გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310017002011458
საქმე № 3/197-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ლ--–- ს-----––---–ი
მოპასუხე: სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო", სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი: გ------- ჯ-----–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" დაევალოთ ქმედების განხორციელება, კერძოდ, გასცენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე ლ--–- ს-----–-–---–ის სახელზე.
სარჩელის თანახმად, ლ--–- ს-----–-–---–ის პირადობის მოწმობას გაუვიდა მოქმედების ვადა; რის გამოც მიმართა გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის (ე. წ. ჩიპის) გარეშე, რაზეც მან მიიღო პასუხი, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანების 25-ე მუხლის თანახმად,სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები გასცემენ მხოლოდ ინფორმციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით პირადობის მოწმობას, რაც შეეხება არაელექტრონულ პირადობის მოწმობას ის გაიცემა ბრძანებაში აღნიშნულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ ეთანხმება წერილში მითითებულ მოსაზრებას, რადგან მიაჩნია, რომ მოქმედი კანონი აძლევს შესაძლებლობას აიღოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, თუ ამის სურვილი მას თავდა აქვს, მინისტრის მითითებული ბრძანება კი არის კანონქვემდებარე აქტი და ნორმატიული აქტების საქართველოს კანონის თანახმად მას ვერ ექნება უპირადესი ძალა კანონთან მიმართებაში, ამავე ბრძანების მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები კი ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ არაელექტრონული პირადობის გაცემის წესს, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მხარე არ ეთანხმებოდა გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემულ წერილს, 2017 წლის 22 ივნისს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა კანონის შესაბამისად მის სახელზე გაეცათ არაელექტრონული პირადობის მოწმობა, რაზედაც გავნითარების სააგენტოდან მიიღო წერილი, რომ არ განიხილეს მისი საჩივარი, როგორც ადმინისტრაციული საჩივარი და მიუთითეს, რომ მიემართა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ან იუსტიციის სახლისათვის, მოსარჩელე არ დაეთანხმა სააგენტოს პასუხსაც და სარჩელით მომართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოსარჩელე განმარტავს, რომ თუ კი იმ პირებს ვისაც უვადო პირადობის მოწმობები აქვთ აღებული შეუძლიათ, რომ ჰქონდეთ არაელექტრონული პირადობის მოწმობა ასეთ შემთხვევაში მასაც უნდა შეეძლოს ისარგებლოს იგივე უფლებით, როგორი უფლებითაც სარგებლობს სხვა ადამიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვექნება მის მიმართ უფლებების დარღვევა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტს (იუსტიციის მინისტრის ბრძანება) შორის რაიმე სახის კოლიზიას ადგილი არ აქვს; კანონი აწესებს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია, არ მოხდეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით. ამგვარ შემთხვევებს მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არ აქვს განმარტავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქათველოს კანონით დადგენილი იერარქია არ არის დარღვეული და სწორედ კანონი განსაზღვრავს იმ შეზღუდვას რაც საფუძლად უდევს იმ კანონქვემდებარე აქტს, რაც მითითებულია სააგენტოს პასუხში, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა ლ--–- ს-----–-–---–ის შემთხვევაში კი ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს გახდიდა სტანდარტული პირადობის მოწმობის გაცემას არ არსებობს, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“-ს შესაბებ მინისტრის № 98 ბრძანების 25-ე მუხლში კი ჩამოყალიბებული და გაწერილია თუ რა შემთხვევაში შეიძლება გასცეს ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობა შესაბამისმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ლ--–- ს-----–-–---–მა განცხადებით მიმართეს სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა, რაზეც უარი ეთქვათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 29 მაისის № 58/137900 წერილი.
ლ--–- ს-----–-–---–მა მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" წერილით, რის შემდეგაც მიიღო პასუხი მის მიერ წარდგენილია არა საჩვარი არამდეს წერილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" 2017 წლის 26 ივნისის № 01/171082 წერილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობის მიღებაზე, ხოლო კანონმდებლობით დაშვებულ იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა, მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არ აქვს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს, სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ" და გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მასზე გასცეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, კანომდებლობით დაშვებულია თუ არა ამგვარი შესაძლებლობა.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება; ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.
ამავე კანონის მე-13 და მე-14 მუხლების 1-ლი ნაწილების, მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა სწორედ ამ კანონით განისაზღვრა;
მოსარჩელის მითითებით, კანონი მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი - იუსტიციის მინისტრის ბრძანება მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას შეიცავს;
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ კანონში ასახული ალტერნატიული შეთავაზება იძლევა შესაძლებლობას, გააკეთოს არჩევანი არაელექტრონულ და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო - იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ამ კანონით მას ენიჭება არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა განსაზღვრულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.
ამავე დროს, მოცემული კანონით არ არის გათვალისწინებული, პირის სუბიექტური სურვილის პირობებში, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენადაც სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების დაწესებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ.
მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
როგორც აღინიშნა, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუმცა ამგვარი ობიექტური გარემოებები ამ კანონით განსაზღვრული არ არის.
ამგვარი გარემოებების ჩამონათვალს შეიცავს ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებით), რომლის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება, გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში ამ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან არ არსებობს არც ერთი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია სწორედ სრულად 25-ე მუხლში.
მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი, მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; ესაა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის აუცილებლობა არსებობს, მაგრამ ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო, შეუძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ან/და პირისათვის მიწოდება; ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც უნდა აისახოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაში; ასევე შესაძლებელია, არსებობდეს ვითარება, როდესაც შეუძლებელია დროის გარკვეულ პერიოდში დამზადებული პირადობის მოწმობის ადრესატისათვის მიწოდება; თუ არსებობს პირადობის მოწმობის გადაუდებელი საჭიროება და ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო შეუძლებელია მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიწოდება, ,,წესის" 25-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, არ დარჩეს მოქალაქე ვინაობის დადასტურების შესაძლებლობის გარეშე, თუმცა ასეთ შემთხვევებში პირადობის მოწმობა გაიცემა შეზღუდული ვადით (არაუმეტეს 6 თვით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე.
ამასთან, იმავე სრულად 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია, რომ, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაიცემა არა უმეტეს 6 თვის ვადით.
ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას, თუმცა მასთან მიმართებაში არც მოთხოვნის დროისათვის და არც დღეის მდგომარეობით სახეზე არ იყო 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება(ები), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, მათზე გაეცა პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს.
ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
იმავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
როგორც აღინიშნა, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონქვემდებარე აქტი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება - წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, ბრძანება ავსებს და აკონკრეტებს კანონის ცალკეულ დებულებებს, და სადავო ურთიერთობაც განხილულია მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია, შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში სახეზე არ იყო არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევები, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება.
მოსარჩელე არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს მის სუბიექტურ ნებას, სურვლის არსებობას, და ითხოვს კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს; მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე.
დავის გადაწყვეტის მიზნით გამოყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა.
აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას; შესაბამისად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები.
მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, და ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისს დროებითი გაჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” დაევალა, მოცემული დავის დასრულებამდე ლ--–- ს-----–-–---–ის მიმართ გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ეს განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--–- ს-----–-–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" და სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემისა და ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. განიმარტოს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის დროებითი გაჩინება, რომლითაც სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა, მოცემული დავის დასრულებამდე ლ--–- ს-----–-–---–ის მიმართ გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა, ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული