯარო სკოლის პირველ კლასში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა გაცემულია სსიპ სოფ. რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ.

 

3.1.10. ზ--- უ----–---ს გააჩნია უძრავი ქონება კერძოდ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები ს/კ 34.02.49.190; ს/კ 34.02.48.392; ს/კ 34.02.48.389;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.11. გ-------–- უ----–---ს აქვს სესხი თიბისი ბანკში 13 214,35 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 10 400,00 ლარი. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 370 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სესხის დაფარვის გრაფიკი გაცემული თიბისი ბანკის მიერ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ-------– უ----–---ს დედა ზ--- უ----–--- ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიში, მისი მამა ვ----–-- უ----–--- არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, მისი მშობლები არიან უმუშევარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამტრედიის მუნიციპალიტეტისსოფელ დიდი ჯიხაიში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა.

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა ცნობა, საიდანაც დასტურდება, რომ მისი მამა არის ინვალიდი, დედა არ მუშაობს. მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნება საპირისპიროში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მოპასუხის დედის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების შესახებ მონაცემები. რაც მისი გამოყენების შემთხვევაში არ გამორიცხავს შემოსავლის მიღებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ----- რ-----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტი სამართლებრივი თვალსაზრისით გულისხმობს პირის მინიმალურ უზრუნველყოფას, ვინაიდან ალიმენტის უფლების მქონე პირს არ გააჩნია საკმარისი რესურსი დამოუკიდებლად შეძლოს არსებობა. აქედან გამომდინარე კანონი ავალდებულებს მშობლებს რომ უზრუნველყონ ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები. ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“

ამიტომ სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი სრულფასოვნად ჩამოყალიბებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

ბავშვთა უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

 

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა. შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 150 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1..საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფი ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, თ----- რ-----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად; კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით. ვინაიდან ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ----- რ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ;

2. მოპასუხე გ-------– უ----–---ს მოსარჩელე თ----- რ-----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების: 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ----–-- უ----–---ს, 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა------- უ----–---ს და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს----- უ----–---ს რჩენის მიზნით ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის, სულ 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან (2017 წლის 11 მაისი) ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე გ-------– უ----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.

 

მოსამართლე თეა ლეონიძე