განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/165-18
(№012180817003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ლუკა გამყრელიძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული დ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი N3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------------------–---–------–---------–--–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2016 წლის 05 მაისს ქ.რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე, დ-----------–---–მა შ---------“-სგან აიღო სესხი 886 ამერიკული დოლარის ოდენობით, რომლის გარანტადაც შ---------“-ს სახელზე გადააფორმა კუთვნილი “O----------”-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დარჩა მის მფლობელობაში მართვის უფლებით. დ-----------–---–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ არ ჰქონდა ავტომობილის განკარგვის უფლება, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა იგი და 2017 წლის ზაფხულში შ---------“-ს სახელზე რეგისტრირებული “O----------”-ს მარკის ავტომობილი თანხის სანაცვლოდ ჩააბარა ჯართში, რითაც მითითებულ კომპანიას მიადგა 1955,22 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, დ-----------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: სააღსრულებო ბიუროდან შემოსული მასალებს, ლიზინგის ხელშეკრულებას, ვ--–-------------ძის გამოკითხვის ოქმებს, თ-------------ის გამოკითხვის ოქმს, დ-----------ის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 10 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს, რომ სხვისი ქონება არა მარტო დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, არამედ ამ ქონების მიმართ მას განსაზღვრული უფლებამოსილებაც გააჩნია, დამნაშავე მისთვის მინდობილ ქონებას ეუფლება თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით და შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, ასევე ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება.
სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, დ-----------–---–ის ქმედებამ დაზარალებულს მიაყენა 1955,22 ლარის მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
დ-----------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა მისი უკიდურესად მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლო ზიანის ანაზღაურება, რაც არ ქმნის მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის საფუძველს და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის დანიშვნის პირობებში. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის სიმძიმეს, ბრალდებულის ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ იგი უნდა განისაზღვროს 1500 ლარით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
დ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
2. დ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე