გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2018
საქმის ნომერი
120210018002267601
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2267601-2/061-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.03.2018 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ს------------–--ი’’

წარმომადგენელი - ა-–------–-–----ე, კ------------–------ე

მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ--------ე, ზ--------------–---–ი

 

დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად გადახდილი 21753.08 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს. „ს------------–--მა" 2017 წლის ივნისის დასაწყისში მონაწილეობა მიიღო ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ ელექტრონულ ტენდერში ბ---------ის სამედიცინო ცენტრის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე და გაიმარჯვა. აღნიშნულის საფუძველზე 2017 წლის 14 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №---, რომლის თანახმად შპს „ს------------–--მა" აიღო ვალდებულება, რომ 114770 ლარად შეფასებული ბ---------ის სამედიცინო ცენტრის მშენებლობის სამუშაოები ეწარმოებინა და დაესრულებინა 120 დღეში. მუშაობა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 7 დღეში. შპს „ს------------–--მა" ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები აწარმოა დროით და ხარისხიანად. სამუშაოები მიმდინარეობდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების ყოველდღიური კონტროლქვეშ, ისე რომ მშენებლობა არ შეფერხებულა და უმიზეზოდ არ გაჩერებულა, მაგრამ დათქმულ დროში მშენებლობა ვერ დასრულდა. ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზები. თავის დროზე სამუშაოს მოცულობა სათანადოდ არ შეფასებულა, სამუშაოს წარმოების პროცესში მხარეთა შეთანხმებით მოხდა მთელი რიგი ცვლილებები, რამაც გავლენა იქონია ხელშეკრულების შესრულების ვადაზე. სამუშაო მოედნის მოსწორების შემდეგ ც------–-- მოითხოვა გათვალისწინებულზე ორმაგ სიმაღლით აწევა ანუ გათვალისწინებული იყო 8–10სმ-ს სიმაღლე, ციკოლმა კი აიწია 20–25სმ–ზე. მოპასუხის მოთხოვნით საჭირო გახდა 35 კვადრატული მეტით ფართის კედლის მოწყობა ბლოკის ნაცვლად არმირებული ბეტონით. ასევე მოპასუხის მოთხოვნით მშენებლობის მოედანზე არ მოიჭრა ორი ფიჭვის ხე. ეს ხეები შენარჩუნებული იქნა შესასვლელ კიბის უჯრედში და შიგნით შენობაში, მთავარი ექიმის სამუშაო ოთახად გათვალისწინებულ ფართში. აღნიშნული ხეების შენარჩუნებამ თავისთავად გამოიწვია შენობის სახურავზე გათვალისწინებული სამუშაოების ცვლილება.

 

ამ და სხვა სამუშაოების ცვლილებებთან დაკავშირებით მხარეთა შორის მიმდინარეობდა ჯერ ზეპირი კონსულტაციები, შემდეგ კი საჭირო იყო წერილობითი თანხმობის მიღება, რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა. ასეთ პირობებში მხარეებისათვის იმთავითვე ცნობილი იყო რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 120 დღის ვადაში სამედიცინო ცენტრის მშენებლობა ვერ დასრულდებოდა, მაგრამ სიტყვიერად მოხდა შეთანხმება, რომ საჯარიმო სანქციები არ იქნებოდა გამოყენებული. ანგარიშსწორება ხდებოდა ეტაპობრივად შუალედური მიღება–ჩაბარების აქტების საფუძველზე. 2017 წლის 21 დეკემბერს შედგენილ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით მოპასუხემ დამაკმაყოფილებლად ცნო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება და დარჩენილი თანხა 56300,53 ლარი დაუქვემდებარა გადახდას, ამავე აქტით მოპასუხემ ხელშეკრულების 16.4–ე მუხლის საფუძველზე შპს „ს------------–--ს" ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დააკისრა პირგასამტეხლო მთლიანი ღირებულების 0,3%·ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 23413,08 ლარი. 2017 წლის 27 დეკემბერს მოპასუხემ გაანაღდა შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულება სრულიად და კატეგორიული მოთხოვნის შედეგად უკან წაიღო პირგასამტეხლოს აღნიშნული თანხა. ანუ მოსარჩელე იძულებული შეიქმნა 23,413-08 ლარი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის კატეგორიული მოთხოვნით გადაერიცხა სახელმწიფო ხაზინისათვის.

 

მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, როგორც აღინიშნა შექმნილ გარემოებათა გამო ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება საპატიო მიზეზის გამო საჯარიმო სანქციის არ გამოყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე ხელშეკრულების 16.5 მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება გაცილებით მცირე საჯარიმო თანხის ფასად და არ მიეღოთ სოლიდური სახის ზარალი. აღნიშნულთან ერთად სრულიად შეუსაბამო და უსამართლოა ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების პირგასამტეხლო 0,3%-ით განსაზღვრა.

 

მოპასუხის მიერ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ იყო განსაზღვრული, მოთხოვნილი და გადახდევინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რამაც მთლიანი სამუშაოს ღირებულების თითქმის მეხუთედი ნაწილი შეადგინა, ამან კი მოსარჩელე მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში ჩააყენა. მუშაკთა დიდ ნაწილს ხელფასი დღემდე მისაღები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ვადის გადაცილებით და ამის საპატიო მიზეზები გააჩნდა, სამუშაო შეასრულა ხარისხიანად და კეთილსინდისიერად ისე, რომ შემსყიდველს - ბ---------ის მუნიციპალიტეტს ზიანი არ მიუღია. მოსარჩელე არ ირიდებს პასუხისმგებლობას და თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით 0.02%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1560 ლარს და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 21753.08 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან გათვალისწინებული და დაცულია ხელშეკრულების ყველა პირობა და ქმედებაც განხორციელებულია კანონის სრული დაცვით. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, ვინაიდან 2017 წლის 14 ივნისის №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების 16.4 პუნქტს, რომლის თანახმადაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0·3% -ის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო ხსენებული გარემოება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 21 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით შპს "ს------------–--ი"-ს დირექტორი ვ--–------–-–----- დაეთანხმა პირგასამტეხლოს თანხის გადახდას რომელიც შეადგენდა 23413,08 ლარს რაც დაადასტურა კიდეც ხელმოწერით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 14 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს------------–--ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 114770 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 კალენდარული დღით - 2017 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით.

 

3.1.3. 2017 წლის 28 ივლისს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები, თანხით 114770 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 36896.16 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

3.1.4. 2017 წლის 3 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები, თანხით 114770 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შპს ,,ს------------–--ს’’ 2017 წლის 28 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღებული აქვს 36896.16 ლარი. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს ქ--------–----+’’-ის მიერ დამოწმებული ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 15993.81 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

3.1.5. 11.10.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა შპს ,,ს--------------–--ის’’ დირექტორს და მიუთითა, რომ სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობისას სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აუცილებელი გახდა 34.41 კვ მ-ზე წვრილი საკედლე ბლოკების ნაცვლად არმირებული ბეტონის კედლების მოწყობა მოცულობით 11.94 კუბ მ-ი. მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის წინააღმდეგი ზემოთ აღნიშნული დამატებითი სამუშაოები შესრულდეს გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯზე.

 

3.1.6. 27.10.2017წ. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიმართა შპს ,,ს------------–--ის’’ დირექტორს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ბ---------ში სამედიცინო ცენტრის მშენებლობის სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 120 კალენდარული დღის ვადაში - 2017 წლის 14 ოქტომბერს. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა, ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ს------------–--ს’’ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%.

 

3.1.7. 2017 წლის 21 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ბ---------ში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები, თანხით 114770 ლარი, შესრულდა დამაკმაყოფილებლად. შპს ,,ს------------–--ს’’ 2017 წლის 28 ივლისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე აღებული აქვს 36896.16 ლარი, ხოლო 2017 წლის 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კი 15993.81 ლარი, სულ 52889.97 ლარი. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შპს ქ--------–----+’’-ის მიერ დამოწმებული ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 56300.53 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.4 პუნქტის მიხედვით შპს ,,ს------------–--ს’’ ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა 0.3%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 23413.08 ლარს (68 დღე X 344.31).

 

3.1.8. 14.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,ს------------–--მა’’ გადააცილა 68 დღით.

 

3.1.9. შპს ,,ს------------–--ის’’ მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო - 23413.08 ლარის ოდენობით.

 

3.1.10. შპს ,,ს------------–--ს’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება ბ---------ის მუნიციპალიტეტმა სრულად აუნაზღაურა, თანხა ჩაირიცხა შპს ,,ს------------–--ის’’ ანგარიშზე.

 

3.1.11. შპს ,,ს------------–--ისათვის’’ შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ჩარიცხული თანხიდან ბ---------ის მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს სახით დაკისრებულა თანხა 23 413.08 ლარი, შპს ,,ს------------–--მა’’ უკან გადარიცხა ბ---------ის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 14 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N1--;

- 28.07.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 03.10.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 21.12.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 11.10.2017წ. N02/7721 მიმართვა;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის 27.10.2017წ. N02/8339 მიმართვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება 1560 ლარამდე, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია, ამასთან ბ---------ის მუნიციპალიტეტს ზიანი არ მისდგომია ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 14 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №164 ხელშეკრულების 16.4 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით მოხდა ცვლილებების შეტანა გარკვეული სახის სამუშაოებში, რამაც გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს შეფერხება და იმოქმედა შესასრულებელი ხელშეკრულების ვადაზე. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 14 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.3% შეუსაბამოდ დიდია, რაც მისი შემცირების საფუძველია. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა შესაბამისად უნდა დადგინდეს პირგასამტეხლოს სახით დასაკავებელი საჯარიმო თანხა და ბ---------ის მუნიციპალიტეტის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხის შპს ,,ს------------–--ისათვის’’ დაბრუნება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

2017 წლის 14 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ს------------–--ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 114770 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 კალენდარული დღით - 2017 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 14.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,ს------------–--მა’’ გადააცილა 68 დღით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის 14.06.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პიერგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 23413 ლარს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, ამოსავალია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლო ეკისრება მოვალეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცავს ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პიგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთ მხრივ, მას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტრომა ზიანი ამ დარღევევის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ 2017 წლის 14 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.4. პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. დაკსრებული პირგასამტეხლო არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულება შესრულებულია, ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის 14 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.4 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0.3% უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა (68 დღე) შესაბამისად უნდა განისაზღვროს 4413.08 ლარი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 653 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 570 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ს------------–--ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. 2017 წლის 14 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდეს და მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 19000 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,ს------------–--ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 570 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი