გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3036-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "ფულიჯი ფინანსი"
წარმომადგენელი ირაკლი მარჯანიშვილი
მოპასუხე დავით ფილიშვილი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დავით ფილიშვილისათვის 800 ლარის დაკისრება;
(22.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სარჩელის საფუძვლები
2016 წლის 16 მაისს შპს „ფულიჯი ფინანსთან“ დავით ფილიშვილმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N952552 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 500 ლარი. სესხი გაიცა 20 დღის ვადით 2016 წლის 5 ივნისამდე, სესხის სარგებელი შეადგენს 55 ლარს. ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის და სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1%-ს .
მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. ვადის გადაცილება შეადგენს 472 დღეს. ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოა 2832 ლარი, საიდანაც მოითხოვს 166,60 ლარს.
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს ზიანი მიადგა, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მოპასუხისთვის სავარაუდო იყო მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავლის შედეგად ზიანის მიყენება. ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით არის ყოველდღიურად 2.75 ლარი (55 ლარი გაყოფილი სესხის სარგებლბის ვადაზე 20 დღეზე). ვადის გადაცილების პერიოდში შეადგენს 1298 ლარს. სარჩელის მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო 166.60 ლარი და ზიანის თანხა 80 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და ზიანის თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი დავალიანებასთან მიმართებაში და უნდა შემცირდეს. მოპასუხემ თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 16 მაისს შპს „ფულიჯი ფინანსთან“ დავით ფილიშვილმა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N952552 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 500 ლარი. სესხი გაიცა 20 დღის ვადით 2016 წლის 5 ივნისამდე, სესხის სარგებელი შეადგენს 55 ლარს. ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის და სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1%-ს .
3.1.2. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. ვადის გადაცილება შეადგენს 472 დღეს. ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოა 2832 ლარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოთხოვნილი პირგასმატეხლო გონივრულია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 500 ლარი, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და სესხის სარგებელი შეადგენს 55 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის მოთხოვნა, რაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მოპასუხის უფლებაა და წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების და მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, სარგებელს, ასევე პირგასამტეხლოს, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინების სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ, რადგან მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%-ის ოდენობით. სარჩელით მოთხოვნილია 166.60 ლარის დაკისრება, რაც სესხის დავალიანების 1/3.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 555 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 166.60 ლარი. მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, სრულად გადაუხდელია სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი.
420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ვალდებულება 1 წლის და 6 თვეზე მეტი დროის განმავლობაში საერთოდ არ შესრულებულა, სესხის ძირითადი დავალიანების ოდენობაა 550 ლარი, მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გონივრული საჯარიმო სანქციის დაკისრების მიზანს ამართლებს მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო, რის გამოც მოპასუხე ვალდებულის გადაიხადოს პირგასამტეხლო 166,60 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ასანაზღაურებლად 80 ლარის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე მხარეებს შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა რეგულირებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა მიკროკრედიტის გაცემა. ამ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
სარგებლიანი სესხის ფარგლებში კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც. ამ შემთხვევაში სასესხო ურთიერთობა არსებობს მიკოსაფინანსო ორგანიზაციასთან, რომლის მიერ სესხის გაცემის მიზანია ეკონომიკური სარგებლის მიღება. კრედიტის დაუბრუნებლობის გამო კრედიტორი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა ამ თანხის კვლავ გასესხებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში.
მხარეებს შორის მოკლევადიანი სასესხო ურთიერთობა დამყარდა, ხელშეკრულება ითვალისწინებს 20 დღით სესხის გაცემას და შესაბამისად, ამ ვადაში კრედიტორისათვის სარგებლის დარიცხვას. სესხის დროულად დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს ექნებოდა ამ თანხის კვლავ გასესხების შესაძლებლობა, რის შედეგად მიიღებდა შემოსავალს სესხის სარგებლის დარიცხვის შედეგად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავალის ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის სესხის დროულად დაუბრუნებლობის გამო 80 ლარის არის სახელშეკრულებო რისკის ფარგლებში მოსალოდნელი ზიანი, კრედიტორის მიუღებელი შემოსავალი, სარგებელი რაც მან ვერ მიიღოს სესხად გაცემული თანხის კვლას სარგებლიანი სესხის გაცემის შედეგად. მხარეებს შორის არსებობდა მოკლევადიანი სესხის ხელშეკრულება, რის გამოც მოპასუხისათვის მოსალოდნელი იყო, რომ სესხად მიღებული თანხას კვლავ მცირევადიანი სესხის გასცემდა და შედეგად მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს 80 ლარს (სესხის 500 ლარის 16%-ს ერთი თვით სესხის გაცემის შემთხვევაში).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელი სხდომაზე, მთავარ სხდომაში გადაზრდამდე ცნო სარჩელი 555 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 63%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიოფ ბაჟის 50 ლარის 63% არის 31,5 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ტანხა 18,5 ლარი უნდა გადაუხადოს მოპასუხემ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს შპს „ფულიჯი ფინანსის“ სარჩელი;
1.1. დავით ფილიშვილს დაეკისროს შპს „ფულიჯი ფინანსისათვის “ 800 ლარის გადახდა;
2. შპს „ფულიჯი ფინანსს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 6 აპრილს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 31,5 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N195) ;
3. დავით ფილიშვილს დაეკისროს შპს „ფულიჯი ფინანსისათვის “ 18,5 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი