გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017002024282
N2/737-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფ------ საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე მ----------–------ი
წარმომადგენელი მ-----–--------–--ე
მოპასუხე შპს „ბ------–-----------“
წარმომადგენელი ნ-----------ე
დავის საგანი მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 200 000 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ვ--–-----–------ი შპს „ბ------–-----------ში“ მუშაობდა და ევალებოდა ცარიელი კონტეინერების შემოწმება. 2012 წლის 25 დეკემბერს 00:20 საათზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამუშაოზე ადგილზე, კერძოდ, შპს „ბ------–-----------ს“ საკონტეინერო ტერმინალში მოხდა უბედური შემთხვევა და სპეციალური საკონეტეინერო ტვირთამწე მექანიზმი „ფ------–-“ დაეჯახა ვ--–-----–------ს, მოიყოლა საბურავში, რის შედეგადაც მან მიიღო მძიმე ტრავმა და დაუყოვნბელივ გადაყვანილ იქნა ფ------ ც--------–---- ს--------------ში, ტრავმის შედეგად მან მენჯის ძვლისა და ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, განუვითარდა კომატოზური მდგომარეობა და 2015 წლის 28 მარტს გარდაიცვალა. ავადმყოფობის პერიოდში მან მიმართა სასამართლოს შრომითი მოვალეობის შესრულებისას, მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე.
ვ--–-----–------ის გარდაცვალების შემდეგ მისმა უფლებამონაცვლემ მ----------–------მა დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებაც. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ--–-----–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განჩინებით შპს „ბ------–-----------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვ--–-----–------ი მუშაობდა შპს „ბ------–-----------ში“ მტვირთავის პოზიციაზე, ის 2012 წლის 25 დეკემბერს შპს „ბ------–-----------ს“ საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ის ტერმინალის საკონტეინერო ტერიტორიაზე თვითნებურად იმყოფებოდა, არც ფოთის საქალაქო სასამართლოს და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უდავო ფაქტობრივ გარემოებად არ დაუდგენია, რომ ვ--–-----–------ი ტერმინალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. საქმეში წარმოდგენილი ცვლიანობის გრაფიკით და 2012 წლის დეკემბერში მტვირთავების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ფურცლით და შრომის ანაზღაურების დარიცხვის უწყისით დგინდება, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს სამუშაო არ შესრულებულა არც მტვირთავების მიერ რომლებიც იმ დღეს მუშაობდნენ, ვინაიდან საჭიროება არ არსებობდა. კომპანიის მიერ არ განხორციელებულა რაიმე სახის ანაზღაურების გადახდა არცერთი მტვირთავისთვის. 2012 წლის 24 დეკემბერს არ განხორციელებულა არავითარი კონტეინერის დაცლა -დატვირთვის სამუშაოები. ვ--–-----–------მა საკონტეინერო ამწის დაჯახების შედეგად მართლაც მიიღო მენჯის ძვლის და ქვედა კიდურების მოტეხილობა, თუმცა კომატოზურ მდგომარეობა მას განუვითარდა მას შემდეგ რაც სს „ფ------ ც--------–---- კ-–-------- ს--------------ში“ ჩაუტარდა სამედიცინო პროცედურები, მისი ქ. ქ-------–- ტრანსპორტირების მიზნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ კომაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ დგინდება, შპს „ბ------–-----------ს“ საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე რაიმე სახის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ--–-----–------ი მუშაობდა შპს ,,ბ------–-----------ში'' მტვირთავად.
3.1.2. 2012 წლის 25 დეკემბერს, ვ--–-----–------ი იმყოფებოდა შპს ,,ბ------–-----------ს'' ტერიტორიაზე, რა დროსაც მან კონტეინერის ამწის ,,ფ------–-ს'' ზემოქმედების შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება. ვ--–-----–------ი გადაყვანილ იქნა ფ------ ს--------------ში, მიღებული დაზიანებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვ--–-----–------ი 2015 წლის 28 მარტს გარდაიცვალა.
3.1.3. 2015 წლის 02 ოქტომბრის N151095110 სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მ----------–------მა, როგორც ვ--–-----–------ის პირველი რიგის მემკვიდრემ - მამამ მიიღო 2015 წლის 28 მარტს გარდაცვლილი ვ--–-----–------ის სამკვიდრო ქონება..
3.1.4. ფ------ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ----------–------ის სარჩელი შპს ,,ბ------–-----------ს“ მიმართ ზიანისა და კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხე შპს ,,ბ------–-----------ს“ მოსარჩელის მ----------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მკურნალობის ხარჯების 60000 ლარის და დაკრძალვის ხარჯების 2000 ლარის გადახდა.
3.1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განჩინებით შპს „ბ------–-----------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვ--–-----–------ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 200 000 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მ----------–------ის სარჩელი შპს „ბ------–-----------სთვის“ ვ--–-----–------ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის - 200 000 ლარის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზაუროს ეს ზიანი.
აღნიშნულ მუხლში დელიქტური ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები, აღნიშნული ვალდებულებები წარმოიშობა დაზარალებულის სამოქალაქო უფლებების დაღვევის შედეგად, მიმართულია მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებისაკენ.
მორალური ზიანის კომპენსაცია ზოგადი წესის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩოს სანაცვლოდ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ერთჯერადი ანაზღაურება, თუკი არსებობს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ----------–------ის სარჩელი შპს ,,ბ------–-----------ს“ მიმართ ზიანისა და კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხე შპს ,,ბ------–-----------ს“ მოსარჩელის მ----------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მკურნალობის ხარჯების 60000 ლარის და დაკრძალვის ხარჯების 2000 ლარის გადახდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განჩინებით შპს „ბ------–-----------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანი (არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით), კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება გამოიწვიოს მორალური, სულიერი ტანჯვა, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, ამდენად კანონის მიზანია, შეამციროს შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (შდრ. იხ. სუსგ, #3კ-242-01, 06.04.2001, #3-1218-01, 24.04.2002, #ას-14-466-05, 09.11.2006, #ას-1156-1176-2011, 20.01.212.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზაურების შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს, ამ ნორმის საფუძველზე, არ შეუძლიათ, მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტკვილისათვის (შდრ.იხ.სუსგ, #3კ-1218-01, 24.04.2002).
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც) მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი. ამ ნორმით დაცული სიკეთე, რომლის ხელყოფის შემთხვევაში, დაზარალებულმა შეიძლება, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება, არის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისად, მითითებული მუხლით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდის სულიერ ტანჯვას, ფსიქიკურ სტრესს. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში კი, უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს დაზარალებულის სხეულს ან მისი ორგანიზმის შინაგან პროცესებს (შდრ.იხ. სუსგ, #ას-1156-1176-2011,20.01.2012. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით ხელყო მოსარჩელის შვილის სიცოცხლე და არა უშუალოდ, მოსარჩელის ჯანმრთელობა.
ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილი ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და , რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან.
მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი მხოლოდ მოსარჩელის სულიერი ტკივილი და ტანჯვა (ფსიქოლოგიური ზიანი) არ არის საკმარისი, თუ მას არ გამოუწვევია მოსარჩელის ავადმყოფობა (ჯანმრთელობის დაზიანება), უნდა იქნას წარმოდგენილი ავადმყოფობის (ჯანმრთელობის დაზიანების) დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთან ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.
აღნიშნულის თაობაზე რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, აღნიშნულიდან გამომდინარე, მ----------–------ის სარჩელი შპს „ბ------–-----------სთვის“ ვ--–-----–------ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის - 200 000 ლარის დაკისრების თაობაზე, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ----------–------ის სარჩელი შპს „ბ------–-----------სთვის“ ვ--–-----–------ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის - 200 000 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე