გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2018
საქმის ნომერი
190210117002113263
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2217-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.03.2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე თამარ კაპანაძე

წარმომადგენელი ეკატერინე მიშველიძე

მოპასუხე გიორგი ნონიაშვილი

წარმომადგენელი თამთა კახიძე

დავის საგანი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძის მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, შესასრულებელი ფულადი ვალდებულებად 5000 აშშ დოლარის მითითება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 2016 წლის 29 ნოემბერს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ისესხა 10 000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, ყოველთვიურად 3.23% გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის 0.12% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დაბრუნების დაგვიანებისათვის. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას ასრულებდა ექვსი თვის განმავლობაში და ყოველთვიურ პროცენტთან ერთად შეჰქონდა თანხები, რომელიც მოლაპარაკების თანახმად უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად თანხას. თანხების გადახდა ხდებოდა საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით გიორგი ნონიაშვილის პირადი ნომრის მითითებით. გიორგი ნონიაშვილისთვის გადახდილი აქვს 5000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრუებო ფურცელში შესასრულებლი ვალდებულების მოცულობაა 11 221 აშშ დოლარი და 126.72 ლარი, რაც არ შეესაბამება რეალურად შესრულებული ვალდებულების პირობებს, ვინაიდან ყოველთვიური პროცენტი სრულად არის გადახდილი, ასევე გადახდილი აქვს სესხის ძირითადი თანხიდან 5000 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. მსესხებელმა ხელშეკრულების გაფორმების დღეს წინასწარ გადაიხადა ერთი თვის პროცენტი, ხოლო შემდეგ გადახადა მხოლოდ 700 აშშ დოლარი. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სწრაფი გადახდის აპარატით მის ანგარიშზე თანხა ჩარიცხულია ორჯერ – 2017 წლის 3 თებერვალს 400 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 13 მარტს 300 აშშ დოლარი. მოსარჩელეს სხვა თანხა არ გადაუხდია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ნოემბერს გიორგი ნონიაშვილსა და თამარ კაპანაძეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკით ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მიიღო სესხი 10 000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 3.23%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 0.12%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია თამარ კაპანაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ხაშურის რაინის სოფელ ტეზერში მდებარე 506 კბ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები (კოდი 69.06.07.56.006).

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

– სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-19. ტომი 1)

 

3.1.2. ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძის მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი №170682855, რომლის თანახმად კრედიტორის გიორგი ნონიაშვილის სასარგებლოდ მოვალე თამარ კაპანაძის ფულადი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებელი – სამი თვის პროცენტი 969 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 525 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულია იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ასლი (ს.ფ. 20-23. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თამარ კაპანაძეს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული გიორგი ნონიაშვილისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება, მას ხელშეკრულების დადებისთანავე გადახდილი აქვს ერთი თვის პროცენტი, ხოლო შემდგომ პერიოდში 700 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი სესხის აბრუნებდა სს საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით გამსესხებლის პირადი ნომრის მითითებით. ამდენად, მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებით გადახდილი თანხა უნდა ასახულიყო მოპასუხის საბანკო ანგარიშზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

გიორგი ნონიაშვილის სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სწრაფი გადახდის აპარატით გადახდილია 2017 წლის 3 თებერვალს 400 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 13 მარტს 300 აშშ დოლარი. სწრაფი გადახდის აპარატით საერთო ჯამში გადახდილია 700 აშშ დოლარი. მხარეთა განმარტებით და სესხის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადებისთანავე მოსარჩელეს გადახდილი აქვს ერთი თვის პროცენტი 323 აშშ დოლარი. ამდენად, მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ საერთო ჯამში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხაა 1050 აშშ დოლარი.

 

საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი შეიცავს ინფორმაციას 2016 წლის 1 დეკემბერიდან 2017 წლის 25 მაისამდე, სადაც სწრაფი გადახდის აპარატით თანხის ჩარიცხვის ორი ფაქტი ფიქსირდება, მოსარჩელის განმარტებით იგი იხდიდა თანხას 6 თვის განმავლობაში და პროცენტთან ერთად იხდიდა სესხის ძირითად თანხას, რის შესახებ მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსარჩელის განმარტებით, შესაძლებელია გიორგი ნონიაშვილს გააჩნდეს სხვა საბანკო ანგარიში, სადაც ირიცხებოდა თანხა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ვალდებულება, რომ დაასაბუთოს კონკრეტულად როდის და პერიოდულობით იხდიდა თანხას. მას არც მტკიცებულება წარმოდგენია და არც შესაბამისი შუამდგომლობა აღუძრავს იმის შესახებ, რომ თუკი მისთვის ხელმისაწვდომი არ არის მოპასუხის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სასამართლოს გამოეთხოვა ეს მტკიცებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მხარეს დაეკისროს იმ ფაქტის დამტკიცება, რომლის მტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, ვინც მითითებულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, თამარ კაპანაძის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 10 000 აშშ დოლარი (ძირითად თანხა), სამი თვის პროცენტი 969 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 525 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა რომ მას სრულად აქვს გადახდილი სესხის სარგებელი - 6 თვის პროცენტი და სესხის ძირითადი თანხიდან 5000 აშშ დოლარი. მხარეთა განმარტებით და სესხის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს ხელშეკრულების დადებისთანავე 1 თვის პროცენტი 323 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომ პერიოდში 700 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი შეადგენდა 1938 აშშ დოლარს, საიდანაც გადახდილია 1023 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით გადასახდელია 3 თვის პროცენტი, რაც მოპასუხეს გადახდილი არა აქვს.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 67-70. 96-102 . ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მიერ არ არის გადახდილი სარჩელში მითითებული სესხის თანხა, რის გამოც ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში სწორად არის განსაზღვრული სადაო ფულადი ვალდებულების მოცულობა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623–ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე მუხლის ”ა” პუნქტი, 401-ე, 399-ე, 417–ე მუხლები, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 419-ე მუხლის პირველი ნაწილი, 420–ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ფულადი ვალდებულება წარმოშობილია მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

თამარ კაპანაძეს სასესხო ვალდებულება შეთანხმებით დადგენილ ვადაში ჯეროვნად შესრულებული არა აქვთ, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება არასაპატიოა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის ბრალს გამორიცხავს. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება სასესხო ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ამავე კოდექსის 430-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ზოგად წესს, რომლის მიხედვით მხარეს შეუძლია მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოადგინოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის მტკიცებულება. თუმცა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმის მიხედვით, გარკვეული გარემოებები მათი შინაარსის თავისებურების ან კანონის პირდაპირი მოთხოვნით შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით.

 

სესხის დაკისრების შესახებ დავაში მოვალემ უნდა დაამტკიცოს, რომ მას სესხის თანხა დაბრუნებული აქვს კრედიტორისათვის. ამ ფაქტის დამტკიცება კი შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 430-ე მუხლებით დადგენილი წესით. 429-ე მუხლიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების დასტურად მოვალის მოთხოვნით კრედიტორმა უნდა გასცეს თანხის მიღების დამადასტურებელი საბუთი. ამდენად, ვალდებულების შესრულებას ადასტურებს კრედიტორის მიერ შედგენილი საბუთი, რომლითაც იგი ადასტურებს თანხის მიღებას. ასეთი საბუთის არსებობა მოვალისათვის ხელსაყრელი მტკიცებულებაა, რადგან მოვალე წერილობითი დოკუმენტით შეძლებს ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურებას. 429-ე მუხლი კრედიტორს არ ავალდებულებს ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების დასტურად გასცეს წერილობითი საბუთი თუ ამას არ მოითხოვს მოვალე. სესხის დაბრუნება მოვალის ვალდებულებაა, მისი სამართლებრივი ინტერესია ვალდებულების შესრულება დადასტურდეს შესაბამისი საბუთით, რის გამოც მოვალემ უნდა მოითხოვოს ვალის გადახდის შესახებ საბუთი.

 

ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე სესხის დაბრუნების დამტკიცება არის მოვალის ვალდებულება, რაც თამარ კაპანაძემ ვერ დაასაბუთა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიდან გამომდინარე კრედიტორის მიერ ვალის მიღების შესახებ საბუთის არარსებობის დროს მოვალისათვის არახელსაყრელი, უარყოფითი შედეგით დასრულდება დავა, რადგან კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებით ვერ დაადასტურებს ვალის გადახდას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში კრედიტორმა გიორგი ნონიაშვილმა სწორად მიუთითა მის მიმართ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და სარგებელი 969 აშშ დოლარი. ამასთან, გონივრულია კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,12%-ს. სააღსრულებო ფურცელში მითითებული გადასახდელი პირგასამატეხლოა 525 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობა და გონივრულობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის მიზანია ის, რომ პირგასამტეხლო არ იქცეს მოვალის დასჯის მექანიზმად და არ დაკარგოს მისი, როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციის დანიშნულება. მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ითვალისწინებს როგორც ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე დაკისრებული თანხის მოცულობას, დარღვევის პერიოდსა და სხვა გარემოებებს.

 

განსახილველ საქმეში სესხის ხელშეკრულება მოვალეს უნდა შეესრულებინა 2017 წლის 29 მაისამდე, რაც მსესხებელმა დაარღვია. სრულად გადაუხდელია სესხის ძირითადი თანხა, ხოლო პროცენტის ნაწილი გადახდილია. სესხის ძირითადი თანხაა 10000 აშშ დოლარი, ხოლო გადაუხდელი სარგებელი 969 აშშ დოლარი, საერთო ჯამში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 10 969 აშშ დოლარი. მართალია სააღსრულებო ფურცელი გაცემულია ვალდებულების დარღვევიდან მომდევნო თვეში, მაგრამ ეს მოთხოვნილი პირგასმატეხლოს არაგინივრულად მაღალ ოდნეობაზე არ მიუთითებს. მსესხებლის მიერ წინამდებარე საქმის განხილვის დროსაც არ არის გადახდილი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის ნაწილი, რის გამოც სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ხანგრძლივი ვადის გათვალისწინებით, სესხის დავალიანებასთან შედარებით 525 აშშ დოლარის პირგასმატეხლოს დარიცხვა გონივრული და სამართლიანი პასუხისმგებლობის ზომაა.

 

ამდენად, მსესხებლის თამარ კაპანაძის მიერ მოპასუხისათვის არ არის გადახდილი ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა, რის გამოც თამარ კაპანაძეს ეკისრება კრედიტორის წინაშე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ვალდებულება და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელისათვის სასამართლო ხარჯების ანაზაურების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელე იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად მოითხოვს 900 ლარის დაკისრებას, რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს, რაც შეადგენს 617,2 ლარს (15 428,08 ლარის 4%). ამდენად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 617,2 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს თამარ კაპანაძის სარჩელი ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძის მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ;

 

2. თამარ კაპანაძეს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;

 

3. თამარ კაპანაძეს დაეკისროს გიორგი ნონიაშვილისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 617,2 ლარის გადახდა;

 

4. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თეიმურაზ ბურდილაძის მიერ 2017 წლის 20 ივნისს გაცემული N170682855 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაწყებული სააღსრულებო წარმოება № A17069484 -004/001;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი