გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1627-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.03.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს „გ---–------------ი“
წარმომადგენელი დირექტორი თეიმურაზ მამედოვი
მოპასუხე ხ------- ს--------ა
წარმომადგენელი რამაზ რაზმაძე
დავის საგანი ნასყიდობის საფასურის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხ------- ს--------ასათვის შპს “გ---–------------ის“ სასარგებლოდ 3674,05 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ხ------- ს--------ას 2013 წლის 24 და 28 ივნისს, 5, 10, 12, 19, და 26 ივლისს, 2, 3 და 26 აგვისტოს, 14 და 27 სექტემბერს, 07 ოქტომბერს, 16 ნოემბერს და 09, 14 და 20 დეკემბერს, ასევე 2014 წლის 17 იანვარს, 08 თებერვალს, 2 და 07 ივნისს, 11 აგვისტოს, 06 სექტემბერს და 01 დეკემბერს შპს ,,გ---–------------მა’’, რომელიც არის კოსმეტიკური ფირმა, მიაწოდა სხვა და სხვა დასახელების კოსმეტიკური საშუალებები, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებით: 24.06.2013წ ელ-0068643949/7, 28.06.2013წ ელ-0069304378/4 და ელ-0069302464/3, 05.07.2013წ ელ-0070308451/6, 10.07.2013წ ელ- 0071016240/7, 12.07.2013წ ელ-0071355477/4, 19.07.2013წ ელ- 0072354307/5, 26.07.2013წ ელ-0073346343/7, 02.08.2013წ ელ-0074310556/6, 03.08.2013წ, ელ-0074475680/4, 26.08.2013წ ელ- 0077625826/8, 14.09.2013წ ელ-0080436224/8, 27.09.2013 ელ- 0082365030/11, 07.10.2013წ ელ- 0083725261/5, 16.11.2013წ ელ- 0089766519/6, 09.12.2013წ ელ- 0093075969/4, 14.12.2013 ელ- 0093868110/3, 20.12.2013წ ელ- 0094731013/3, 17.01.2014 ელ-0097986437/7, 08.02.2014წ ელ-0100858994/1, 02.06.2014წ ელ-0117757003/8, 07.06.2014წ ელ- 0118730228/6, 11.08.2014წ ელ- 0129383036/3, 06.09.2014წ ელ- 0133619300/5, 01.12.2014წ ელ- 0147653102/2.
მოპასუხემ არ გადაიხადა მიღებული საქონლის ღირებულება და დავალიანებამ შეადგინა 3675.05 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა გადაიხადოს 2014 წლის 11 აგვისტოს, 6 სექტემბრის და 1 დეკემბრის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული პროდუქციის ღირებულება, ხოლო სხვა ზედნადებების საფუძველზე თანხის დაკისრების მოთხოვნა არ ცნო ხანდაზმულობის გამო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:
პროდუქციის ნაწილი მიღებული აქვს 2013 წელს და 2014 წლის დასაწყისში, რომლის ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელეს სარჩელი უნდა აღეძრა სამი წლის ვადაში, სარჩელი კი აღძრულია 2017 წლის ივლისში. 2013 წლის 2017 წლის აგვისტოს თვემდე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრების მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია. ამასთან, პროდუქციის ღირებულება გადახდილი აქვს, მიღებული პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ თანხას მათ დისტრიბუტორს უხდიდა, რაც აღირიცხა კომპანიის ბუღალტერიაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013-2014 წლებში ხ------- ს--------ას შპს „გ---–------------ისაგან“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს სხვადასხვა სახის კოსმეტიკური პროდუქცია ღირებულებით 3674,05 ლარი. პროდუქციის ნასყიდობის შესახებ შედგენილია სასაქონლო ზედნადებები.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- სასაქონლო ზედნადებების ასლები (ს.ფ. 20-49. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (06.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხ------- ს--------ას შპს „გ---–------------ისათვის“ არა აქვს გადახდილი მიღებული პროდუქციის ღირებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვით, მოსარჩელესა და მოპასუხეს ეკისრებათ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სახელშეკრულებო დავაში მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ არსებობს ვალდებულების მოთხოვნის საფუძველი – დადებულია ხელშეკრულება, მოსულია ვალდებულების შესრულების ვადა , ხოლო მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს, რომ მან ვალდებულება შეასრულა ან რაიმე მიზეზით მისი ვალდებულება არ წარმოშობილა.
მოპასუხის განმარტებით, იგი პროდუქციის ღირებულებას უხდიდა დისტრიბუტორს, ყოველთვიურად ხდებოდა რეალიზებული პროდუქციის აღწერა მოსარჩელე კომპანიის მიერ. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც ვერ დაადასტურა სადაო თანხის გადახდის ფაქტი.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- შესაგებელი (ს.ფ. 73-79. ტომი 1)
3.2.2. 2013 წელს შედგენილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული პროდუქციის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
განსახილველ სარჩელში დავის საგანია ნასყიდობის საფასურის ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
საქმეში წარმოდგენილი სასქონლო ზედნადებების თანახმად, ხ------- ს--------ამ 2013 წელს შპს „გ---–------------ისაგან“ მიიღო შემდეგი ღირებულების პროდუქცია:
2013 წლის 24 ივნისს 694.95 ლარი; (ელ-0068643949/7)
2013 წლი 28 ივნისს 772.3 ლარი (ელ-0069304378/4 )
2013 წლის 28 ივნისს 79.75 ლარი (ელ-0069304378/4)
2013 წლის 5 ივლისს 24 ლარი (ელ- 0070308451/6)
2013 წლის 10 ივლისს 137.5 ლარი (ელ-0071016240/7)
2013 წლის 12 ივლისს 28.35 ლარი (ელ-0071355477/4)
2013 წლის 19 ივლისს 57.5 ლარი (ელ-0072354307/5)
2013 წლის 26 ივლისს 22 ლარი (ელ-0073346343/7)
2013 წლის 2 აგვისტოს 52 ლარი (ელ-0074310556/6)
2013 წლის 3 აგვისტოს 53.2 ლარი (ელ-0074475680/4)
2013 წლის 26 აგვისტოს 21 ლარი (ელ-0077625826/8)
2013 წლის 14 სექტემბერს 206.5 ლარი (ელ-0080436224/8)
2013 წლის 27 სექტემბერს 43 ლარი (ელ-0082365030/11)
2013 წლის 7 ოქტომბერს 13.25 ლარი (ელ-0083725261/5)
2013 წლის 16 ნოემბერს 171 ლარი (ელ-0089766519/6)
2013 წლის 9 დეკებერს 126.75 ლარი (ელ-093075969/4)
2013 წლის 14 დეკემბერს 100 ლარი (ელ-0093868110/3)
2013 წლის 20 დეკემბერს 124.5 ლარი (ელ-0094731013/3)
ხ------- ს--------ას პროდუქცია მიღებული აქვს ასევე 2014 წელს. კერძოდ,2014 წლის 17 იანვარს 26 ლარი (ელ-0097986437/7),2014 წლის 8 თებერვალს 166.8 ლარი (ელ-0100858994/1),2014 წლის 2 ივნისს 249.3 ლარი (ელ-0117757003/8),2014 წლის 7 ივნისს 160.7 ლარი (ელ-0118730228/6),2014 წლის 11 აგვისტოს 83.6 ლარი (ელ-0129383036/3),2014 წლის 6 სექტემბერს 173.5 ლარი (ელ-0133619300/5)
2014 წლის 1 დეკემბერს 83.6 ლარი (ელ-0147653102/2).
ვინაიდან მოპასუხეს პროდუქცია მიღებული აქვს სხვადასხვა პერიოდულობით, თითოეულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, რაზეც ასევე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.
მთავარ სხდომაზე მოპასუხეს 2014 წლის 2 და 7 ივნისს, 11 აგვისტოს, 6 სექტემბერს და 1 დეკემბერს მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია და დაადასტურა, რომ ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმული არ არის.
რაც შეეხება 2014 წლის 17 იანვარს და 8 თებერვალს მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, ამ მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც დარღვეული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორისათვის ცნობილი გახდა და მას უნდა შეეტყო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. სადაო შემთხვევაში ვინაიდან სადაოა ნასყიდობის საფასურის დაკისრება უნდა დადგინდეს, როდის უნდა გადაეხადა მოპასუხეს მიღებული პროდუქციის ღირებულება, როდის დაარღვია მოპასუხემ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება.
მხარეებს შორის წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული არ არის და გადახდის კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსენსუსის შედეგი, რომელიც იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელია ხელშეკრულების მხარეთა ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას.
როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, ხ------- ს--------ას პროდუქციის ღირებულება უნდა გადაეხადა არა მისი მიღებისთანავე, არამედ მომდევნო თვეში, მაგრამ არა უგვიანეს პროდუქციის მიღების წელიწადის დასრულებამდე. თანხის გადახდის ეს წესი გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან. მხარეებს შორის ნასყიდობის ურთიერთობა ერთჯერადად პროდუქციის მიწოდებაში არ ვლინდება. მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობითი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში მოპასუხე პერიოდულად იღებდა პროდუქციას. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებში პროდუქციის მიწოდების პირობა არ იყო წინა პერიოდში მიღებული საქონლის ღირებულების გადახდა. ამდენად, შესაძლებელი იყო მიღებული პროდუქციის საერთო ჯამური ღირებულების გადახდა წლის დასასრულამდე, ხოლო პროდუქციის მიწოდება შესაძლებელი იქნებოდა მხარეთა შეთანხმებისამებრ წლის განმავლობაში.
შპს „გ---–------------მა“ სარჩელი ხ------- ს--------ას მიმართ სასამართლოში აღძრა 2017 წლის 31 ივლისს. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების მოთხოვნის უფლება სარჩელის აღძვრის გზით განხორციელებულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით, პროდუქციის გადახდის ვადის დარღვევიდან 3 წლის გასვლამდე.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- სასაქონლო ზედნადებების ასლები (ს.ფ. 20-49. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-6. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (27.02.2018წ და 06.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს 2014 წლის განმავლობაში მიღებული პროდუქციის ღირებულების გადახდა, ხოლო 2013 წელს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ცნობს მოთხოვნას 2014 წლის 11 აგვისტოს, 6 სექტემბერს და 1 დეკემბერს მიღებული პროდუქციის ღირებულების დაკისრების შესახებ. 2018 წლის 1 თებერვლის რწმუნებულების თანახმად, რამაზ რაზმაძეს არ აქვს მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლებამოსილება, რის გამოც მოპასუხის წარმომადგენლის ეს განცხადება საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის დაკმაყოფილებას ამ ნაწილში და დავა უნდა გადაწყდეს მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. ასევე არ დასტურდება ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და განაცხადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სადაო ურთიერთობაში ხ------- ს--------ას წარმოეშვა ვალდებულება შპს გ---–------------ათვის გადაეხადა მიღებული პროდუქციის ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მხარეებს შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყიდველი გამყიდველისაგან პერიოდულად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის და ღირებულების პროდუქციას, რის გამოც ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება პერიოდულად თანხის გადახდით უნდა შესრულებულიყო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა. ამ ნორმის საფუძველზე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების თავისუბურებიდან გამომდინარე თითოეული პერიოდის განმავლობაში შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დამოუკიდებლად წარმოიშობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
ხანდაზმულობის საკითხის დასადგენად უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, როდის წარმოიშვა მოთხოვნა, რაც ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის შინაარსის გათვალიწინებით უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რის გამოც კრედიტორის უფლების დარღვევას იწვევს მოვალის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, კრედიტორს სარჩელის აღძვრის გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა წარმოეშვება იმ დროიდან, როცა მოვალე დაარღვევს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას.
შესაბამისად ამ დავაში სარჩელის ხანდაზმულობის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს ის დრო, როცა მყიდველს უნდა გადაეხადა ნასყიდობის თანხა. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საფასურის გადახდა მყიდველს არ ევალებოდა პროდუქციის მიღებისთანავე და მას თანხა გამყიდველისთვის უნდა გადაეხადა არაუგვიანეს პროდუქციის ყიდვის წლის დასრულებამდე.
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება ისაა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეულისთვის ცალ-ცალკე იწყება.
სარჩელში სადაოა 2013-2014 წლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რის გამოც ხანდაზმულობის ვადა აითვლება ყოველი პერიოდისათვის დამოუკიდებლად. მოპასუხემ ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა, რაც არის ისეთი გარემოება, რომელიც ვალდებულების დარღვევისთანავე იმთავითვე ცნობილი ხდება გამყიდველისათვის, რის გამო ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყო ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების დარღვევის დროიდან.
ვინაიდან მოპასუხეს 2013 წლის განმავლობაში მიღებული პროდუქციის ღირებულება იმავე წელს სრულად უნდა გადაეხადა, ხანდაზმულობის ვადა ყველაზე გვიან აითვლება 2014 წლის იანვრიდან, რის შემდეგ სამი წლის ვადა ამოიწურა 2017 წლის იანვარში. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 31 ივლისს, ამ ვადის გასვლის შემდეგ.
რაც შეეხება 2014 წლის მანძილზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრების მოთხოვნას. მოპასუხის განმარტებით, ხანდაზმული არ არის 2014 წლის 11 აგვისტოს, 6 სექტემბრის და 1 დეკემბერს მიღებული პროდუქციის ღირებულების ჯამურად 340.7 ლარის დაკისრების მოთხოვნა და ამ ზედნადებებში მითითებული პროდუქციის ღირებულების მოთხოვნას ხანდაზმულად არ მიიჩნევს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმული არ არის 2014 წლის 2 და 7 ივნისის ზედნადებებით დადასტურებული პროდუქციის ნასყიდობის საფასურის დაკისრების მოთხოვნა, რადგან მისი საფასური მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2014 წლის ბოლომდე. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 31 ივლისს, თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევიდან 3 წლის ვადაში. ამ პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ხანდაზმულად არ ჩაითვლება ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ღირებულება მოპასუხეს მიწოდების მომდევნო თვეში უნდა აენაზღაურებინა. ვინაიდან ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული არ არის, მომდევნო თვეში გადახდაში არ იგულისხმება პროდუქციის მიღების თარიღის შესაბამის თარიღი მომდევნო თვეში და იგულისხმება თვე სრულად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურება ხანდაზმული არ არის, რადგან მისი ღირებულების გადახდის ვალდებულება 2014 წლის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო, რის გამოც 2017 წლის 31 ივლისს სარჩელი აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოვალის ნება-სურვილზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს 2013 წლის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრების მოთხოვნა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2014 წლის განმავლობაში მიღებული პროდუქციის ღირებულება 943 ლარის ოდენობით, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება. მოპასუხეს არა აქვს შესრულებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მის მიმართ წარდგენილი სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანი და დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელით მოთხოვნილი თანხაა 3674.05 ლარი, ხოლო დაკისრებული თანხა 943 ლარი არის მოთხოვნის 27%. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 171 ლარის 27% არის 46.17 ლარი, რომლის მოსარჩელისათვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „გ---–------------ის“ სარჩელი;
1.1. ხ------- ს--------ას დაეკისროს შპს „გ---–------------ისათვის“ 943 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს სარჩელი 2731.05 ლარის დაკისრების ნაწილში;
2. ხ------- ს--------ას დაეკისროს შპს „გ---–------------ისათვის“ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 46.17 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი