განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2018
საქმის ნომერი
160100118002271871
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002271871

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/19-18 16 მარტი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019251217001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ირაკლი გულდედავა

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: რიმა გურგულია

 

ბრალდებული: გ------- პ---------ი

მამის სახელი: არამის

დაბადებული: 1----–-–-----------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ-----–-------–--------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბოლნისი, ჩოლოყაშვილის ქუჩა N2 ბ17

 

თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2017 წლის 25 დეკემბერს, შუადღის საათებში, ქ. ბოლნისში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N2, ბინა N17-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, გ------- პ---------მა, შელაპარაკებისას, 16 წლის შვილის - ერიკ პ---------ის თანდასწრებით, ქალიშვილს - რ----- პ---------ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავში, რის შემდეგაც თანნაქონი დანა დაუსვა მარცხენა ხელზე, რითაც რ----- პ---------მა, ყველა შემთხვევაში, განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო სხდომაზე გარეშე პირის თანდასწრებით მოწმის სახით, დაიკითხა დაზარალებული რ----- პ---------ი, რომლის განმარტებითაც 2017 წლის 25 დეკემბერს დილას, დაახლოებით 7 საათზე მისი მშობლები დაბრუნდნენ სახლში. დაახლოებით ცხრა საათზე, კი მეუღლე წავიდა სამსახურში. მამამისი - გ------- პ---------ი საუზმობდა, თან სვავდა არაყს. მას რ----- პ---------მა უთხრა რომ ნაკლები დაელია და არ დაეყარა ნარჩენები ძირს. არნიშნულზე განაწყენდა გ------- პ---------ი, შეაგინა მას და სილა გაარტყა სახეში. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ მისი ძმა-ერიკი, რომელიც არის 16 წლის და დედამისი, რომლებმაც დაინახეს დარტყმის მომენტი. დედამისმა დაიწყო ყვირილი და გ------- პ---------ს ეუბნებოდა ,,რატო დაარტყიო". შემდეგ გ------- პ---------მა აიღო დანა და მოიქნია, რომელიც მოხვდა რ----- პ---------ს. მოწმის განმარტებით მამამისმა დანა უბრალოდ მოიქნია და არ უნდოდა მისთვის დარტყმა, როდესაც დანა მოხვდა წამოუვიდა ცოტა სისხლი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მან დარტყმის შედეგად იგრძნო ტკივილი. რ----- პ---------მა დამატებით განმარტა, რომ მსგავს ფაქტს მანამდე ადგილი არ ჰქონია, მამამისი მუშაობდა და მათ უგზავნიდა ფულს. იგი შერიგებულია გ------- პ---------თან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

მოწმის სახით დაიკითხა ა------ მ--------ა, რომლის ჩვენებიდან ირკვევა რომ მუშაობს დასუფთავების სამსხურში, 2017 წლის 25 დეკემბერს დილის 7 საათზე მეუღლესთან (გ------- პ---------ი) ერთად დაბრუნდა სახლში. სახლში იყვნენ მისი შვილები ერიკა(16 წლის), რ-----ნა და მისი სიძე. სიძე 9 საათისთვის წავიდა სამსახურში და ისინი დარჩნენ სახლში. ამ დროს გ------- პ---------მა დაიწყო ჭამა და თან სვავდა. იატაკზე ყრიდა ნარჩენებს, რ-----ნამ უთხრა რომ ,,მამა ნუ ყრი ძირსო“. აღნიშნულის გამო მას გ------- პ---------მა შეაგინა და გაარტყა სახეში. თავად მოწმემ ამ დროს დაიწყო ყვირილი და უნდოდა წინ წაწევა, გ------- პ---------ი მათკენ გამოიწია, ფეხი დაუცურდა და ,,პლიტაზე“ წაიქცა. შემდეგ, მან შვილების დახმარებით ააყენა გ------- პ---------ი. გ------- პ---------ი თმაში ექაჩებოდა რ-----ს და აქნევდა დანას, რომელიც მოხვდა რ-----ს ხელზე და მიიღო პატარა დაზიანება. მას ოდნავ წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ რ-----მ გამოიძახა პოლიცია. გ------- პ---------ს პატარა დანა ჰქონდა ჯიბეში. დანა იყო შავი. მოწმის განმარტებით მსგავს ფაქტს ადგილი აქამდე არ ჰქონია. გ------- პ---------ი მუშაობს კაზრეთში და დროდადრო მიდის სახლში და ეხმარება ოჯახს. მოწმეს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 22 იანვრის ექსპერტიზის N000435818 დასკვნის თანახმად რ----- პ---------ს 26.12.17წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ზედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: 2017 წლის 25 დეკემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2017 წლის 25 დეკემბრის ოქმით ალკოტესტზე შემოწმების შესახებ, 2017 წლის 25 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმე ერიკ პ---------ის გამოკითხვის ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით N014939 დადგენილია, რომ აღნიშნული დაზიანება რ----- პ---------ს მიაყენა გ------- პ---------მა.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა გ------- პ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

2.2. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა რ----- პ---------მა თავისი ჩვენებით დაადასტურა რომ მას მამამ გ-------მ პ---------მა, მისი ძმის 16 წლის ერიკ პ---------ის თანდასწრებით მიაყენა დაზიანება. აღნიშნული დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- პ---------ის მეუღლემ ა------ მ--------ამ.

 

აღნიშნულით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- პ---------მა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა განახორციელა ოჯახის წევრი არასრულწლოვანის თანდასწრებით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა დაზარალებულ რ----- პ---------ის და მოწმე: ა------ მ--------ას ჩვენებისა), ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა გ------- პ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ გ------- პ---------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების რ----- პ---------ის და ა------ მ--------ას ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის N000435818 დასკვნას, 2017 წლის 25 დეკემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, 2017 წლის 25 დეკემბრის ოქმს ალკოტესტზე შემოწმების შესახებ, 2017 წლის 25 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და მოწმე ერიკ პ---------ის გამოკითხვის ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა გ------- პ---------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების (გარდა დაზარალებულ რ----- პ---------ის და მოწმე ა------ მ--------ას ჩვენებისა) გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, გ------- პ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- პ---------მა რ----- პ---------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5 . პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ------- პ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. გ------- პ---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი - დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით და პატიმრობაში გატარებული დღეების მხედველობაში მიღებით გ------- პ---------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი, აღიარებს დანაშაულს და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულის ჩადენა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, გ------- პ---------ს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დანა, სისხლისმაგვარი კვლები, პოლიეთელინის ბოთლი და იატაკის საწმენდი ტილო - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ------- პ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

გ------- პ---------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გ------- პ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

დანა, სისხლისმაგვარი კვლები, პოლიეთელინის ბოთლი და იატაკის საწმენდი ტილო განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე