განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002305595 (1-48/18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
საქმე №1/48-2018
26 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
მოსამართლე დავით გელაშვილი
სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა,დაცვის მხარე ადვოკატი - მ-------------ე
ბრალდებული - ა---------–--------- (დაბადებული:0--------- წელს, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–ო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-----------------------–-----------ი).
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 10:25 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ა---------–---------, ნ----------–---–-ს ხელჩანთიდან, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 671 ამერიკულ დოლარს და დროებითი ბინადრობის მოწმობას, აღნიშნული ქმედებით ნ----------–---–ს მიადგა 1731 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალდებულმა ა---------–---------მ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ნ----------–---–-ს, ი-----–--–-----ს, ა---------–---------ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთები, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი ნივთის ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრის შეუმჩნევლად, რაც მას განასხვავებს ნივთის სხვა ხერხით დაუფლებისაგან, იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის, ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს, ვინაიდან ეძლევა შესაძლებლობა განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით - კოდექსის ამ თავში (თავი XXV) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი მოქცეულია XXV თავში.
აღნიშნულიდან გამომდინარე ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა---------–--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ----------–---–-ს კუთვნილ ფულად თანხას 1731 ლარს, რამაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
სამართლებრივი შეფასება:
ა---------–---------მ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა დანაშაული, ქურდობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან ხელყოფს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს საკუთრებას. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს, რაც იყო ანგარება საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღებით. მხედველობაშია მისაღები ზიანის ოდენობა (1731 ლარი). ასევე ის გარემოება, რომ სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ყოფაქცევას ქმედების შემდეგ - არ გაუწევია წინააღმდეგობა, აღიარა და მოინანია ჩადენილი, გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს ზიანი, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის შესაფასებლად, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, ამავე დროს ბრალდებულის წარსული ცხოვრებიდან რაიმე უარყოფითი გარემოებები არ არსებობს და იგი არაა ნასამართლევი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა მისი იზოლაცია და სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სანქციით გათვალისწინებული პირობით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით, მინიმუმის ფარგლებში, შესაბამისი გამოსაცდელი ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ა---------–--------- არ იყო ნასამართლევი.
ამდენად, ა---------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 03 (სამი) წელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ამრიგად, ნივთმტკიცების სახით არსებული ერთ დოლარიანი კუპიურა და ბინადრობის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ----------–---–ს.
უნდა გაუქმდეს ა---------–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არაა წარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყო თუ არა ა---------–---------მ გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---------–--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ა---------–---------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცების სახით არსებული ერთ დოლარიანი კუპიურა და ბინადრობის მოწმობა დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ----------–---–ს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
გაუქმდეს ა---------–---------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე დავით გელაშვილი