გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2838-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 მარტი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თ----- კობაიძე
მოსარჩელე შპს "ქ----------------------ია"
წარმომადგენელი თეონა კავთელაძე
მოპასუხე თ----- ა---–---–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.თ----- ა---–---–ისათვის 661,96 ლარის დაკისრება;
(მოსარჩელის განმარტება 16.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სარჩელის საფუძვლები
2015 წლის 3 თებერვალს დადებული N MOSOFO ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 300 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი 21%. ხელშეკრულებით განსაზღვრულია ერთჯერადი საურავი 188 ლარი 30-ე ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება და მისი დავალიანებაა: ძირითადი თანხა 300 ლარი, სარგებელი 61.96 ლარი და პირგასამტეხლო 300 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სესხიდან გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან სესხის ოდენობით პირგასამტეხლოს თანხა მეტისმეტად მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 3 თებერვალს შპს „ქ----------------------იასა“ (ყოფილი კრედიტონი) და თ----- ა---–---–ს შორის დადებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 300 ლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 30 დღე. პროცენტი 21% - 61,96 ლარი. ხელშეკრულებით განსაზღვრულია სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევისათვის ერთჯერადი საურავი 188 ლარი 30-ე ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-29)
3.2. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხემ გადაიხადა 2015 წლის 3 მარტს 10 დღით გადავადების საკომისიო 29 ლარი, 2015 წლის 17 მარტს 8 დღით გადავადების საკომისიო 20 ლარი, 2015 წლის 27 მარტს 10 დღით გადავადევის საკომისიო 24 ლარი, 2015 წლის 10 აპრილს 8 დღით გადავადების საკომისიო 20 ლარი. მოპასუხის დავალიანებაა: ძირითადი თანხა 300 ლარი, სარგებელი 61,96 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 3000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– სარჩელი (ს.ფ. 2-5)
– შესაგებელი (ს.ფ. 47-51)
– საგადახდო ისტორია (ს.ფ. 30. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 361-ე, 316-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია და ითვალისწინებს სესხზე სარგებლის 61,96 ლარის დარიცხვას. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი.
მოპასუხემ დაადასტურა, რომ არ დაუბრუნებია სესხად მიღებული თანხა და სარგებელი, ამდენად, მას არ შეუსრულებია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შპს ქ----------------------იასათვის სესხის ძირითადი თანხის 300 ლარის და სარგებლის 61.96 ლარის გადახდა.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასმატეხლოს გადახდა, რის გამოც მოპასუხეს სესხის თანხასთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
პირგასამტეხლოს დაკისრების აუცილებელი პრიბაა მხარეთა მიერ შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვა, რადგან მხოლოდ წერილობით დადებული ხელშეკრულება წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმის დაცვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა,მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
ამდენად, ამ ნორმის თანახმად, შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვისათვის საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით; გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
შპს კრედიტონის მიერ სესხის ხელშეკრულების პირობები შემუშავებულია როგორც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც განთავსებულია მის ვებგვერდზე და არსებობს ვებგვერდზე მისი ელექტრონული ფორმით გაცნობის შესაძლებლობა.
ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონულ ფოსტაზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებთ.
მოპასუხის მიერ სესხის მიღების განაცხადში (ოფერტი) მითითებულია ელექტრონული ფოსტის მისამართი. მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მან მოსარჩელის ვებგვერდზე ელექტრონულად მონიშნა ყველა აუცილებლად შესავსები ველი, მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნა სესხის ხელშეკრულების ტექსტი. მოპასუხის განმარტებით, მას სესხის განაცხადში მითითებული თანხა ჩაერიცხა მის მიერვე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ამდენად, მოპასუხეს მისთვის ხელმისაწვდომ და მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნა სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა ხელშეკრულების პირობებს გაცნობოდა ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით, ასევე მას გაეგზავნა ხელშეკრულების ტექსტი ელექტრონულ მისამართზე. სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის საფუძველზე შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვისათვის საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა. შესაბამისად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე წერილობით ხელშეკრულების ტექსტის გაგზავნით და ამ პირობებზე თანხმობის განცხადებით, სესხის განაცხადში მითითებული თანხის მიღებით მხარეებს შორის წერილობითი ფორმის დაცვით დაიდო სესხის ხელშეკრულება. სესხის განსაკუთრებული პირობების და სესხის სტანდარტული პირობებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დარიცხვა სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.
ამდენად, მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ერთჯერადი ჯარიმით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 2%-ის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ძირითადი თანხის 2% ყოველდღიურად, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 6 ლარს. ვადის გადაცილების პერიოდია 2015 წლის 19 აპრილიდან 2017 წლის 25 ოქტომბრამდე, თითქმის 2 წლისა და 6 თვის ვადა.
მართალია, მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ შეასრულა, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის დავალიანების ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არაგონივრულად მაღალია. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხის მოთხოვნით ოთხჯერ გადავადდა სესხის დაბრუნების ვადა, რისთვისაც მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა გადავადების საკომისიო 91,96 ლარი.
პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია სესხის გადაუხდელი ნაწილის ტოლი თანხა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, ვიდრე კრედიტორის შესაძლო ზიანის პრევენციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობაში იგულისხმება ისეთი თანხის დაკისრება, რაც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოვალეს და არ გაართულებს ვალდებულების შესრულებას.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ გადაუხდელი სესხის თანხა არ არის მაღალი ოდენობის თანხა, ვალდებულება 2 წელზე მეტი დროის მანძილზე არ შესრულებულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ვალდებულების შეუსრულებლობის, სადაო თანხის მცირე მოცულობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 100 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 300 ლარის, სარგებლის 61,96 ლარის და პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა, საერთო ჯამში 461.96 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნის 70%, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სახელმწიფო ბაჟის 73%, რაც არის 35 ლარი. დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო 300 ლარის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 65%. ასანაზღაურებელი სახელმწიოფ ბაჟის 35 ლარის 65% არის 22.75 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 12,25 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულების 661,96 ლარის 4%-ია 26,47 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 100 ლარის დაკისრებას, რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 26,47 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ქ----------------------იას“ სარჩელი;
1.1. თ----- ა---–---–ს დაეკისროს შპს „ქ----------------------იასათვის“ 461,96 ლარის გადახდა;
2. შპს „ქ----------------------იას“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 8 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 26,47 ლარი (საგადახდო დავალება N103) თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე- სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
3. თ----- ა---–---–ს დაეკისროს შპს „ქ----------------------იასათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 12,25 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღურებლად 26,47 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი