გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2018
საქმის ნომერი
190210017002060345
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-1880-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 მარტი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია

მოსარჩელე- ი------------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი- გ-------------ე

მოპასუხე- ი--------------–--ე

მოპასუხის წარმომადგენელი- დ------------–-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

aRwerilobiTi nawili

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი--------------–--ეს ი------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 10200 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხე ი--------------–--ეს ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 730 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

1.3. მოპასუხე ი--------------–--ეს ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ი-------------–---–მა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ი--------------–--ეს ასესხა 15000 აშშ დოლარი, მოპასუხეს თანხა უნდა დაებრუნებინა მოთხოვნისთნავე, აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ მას დაუბრუნა ნაწილი, დასაბრუნებელი დარჩა 10200 აშშ დოლარი. ი--------------–--ემ აღნიშნული ვალის არსებობა დაადასტურა ვალის აღიარების შესახებ ხელწერილით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, რომ ი--------------–--ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 10200 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი--------------–--ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოპასუხემ ი------------–---–ისაგან 2012 წელს ისესხა 10200 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხემ ერთ წელში დაუბრუნა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი------------–---–მა მოპასუხეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა 15000 აშშ დოლარი, რომელიც ი--------------–--ეს უნდა დაებრუნებინა მოთხოვნისთანავე. აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა ნაწილი და გადასახდელი დარჩა 10200 აშშ დოლარი.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი------------–---–მა ი--------------–--ეს ასესხა 15000 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია თანხის ნაწილი- 10200 აშშ დოლარის ოდენობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ი------------–---–მა ი--------------–--ეს ასესხა 10200 აშშ დოლარი, ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი მოსარჩელის მტკიცებით დაიწერა 2017 წლის 19 აგვისტოს, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

samotivacio nawili

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 623-ე მუხლებით

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი------------–---–მა ი--------------–--ეს ასესხა 15000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან ი--------------–--ემ მოსარჩელეს დაუბრუნა ნაწილი, ხოლო გადასახდელი დარჩა 10200 აშშ დოლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადაოდ იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოპასუხე ი--------------–--ემ სრულად მიიღო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელწერილი ი--------------–--ის მიერ დაწერილია 2012 წელს, რომლის თანახმად, მოპასუხეს თანხა უნდა დაებრუნებინა 1 წელში, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ ან/და უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება. ცალმხრივი ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. აბსტრაქტული ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით,რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, რადგან სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება, კერძოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ მან მოსარჩელისაგან 10200 აშშ დოლარი ისესხა 2012 წელს, რომელიც 1 წლის განმავლობაში კიდეც დაუბრუნა, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ი--------------–--ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 10200 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი--------------–--ეს ი------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 730 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, ასევე 500 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით.

 

sarezolucio nawili

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ი------------–---–ის სარჩელი მოპასუხე ი--------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს; 2.მოპასუხე ი--------------–--ეს ი------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 10200 აშშ დოლარის გადახდა; 3. მოპასუხე ი--------------–--ეს ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 730 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. 4. მოპასუხე ი--------------–--ეს ი------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 500 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით. 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი