განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2018
საქმის ნომერი
080100117002160329
დავის ტიპი
126 1
თარიღი
26.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/838-17 წ.

გამოძიების N069010917001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი----- მ–----

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ-----–---- კ------

 

ბრალდებული - ნ----- გ-------;

პირადი N53001046707

მამის სახელი: ნ-----–----ი

დაბადებული: 29.12.1973 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლეობა: არმქონე;

რეგისტრირებული: წყალტუბო, სოფ. მ-------

ფაქტიურად მცხოვრები: წყალტუბო, სოფ. უ-------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდებულმა ნ----- გ-------მ, ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

წყალტუბოს რაიონის სოფელ უკანეთში, 2017 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 09 საათზე, ნ----- გ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ------- ს------ს, კერძოდ, ჯოხი დაარტყა გვერდისა და ფეხის არეში, აღნიშნულის შედეგად ნ------- ს------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნ----- გ-------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველია, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ------- ს------მ განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს წყალტუბოს რაიონი სოფელ უკანეთში და წლების განმავლობაში აქვს კონფლიქტი მის მეზობლად მცხოვრებ ნ----- გ-------სთან. შემთხვევის წინა დღეს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც ესმოდა მისი მისამართით ნ----- გ-------ს ლანძღვა- გინება, უწოდებდა მას ქურდს და ამბობდა, თუ სად წაიყვანა მისი ძროხა. აღნიშნულის გამო მივიდა მის მეზობლად მცხოვრებ კარლო რუხაძესთან და სთხოვა დახმარებოდა მას დაერწმუნებინა ნ----- გ-------, რომ მას მისი ძროხა არ მოუპარავს. რის გამოც, კარლო რუხაძე მივიდა ნ----- გ-------სთან. ნ----- გ-------ს ძროხის დაკარგვის ფაქტზე სოფელში მისული იყო პოლიცია, რომელთაც განუცხადა, რომ ნ----- გ------- აბრალებდა მას ძროხის ქურდობას. შემთხვევის დღეს, დილის საათებში, სახლიდან გაიყვანა მისი კუთვნილი საქონელი, როდესაც გაიარა ნ----- გ-------ს ჭიშკართან დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ხის ,,რეიკით“ იდგა მისი სახლის შესასვლელ ჭიშკართან. მოწმის განმარტებით, მან უხმოდ წაიყვანა საქონელი და როდესაც უკან ბრუნდებოდა დაინახა, რომ ნ----- გ------- ისევ თავის ჭიშკართან იდგა ხის ,,რეიკით“, როდესაც მიუახლოვდა ნ----- გ------- მივარდა მას და მოულოდნელად ხის ,,რეიკით“ დაუწყო ცემა მას, ორჯერ დაარტყა ფეხის არეში, ასევე წელზე, რა დროსაც, ხის ,,რეიკა“ გადატყდა. ამ დროს ნ----- გ-------ს ხის ,,რეიკა“ ხელიდან წაართვა მეზობელმა ა----- ხ---–--ემ. მოწმის განმარტებით, როდესაც მას ნ----- გ------- სცემდა მას სიტყვა არ შეუბრუნებია მისთვის, მართალია მისკენ ხელით წაიწია, მაგრამ ნ----- გ-------ს არ შეხებია და ისევ დაწია ხელი დაბლა. ამ დროს ნ----- გ------- მას სიტყვიერადაც ლანძღავდა, უწოდებდა ქურდს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. იგი გახდა ცუდად და დაურეკა თავის მეზობელს. მას სხეულზე აღენიშნება ნ----- გ-------ს მიერ მიყენებული ,,ჩალურჯებები“ და დაზიანებები. მის სანახავად მივიდნენ მისი ნათესავები, მეზობლები, ასევე მისული იყო პოლიციაც. გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც გასინჯეს და გაუკეთეს ნემსი. ექიმები მასთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დარჩნენ. მოწმის განმარტებით, ნ----- გ-------ს დაკარგული ძროხა იმ დღესვე იქნა ნაპოვნი პოლიციის თანამშრომლების მიერ. ადასტურებს, რომ დაახლოებით 23 წლის წინ ნ----- გ-------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დედას. მათი კონფლიქტის მიზეზი გამოწვეული იყო მის ეზოში დანთებული ცეცხლის შედეგად წარმოქმნილი კვამლის გამო, რომელიც გადადიოდა ნ----- გ-------ს ეზოში, რაც ამ უკანასკნელს არ მოსწონდა. განმარტავს, რომ ნ----- გ------- ამ ფაქტამდე ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქუჩაში არ უშვებდა, ესროდა ქვებს. მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ მიიტანა ნ----- გ-------მ ეჭვი მასზე დაკარგული საქონლის მოპარვაში. მოწმის განმარტებით, მას კონფლიქტის დროს ხელში ჯოხი არ ქონია. ა----- ხ---–--ის მიერ ნ----- გ-------ს ხელში არსებული ხის ,,რეიკის“ გადაგდების შემდეგ, ნ----- გ------- გაჰყვა მას უკან და უძახოდა ,,უნდა მოგკლაო“ ასევე, მის ხელთ არსებული ტელეფონით უღებდა მას სურათებს.

 

მოწმე გულთამზე ცირეკიძემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ არის ნ------- ს-----ის და ბრალდებულ ნ----- გ-------ს მეზობელი. ნ----- გ-------ს მეუღლე არის მისი შვილის ნათლია. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 1 სექტემბერს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, მას ტელეფონით დაუკავშირდა ნ------- ს------ და აცნობა, რომ იყო ცუდად, რადგანაც ნ----- გ-------მ ხის ,,რეიკით“ სცემა იგი. მოწმის განმარტებით, როდესაც მივიდა ნ------- ს-----ის სახლში, ნახა, რომ ეს უკანასკნელი იწვა საწოლში და ფეხები ქონდა ,,დალურჯებული“, ასევე, თირკმელებთან აღენიშნებოდა ,,ჩალურჯებები“, ჩანდა, რომ იგი ნამდვილად გალახული იყო. იმის გამო, რომ ნ------- ს-----ის სხეულზე იმატებდა სილურჯეები და სტკიოდა წელი საჭიროდ ჩათვალეს დაერეკათ სასწრაფო სამედიცნო დახმარებისთვის. სასწრაფო დახმარების ექიმებმა გასინჯეს ნ------- ს------ და გაუკეთეს მას ნემსი. ნ-------მ იქვე განუმარტა მათ, რომ ნ----- გ------- აბრალებდა მას ძროხის ქურდობას, რის გამოც, სცემა იგი. რადგანაც ნ------- ს------ იყო შეშინებული, მან გაამხნევა იგი და ამის შემდეგ წავიდა სახლში. მოწმის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ ნ------- ს------სა და ნ----- გ-------ს შორის ადრეც ჰქონდა კონფლიქტს ადგილი. ამ ფაქტის შემდეგ ნ----- გ------- რატომღაც თავს არიდებს მას და არ პასუხობს მის შეკითხვებზე. როგორც მისთვის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან გახდა ცნობილი ნ----- გ-------ს ძროხა ნაპოვნი იქნა იმავე დღეს, დილის 8 საათზე.

 

მოწმე ა----- ხ---–--ის განმარტებით, შემთხვევის დღეს, 2017 წლის 1 სექტემბერს, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, ქუჩიდან გაიგონა ყვირილის ხმა. როდესაც გადავიდა ეზოდან, დაინახა, რომ ნ------- ს------ იდგა თავის ჭიშკართან და საშველად უხმობდა პოლიციას. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია. მას ესმოდა ნ----- გ-------ს და ნ------- ს-----ის სიტყვები რომლებიც ერთმანეთს ლანძღავდნენ. ამ ორ მეზობელს შორის ყოველთვის იყო კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, მას რაიმე სახის ხის ,,რეიკა“ არ დაუნახავს. ის უბრალოდ შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ნ----- გ------- და ნ------- ს------ ერთმანეთს სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ.

 

მოწმე ა------ რ-----ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, ტელეფონით შეატყობინეს, რომ მისი და ნ------- ს------ იყო ცუდად. როდესაც მივიდა მისი დის სახლში, ნახა, რომ მის დას ნ------- ს------ს ფეხებზე ჰქონდა ,,ჩალურჯებები“ და ამბობდა ნ----- გ-------მ დამარტყა ხის ,,რეიკაო“. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა. სასწრაფოს ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი დის გაჩერება სახლში არ შეიძლებოდა და იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. განმარტავს, რომ მისი დის განმარტებით, ნ----- გ------- აბრალებდა მას ძროხის ქურდობას და ამიტომ სცემა იგი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ----- გ-------ს დაკარგული ძროხა იმ დღესვე დილით უნახავთ. როგორც მისთვის გახდა ცნობილი კონფლიქტის მიზეზი ყოფილა ის, რომ მის დას ცეცხლი დაუნთია ეზოში და კვამლი გადასულა ნ----- გ-------ს მხარეს, რის გამოც, მოსვლიათ კამათი. მოწმის განმარტებით, საავადმყოფოში მყოფი მისი და ნ------- ს------ ამბობდა, რომ ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ქონდა ტკივილები.

 

მოწმე ქ----- ც--–--ემ აჩვენა, რომ ნ------- ს------ არის მისი და ხოლო, ნ----- გ------- კი მისი დის მეზობელია. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 1 სექტემბერს, დილის საათებში მას დაუკავშირდნენ ტელეფონით და აცნობეს, რომ მისი და იყო ცუდად. როდესაც მივიდა მისი დის ნ-------ს ს-----ის სახლში ეს უკანასკნელი ტიროდა, ხოლო, ნ------- ს-----ის შვილი და რძალი სადღაც იყვნენ წასულები. მან ნახა, რომ მის დას დალურჯებული ქონდა ფეხები და წელის არე. გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ასევე პოლიციაც. იქვე მყოფი მისი და ნ------- ს------ ამბობდა, რომ ნ----- გ-------მ გამლახა ,,კეტითო“, რადგანაც აბრალებდა საქონლის ქურდობას. მის დას სტკიოდა დაზიანების ადგილები და შესამჩნევად ჩალურჯებული ქონდა ფეხები და წელის არე. ადასტურებს, რომ ნ------- ს------სა და ნ----- გ-------ს ადრეც ჰქონდათ კონფლიქტი. იმის გამო, რომ მისი დის ეზოდან კვამლი გადასულა ნ----- გ-------ს ეზოში, ამ უკანასკნელმა ადრე მის დედას 82 წლის მოხუცს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა ვ------- ა------ემ განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გასული იყო წყალტუბოს რაიონი სოფელ უკანეთში მომხდარ ცემის ფაქტზე. სადაც შემთხვევის ადგილზე თავის საცხოვრებელ სახლში დახვდათ ნ------- ს------, რომელმაც განუცხადა მათ, რომ სცემა მეზობელმა ნ----- გ-------მ. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები, ასევე გამოკითხული იქნა ნ----- გ-------, რომელმაც აღიარა ნ------- ს-----ის ცემის ფაქტი. ნ----- გ-------ს წარუდგინა ბრალი. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა იქ უკვე მისულები დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. ხოლო დაზარალებული ნ------- ს------ იწვა თავის საცხოვრებელ სახლში. იქვე შეკრებილი იყვნენ მეზობლებიც. გამოკითხვა მის მიერ ნაწარმოები იქნა პოლიციის განყოფილებაში. იმ დღესვე დაკითხა დაზარალებული ნ------- ს------ც, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ხის ,,რეიკით“ სცემა ნ----- გ-------მ. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია. იქვე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ------- ს------სა და ნ----- გ-------ს შორის დიდი ხნის მანძილზე ადგილი ჰქონდა კონფლიქტს.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა:

 

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დაკითხოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ნ----- გ-------მ, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაახლოებით 27 წელიწადია, რაც კონფლიქტი აქვს მის მეზობლად მცხოვრებ ნ------- ს------სთან, რომელიც მას თითქმის ყოველდღიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, წყევლის მას და მის ოჯახს. შემთხვევის წინა დღეს დაეკარგა ძროხა, რის გამოც, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები წავიდნენ ძროხის საძებნელად სხვადასხვა მიმართულებით. შემთხვევის დღეს მარტო იმყოფებოდა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც, მისი ეზოს ჭიშკართან ნ------- ს------მ ჩამოატარა ძროხები და დაინახა იგი დაუწყო მას წყევლა. როდესაც ნ------- ს------ უკან ბრუნდებოდა, იგი იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. ნ------- ს------მ ისევ დაუწყო მას წყევლა და მოუქნია მის ხელით არსებული ძროხის გასადენი ჯოხი, ადასტურებს, რომ წაართვა მას ჯოხი და დაარტყა. განმარტავს, რომ წლების წინ ნ------- ს------ ანთებდა თავის ეზოში ცეცხლს, როდესაც ქარის მიმართულება იყო მისი ავადმყოფი დედის საცხოვრებელი ოთახის ფანჯრების მიმართულებით. რასაც მოჰყვა კონფლიქტი და ამის გამო მის დედას, რომელიც გასული ყოფილა ეზოში ცეცხლის ჩასაქრობად ნ------- ს------მ თავი გაუტეხა. მოწმის სახით დაკითხული ბრალდებული არ უარყოფს, რომ ნ------- ს------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ორჯერ თუ სამჯერ დაარტყა მას ჯოხი, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ აღნიშნული აიძულა ნ------- ს------მ, რადგანაც თავდაცვის მიზნით წაართვა ამ უკანასკნელს ჯოხი და ამ ჯოხით მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. მისთვის უცნობია სხეულის რა ადგილებში მოხვდა მის მიერ მოქნეული ჯოხი ნ------- ს------ს. ეს ჯოხი იყო პატარა და მას ხელში არ სჭერია ექვსმეტრიანი ხის ,,რეიკა“ როგორც ამას ნ------- ს------ მიუთითებს. განმარტავს, რომ იგი არის ავად, აქვს წელის ტკივილები და ექვსმეტრიან ხის ,,რეიკას“ იგი ვერ გამოიყენებდა. ამის შემდეგ ნ------- ს------მ ატეხა კივილი მისი მისამართით წყევლა-კრულვა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. იმ დღეს ნ------- ს------, ასევე, ეჩხუბა მის მეზობელს ა----- ხ---–--ეს და შემდეგ მუშაობდა თავის ეზოში, რაც მოწმის განმარტებით, იმაზე მიუთითებს, რომ ნ------- ს------ს მისი მხრიდან რაიმე დაზიანება არ მიუღია. ითხოვს, რომ ნ------- ს------მ თავი დაანებოს მისი მისამართით წყევლას. ითხოვს გამართლებას.

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

 

საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წარმოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებსა და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულების მიერ, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მათ შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #005114517 დასკვნით, 01.09.2017წ. 20:45-21:00 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ------- ს------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დასკვნის თანახმად, ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (სს საქმე ს.ფ. 15-16) .

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

დაზარალებულმა ნ------- ს------მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს დილის საათებში, სახლიდან გაიყვანა მისი კუთვნილი საქონელი, როდესაც მიდიოდა ნ----- გ-------ს ჭიშკართან დაინახა, რომ ეს უკანასკნელი ხის ,,რეიკით“ იდგა მისი სახლის შესასვლელ ჭიშკართან. დაზარალებულის განმარტებით, მან უხმოდ წაიყვანა საქონელი და დაბრუნდა უკან, მის ჭიშკართან ისევ იდგა ნ----- გ-------, რომელიც მივარდა მას და მოულოდნელად მის ხელთ არსებული ხის ,,რეიკით“ დაუწყო ცემა. ორჯერ დაარტყა ფეხის არეში, ასევე წელზე, რა დროსაც, ხის ,,რეიკა“ გადატყდა. ამ დროს ნ----- გ-------ს ხის ,,რეიკა“ ხელიდან წაართვა მეზობელმა ა----- ხ---–--ემ. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც მას ნ----- გ------- სცემდა, სიტყვა არ შეუბრუნებია მისთვის. მართალია მისკენ ხელით წაიწია, მაგრამ ნ----- გ-------ს არ შეხებია და ისევ დაწია ხელი დაბლა. ამ დროს ნ----- გ------- მას სიტყვიერადაც ლანძღავდა, უწოდებდა ქურდს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. იგი გახდა ცუდად და დაურეკა თავის მეზობელს. მას სხეულზე აღენიშნება ნ----- გ-------ს მიერ მიყენებული ,,ჩალურჯებები” და დაზიანებები.

 

დაზარალებულ ნ------- ს-----ის მიერ თავის ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები და კონფლიქტის შედეგად მიღებული მის სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობის ფაქტი, დადასტურებულია, მის მიმართ, ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც, მითითებულია, რომ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები (სისხლნაჟღენთების სახით) განვითარებულნი არიან, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯამრთელობის მოუშლელად და დასკვნის თანახმად, მათი ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია ერთობლიობაში შეფასდეს, როგორც საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები ასევე, თავად ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებიც. სადაც ბრალდებული ნ----- გ------- მიუთითებს, რომ შემთხვევის მომენტში იგი იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, რა დროსაც, მას წყევლით მიუახლოვდა დაზარალებული ნ------- ს------ და მოუქნია მის ხელთ არსებული ჯოხი, რომელიც ბრალდებულის ჩვენების თანახმად, წაართვა ამ უკანასკნელს და სწორედ ამ ჯოხის გამოყენებით თავდასხმის მოგერიების მიზნით ორჯერ თუ სამჯერ განახორციელა დარტყმა დაზარალებულზე და მიუთითა, რომ ამ ქმედების განხორციელების დროს მის მიზანს წარმოადგენდა თავი დაეცვა დაზარალებულის თავდასხმისაგან.

 

სასამართლო ბრალდებულის ჩვენებაში მითითებული ამ გარემოებების შეფასების მიზნით განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან მოგერიების უფლება პირს მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, როდესაც ხელყოფა ამწუთიერია და იგი რეალურ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სიკეთეს დროის უმცირეს მონაკვეთში და არა მომავალში. ამასთან, ამ შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს, რომ ამგვარი ხელყოფა დასრულებული არ იყოს, ანუ თავდამსხმელის ქმედება უკვე აღკვეთილი არ უნდა იყოს თუნდაც მომგერიებლის დროული ქმედებით. ბრალდებულის განმარტების თანახმად, დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა იმის შემდგომ, როცა ამ უკანასკნელს წაართვა ჯოხი. რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისაგან მომდინარე საფრთხე უკვე აღკვეთილი იყო თავად ბრალდებულის მხრიდან იმ მომენტიდან როცა ჯოხი წაართვა ამ უკანასკნელს და ამის შემდგომ, თავად ბრალდებულმა (მისივე ჩვენების თანახმად) ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა დაზარალებულს. ბრალდებულის ჩვენებაში გადმოცემული ეს გარემოებები არსებითად ეწინააღმდეგებიან თავად მის მიერ მითითებულ აუცილებელი მოგერიებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს და ასევე, საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სადაც დაზარალებულმა ნ------- ს------მ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ ბრალდებულმა ნ----- გ-------მ, მის ხელთა არსებული ხის ,,რეიკით“ სრულიად უმიზეზოდ სცემა იგი და მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში. რაც დადასტურებულია დაზარალებულ ნ------- ს-----ის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სადაც ადასტურებენ, რომ თავის საცხოვრებელ სახლში ნახეს ნაცემი დაზარალებული, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რის გამოც, იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში სამკურნალოდ.

 

ამდენად, მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ნ------- ს-----ის, მოწმეების გულთამზე ცირეკიძის, ა----- ხ---–--ის, ა------ რ-----ის, ქ----- ც--–--ის და ვ------- ა------ის ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სამედიცინო ექსპერტიზის N005114517, დასკვნით, სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ნ----- გ-------მ ჩაიდინა ცემა, რამაც, დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან, სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ნ----- გ-------ს მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მის მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, იგი გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, იგი გულისხმობს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, რა დროსაც, აუცილებელია დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურდეს ან შეგნებულად უშვებდეს ფიზიკური ტკივილის მიყენებას სხვა პირის მიმართ.

 

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ნ----- გ-------ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მთლიანად შეიცავს დანაშაულის ამ შემადგენლობისათვის საჭირო ყველა ნიშანს, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რადგანაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ბრალდებული თავს იცავდა და იგერიებდა დაზარალებულს. ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რის გამოც, ბრალდებულ ნ----- გ-------ს, მსჯავრი უნდა დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მრავალი საერთაშორისო აქტით, მათ შორის საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9, მე-14 მუხლებით) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5, მე-6) ევროპული კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის (47-ე მუხლით) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი), რაც მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლიანი სასჯელი განსაზღვრა და სხვა საკითხები, რომლებიც უკავშირდება კანონიერების პრინციპს და რომლის თანახმადაც, ყოველი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს და ყოველი სასჯელი, ან ზემოქმედების სხვა სახე, რომელსაც სასამართლო გამოიყენებს, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კანონში, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ჩადენის დროს, რაც, კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი გამოყენებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი კანონი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებით, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ნ----- გ-------ს ქმედება შეფასებული უნდა იქნეს ცემად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, მისი ქმედება სრულად მოიცავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

 

პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ნ----- გ-------ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ბრალდებულების მიმართ, სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც ჩადენილი ქმედების მოტივსა და მიზანს, მის ძალადობრივ ხასიათს, ასევე, მისი განხორციელების სახესა და ხერხს, ქმედების შინაარს და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა არსებობის გამო ბრალდებულების მიერ ჩადენილი იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

ამასთან, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარს, ბრალდებულების პიროვნებას და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლოა ბრალდებულმა ნ----- გ-------მ გააცნობიეროს, მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, თუ ბრალდებულ ნ----- გ-------ს მიმართ, სასამართლო სასჯელის სახით გამოიყენებს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმას, რადგანაც, ჯარიმა თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ნ----- გ-------ს მიმართებით, კერძო და ზოგადი პრევენციის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.

 

ჯარიმის ოდენობას, სასამართლო განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაული სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, ბრალდებულის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არსად არ მუშაობს, ზრდის მცირეწლოვან შვილიშვილს, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ----- გ-------ს მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის--ჯარიმის მინიმალური ოდენობა 500 ლარი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სრულად შეესაბამება, ბრალდებულის მიერ, განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმეს და ამ უკანასკნელის მატერიალურ შესაძლებლობებს, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებული ნ----- გ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. ნ----- გ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს.

 

3. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე