გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
010210016001615816
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001615816

№2/3672-2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე

მოსარჩელე - შპს „ტ--------ი“

წარმომადგენელი - ა----------ე

მოპასუხეეები - ა-----ნ დ-------ე, დ-----ო დ-------ე

წარმომადგენელი - თ---რ დ-------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების ა-----ნ დ-------ისა და დ-----ო დ-------ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე შპს „ტ--------ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, I-–-------ი, #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) გამოთხოვა და უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ წარმოადგენს ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, I-–-------ი, #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრეს. მოპასუხეები კანონიერი საფუძვლის გარეშე, დღემდე ფლობენ უძრავ ქონებას და მოსარჩელეს, როგორც უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს, არ აძლევს საცხოვრებელი ბინით თავისუფლად სარგებლობის უფლებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს და მიუთითეს, რომ რაიმე საცხოვრებელი გარდა სადავო ქონებისა არ გააჩნიათ. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი დარჩებიან თავშესაფრის გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, I-–-------ი, #---ში მდებარე უძრავ ქონებას (ს/კ 0-----------) ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები ა-----ნ და დ-----ო დ-------ეები.

 

3.1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეები დ-----ო დ-------ე და ა-----ნ დ-------ე, 15.05.2014 წლიდან აღირიცხნენ ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, I-–-------ი, #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) თანამესაკუთრეებად - დ-----ო დ-------ე 1/3 წილის, ხოლო ა-----ნ დ-------ე 2/3 წილის მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.2. მოსარჩელე სს „ტ--------ი“ (ყოფილი სს „კ-----------------------“) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნიული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 5-------ის #A---------------- განკარგულების საფუძველზე, 2015 წლის 24 მარტიდან აღირიცხა ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, შ----------, #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.2. სს „ტ--------ის“ კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. ბათუმი, ა------------ის გ-------–--–ი, შ----------, #---ში (ს/კ 0-----------) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ, დღემდე ფლობენ უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეები - დ-----ო დ-------ე და ა-----ნ დ-------ე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ირიცხება ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, შ----------, #---ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ. მოპასუხეები გამოსახლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობენ იმ მოტივით, რომ მათ სხვა თავშესაფარი, გარდა სადავო ქონებისა არ გააჩნიათ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესი მხარეებს ავალდებულებს თავად წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება კი თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ეს ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, მოცემული დავის სპეციფიკისა და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის უნდა გადანაწილდეს შემდეგი ფორმით: მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ფლობისა და საკუთრების უფლების რეალიზებისას მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლის თაობაზე. მოპასუხემ კი, უნდა ამტკიცოს სამართლებრივი საფუძვლით უძრავი ქონების ფლობის ფაქტი.

 

მოსარჩელემ, მითითებული საპროცესო ვალდებულების ფარგლებში, სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულება უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ფლობის თაობაზე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის სახით, ხოლო ის გარემოება, რომ უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები, რის გამოც მესაკუთრეს (მოსარჩელეს) არ ეძლევა საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის უფლება, მოპასუხის მხრიდან სადავო არ გამხდარა.

 

რაც შეეხებათ მოპასუხეებს, მათ, თავიანთი საპროცესო ვალდებულების ფარგლებში, რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა მოპასუხეების მხრიდან უძრავი ქონების სამართლებრივი საფუძვლით ფლობის თაობაზე რწმენას, არ წარმოუდგენიათ. მათ არსებითი შედავება მოსარჩელის მიმართ არ განუხორციელებიათ.

 

სასამართლო წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა მიერ მითითებული არგუმენტების ანალიზის შედეგად, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეები მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლები;

საქართველოს კონსტიტუცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს პირის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით იმპერატიულადაა რეგლამენტირებული, რომ „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება". საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით კი, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

დასახელებული ნორმატიული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას კი, სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეთა კანონიერ ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკუთრებაშ გააჩნია ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, შ----------, #---ში მდებარე უძრავი ქონება, (ს/კ 0-----------), რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა, უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის გზით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ სასამართლოსათვის მომართვის გზით მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის გზით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, შ----------, #---ში (ს/კ 0-----------) საქმის განხილვის მომენტისათვის რეგისტრირებულია მოსარჩელე სს „ტ--------ის“ საკუთრებად და მისი საკუთრების უფლების კანონიერება მოპასუხის მხრიდან სადავო არ გამხდარა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. საქართველოს კონსტიტუცია არა მარტო აღიარებს მის ხელშეუხებლობას, არამედ ქმნის მისი დაცვის გარანტიებსაც. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის 170.3 მუხლის მიხედვით, მესაკუთრე თავად წყვეტს ისარგებლოს თუ არა თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას, იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას, ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, შ----------, #---ში (ს/კ 0-----------) წარმოადგენს სს „ტ--------ის“ საკუთრებას. შესაბამისად, ის უფლებამოსილია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ამ ქონებით. სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან ამ ქონებით სარგებლობა/დაუფლება, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, განხილულ უნდა იქნეს მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონების ფლობა/სარგებლობად. უდავოდ დადგენილია, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები და ამ ქონებით სარგებლობენ მოსარჩელის თანხმობის გარეშე, მისი ნების საწინააღმდეგოდ.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის გამოსახლების თაობაზე, ემყარება საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. ამგვარი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, იარსებებს საკუთრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლა. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია). ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მისი უფლება შეზღუდული არ არის მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის სამართლებრივი საფუძვლით ფლობით - მოპასუხეები არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, მიუხედავად ამისა, ისინი დღემდე ფაქტობრივად ფლობენ უძრავ ქონებას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელის (მესაკუთრის) ნების საწინააღმდეგოდ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. სასამართლო, ბუნებრივია, პატივისცემით ეკიდება მხარეების და მათ შორის მოპასუხე მხარის ინტერესებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მესაკუთრეს არამესაკუთრესთან შედარებით უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული ნებისმიერი სამართლებრივ საფუძველსმოკლებული ხელყოფისაგან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრების ხელყოფილი უფლების აღდგენის წინაპირობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად კი, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლება. საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს, რომლის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისსაც, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მითითებული ნორმების დანაწესი ცხადყოფს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მართალია ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და მიუთითებს, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ ფლობს და არ ათავისუფლებს მის კუთვნილ უძრავ ქონებას, მაგრამ მის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არ არის ის გადაუდებელი ინტერესი, რის გამოც მიზანშეწონილი იქნება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი აღსრულება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ სარჩელი.

 

2. მოსარჩელე სს „ტ--------ის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ბ------–ი, ა------------ის გ-------–--–ი, შ----------, #---ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0-----------), გამოთხოვილი იქნეს მოპასუხეების ა-----ნ დ-------ისა და დ-----ო დ-------ის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება (ს/კ 0-----------) გადაეცეს მოსარჩელე სს „ტ--------ის“ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

3. მოპასუხეებს ა-----ნ დ-------ესა და დ-----ო დ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

4. არ დაკმაყოფილდეს სს "ტ--------ის" მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში მითითებული წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი