განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
190100118002321262
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/130-18

(#078060811002)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მარტი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მამია ფხაკაძე

სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - გიორგი ღონღაძე და სალომე ქემაშვილი;

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ------------–-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ---------------–----------–------------------;

 

ადვოკატი - ანდრონიკ სარიბეკოვი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2011 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე, ქ. თბილისის მხრიდან ქ. რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა ,,ოპელ ასტრას’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - H------, რომელსაც მართავდა დ-------------–---–ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ქ. რუსთავის შესასვლელთან მოუხვია მარცხნივ და დაიწყო საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთა, რა დროსაც მას შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავი ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - F------, რომელსაც მართავდა ვ------–---------ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით დ-------------–---–ის მგზავრი - ს---------------–-----ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის მოსპობა, აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა უმნიშვნელოვანესი საკითხია. სასიკვდილო შედეგის ობიექტურად შერაცხვისათვის აუცილებელია, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ შესწავლილი იყოს სიკვდილის მიზეზი და საქმეში მოიპოვებოდეს სათანადო დასაბუთებული დასკვნა, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა უნდა იყოს კატეგორიული.

 

სუბიექტური მხრივ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია, ის შეიძლება განხორციელდეს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

 

დანაშაულის სუბიექტი არის ის ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას იმის მიუხედავად, აქვს თუა არა მას ტრანსპორტის ან მოცემული სახის ტრანსპორტის მართვის უფლება. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.

 

მოცემული დანაშაულის მსხვერპლი (დაზარალებული) არის სხვა ადამიანი და არა თავად ის ვინც ავტომანქანის მართვისას არღვევს მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დადგინდა, 2011 წლის 06 აგვისტოს, დაახლოებით 21:55 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე, ქ. თბილისის მხრიდან ქ. რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა ,,ოპელ ასტრას’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - H------, რომელსაც მართავდა დ-------------–---–ი, რომელმაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ქ. რუსთავის შესასვლელთან მოუხვია მარცხნივ და დაიწყო საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთა, რა დროსაც მას შეეჯახა შემხვედრი მიმართულებიდან მოძრავი ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - F------, რომელსაც მართავდა ვ------–---------ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით დ-------------–---–ის მგზავრი - ს---------------–-----ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინებები (06.08.2011,02.10.2011), მოწმეების - ვ------–---------ის, ა-–-----------------------ის, დ---------------ის, ნ------------------ის, კ---------------------–----------–-–---–---------------------------------–--–-–---–--------------------–---------------–-----–--------–--------–--–-----–--–----------–-----------–----------------------------------–-----ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები (06.10.2011), ს---------------–-----ის მკურნალობის დოკუმენტაცია, ს---------------–-----ის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N241/05/7-1, N024074-2---/05/1, N002982714 დასკვნები (25.11.2011,31.07.2---,18.06.2014), სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1539/ა დასკვნა (11.08.2011), ავტოტექნიკური ექსპერტიზის N027102-2---/02/3 დასკვნა (13.08.2---), თავად დ-------------–---–ის ჩვენება და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობა) ერთობლიობა დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენის დღიდან ცდილობდა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის გამოსწორებას მკურნალობის პროცესში აქტიური ჩართულობით, ხოლო გარდაცვალების შემდეგ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ეხმარებოდა მატერიალურად. დ-------------–---–ს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებული იყო მისი ახლო მეგობარი, დამდგარ შედეგს განიცდის აშკარად გამოხატული ფორმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის დღიდან აქტიურად იყო ჩართული დაზარალებულის მკურნალობაში მოსალოდნელი მძიმე შედეგის თავიდან ასარიდებლად, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ეხმარებოდა ეკონომიურად მიმდინარე დანახარჯების ანაზღაურებაში, ასევე საყურადღებოა, რომ შემთხვევის დღიდან გასულია რა 06 (ექვს) წელზე მეტი, ამ დროის განმავლობაში არცერთხელ არ დაფიქსირებულა მისი მხრიდან გამოძიებისთვის რაიმე ფორმით ხელშეშლის ფაქტი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.

 

სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

 

კანონიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - დ-------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები იმპერატიულად ადგენს, თუ რა შემთხვევებშია დაუშვებელი პირობითი მსჯავრის გამოყენება, კერძოდ: თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, ან თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. პირობითი მსჯავრის ეფექტურობასა და შემაკავებელ ხასიათზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის დებულებები: კერძოდ, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს პირობითი მსჯავრი და აღასრულოს განაჩენით დანიშნული სასჯელი. ასევე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებულს ჩადენილი აქვს გაუფრთხილებელი დანაშაული ფხიზელ მდგომარეობაში მყოფს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებული იყო მისი ახლო მეგობარი, დამდგარ შედეგს განიცდის აშკარად გამოხატული ფორმით, ყოველწლიურად რელიგიურ დღესასწაულებზე მიემგზავრება სომხეთის რესპუბლიკაში და საფლავზე მისვლით პატივს მიაგებს გარდაცვლილს, ავტოსაგზაო შედეგის მოხდენის დღიდან აქტიურად იყო ჩართული დაზარალებულის მკურნალობის პროცესში, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ეხმარებოდა ეკონომიურად მიმდინარე დანახარჯების ანაზღაურებაში, ასევე საყურადღებოა, რომ შემთხვევიდან გასულია რა 06 (ექვსი) წელზე მეტი, ამ დროის განმავლობაში არცერთხელ არ დაფიქსირებულა მისი მხრიდან გამოძიებისთვის რაიმე ფორმით ხელშეშლის ფაქტი) და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს დ-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, ასევე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. დ-------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება ჩადენილია 2011 წლის 06 აგვისტოს და შესაბამისად მასზე ვრცელდება 2--- წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი, თუმცა ვინაიდან, დაზარალებულის უფლებამონაცვლე უარს აცხადებს დ-------------–---–ი სრულად გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამავე კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შეღევათები, რომლის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. სასამართლო მიიჩნევს მოცემული სასჯელი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი;

 

მასვე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

2--- წლის 28 დეკემბრის ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ბრალდებულ დ-------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1/4 ით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი;

 

მასვე 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ დ-------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

დ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე