გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.03.2018
საქმის ნომერი
340310016001304088
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340310016001304088

საქმე №3/48-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ნაწილი I (შესავალი):

27 მარტი, 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დევი დევიძე

სხდომის მდივანი ნინო ნადაშვილი

მოსარჩელე: ვ----------–--ვა (შემდეგ - ”მოსარჩელე”);

წარმომადგენელი: შ------------------ვი, ნ-------------ძე (ორდერით);

მოპასუხეები: (1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდეგ - „პირველი მოპასუხე“, ან/და „სააგენტო“) და (2) იმავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი (შემდეგ - ”მეორე მოპასუხე” ან/და „ოფისი“) - ორივე ერთად კი - „მოპასუხეები“ ან/და „ადმინისტრაციული ორგანოები“);

წარმომადგენელი: გ--------–-–--–--ლი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

ნაწილი II (აღწერილობითი):

(1) სასარჩელო მოთხოვნა:

(1.1) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2--------ის გადაწყვეტილება #88201----------, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (შემდეგ - „1-ლი სადავო აქტი“);

(1.2) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2----------ლის გადაწყვეტილება #88201--------07, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (შემდეგ - „მე-2 სადავო აქტი“);

(1.3) ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 0--------ის გადაწყვეტილება #5----, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (შემდეგ - „მე-3 სადავო აქტი“);

(1.4) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს, დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოახდინოს 2014 წლის 2------ის #AA-----------03 საარქივო ცნობაში მითითებულ უძრავ ნივთზე (მის.: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფონა) მოსარჩელე ვ----------–--ვას საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

(2) მოპასუხის პოზიცია:

(2.1) მოპასუხემ სარჩელ არ ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებელში აღნიშნულია და იგივე პოზიცია გადმოსცა მოპასუხეთა წარმომადგენელმა საქმის ზეპირი მოსმენის ეტაპზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები;

(3) სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

(3.1) საქმის უადავო ფაქტობრივი გარემოებები:

(3.1.1) 2016 წლის 29 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურს (შემდეგ - „სარეგისტრაციო სამსახური“) #88201------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართ მოსარჩელის წარმომადგენელმა შ------------------ვმა და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფონა) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად სარეგისტრაციო სამსახურში განმცხადებელმა წარადგინა სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, შპს----–----ს“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზმოვითი ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, განმცხადებელის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, #88201------- სარეგისტრაციო წარმოების მასალებში არსებულ წარმომადგენლის დამადასტურებელ დოკუმენტსა და #88201------- სარეგისტრაციო წარმოების მასალებში არსებულ საარქივო ცნობაზე, გარდაცვალების მოწმობასა და რუსეთის ფედერაციის პასპორტზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო განაცხადს, სარეგისტრაციო წარმოების მასალებს;

- მე-3 სადავო აქტს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.1.2) 2016 წლის 29 იანვარს სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო 1-ლი სადავო აქტი, რითაც მოსარჩელეს განუმარტა, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა წევრობა უტყუარად დასტურდება იმ პერიოდის მონაცემებით, რომლის საფუძველზეც ხდება საკუთრების უფლების აღიარება და შესაბამისი რეგისტრაცია. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გადახდაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გათხოვდა“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ. საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არ რეგისტრირდებიან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს დაევალა საკადასტრო აზმოვით ნახაზზე დაფიქსირებული საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1-ელ სადავო აქტს;

- მე-3 სადავო აქტს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.1.3) 2016 წლის 01 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა დამატებითი განცხადება, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ხარვეზი შევსებულად არ იქნა მიჩნეული, რის გამოც მას გაუგრძელდა სარეგისტრაციო წარმოების ვადა. ამ ვადაში წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 2----------ალს გამოსცა მე-2 სადავო აქტი და სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მე-2 სადავო აქტს;

- მე-3 სადავო აქტს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.1.4) 2014 წლის 2------ის #AA-----------03 საარქივო ცნობის თანახმად, ლაგოდეხის რაიონის ფ----------ის საკრებულოს სოფელ ფონის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ-----------–---ი ილოს ძე (წავიდა), კომლის შემადგენლობაში ირიცხება მ----------–--ვის ილ---------–ი ცოლი (წავიდა). კომლს პირად საკუთრებაში გააჩნია 1986 წელს 0,35 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო საცხოვრებელი სახლის შესახებ მონაცემები აღნიშნული წლების საკომლო წიგნებში არ ფიქსირდება. ასევე არ აღმოჩნდა საკომლო წიგნებში 1997-2001, 2001-2006 წლების გ-----------–---ის კომლისა და კომლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მე-3 სადავო აქტს;

- საარქივო ცნობას

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.1.5) ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 12 იანვრის #2/----- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ვ----------–--ვას განცხადება და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ 2014 წლის 2------ის #AA-----------03 საარქივო ცნობა, სადაც გ-----------–---ის კომლის წევრად მითითებულია მ----------–--ვი ილ---------–ი, ეკუთვნის 02.05.19---–--–ს დაბადებულ ვ----------–--ვას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს გადაწყვეტილებას;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.1.6) 2005 წლის 25 ივლისის I----------- გარადაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ გ---------–-----------–--ვი გარდაიცვალა 2005 წლის 13 მაისს, რაც სამოქალაქო აქტების ორგანოებში დარეგისტრირდა იმავე წლის 25 ივლისს #--------ის საფუძველზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობას;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.1.7) 1-ლი სადავო აქტი მოსარჩელემ 2016 წლის 03 თებერვალს გაასაჩივრა პირველ მოპასუხესთან, რომელმაც მე-3 სადავო აქტის მეშვეობით საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, პირველმა მოპასუხემ 2016 წლის 09 თებერვლის #----- წერილით, საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია ლაგოდეხის რაიონში, ფ----------ის საკრებულოს სოფელ------–ი გ---------–-----------–---ის კომლის შემადგენლობისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. არქივიდან 2016 წლის 22 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შევიდა #36----- წერილი, რომლის შესაბამისადაც, გ---------–-----------–--ვის კომლის შესახებ ინფორმაცია სოფლის საკომლო ჩანაწერებში ჩნდება 1964 წლიდან. 1986-1990 წლების ჩანაწერის თანახმად, გ---------–----------–---ის კომლში ირიცხებიან: გ---------–-----------–--ვი (უფროსი), მ--------–---------–------–--ვი (ცოლი), ზ----------------------–---ი (შვილი), რ------------------------–---ი (შვილი, 1990 წელს წავიდა რუსეთში საცხოვრებლად), ზ--–--------------------–---ი (შვილი, გაურკვეველია), ნ------------------------–--ვი (შვილი), ნ-----–---------------------–--ვი (რძალი, წავიდა რუსეთში საცხოვრებლად), ს---------–----------------------–--ვი (შვილიშვილი). 1986 წელს კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 1963 წელს აგებული 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 1986-1990 წწ. 0.35 ჰა მიწის ნაკვეთი. იმავე სოფლის 1992-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ---------–-----------–--ვი და მის კომლში ირიცხებიან: გ---------–-----------–--ვი (უფროსი, წავიდა---–-----------–- 16.12.1993წ.), მ--------–-----------–--ვი (ცოლი, წავიდა---–-----------–- 16.12.1993წ.). კომლს 1986 წელს ერიცხება 0,35 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის შესახებ მონაცემები არ ირიცხება. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონის საკრებულოს 1997 – 2006 წლების საკომლო წიგნებში გ---------–-----------–--ვის კომლი არ იძებნება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მე-3 სადავო აქტს;

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს;

(3.2) საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

(3.2.1) მონაცემები, რომლებიც ვ----------–--ვას წარმომადგენელმა მის კომლთან დაკავშირებით წარადგინა და ინფორმაცია, რომელიც მოიპოვა პირველმა მოპასუხემ, ასახავს 1993 წლის 16 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას. ეს პერიოდი უკავშირდება მიწის რეფორმასთან დაკავშირებული პროცესის დაწყებას (საკუთრების უფლების აღდგენას მიწაზე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმებას და საკომლეურნეო კომლის ქონების რეორგანიზაციას მისი წევრების საერთო საკუთრებად). სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----------–--ბას კომლმა, ვიდრე მოხდებოდა მისი ბოლო ორი წევრის წასვლა საზღვარგარეთ, მოიპოვეს ამ პირევლი რეფორმის შედეგად საკუთრების უფლება კომლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამ გარემოებას გარდა ფაქტობრივი მხარისა, გააჩნია სამართლებრივი ასპექტიც. ამ ყველაფერზე კი საუბარი იქნება დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გრაფაში. ერთი შეიძლება აღინისნოს, რომ პირველმა მოპასუხემ თავად მოიძია ყველა ის მტკიცებულება, რაც საბოლოო ჯამში უტყუარად მეტყეველებს ვ----------–--ვას მოთხოვნის დაკმაყოფილების უთუოდ ღირებულ და ყურადღებამისქცევ ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობებზე;

(3.2.2) სასამართლო მხარეებს, მათ შორის, მოპასუხეებს შეახსენებს, რომ ისეთი კატეგორიის ადმინისტრაციულ დავებში, როცა სადავოა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამისობის საკითხი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მტკიცების ტვირთი ცალსახად ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლბერივი აქტის ავტორს). ამიტომ, მოსარჩელეს კი არ უნდა ემტკიცებინა ის, რომ მას წარმოეშვა საკუთრების რეგისტრაცის შესახებ მოთხვნის უფლება, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა ემტკიცებინათ საპირისპირო, კერძოდ, ის, რომ ვ----------–--ვას ასეთი უფლება პრინციპში არ გააჩნია და რომ მისი სარჩელი არის უსაფუძვლო. აღნიშნულ ფუნქციას კი მოპასუხეებმა ვერ გაართვეს თავი, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ მათ ვერ მოახდინეს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დაცვა;

(3.2.3) იმ პირობებში, როცა ვ----------–--ვას სარეგისტრაციო განცხადებას და თანდართულ დოკუმენტების არ გააჩნდათ სხვა ხარვეზი, გარდა მეორე მოპასუხის მიერ დადგენილისა, არებითად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ იმას, მოსარჩელემ, მისმა კომლმა შეიძინა თუ არა საკუთრების უფლება რეგისტრაციამოთხვნილ უძრავ ნივთზე და წარმოადგენს თუ არა აღნიშნული გარემოება საკუთრების უფლების აღიარების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----------–--ვას გააჩნია საკმარისი მიმართება ამ საკითხთან საიმისოდ, რომ მოხდინოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია გ-----------–---ის კომლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე (ანუ მოპასუხეს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი სარეგისტრაციო განაცხადი);

ნაწილი III (სამოტივაციო):

(4) შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

(4.1) მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს, კერძოდ:

- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2--------ის გადაწყვეტილება №88201----------, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და იმავე სამსახურის 2016 წლის 2----------ლის გადაწყვეტილება №88201--------07, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 0--------ის გადაწყვეტილება №5----, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

- მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს, კანონით დადგენილ ვადაში, უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოახდინოს 2014 წლის 2------ის №AA-----------03 საარქივო ცნობაში მითითებულ უძრავ ნივთზე (მის.: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფონა) მოსარჩელე ვ----------–--ვას საკუთრების უფლება რეგისტრაცია;

(5) კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

(5.1) საქართველოს კონსტიტუცია (შემდეგ - „კონსტიტუცია“), ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი (შემდეგ - ”რეესტრის კანონი”), „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - „სისტემური და სპორადული რეგსიტრაციის კანონი“), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (შემდეგ - „სზაკ”), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (შემდეგ - ”სასკ”), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგ - ”სსსკ”), „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანება (შემდეგ - ”ინსტრუქცია”), „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილება (შემდეგ - „დადგენილება“), „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ“ სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტი (შემდეგ - „დეკრეტი“), „სახელმწიფო პოროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს # 153 ბრძანება (შემდეგ - „ბრძანება“) - ყველა ნორმატიული აქტი გამოყენებულია იმ რედაქციით გათვალისწინებით, რომელიც შეესაბამება განსახილველი შემთხვევის კონტექსტს;

(6) სამართლებრივი შეფასება:

(6.1) სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას;

(6.2) სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

(6.3) რეესტრის კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

(6.4) აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას;

(6.5) სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტები პასუხობენ საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს და, თავიანთი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, მათი კანონიერების საკითხი განხილულ უნდა იქნეს სწორედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ანუ სასკ-ის 22-ე მუხლით დადგენილ ფორმატში;

(6.6) სასკ-ის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს;

(6.7) სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა - დაევალოს ოფისს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირების შესახებ - თავისი არსით ჯდება სასკ-ის 23-ე მუხლის ფორმალურ-სამართლებრივ დეფინიციის ჩარჩოებში, კერძოდ, სარჩელის 1-ლი, მე-2 და მე-3 სადავო აქტების სახით არსებობს ის „სამართლებრივი რეალობა“, რაც წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის. ამიტომაც, წმინდა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნის არესებობაც ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე;

- ზემოთ სასამართლომ, უდავო გარემოების სახით, დაადგინა, რომ მოსარჩელეს რეგისტრაციისათვის წარდგენილი ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, - რასაც არ უარყოფს მოპასუხე ოფისიც, - პრობლემური მხოლოდ ის გარემოება იყო, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე უფლებამოსილ პირს (კომლის წევრს, კომლისა, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიღებული ჰქონდა საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება (საკვანძო კითხვა). ამ ფაქტორბივი გარემოების სუბსუმციისათვის კი აუცილებელია, სამართლებრივად კონტექსტუალური შემდეგი მსჯელობის განვითარება:

(6.8) როგორც ვიცით, ოფისმა გამოსცა რა 1-ლი სადავო აქტი, შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, კერძოდ, მეორე მოპასუხემ მიიჩნია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა წევრობა უტყუარად დასტურდება იმ პერიოდის მონაცემებით, რომელის საფუძველზეც ხდება საკუთრების უფლების აღიარება და შესაბამისი რეგისტრაცია. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გადახდაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გათხოვდა“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ. საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არ რეგისტრირდებიან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს დაევალა საკადასტრო აზმოვით ნახაზზე დაფიქსირებული საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა;

(6.9) სისტემური და სპორადული რეგისტრაცის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი – პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. იმავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

(6.10) დადგენილების მე-2 პუნქტის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო მეურნეობებმა, კოლმეურნეობებმადა სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებმა უნდა მოახდინონ რეორგანიზაცია, ნებაყოფლობით საფუძველზე აირჩიონ შრომითი კოლექტივისათვის მისაღები მეურნეობრიობის ახალი ორგანიზაციული ფორმა და გატარდნენ რეგისტრაციაში არსებული წესის შესაბამისად 1993 წლის 1 იანვრამდე. ამ დადგენილებისა და დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომელიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. კომლის წევრთა საკუთრებაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი;

(6.11) საქმეში არის არქივის სამსახურიდან გაცემული საკომლო წიგნიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ გ-----------–---ის კომლი, რომლის წევრიც იყო მოსარჩელე, არსებობდა 1993 წლის 16 დეკემბრამდე. ამის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ და დასახლდენენ---–-----------–ი. ამდენად, საკომლეურნეო კომლების რეოგანიზაცის მომენტისთვის ვ----------–--ვას და მისი მეუღლის კომლის არსებობა უდავოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვ----------–--ვამ და მისმა მეუღლემ, როგორც კომლის წევრებმა (იმავე საკომლო წიგნიდან ამონაწერით დასტურდება ისიც, რომ მოსარჩელისა და მისი მეუღლის სხვა ოჯახის წევრები რეფორმის დროისათვის აღარ იყვნენ კომლის წევრები სხვადასხა მიზეზთა გამო) შეიძინეს თანასაკუთრების უფლება მანამდე კომლის წევრთა საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მათ შორის, უძრავ ქონებაზე. რეესტრის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რასაც წარმოადგენს საკომლო წიგნიდან ამონაწერი (რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველი);

(6.12) ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი). 1-ელ მოპასუხეს სამართლებრივ საფუძლად (მიზეზად), რის გამოც არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი, მითითებული აქვს სწორედ ეს ნორმა. მოპასუხე აცხადებს, რომ ბოლო მომაცემებით, რომელიც მოიცავს 1997-2006 წ.წ. პერიოდს, არ იძებნება მონაცემები მოსარჩელის კომლის შესახებ. აღნიშნული არის უადვო გარემება, თუმცა მნიშვნელოვანი არის არა ეს, არამედ ამ გარემოების იურიდიული განმარტება, კერძოდ, მნიშვნელოვანია აღინოშნოს, რომ ნორმის კონსტრუქცია ისეა აგებული, რომ როგორც სავალდებულო დათქმა, რეგისტრაციის დროს არ მოითხოვება 2007 წლის 20 სექტემბრამდე არსებულ მონაცეების წარდგენა. მთავარია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერები ასახავდეს საბოლოო მდგომარეობას, რასაც არ სჭირდება განახლება (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადამოწმების შედეგად არ უნდა აღმოჩნდეს სხვა „რეალობა“, რომელიც გამორიცხავს რეგისტაციას). სასამართლო დამატებით შენიშნავს, რომ მონაცემთა ფორმირების საწყის წერტილად უნდა ავთვალოთ 1993 წლის 01 იანვრის შემდეგი პერიოდი (როცა საკოლმეურნეო კომლების რეორგანიზაცია უკვე დასრულებულო იყო და წარმოიშვა კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლება კომლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე). ისიც უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელის კომლმა არსებობა შეწყვიტა 1993 წლის 16 დეკმებრის შემდეგ. საკომლო წიგნიდან ამონაწერი კი, რომელიც მოსარჩელემ წარადგინა ოფისში, ასახავდა სწორედ საბოლოო მონაცემებს, რომელიც მოიცავდა პერიოდს 1993 წლის 01 იავრიდან 2007 წლის 20 სექტემბრამდე;

(6.13) ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. რეესტრის კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. იმავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. მოსარჩელემ #88201------- სარეგისტრაციო განცხადებასტან ერთად წარადგინა ვალიდური დოკუმენტაცია, სააქრივო ცნობა (საკომლო წიგნიდან ამონაწერი) იყო ბოლო მდგომარეობის ამსახველი და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობდა. ბრძანების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი), „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. როგორც უდავო ფაქტობრივი გარემოებებიდან არის ცნობილი, განცხადებასთან ერთად მოსარჩელეს ასევე წარდგენილი ჰქონდა ყველა საჭირო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რაც, საბოლოო აზრით, იძლეობა სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საკუთრების აღიარებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, ანუ წარდგენილი იყო საკუთრების უფლების ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები;

(6.14) ბრძანების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ წარედგინება კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარმოდგენილი, ხოლო კომლის დანარჩენი წევრების ნაწილში გაკეთდება მითითება თანამესაკუთრის არსებობის თაობაზე. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციასა ან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის #327 ბრძანებულების (შემდეგში – ბრძანებულება) საფუძველზე რეგისტირებული მონაცემების ცვლილებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საკომლო ჩანაწერებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი. თუ საკომლო ჩანაწერში მითითებული კომლის ყველა წევრი გარდაცვლილია, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისა და ბრძანებულების საფუძველზე რეგისტირებული მონაცემების ცვლილების მოთხოვნის უფლება აქვს კომლის ბოლო გარდაცვლილი წევრის მემკვიდრეს. ამ ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ როცა პირველადი რეგისტრაციის დროისათვის კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია, პირველადი რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ცოცხლად მყოფი წევრის სასარგებლოდ. ასეთს კი, საქმის მასალების თანახმად, წარმოადგენს მოსარჩელე;

(6.15) სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს უხეშად დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმები, კერძოდ, სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართალია, მოპასუხეებმა კი გამოიკვლიეს საქმის რელევანტური გარემოებები, თუმცა არასწორი შეფასება მისცეს მათ (მოსარჩელის უფლებადაკარგულაც მიჩნევა). იმავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოებს ჯერვნად რომ შეეფასებინათ დადგენილი ფარტობრივი გარემოება, საქმეზე ლოგიკურად დადგებოდა სულ სხვა შედეგი, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა;

(6.16) ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოების 1-ლი, მე-2 და მე-3 სადავო აქტები და მოპასუხე ოფისს უნდა დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლბერივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ;

(7) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

(7.1) გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე არ ყოფილა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის რამე ღონისძიება;

(8) საპროცესო ხარჯები:

(8.1) სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები და (2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით;

(8.2) სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს;

(8.3) სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

(8.4) მოსარჩელეს 2016 წლის 0--------–ს სს ”ლიბერთი ბანკის” მეშვეობით (საგადახდო დავალებით #-------) სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად (100 ლარი) სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს;

ნაწილი IV (სარეზოლუციო):

სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ვ----------–--ვას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 2--------ის გადაწყვეტილება #88201----------, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და იმავე სამსახურის 2016 წლის 2----------ლის გადაწყვეტილება #88201--------07, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 0--------ის გადაწყვეტილება #5----, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

4. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს, კანონით დადგენილ ვადაში, დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, მოახდინოს 2014 წლის 2------ის #AA-----------03 საარქივო ცნობაში მითითებულ უძრავ ნივთზე (მის.: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფონა) მოსარჩელე ვ----------–--ვას საკუთრების უფლება რეგისტრაცია;

5. მოპასუხეებს საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოსა და იმავე სააგენტოს კახეთის რეგიონულ ოფისს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მეორე დღიდან. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/