განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-8-18
(№021290817002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 აპრილი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ლაშა მერაბიშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გიორგი ბერიშვილი
პირადი ნომერი: №01019044174;
დაბადებული: 28.01.1987 წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, დოლიძის №43
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი.
ადვოკატი - ზურაბ დალაქიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, მანანა ალიხანაშვილის საცხოვრებელ სახლში მის შვილებს მიხეილ მურღუევსა და გიორგი ბერიშვილს შორის მომხდარი უთანხმოების დროს, გიორგი ბერიშვილმა ძმას, მიხეილ მურღუევს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვა და სხვა ადგილას, ხოლო შემდეგ დანა დაარტყა ორივე ბარძაყის მიდამოში, რის შედეგადაც მიხეილ მურღუევს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სასამართლო პროცესზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, მანანა ალიხანაშვილის საცხოვრებელ სახლში მის შვილებს მიხეილ მურღუევსა და გიორგი ბერიშვილს შორის მომხდარი უთანხმოების დროს, გიორგი ბერიშვილმა ძმას, მიხეილ მურღუევს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვა და სხვა ადგილას, ხოლო შემდეგ დანა დაარტყა ორივე ბარძაყის მიდამოში, რის შედეგადაც მიხეილ მურღუევს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის გიორგი ბერიშვილის საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ალექსი ხიზანიშვილის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში ისე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედებამ უნდა გამოიწვიოს შემდეგი შედეგები: 1) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან 2) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ორი სახისაა: ერთი რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მოშლას (ხანმოკლედ) და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ შედეგად მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო, არამყარი დაკარგვა.
სუბიექტური მხრივ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას ან ამასთანავე აქვს მტკიცებითი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
სსკ-ის 11.1 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ გიორგი ბერიშვილის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი ბერიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში გიორგი ბერიშვილმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა ძმას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით გიორგი ბერიშვილი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი ,,პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით, რომ გიორგი ბერიშვილს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და მისთვის სასჯელის სახით შერჩეულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით გიორგი ბერიშვილს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ გიორგი ბერიშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
გიორგი ბერიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
სს საქმეზე ამოღებული მიხეილ მურღუევის სისხლის ნიმუში, გიორგი ბერიშვილის სისხლის ნიმუში, დანა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - მაისური, შარვალი, ბალიშის პირი, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გიორგი ბერიშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ გიორგი ბერიშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
2. გიორგი ბერიშვილს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 05 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით მოხდილი სასჯელის ნაწილი - 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2018 წლის 05 აპრილამდე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
სს საქმეზე ამოღებული მიხეილ მურღუევის სისხლის ნიმუში, გიორგი ბერიშვილის სისხლის ნიმუში, დანა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სს საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - მაისური, შარვალი, ბალიშის პირი, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5 განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი