გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002260994
საქმე № 2/40-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე
მოსარჩელე - ელ----------–---ა
წარმომადგენელი - ნა----------–---–ი
მოპასუხე - ფა-----–---ი
წარმომადგენელი - ცი---------------–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ფა-----–---ისათვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-----------------ს დაბადებული ფი-------–---ას, 2----–-–-------------ს დაბადებული ნა--------–----ს და 2----–-–---------სს დაბადებული ემ-----–----ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად, თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2007 წლიდან მხარეები იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–-----------------ს - ფი-------–---ა, 2----–-–-------------ს - ნა--------–---- და 2----–-–---------სს - ემ-----–----. მხარეთა ერთობლივი თანაცხოვრება გაგრძელდა 2017 წლის ბოლომდე. მოსარჩელე მოპასუხესთან დაშორების შემდეგ, შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში. მოპასუხესთან თანაცხოვრების განმავლობაშიც მოპასუხე მატერიალურად არ ზრუნავდა ოჯახზე, ხოლო დაშორების შემდეგ საერთოდ არ დაინტერესებულა შვილების მდგომარეობით. მოსარჩელე არსად არ მუშაობს. ის და მისი შვილები იმყოფებიან მოსარჩელის მშობლების კმაყოფაზე, რომლებსაც თავადაც უჭირთ. მოპასუხეს არ გააჩნია მატერიალური პრობლემები და დღემდე მას საკუთრებაში გააჩნია ორი ავტომანქანა, ასევე მარნეულში, საბირის ქუჩა N 5 ში მდებარე უძრავი ქონება, მოსარჩელის კმაყოფაზე არავინ იმყოფება, მას არ შეუქმნია სხვა ოჯახი და სხვა შვილები არ ჰყავს. მოსარჩელეს დამოუკიდებლად უჭირს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხების მოგვარება. ფი-------–---ას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროება მკურნალობა, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. ფა-----–---ი არ მონაწილეობს შვილების აღზრდა-განვითარებაში და არ უწევს მატერიალურ დახმარებას. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდა და ცხოვრების სათანადო პირობების შენარჩუნება მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტის გადახდა შვილების რჩენა-აღზრდისათვის.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ფა-----–---მა შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ დააზუსტა პოზიცია და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, თითოეულ ბავშვზე 75 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
მოპასუხის განმარტებით, იგი არ გაურბის შვილების აღზრდაში მის პასუხისმგებლობას, მაგრამ იგი ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას მოთხოვნილი ოდენობით, ვინაიდან არ მუშაობს, იმყოფება პენსიონერი მშობლების კმაყოფაზე, არ გააჩნია არც უძრავი და არც მოძრავი (ავტომანქანა) ქონება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ელ----------–---ა და ფა-----–---ი 2007 წლიდან 2017 წლის ბოლომდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი, 07.03.2018).
3.1.2 ელ----------–---ას და ფა-----–---ს ჰყავთ საერთო შვილები - 2----–-–-----------------ს დაბადებული ფი-------–---ა, 2----–-–-------------ს დაბადებული ნა--------–---- და 2----–-–---------სს დაბადებული ემ-----–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფი-------–---ას დაბადების მოწმობა;
-ნა--------–----ს დაბადების მოწმობა;
-ემ-----–----ს დაბადების მოწმობა.
3.1.3. ელ----------–---ა და ფა-----–---ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მათი შვილები ფი-------–---ა, ნა--------–---- და ემ-----–---- ცხოვრობენ დედასთან ერთად, მის საცხოვრებელ სახლში, ქ.მარნეულში, ნიზამის ქუჩა N 4-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 07.03.2018).
3.1.4. ელ----------–---ა ამჟამად დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. ელ----------–---ა, შვილებთან ერთად იმყოფება მშობლების კმაყოფაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 07.03.2018).
3.1.5. ფა-----–---ს არ აქვს შექმნილი სხვა ოჯახი, გარდა ფი-------–---ას, ნა--------–----ს და ემ-----–----სა მას სხვა შვილები არ ჰყავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 07.03.2018).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არასრულწლოვან ფი-------–---ას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ მწვავე ბრონქიტი. მას პერიოდულად ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა. მოსარჩელე ელ----------–----ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, დიაგნოზი ფიბროადენომატოზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N 53060;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N 3941/16.
3.2.2. ფა-----–---ი არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას. შეუძლია დასაქმდეს და მიიღოს საკუთარი თავის და შვილების რჩენისათვის აუცილებელი სახსრები.
ფა-----–---ის (პ/ნ 2----------) სახელზე ირიცხება 2 (ორი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება: RORD TRANSIT, გამოშვების წელი - 1996; FORD TRANSIT 100LD, გამოშვების წელი -1999.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ფა-----–---ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მისი მატერიალური სიდუხჭირე. მხარის განმარტებით მოპასუხე არ მუშაობს, არ აქვს მატერიალური შემოსავალი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისათვის, რომ იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია და არ შეუძლია შვილების სათანადოდ რჩენა.
მიუხედავად განმარტებისა, რომ მოპასუხე არსად მუშაობს, იგი არის ჯანმრთელი, მის სახელზე ირიცხება ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესაბამისად, არის შრომისუნარიანი და აქვს უნარი და შესაძლებლობა გამოიმუშავოს, როგორ საკუთარი თავის, ისე შვილების რჩენისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრები.
მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
- -მხარეთა ახსნა-განმარტებები( იხ.სასამართლო სხდომის ოქმი, 07.03.2018)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1222-ე, 1234-ე მუხლები;
“ბავშვის უფლებათა კონვენცია".
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას, როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ამდენად, ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ფა-----–---ი არ არის შრომისუუნარო, ფლობს ორ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მას არ ჰყავს სხვა ოჯახი, სხვა შვილები. იგი ცხოვრობს მშობლებთან, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ პენსიას. მას აქვს უნარი და შესაძლებლობა უზრუნველყოს შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ხარჯები. ამდენად, ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათ აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები.
სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ მიუხედავად მოპასუხის განმარტებისა, რომ იგი არ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი, გასათვალისწინებელია ფაქტი იმის თაობაზე, რომ იგი შრომისუნარიანია, ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფა-----–---ს აქვს შესაძლებლობა ჰქონდეს შემოსავალი, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების საჭიროებები.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 75 ლარის დაკისრების ნაწილში, თითოეულ ბავშვზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა, სამი შვილისათვის საერთო ჯამში ყოველთვიურად 225 ლარის გადახდა არაგონივრულად მცირე ალიმენტის თანხაა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებს მოზარდი ასაკის გამო აქვთ განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდებათ განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ბავშვების დედას - ელ----------–---ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ესაჭიროება მკურნალობა. ამასთანავე გასათვალისწინებელია არასრულწლოვნის ფი-------–---ას ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ასევე ის გარემოება, რომ იგი არის სკოლის მოსწავლე, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნისუფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
სასამართლო აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე: ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე. ფა-----–---ისათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, ჯამში – 360 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 იანვრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 120 (ასოცი) ლარის გადახდა, თითოეულ ბავშვზე, მათ სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ელ----------–---ა ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე ფა-----–---მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ - თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 75 ლარის (ჯამში 225 ლარის ოდენობით) დაკისრების ნაწილში, ამდენად, ფა-----–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ელ----------–---ას სარჩელი ფა-----–---ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ფა-----–---ს არასრულწლოვანი შვილების ფი-------–---ას (დაბადებული 2008 წლის 6 ოქტომბერს), ნა--------–----ს (დაბადებული 2011 წლის 30 იანვარს), ემ-----–----ს (დაბადებული 2----–-–-------------) რჩენა-აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 16 იანვრიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე ან გარემოების სხვაგვარად შეცვლამდე;
2. მოპასუხე ფა-----–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ფხალაძე