გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310018002328566
N3/28-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წ ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: ლ-- კა----ძე
წარმომადგენელი: მა---ა ბო------ძე
მოპასუხე: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლა
წარმომადგენელი: მა---ა გო-------იანი
მესამე პირები: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
დავის საგანი: სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნას ლ-- კა----ძის მიერ ზესტაფონის რაიონის სოფელ არ-----ის საშუალო სკოლის სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (სრული კურსი დაამთავრა 1985-1986 სასწავლო წელს);
მოსარჩელის პოზიცია:
1985-1986 წელს მოსარჩელემ დაასრულა ქ.ზესტაფონის სოფელ არ-----ის საშუალო სკოლის სრული კურსი , რაც დასტურდება 2017 წლის 30 ივნისს სოფელ არგევთის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობით, სადაც მითითებულია, რომ : ლ-- ზა--–-ს ასულმა კა----ძემ 1985-86 სასწავლო წელს დაამთავრა სსიპ-ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლა და მიიღო საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი N537886 და ნიშნების ფურცელი. მოსარჩელემ განცხედებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ატესტატის დუპლიკატის გაცემა, რაზეც უარი ეთქვა. ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ,, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის #113/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიუღებლობის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. მოსარჩელეს უარი უთხრეს ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს გადაცემია ცენტრალიზებულ დაცვაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს.
3. მესამე პირების პოზიცია:
მესამე პირმა - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
მესამე პირმა - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 1985-1986 წელს მოსარჩელემ დაასრულა ქ.ზესტაფონის სოფელ არ-----ის საშუალო სკოლის სრული კურსი. მიიღო საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი N537886 და ნიშნების ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- არ-----ის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა 30.06.2017
4.1.2. მოსარჩელემ ზესტაფონის რაიონის სოფელ არ-----ის საშუალო სკოლის სრული კურსი დაამთავრა 1985-1986 სასწავლო წელს. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი ცნო სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლის შესაგებელი;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე;
7.2. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ზესტაფონის რაიონის სოფელ არ-----ის საშუალო სკოლაში 1985-86 წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
7.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (სამოქალაქო რეესტრის სამსახური) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მოსწავლის მონაცემების არარსებობის შემთხვევაში ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად პირს შეუძლია წარადგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი; ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბაზო ან სრული განათლების აღიარების შესახებ;
7.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მუხლი მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
7.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები;
7.7. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ლ-- კა----ძემ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო.
7.8. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლ-- კა----ძემ 1985-86 სასწავლო წელს დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლა. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს მიერ სრული საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარებას;
7.9. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ;
7.10. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობასა და გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხებს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე,208-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-- კა----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებულ იქნას ლ-- კა----ძის (პ.ნ 5----------, დაბადებული 1969 წლის 12 ივნისს) მიერ ზესტაფონის რაიონის სოფელ არ-----ის საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-----ის საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (სრული კურსი დაამთავრა 1985-1986 სასწავლო წელს);
3. მოსარჩელე ლ-- კა----ძეს (პ.ნ 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, რომელიც ჩარიცხულია შემდეგ ანგარიშზე: 300193150 (საგადახდო დავალება №16238851, გადახდის თარიღი 28.02.2018წ, გადამხდელი მა---ა ბო------ძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი