გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #411210017002147193
საქმე # 2/111-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.03.2018 წ. ქ. ლაგოდეხი
შესავალი ნაწილი
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო ქოჩორაშვილი
მოსარჩელე შპს "ემ------------ი"
წარმომადგენელი გ--–---------–---–-
მოპასუხე ზვ----ი მა-------ძე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ზვ----ი მა-------ძეს შპს "ემ------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 900 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები
2014 წლის 15 ოქტომბერს შპს „ემ------------სა“ და ზვ----ი მა-------ძეს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N6----, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 300 ლარი 38 დღის ვადით-2014 წლის 22 ნოემბრამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.
მსესხებელი ვალდებული იყო, სესხი 300 ლარი და მასზე დარიცხული სარგებელი -114 ლარი, სულ 414 ლარი დაებრუნებინა 38 დღის ვადაში, რაც არ შესრულდა, შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4. პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 466 ლარი. პირგასამტეხლო მოთხოვნილია მხოლოდ ვადის გადაცილების 103 დღისათვის და გაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
2018 წლის 23 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 300 ლარი – ძირითადი თანხა, 57,50 ლარი – სარგებელი და 466 ლარი პირგასამტეხლო, რაც ჯამში 823,50 ლარს შეადგენს
(სხდომის ოქმი 15.12.27 სთ)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და საქმის სასამართლო მოსმენის დროს სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაეთანხმა სარჩელს ძირი თანხის - 300 ლარის და სარგებელის - 57,50 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 ოქტომბერს შპს „ემ------------სა“ და ზვ----ი მა-------ძეს შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N6----, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო სესხი 300 ლარი 38 დღის ვადით-2014 წლის 22 ნოემბრამდე. სესხის სარგებელი შეადგენს 114 ლარს, სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო – ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 1.5%-ის ოდენობით.
3.1.2. მოპასუხის მიერ სესხის ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2014 წლის 23 ნოემბერს. მოპასუხეს შპს "ემ------------ისათვის" სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა არ დაუბრუნებია.
3.1.3. მოსარჩელე მოთხოვნის შემცირების მერე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების თანხის- 823,50 ლარის გადახდა, საიდანაც 300 ლარი – ძირითადი თანხაა, 57,50 ლარი- სარგებელი, ხოლო 466 ლარი პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება;
-მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა;
-გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს ,,ემ------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 623- 625-ე, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.
2014 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება N6----, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა თანხა 300 ლარის ოდენობით, 38 დღის ვადით-2014 წლის 22 ნოემბრამდე. სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო – ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 1.5%-ის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული კრედიტის თანხა დაეფარა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხუზე გაცემული იქნა სესხი. მოპასუხე ვალდებული იყო, აღნიშნული კრედიტი დაეფარა 38 დღის ვადაში- 2014 წლის 22 ნოემბრამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 15 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება მოპასუხის მიერ დარღვეულია, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას კრედიტორის წინაშე სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია სრულად. სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნის მიხედვით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 823,50 ლარს, საიდანაც 300 ლარი – ძირითადი თანხაა, 57,50 ლარი- სარგებელი, ხოლო 466 ლარი პირგასამტეხლო.
მოპასუხე მხარეს სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის- 300 ლარის და სარგებელის- 57,50 ლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში სარჩელი ცნო .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი, მათ შორის მთლიანად ან ნაწილობრივ.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამდენად, ძირი თანხის 300 ლარის და სესხზე დარიცხული სარგებლის- 50,57 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ერთჯერადი ჯარიმის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინების სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ერთჯერადი ჯარიმით- 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%-ის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ვადაგადაცილების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლით. პირგასამტეხლო მოთხოვნილია ვადაგადაცილებული პერიოდიდან 103 დღისათვის და არა სრული ვადაგადაცილების დროისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს. ყოველდღიურად 1.5% პირგასამტეხლო გულისხმობს თვეში 45%-ის დარიცხვას. ამგვარი გაანგარიშებით ყოველდღიურად ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასმატეხლოა 4,5 ლარი, რაც თვეში 135 ლარია. ისეთ პირობებში როცა, სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, ამ ოდენობით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რადგან მოთხოვნილი ვადის გადაცილების პერიოდის მანძილზეც კი, 103 დღეში წარმოშობს სესხის თანხაზე მეტი თანხის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 300 ლარი, სარგებელი 57,50 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 466 ლარი, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 4,5 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის დავალიანების და სესხად გაცემული ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს თანხა დღეში 4.5 ლარი არაგონივრულად მაღალია. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით, რაც ერთი ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 0.6 ლარს, ხოლო მოთხოვნილი ვადაგადაცილების დროისათვის 61,8 ლარს.
ამდენად, მოპასუხის ვალდებულება შეადგენს სესხის ძირითად თანხას 300 ლარს, სარგებელს 50,57 ლარს და პირგასამტეხლოს 61.8 ლარს, რაც ჯამში შეადგენს 412,37 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა 823,50 ლარის დაკისრება. მოპასუხემ სარჩელი ცნო 357,50 ლარის მოთხოვნის ნაწილში. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოპასუხეს მოთხოვნილი 466 ლარიდან დაეკისრა 61,8 ლარი, რის გამოც, მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განაწილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 25 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
რაც შეეხება სასამართლო გარეშე ხარჯებს, მოსარჩელე ითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯის-42 ლარის ანაზღაურებას. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 36 ლარის ანაზღაურება, რაც არ აღემატება დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „ემ------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ;
1.1. ზვ----ი მა-------ძეს შპს „ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 419.3 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, სარგებელი 57,50 ლარი და პირგასამტეხლო 61.8 ლარი .
2. ზვ----ი მა-------ძეს დაეკისროს შპს „ემ------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 25.00 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯების- 36 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი