გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1148-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.03.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი ელენე მასხარაშვილი, სოფიო დემურაძე
მოპასუხე შპს ”რ-----–------------"
წარმომადგენელი თამაზ ახპატელი
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ”რ-----–------------ სათვის” პირგასამტეხლოს 17 597.92 ლარის დაკისრება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს შორის 2016 წლის 5 აპრილს დაიდო N06/23 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია რუსთავში, N6 საბავშვო ბაღის შენობის შიდა სარემონტო, შემოღობვისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულებაა 116 929 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების 0.3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხემ დაარღვია სამუშაოების შესრულების ვადა, 2016 წლის 2 სექტემბერს შეასრულა 21 648 ლარის სამუშაოები (3 დღის დაგვიანება, პირგასამტეხლო 675.45 ლარი); 2016 წლის 22 სექტემბერს შეასრულა 22 075 ლარის სამუშაოები (20 დღის დაგვიანება, 1855.17 ლარი); 2016 წლის 24 ნოემბერს შეასრულა 8 878 ლარის სამუშაოები (83 დღის დაგვიანებით, 5598.33 ლარი); მოპასუხემ სამუშაოები სრულად არ შეასრულა, შესრულდა 65 373 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო შეუსრულებელია 51 556 ლარის სამუშაოები. მოპასუხეს სულ დაერიცხა პირგასამტეხლო 23635.98 ლარი. მოპასუხის მიერ გადახდილია პირგასამტეხლო ჯამურად 6038 ლარი, ხოლო გადასახდელია 17 597.92 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
შპს ”რ-----–-------------მა” სარჩელი ცნო ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:
სახელშეკრულები ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, თუმცა მოთხოვნილი პირაგსამტელო მაღალია და უნდა შემცირდეს, განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს 1173.19 ლარი. მოპასუხის განმარტებით, უკვე გადახდილ პირგასმატეხლოსთან ერთად თანახმაა გადაიხადოს 1173,19 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქალაქ რუსთავის მერიასა და შპს „რ-----–-------------ს“ შორის 2016 წლის 5 აპრილს დაიდო N06/23 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია რუსთავში, N6 საბავშვო ბაღის შენობის შიდა სარემონტო, შემოღობვისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ღირებულებაა 116 929 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა 2016 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2016 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების 0.3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით განსაზღვრულია სამუშაოების პერიოდულად შესრულება და დამკვეთისათვის შესაბამისი ეტაპის სამუშაოს გადაცემის ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-37. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-11. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 118-124. ტომი 1)
3.1.2. მოპასუხე შპს „რ-----–-------------მა“ დაარღვია სამუშაოების შესრულების ვადა, ასევე სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. მოპასუხემ 2016 წლის 2 სექტემბერს შეასრულა 21 648 ლარის სამუშაოები (3 დღის დაგვიანება, დაერიცხა პირგასამტეხლო 675.45 ლარი); 2016 წლის 22 სექტემბერს შეასრულა 22 075 ლარის სამუშაოები (20 დღის დაგვიანება, დაერიცხა პირგასამტეხლო 1855.17 ლარი); 2016 წლის 24 ნოემბერს შეასრულა 8 878 ლარის სამუშაოები (83 დღის დაგვიანებით, დაერიცხა პირგასამტეხლო 5598.33 ლარი); მოპასუხემ სამუშაოები სრულად არ შეასრულა, შესრულდა 65 373 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო შეუსრულებელია 51 556 ლარის სამუშაოები. მოპასუხეს სულ დაერიცხა პირგასამტეხლო 23635.98 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (ს.ფ. 2-13. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 118-124. ტომი 1)
- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 55-60. ტომი 1)
3.1.3. მოპასუხის მიერ გადახდილია პირგასამტეხლო ჯამურად 6038 ლარი. შპს „რ-----–------------მა“ სახელმწიფო ხაზინაში 2016 წლის 14 სექტემბერს გადაიხადა 937.41 ლარი, 2016 წლის 3 ოქტომბერს 4950.60 ლარი, 2016 წლის 31 დეკემბერს 150.05 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალების ასლები (ს.ფ. 128-130. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-11. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 118-124. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 629-ე, 400-ე, 401-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 5 აპრილის ხელშეკრულებაით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც თავისი არსით არის ნარდობა, რადგან ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შეესრულებინა პერიოდულად ნაწილ-ნაწილ შესრულებით და შემკვეთისთვის გადაცემოთ, ხოლო საბოლოოდ უნდა დაესრულებინა 2016 წლის 30 აგვისტოს.
მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ შემსრულებელმა შეასრულა სამუშაოთა ნაწილი, ამასთან, სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
401-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, თუ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას - ანუ ისეთ გარემოებას, რაც წარმოიშვა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რომლის გამოც ვალდებულების დროულად შესრულება მოვალეს არ შეეძლო. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების რაიმე საპატიო მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმების მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. ამ შემთხვევაში მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,3%-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 31 აგვისტოს. მოპასუხეს სამუშოები უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით, ხოლო ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოები შეასრულა ვადის გადაცილებით, ხოლო სამუშაოთა ნაწილი საერთოდ არ შეასრულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
საერთო ჯამში პირგასამტეხლო შეადგენს 23635.98 ლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 6 038 ლარი.
პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით დარიცხულია თანხა არის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 51 556 ლარის თითქმის ნახევარი, ხოლო მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების თითქმის 1/5 ნაწილი.
მოპასუხე მოითხოვს პირგასამტეხლო განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-ით 1173,19 ლარით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პროცენტით პირგასამტეხლოს განსაზღვრა პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე აშკარად მცირეა, ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება საქმის გარემოებიდან გამომდინარე კრედიტორისათვის აშკარად საზიანო იქნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასმატეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალია და გადაჭარბებული პასუხიმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ინტერესს დააკმაყოფილებს და მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.
მოპასუხის მიერ დასახელებული ოდენობით პირგასმატეხლოს დაკისრება ვალდებულების დარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე იმდენად მცირეა, რომ მოვალისათვის სიმბოლური პასუისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს, რაც პირგასამტეხლოს მიზანი არ არის. ამ შემთხვევაში მოპასუხემ გადააცილა როგორც სამუშაოების შესრულების ვადას, ასევე სამუშაოთა ნაწილი საერთოდ არ შეასრულა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების დაკისებისას მოთხოვნილი თანხის გონივრულობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლო 6038 ლარი ნებაყოფლობით გადაიხადა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.
მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში დარიცხული პირგასმატეხლოა 23635.98 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ნებაყოფლობით გადაიხადა 6038 ლარი. საერთო ჯამში დარიცხული პირგასამტეხლო არის სახელშეკრულებო ღირებულების 116 929 ლარის 20%.
მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 9.2 მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასმატეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 3%-ს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ამ დებულებიდან გამომდინარე კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ აღარ არსებობს, თუ დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს მიაღწევს. ამ დებულებით ერთგვარად დაცულია ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესი იმით, რომ კონკრეტული ოდენობის პირგასამტეხლოს დაგროვების შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულება ნაკლებ პერსპექტიულია და კრედიტორმა შესრულების მიღების სხვა საშუალება უნდა აირჩიოს. მეორეს მხრივ დაცულია მოვალის ინტერესი იმით, რომ დადგენილია პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა, (3507 ლარი), რის შემდეგ კრედიტორს უფლება აქვს ხელშეკრულება შეწყვიტოს.
მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო 6038 ლარი აღემატება სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ს, ხოლო მოპასუხე სარჩელით მოთხოვნილ პირგასამტეხლოს ცნობს ნაწილობრივ და ცნობს მოთხოვნას 1173,19 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ამ პოზიციის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელისათვის 3000 ლარის გადახდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში 9038 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა გონივრულია იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არა მარტო დაგვიანებით შეასრულა სამუშაოთა ნაწილი, არამედ სამუშაოების თითქმის ნახევარი საერთოდ არ შეასრულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომლის ფარგლებში ხელშეკრულების შესრულების გაგრძელება მხარეთა ინტერესს აღარ წარმოადგენს, რის გამოც უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით საერთო ჯამში 9038 ლარის პირგასამტეხლოს გადახდევინება ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით გონივრული პასუხისმგებლობის ზომაა.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა ეკისრება მოპასუხეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული 3000 ლარიდან მოპასუხემ ცნო 1173.19 ლარის მოთხოვნა რაც არის დაკისრებული თანხის 39%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 39% არის 39 ლარი, რომლის გადახდისაგან მოპასუხე თავისუფლდება, რის გამოც გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობაა 61 ლარი. სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ძალაში უნდა დარჩეს ამ საქმეზე 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე,243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი;
1.1. შპს „რ-----–-------------ს“ დაეკისროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 3000 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს სარჩელი 14597,92 ლარის დაკისრების ნაწილში;
2. შპს "რ-----–-------------ს" დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 61 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი