გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2021-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - შპს ,,G--”;
წარმომადგენელი - დ----- მ--–----;
მოპასუხე - ნ----- ქ--------–---–-;
მოპასუხე - მ------ ძ------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 1932 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 1050 ლარი, პროცენტი - 403.20 ლარი და ჯარიმა - 478,8 ლარი).
1.2. ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 14 ივლისიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1050 ლარზე აღსრულებამდე (არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 84 ლარს.
1.3. ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის -50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის, სარჩელის გაგზავნის საფასურის - 12.60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 20 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 22 მარტს მ------ ძ------მ განცხადებით მიმართა შპს „G--“-ის და მოითხოვა სესხი 1050 ლარის ოდენობით. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და მოპასუხე მ------ ძ------მ მიიღო სესხი 1050 ლარის ოდენობით, თვიური სარგებელი - 8%, სესხი უნდა დაფარულიყო 23 მარტიდან ყოველდღიურად, დღეში 37.80 ლარის ოდენობით და უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 21 აპრილს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4%-ის ოდენობით. სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული ვალდებულება იკისრა თავდებმა ნ----- ქ--------–---–მა. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მომართეს სასამართლოს და მოითხოვეს თანხის დაკისრება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე მ------ ძ------მ და ნ----- ქ--------–---–მა განმარტეს, რომ მოხდეს თანხის განაწილვადება და დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, ვინაიდან შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან, ისინი იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ღებულობენ სახელმწიფოდან დანიშნულ შემწეობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს შპს ,, G--“-სა და მ------ ძ------ს შორის გაფორმდა სესხი ხელშეკრულება №ა94, რომლის მიხედვითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1050 ლარის ოდენობით, 2017 წლის 21 აპრილამდე (სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის გაცემის მეორე დღიდან ანუ 2017 წლის 23 მარტიდან ყოველდღიური დაფარვით 30 დღის განმავლობაში, დღეში 37,80 ლარის ოდენობით), მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს ყოველდღიური გადაუხდელობის შემთხვევაში ნარჩენი თანხის 0.4% ყოველდღიურად.
იმავე დღეს სესხზე დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით სესხის ხელშეკრულებაშივე 3.1. მუხლით გათვალისიწინებული იქნა სოლიდარული თავდებობა ნ----- ქ--------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხი ხელშეკრულება №ა94 (ს.ფ 1-20);
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს მ------ ძ------მ და ნ----- ქ--------–---–მა დადეს ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მათ გამოთქვეს თანხმობა სესხის დაფარვამდე არ გაესხვისებინათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ზუგდიდი, სოფელი დ------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი (ს.ფ 221);
3.1.3. დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფ. დ------–ში (ს/კ 4-.25.4-.2--) მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნის ანასტასია ძ------ს, ლიზი ძ------ს, მ------ ძ------ს და ნ----- ქ--------–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 26-27);
3.1.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მ------ ძ------ს და ნ----- ქ--------–---–ს ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ხელშეკრულება №ა94-დან გამომდინარე, სასესხო დავალიანება შეადგენს 1932 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1050 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 403,20 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 478,8 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 31);
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ----- ქ--------–---–- და მ------ ძ------ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ღებულობენ შემწეობას თვეში 204 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ 58);
3.1.5. დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან ხდებოდა ხელშეკრულების პირობების და ვადების დარღვევა. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვა და ვალდებულება არ შესრულებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 ივნისს შპს ,, G--“-ს მიერ მ------ ძ------სა და ნ----- ქ--------–---–-ს მიმართ სესხის ხელშეკრულება №ა94-ზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ მ------ ძ------ს და ნ----- ქ--------–---–-ს მხრიდან იქნა წარმოდგენილი პროტესტი, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება NSP170663812/282578 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ (ს.ფ 25);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთათვის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არაა. მოპასუხეები ადასტურებენ, რომ მოსარჩელესთან აკავშირებთ სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეები იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, ამიტომ სასამართლომ უნდა მისცეს მათ საშუალება თანდათანობით დაფარონ სესხი. სხვა მხრივ სადავოა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეთა ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს შპს ,, G--“-სა და მ------ ძ------ს შორის გაფორმდა სესხი ხელშეკრულება №ა94, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადასცა სარგებლიანი კრედიტი 1050 ლარის ოდენობით 2017 წლის 21 აპრილამდე (სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის გაცემის მეორე დღიდან ანუ 2017 წლის 23 მარტიდან ყოველდღიური დაფარვით 30 დღის განმავლობაში დღეში 37,80 ლარის ოდენობით). მოსარჩელემ თავისი ვალდებულება შეასრულა. მოპასუხეს კი ხელშეკრულების მიხედვით სესხი უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
თავად მოპასუხე მხარეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------ ძ------მ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა არ დაუბრუნა შპს ,, G--“-ს. მ------ ძ------ და ნ----- ქ--------–---–- ვალდებულები იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, კერძოდ, გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მას კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარა პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა 1932 ლარი მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ძირითადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ----- ქ--------–---–მა შპს ,,G--“-ს წინაშე იკისრა მ------ ძ------ს ვალდებულებების სოლიდარულად შესრულება. მ------ ძ------მ ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეს გაუჩნდა თავდები პირის მიმართ მოთხოვნის უფლება. ნ----- ქ--------–---–-, როგორც სოლიდარულად ვალდებული პირი ვალდებული არის მოსარჩელის წინაშე და მან მ------ ძ------სთან ერთად უნდა დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, კი თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, წარმოშობილია 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებით.
დადგენილია, რომ მოპასუხე ნ----- ქ--------–---–მა, როგორც თავდებმა პირმა, თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ,,გამსესხებელსა“ და ,,მსესხებელს“ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, რაც გამოიხატება ,,გამსესხებლისათვის“ ფულადი თანხის გადახდაში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს. სესხის შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში. ამდენად სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებებით პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ძირითად თანხასთან შედარებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 0.07%-მდე და მოპასუხეებს დაეკისროს 84,36 ლარის გადახდა.
ამასთან, 2017 წლის 22 მარტს შპს ,, G--“-სა და მ------ ძ------ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით მსესხებელი ვალდებულია შპს ,, G--“-ს, როგორც გამსესხებელს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში დაუბრუნოს მიღებული სესხი, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება ვიდრე სრულად არ დაიფარება დავალიანება. მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს და ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 14 ივლისიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1050 ლარზე აღსრულებამდე (არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 84 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 88,17 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის, სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის 50 ლარის, საგარანტიო თანხის 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 15 ლარის, სარჩელის გაგზავნის საფასურის 12.60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის 20 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 11,83 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
2017 წლის 17 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მ------ ძ------ს (პ/ნ 6----------) და ნ----- ქ--------–---–ს (პ/ნ 1----------) აეკრძალათ მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილის, მდებარე: ზუგდიდის რაიონის სოფ. დ------–ში (ს/კ 4-.25.4-.2--) გასხვისება და იპოთეკით, ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 24--244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,G--”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 1537,56 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 1050 ლარი, პროცენტი - 403.20 ლარი და ჯარიმა - 84.36 ლარი).
1.2. ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2017 წლის 14 ივლისიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1050 ლარზე აღსრულებამდე (არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 84 ლარს.
1.3. ნ----- ქ--------–---–ს და მ------ ძ------ს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 88,17 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის, სარჩელის გაგზავნის საფასურის - 12.60 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის - 20 ლარის გადახდა.
1.4. მოსარჩელე შპს ,,G--”-ის მოთხოვნა 394, 44 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
1.5. შპს ,,G--”-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 11,83 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა