გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.03.2018
საქმის ნომერი
340210016001447335
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210016001447335

საქმე # 2/512-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.03.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,სა---------–-----------------------------------------ა“

წარმომადგენლები - გი-----------------–---–ი, ბე---------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,კო---------–------“

წარმომადგენლები- ცი--------------ე, კა------------–---ე (დირექტორი)

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე შპს ,,კო---------–------“-ს შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 15 984.71 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ,,საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 განკარგულების საფუძველზე ჩასატარებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომლის პირობას ლა-------ის მუნიციპალიტეტის სოფელების ლე-–----ს, ბა-–---ს, ბე--------ის, ქა-–--------------–ის, მი----------–ის და აბ-–--–--–ის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა. ტენდერში მოპასუხე შპს ,,კო---------–------“-მ გაიმარჯვა და მასთან, 2015 წლის 18 ივნისს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-------5 ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 825 000 ლარით, სამუშაოების დასრულების ვადად 2015 წლის 16 ოქტომბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

მოპასუხის მხრიდან სამუშაოების შესრულება ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რის გამოც მოსარჩელემ მას გაფრთხილების წერილები გაუგზავნა და სამუშაოების დროული შესრულება მოსთხოვა, თუმცა გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო და როგორც მოსალოდნელი იყო, მოპასუხემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სამუშაოების მხოლოდ ნაწილი შეასრულა.

2015 წლის 10 დეკემბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოითხოვა. 2015 წლის 14 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადა, ნაცვლად 20 ნოემბრისა, 31 დეკემბრით განისაზღვრა. ხელშეკრულების სხვა პირობები უცვლელი დარჩა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებიდან მხოლოდ 483 304.08 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, ამასთან აქედან 15 242.96 ლარის ღირებულების სამუშაოები 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში იქნა შესრულებული. შესაბამისად, მოპასუხეს 341 695.92 ლარის ღირებულების სამუშაო შეუსრულებელი დარჩა.

მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების დაყოვნების შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა შემდეგნაირად: 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში (76 დღე) შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 15 242.96 ლარის 0.1%, რაც 1 158.46 ლარს შეადგენს და 16 ოქტომბრიდან 2016 წლის 12 იანვრამდე (88 დღე) 341 695.92 ლარის 0.1%, რაც 30 069.24 ლარს შეადგენს.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს მთლიანობაში დაერიცხა პირგასამტეხლო 31 227.67 ლარის ოდენობით. ვინაიდან, მოპასუხემ 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე დამატებით 15 242.96 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, რაც მოსარჩელეს მისთვის გადახდილი არ აქვს, ეს თანხა გაიქვითა მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში და საბოლოოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 15 984.71 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი დაზუსტებული შესაგებელით სარჩელი 2000 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ სამუშაოების ნელი ტემპით შესრულება არ მომხდარა და ვალდებულების დარღვევა სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადის არაგონივრულობამ გამოიწვია. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% კი შეუსაბამოდ მაღალია. მოპასუხის აზრით საბოლოოდ ვადაგადაცილება 59 დღეს შეადგენს და თუ სასამართლო 0.1%-ს ოდენობით პირგასამტეხლოს მართებულად ჩათვლის, მაშინ პირგასამტეხლოს განსაზღვრა 59 დღეზე გაანგარიშებით უნდა მოხდეს. აგრეთვე მიუთითა, რომ ხელშეკრულება 2015 წლის 31 დეკემბერს შეწყდა და ამიტომ პირგასამტეხლოს 2016 წლის 12 იანვრამდე დარიცხვის საფუძველი არ არსებობს.

(ნაწილობრივ ცნობის ნაწილში იხ. შესაგებელი და სასამართლოს 26.03.18 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და შპს ,,კო---------–------“-ს შორის 2015 წლის 18 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-------5 ხელშეკრულება ლა-------ის მუნიციპალიტეტის სოფლების ლე-–----ს, ბა-–---ს, ბე--------ის, ქალქვა-ნამესრალის, მირკისეულის და აბ-–--–--–ის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. ხელშეკრულების ღირებულება 825 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სამუშაოები 120 დღის ვადაში - 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების 8.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულების დაყოვნების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია დააკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა. (პუნქტი 12.1)

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:

- ხელშეკრულება №1-------5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (ს.ფ. 23-31).

3.1.2. მოსარჩელემ 2015 წლის 14 სექტემბრის წერილით აცნობა მოპასუხეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დაბალი ტემპით მიმდინარეობდა და არსებობდა პროექტის ვადაში შეუსრულებლობის საფრთხე. ამიტომ მოპასუხეს მშენებლობის დროულად შესრულების საკითხისთვის ყურადღების მიქცევა მოსთხოვა. მოსარჩელემ 2015 წლის 25 ნოემბერს მოპასუხეს წერილობით კვლავ მიმართა, სადაც მიუთითა, რომ სოფლების გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობდა დაბალი ტემპით, გასული იყო კონტრაქტით გათვალისწინებული მშენებლობის ვადა და მოითხოვა სამუშაოების მსვლელობის გეგმა-გრაფიკის წარდგენა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:

- წერილები (ს.ფ. 31-32).

3.1.3. მოპასუხემ, 2015 წლის 10 დეკემბრის წერილით, მოსარჩელეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ვადის 31 დეკემბრამდე გაგრძელება მოსთხოვა, რაც მოსარჩელის მიერ დაკმაყოფილდა და 2015 წლის 14 დეკემბერს მხარეებმა დადეს წერილობითი შეთანხმება 2015 წლის 18 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-------5 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად, ამასთან, მოსარჩელე მოპასუხეს აუნაზღაურებდა მხოლოდ შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. შეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა უცვლელი დარჩა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:

- ხელშეკრულება №165/2 (ს.ფ. 34);

- წერილი (ს.ფ. 33).

3.1.4. მხარეებმა 2016 წლის 16 მარტს მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმეს, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 18.06.15 წლის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ჯამური ღირებულებით 483 304.08 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 35).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 03:26:2018 წლის 17:16:01-17:16:24 სთ)

3.1.5. მოსარჩელემ 2016 წლის 05 აპრილის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დაყოვნებისათვის დაერიცხა პირგასამტეხლო 31 227.67 ლარის ოდენობით. ვინაიდან, მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მოსარჩელეს მოპასუხისთვის 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე შესრულებული სამუშაოსთვის თავის მხრივ გადასახდელი ჰქონდა 15 242.96 ლარი, ამიტომ, მოსარჩელემ მოპასუხისგან პირგასამტეხლოს სახით 15 984.71 ლარის გადახდა მოითხოვა. წერილი მოპასუხეს იმავე დღეს ჩაბარდა. მოპასუხემ პირგასამტეხლო არ გადაიხადა და არც მოსარჩელის მიერ 15 242.96 ლარის ოდენობით მოთხოვნის გაქვითვა გაუხდია სადავო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:

- 05.04.16 წლის წერილი (ს.ფ. 45);

- 05.05.16 წლის წერილი (ს.ფ. 48)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 26.03.18 წლის სხდომის ოქმი)

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და არ არსებობს მისი 2 000 ლარამდე შემცირების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა და ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს მატერიალური კანონმდებლობით აქვს მინიჭებული, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს სასამართლოს შესაბამისი წინაპირობების არარსებობის შემთხვევაშიც აქვს უფლება შეამციროს მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლება, უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები და ამ მიზნით საჭიროა შეფასდეს ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულება, დარღვევის არსი, დარღვევის ვადა, ზიანის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლოს ოდენობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამომწვევი მიზეზები, შეთანხმებულ პირგასამტეხლოს პროპორციულობა ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით და სხვა გარემოებები, რაც სასამართლოს მისცემს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მიჩნევის ან ასეთის უარყოფის საფუძველს.

საყურადღებოა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველგვარი პირგასამტეხლოს შემცირების კი არა, არამედ მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება გააჩნია სასამართლოს. ამავდროულად, პირგასამტეხლოს ,,შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. შესაბამისად, საკმარისი არ არის მხოლოდ მითითება, საჭიროა მხარემ თავისი განმარტებით მინიმუმ დაასაბუთოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა. (იხ. სააპელაციო სასამართლოს 24.02.2015 წლის განჩინება საქმეზე №2ბ/3112-14).

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას სასამართლო იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მის მიერვე მითითებულ ფარგლებში. პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებით მხარის მიერ მითითებული ფაქტების შეფასების შემდეგ შეუძლია სასამართლომ გამოიყენოს დისკრეცია და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ - 1) მოპასუხემ გადააცილა სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადას და 2) მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებისა, ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების მხოლოდ ნაწილი შეასრულა. შესაგებელზე თანდართული მტკიცებულებებით დგინდება, მოსარჩელეს მოუწია ტენდერის ხელახლა გამოცხადება და სხვა კონტრაქტორის მოძებნა, რათა სრულად ჩატარებულიყო მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება. ამდენად, სახეზეა მოპასუხის მხრიდან ვადის გადაცილებაც და სამუშაოების სრული მოცულობით შეუსრულებლობაც. საქმის მასალებით აგრეთვე დასტურდება, რომ მთლიანობაში შესასრულებელი იყო 825 000 ლარის ღირებულების სამუშაო. მოპასუხემ 16.10.2015 წლის მდგომარეობით მხოლოდ 468 061.12 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება უზრუნველყო და შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, 356 938.88 ლარი შეადგინა. 2015 წლის 31 დეკემბრამდე კი დამატებით 15 242.96 ლარის ღირებულების სამუშაო შესრულდა. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის დღისთვის, შეუსრულებელი სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 341 695.92 ლარი შეადგინა (იხ. სასამართლოს 26.03.18 წლს სხდომის ოქმი 17:16:39-17:23:48 სთ).

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, თუმცა არც შესაგებელში და არც საქმის ზეპირი განხილვის ეტაპზე არ დაუსაბუთებია ამ განმარტების საფუძვლიანობა რაში მდგომარეობდა. მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ მტკიცებულებებზე, რაც შექმნიდა წინაპირობებს და მისცემდა სასამართლოს იმის საშუალებას, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ ჩათვლილიყო. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა (დირექტორმა) ვერ განმარტა რაში მდგომარეობდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის არამართლზომიერება. მხარემ ვერ მიუთითა მტკიცებულებაზე, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა პირგასამტეხლოს და შესასრულებელი ვალდებულებას შორის შეუსაბამობაზე და არაპროპორციულობაზე. ფაქტობრივად მხარე ამ ნაწილში შემოიფარგლა მხოლოდ მარტივი მითითებით, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა ვერ შეძლო (იხ. სასამართლოს 26.03.18 წლის სხდომის ოქმი 17:37:24-17:38:53 სთ).

აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებასაც წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო. ამავე დროს, გასათვალისწინებელია მოსარჩელის ინტერესი ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ამ შემთხვევაში მოსარჩელის ინტერესი იყო არამარტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულება, არამედ მისი მთლიანი შესრულებაც. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ, ხელშეკრულებით ნაკისრი მთლიანი ვალდებულება არ შეასრულა, ამასთან შესრულებული ვალდებულებაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევით მოხდა. ამავდროულად, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რატომ იყო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან, შესასრულებელი ვალდებულების მიზნებიდან და პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ,,შეუსაბამოდ მაღალ“ პირგასამტეხლოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს 2 000 ლარამდე შემცირება ვერ მოხდება.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებების:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ.102-116; 128-139);

- ხელშეკრულება №176.06.16 (ს.ფ. 141-148);

- მოპასუხის განამრტება (იხ. სასამართლოს 26.03.18 წლის სხდომის ოქმია აუდიო ჩანაწერი 17:37:24-17:38:53 სთ).

3.2.2. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ამდენად, მხარეებმა დადეს ნარდობის ხელშეკრულება. დავის საგანს კი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრებაა. გამომდინარე აქედან, წარმოქმნილი სადავო საკითხი, როგორც ნარდობის, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმების მიხედვით უნდა გადაწყდეს. უფრო მეტად კი დავა ვალდებულების წარმოშობის, მისი შესრულების, შეწყვეტის, შესრულების უზრუნველყოფის საშუალებებისა და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის დამდგენი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანხმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგინდა, რომ შპს ,,სა---------–-----------------------------------------ასა“ და შპს შპს ,,კო---------–------“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-------5 ხელშეკრულება ლა-------ის მუნიციპალიტეტის სიფლების გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოების ღირებულება 825 000 ლარით განისაზღვრა და მისი დასრულება 120 დღის ვადაში - 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მომხდარიყო. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულების დაყოვნების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია დააკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პუნქტი 8.3).

აგრეთვე დადგინდა, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს მხარეებმა დადეს წერილობითი შეთანხმება 2015 წლის 18 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-------5 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ნაცვლად 2015 წლის 20 ნოემბრისა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად და მოსარჩელე მოპასუხეს აუნაზღაურებდა მხოლოდ შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოს ღირებულებას. ყველა სხვა პირობა უცვლელი დარჩა.

მხარეთა მხრიდან არც ის გარემოება გამხდარა სადავო, რომ მოპასუხემ 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მხოლოდ 483 304.08 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. ამასთან, აქედან 15 242.96 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულება 2015 წლის 16 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა.

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. სამუშაოები სრულად 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითაც არ იყო შესრულებული და მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევას და მის შეუსრულებლობას. შესაბამისად, გადაცილებული დროისათვის მოსარჩელეს მოპასუხისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების ყოველდღიურად 0.1% ოდენობით პირაგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. თუმცა სასამართლოს მიაჩნია არ არსებობს პირგასამტეხლოს 2016 წლის 01 იანვრიდან 12 იანვრამდე პირგასამტეხლოს გადახევინების დაკისრების საფუძველი და მისი დარიცხვა 2015 წლის 17 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე უნდა მოხდეს შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეებზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების მიხედვით პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ 1) მოვალე არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას; 2) პირგასამტეხლო ვალდებულების დროში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იქნა გათვალისწინებული; და 3) კრედიტორს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომაც შეუძლია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების (ძირითადი ვალდებულება) შესრულების მოთხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრებას არა მარტო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე, არამედ ვადის გასვლის გამო მისი შეწყვეტის შემდგომ დღეებზეც ითხოვს. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილით ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებული, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და შემკვეთი ვალდებულია მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება აუნაზღაუროს. მხარეთა შორის 18.06.2015 წელს დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. ამდენად, თავისი შინაარსით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შესაბამისობაშია მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან. 2015 წლის 14 დეკემბერს დადებულ შეთანხმებაში კი მითითებულია, რომ ხელშეკრულება შეწყდებოდა 2015 წლის 31 დეკემბერს და შემკვეთი მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე შესრულებული სამუშაოს აანაზღაურებდა. შეთანხმების ამ პირობის მიხედვით ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო მოსარჩელის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. ფაქტობრივად მხარეებმა 14.12.15 წლის შეთანხმებით განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების ბოლო ვადა და შეთანხმდნენ, რომ მისი ამოწურვის შემდგომ შესრულებული სამუშაო ანაზღაურებას აღარ ექვემდებარებოდა. ხელშეკრულების ეს პირობა ცხადყოფს, რომ მოპასუხე აღარ იყო ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სამუშაოების შესრულებაზე, რადგან მოსარჩელის მხრიდან არ მოხდებოდა მისი ანაზღაურება, არადა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ნარდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა და შემკვეთი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ფაქტობრივად ამ პირობით მოსარჩელემ თავად თქვა უარი 2015 წლის 31 დეკემბრის შემდგომ მოპასუხისგან სამუშაოების შესრულებაზე და ამიტომ, 2015 წლის 31 დეკემბრის შემდგომ პერიოდზე მოსარჩელეს აღარ გააჩნია სამუშაოების შესრულების მოთხოვნის უფლება ვინაიდან მოპასუხე არ იყო ვალდებული ანაზღაურების გარეშე შეესრულებინა სამუშაოები.

სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურების გარეშე სამუშაოების შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი სამართლის ნორმებს. ამიტომ, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ შეიძლება მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე სამუშაოების შესრულების მოთხოვნის უფლება ჰქონდეს. ამდენად, 2015 წლის 31 დეკებრის შემდგომ პერიოდზე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრება საფუძველს მოკლებულია, რადგან ასეთი მოთხოვნა არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორი უფლებამოსილია პირგასამტეხლოსთან ერთად ვალდებულების შესრულებაც მოითხოვოს და პირგასამტეხლო მხოლოდ ვალდებულების დროში შესრულებისთვის იყო გათვალისწინებული.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თუ პირობის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევიდან მის შესრულებამდე ყოველდღიურად უნდა დაერიცხოს, მაშინ საჭიროა, რომ თავად ვალდებულება არსებობდეს და კრედიტორს გააჩნდეს შესრულების მოთხოვნის უფლება, რომლის შესრულების ვადის გადაცილებისთვისაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეიძლება პირგასამტეხლოს დარიცხვა და თუ კრედიტორს მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია, ეს უკანასკნელი თავისთავად გამორიცხავს მოთხოვნის დაკარგვის შემდგომ პერიოდზე იმ პირგასამტეხლოს გადახდევინების დაკისრების შესაძლებლობას, რომელი პირგასამტეხლოც ვალდებულების დროში შესრულებისთვის იყო გათვალისწინებული.

მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე. ამასთან, ვინაიდან სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულებით 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა, ამიტომ ვალდებულების დარღვევას 2015 წლის 17 მარტიდან აქვს ადგილი და ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) პერიოდზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა. სულ დასაკისრებელი დღეების ოდენობა შეადგენს 76 დღეს, ხოლო დღეში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 356.94 ლარს შეადგენს (356 938.88/100*0.1=356.94). შესაბამისად, ჯამურად 27 127.44 ლარის პირგასამტეხლოს გადახდევინების ვალდებულება არსებობდა, საიდანაც მოსარჩელემ, სამოქალაქო კოდექსის 442-444-ე მუხლების შესაბამისად, გაქვითა თავის მხრივ მოპასუხისთვის გადასახდელი თანხა 15 242.96 ლარი და საბოლოოდ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 11 884.48 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 15 984.71 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 479.55 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო 2000 ლარის ნაწილში. შესაბამისად, დავის საგანს 13 384.71 ლარის დაკისრება წარმოადგენდა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 2015 წლის 16 ოქტომბრისთვის შეუსრულებელი ვალდებულების 356 938.88 ლარის 0.1%-ის გადახდა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე სულ 76 დღეზე, რაც შეადგენს 11 884.48 ლარს (356 938.88/100*0.1=356.94; 356.94*76-15242,96=27 127.44-15 242.96=11 884.48). მოსარჩელემ ცნო სარჩელი 2000 ლარის ნაწილში. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 296.53 ლარის ანაზღაურება (11884.48-2000=9884.48; 9884.48/100*3=296.53). მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 60 ლარი (2000/100*3=60).

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,კო---------–------”-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე შპს ,,კო---------–------”-ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 11 884.48 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე შპს ,,კო---------–------”-ს შპს ,,სა---------–-----------------------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 296.53 ლარის ანაზღაურება;

4. შპს ,,სა---------–-----------------------------------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 60 ლარი (საგადახდო დავალება №332; გადამხდელი ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“ გადახდის თარიღი 01.07.2016 წელი; გადახდილი თანხა 479.55 ლარი);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე