გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2018
საქმის ნომერი
140210017002063067
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1304-17 (140210017002063067)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 მარტი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ვასილ ჯოჯიშვილი

მოსარჩელე - ზ---------------

წარმომადგენელი - გ--------------–---–-

მოპასუხე - ვ-–---–-----–---–-

წარმომადგენელი - გ-------------------------

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვ-–---–-----–---–ს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის, მ------–-----–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 200 (ორასი) ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლიდან ვ-–---–-----–---–თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 23 მაისს შეეძინა ერთი შვილი, მ------–-----–---–ი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გამო მეუღლეს ფაქტობრივად დაშორდა 2016 წლის სექტემბრის თვიდან და აღარ წარმართავენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაშორების შემდეგ ვ-–---–-----–---–- არ ასრულებს მშობლის მოვალეობას შვილის მიმართ და მის რჩენა-აღზრდაში არ იღებს მონაწილეობას. მოსარჩელის მტკიცებით, ვ-–---–-----–---–ს აქვს სტაბილური შემოსავალი; მუშაობს თბილისში, წყალმომარაგების კომპანიაში, სადაც მისი ხელფასი შეადგენს სავარაუდოდ 800 (რვაას) ლარს. ასევე, დამატებით მუშაობს ექსკავატორის ოპერატორად კ----ს რაიონის სოფელ მ-----–-, სადაც მისი ხელფასი დაახლოებით შეადგენს 500 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ-–---–-----–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ იგი ზ---------------სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ვინაიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება კანონიერ მეუღლესთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, თუმცა მოსარჩელესთან რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შედეგად მ------–-----–--–ი რომ შეეძინა არ უარყოფს ამ ფაქტს.

 

მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი თანახმაა თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 50 ლარი გადაიხადოს (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზ---------------სა და ვ-–---–-----–---–ს 2012 წლის 23 მაისს შეეძინათ შვილი, მ------–-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ------–-----–---–ის დაბადების მოწმობა ნრ №357517;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მ------–-----–---–ი ცხოვრობს დედასთან, ზ---------------სთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ზ--------------- რეგისტრირებულია სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 48 260-ს, რის გამოც ღებულობს საარსებო შემწეობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----ს რაიონული განყოფილების ცნობა №04-13-04/2038.

 

3.1.4. ზ---------------ს გაქირავებული აქვს ბინა თბილისში 350 ლარად, რითაც არჩენს მ------–-----–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.5. შპს „კ----ს საგზაოს“ დირექტორის, ა. ი-–------ის 2017 წლის 3 სექტემბრის №10 ცნობის თანახმად, ვ-–---–-----–---–- მუშაობს მათ ორგანიზაციაში მექანიზატორად. მან 2017 წლის იანვრის თვეში ხელფასის სახით მიიღო 120 ლარი, ხოლო თებერვლის თვეში 50 ლარი. დანარჩენი თვეები არ უმუშავია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „კ----ს საგზაოს“ დირექტორის, ა. ი-–------ის 2017 წლის 3 სექტემბრის №10 ცნობა.

 

3.1.6. სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ვ-–---–-----–---–ს თვეების მიხედვით დაერიცხა ხელფასის შემდეგი ოდენობა: 06.02.2017 წელს - 519,74 ლარი; 06.03.2017 წელს - 576,86 ლარი; 04.04.2017 წელს - 1094,30 ლარი; 03.05.2017 წელს - 650,78 ლარი; 02.06.2017 წელს - 603,74 ლარი; 04.07.2017 წელს - 646,28 ლარი; 03.08.2017 წელს - 511.88 ლარი; 01.09.2017 წელს - 572,36 ლარი.

 

ამავე ამონაწერის მიხედვით, ვ-–---–-----–---–მა სესხზე №4275430 გადაიხადა შემდეგი თანხები: 10.04.2017 წელს - 120,28 ლარი; 10.05.2017 წელს - 120,28 ლარი; 12.06.2017 წელს - 120,28 ლარი; 10.07.2017 წელს - 120,28 ლარი; 10.08.2017 წელს - 120,28 ლარი; 11.09.2017 წელს - 120,28 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ვ-–---–-----–---–-ს საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ვ-–---–-----–---–- ხელფასიდან ბინის ქირას უხდის შვილებს თბილისში, თვეში 150 ლარს, ასევე არჩენს ოჯახს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოპასუხე ვ-–---–-----–---–-ს განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოპასუხე ვ-–---–-----–---–ს უნდა დაედასტურებინა შვილებისათვის ბინის ქირის, 150 ლარის ყოველთვიურად გადახდისა და ოჯახში მისი ხელფასის გარდა სხვა შემოსავლის არქონის ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას მოპასუხე მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტებით შეეცადა, რაც მოსარჩელემ მხარემ არ გაიზიარა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–---–-----–---–-ს ახსნა-განმარტება საკმარის მტკიცებულებად ვერ გამოდგება გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილისათვის შეიძლება განისაზღვროს 130 (ას ოცდაათი) ლარი ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2017 წლის 25 აგვისტოდან) მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები;

ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სკ-ის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო, 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ------–-----–---–ის მშობლები არიან ზ--------------- და ვ-–---–-----–---–-. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ------–-----–---–ი ცხოვრობს დედასთან და სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან, ალიმენტის ოდენობა სადავოა. მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 200 ლარის ოდენობით, მოპასუხე კი თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 50 ლარი.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი მათი ზრუნვის მთავარ საგანს წარმოადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. ამასთან, ხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს დახმარების გარეშე.

 

მ------–-----–---–ი არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზემოთ მითითებულ ნორმაში მოყვანილი მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. თუმცა, მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. (სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი.).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მოპასუხის შემოსავალი თვეში შეადგენს დაახლოებით 550-600 ლარს, საიდანაც ყოველთვიურად სს „საქართველოს ბანკში“ არსებული სესხის დასაფარად იხდის 120.28 ლარს. შესაბამისად, მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში, როგორც არასრულწლოვანი მ------–-----–---–ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან, ისე თავად ვ-–---–-----–---–-ს კეთილდღეობის ინტერესებთან, იმ თვალსაზრისით, რომ ერთი უფლების დაცვის ხარჯზე დაუშვებელია გაუმართლებლად შეიზღუდოს სხვა დანარჩენის უფლება.

 

ზ--------------- სარჩელით ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 200 ლარს, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ასევე ვ-–---–-----–---–-ს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - მ------–-----–---–ის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 130 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ვ-–---–-----–---–ს არასრულწლოვანი - მ------–-----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2017 წლის 25 აგვისტოდან) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 130 ლარის გადახდა, მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები www.geostat.ge , გამოხმობის თარიღი 02.03.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის იანვრის თვისათვის - 155 ლარს, თებერვლის თვისათვის - 155.3 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ზ--------------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო 49.3 მუხლის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხემ მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა გადაიხადოს ალიმენტი 50 ლარი. ამიტომ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 40 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ზოია ბერიანიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ვ-–---–-----–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, მ------–-----–---–ის (პირადი №-----------, დაბადებული 2012 წლის 23 მაისს), სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2017 წლის 25 აგვისტოდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

 

3. მოპასუხე ვ-–---–-----–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 40 (ორმოცი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა N30);

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი