გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
160210117002109729
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210117002109729

N2/935-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - ნა---------–----------–---–ი

მოპასუხეები: ნო--------------–---–ი, თე--------------------–---–ი

დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნა---------–----------–---–ის კუთვნილი ნივთების: ,,კონკას“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორის, დივნის, სავარძლისა და ორ ადგილიანი ყავისფერი ტყავის სავარძლის, შუშის მაგიდის, ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანის, ,,პრაიმის“ ფირმის მაცივრის, ,,ვაგნერის“ ფირმის ვერცხლისფერი გაზქურისა და ,,ლჯ“-ის ფირმის პროცესორის ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 30 აგვისტოს, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში მდებარე ბო-–-----------------------–-------------ი, რომლის მესაკუთრეც არის მოსარჩელის შვილი შო------------–---–-, მოახდინა ქონების აღწერა და დაყადაღება. როგორც აღმოჩნდა მოსარჩელის მამამთილს ნო--------------–---–ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით, თე--------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2156,35 ლარის გადახდა. მოსარჩელის მითითებით, მისი მამამთილი ცხოვრობს მათთან ერთად და აღმასრულებელი მივიდა მის საცხოვრებელ მისამართზე და აღწერეს და დააყადაღეს მოსარჩელის კუთვნილი ნივთები, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიძინა მოსარჩელემ განვადებით.

 

2017 წლის 27 სექტემბერს, მოსარჩელემ მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს განცხადებით და 2017 წლის 28 სექტემბერს ეცნობა, რომ დაყადაღებულ მოძრავ ქონებაზე აუქციონი არ არის გამოცხადებული (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).

 

2.1. მოპასუხე ნო--------------–---–ის პოზიცია

 

მოპასუხე ნო--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო (იხ. შესაგებელი ს.ფ. 71-78).

 

2.2. მოპასუხე თე--------------------–---–ის პოზიცია

 

მოპასუხე თე--------------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2018 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თე--------------------–---–მა არ ცნო ნა---------–----------–---–ის სარჩელი (იხ. 15.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით ნო--------------–---–ს თე--------------------–---–ის სასარგებლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 2156,35 ლარის გადახდა.

 

ქვემო ქართლის სააღსრულებო სააღსრულებო ბიურო, სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, 2016 წლის 27 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-58);

- აქტი (ს.ფ. 18-19);

 

3.1.2. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალე არის ნო--------------–---–ი, ხოლო კრედიტორი თე--------------------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 50-58);

- აქტი (ს.ფ. 18-19);

 

3.1.3. მოსარჩელე ნა---------–----------–---–ი არის მოპასუხე ნო--------------–---–ის რძალი, მოპასუხის შვილის ილია გობეჯიშვილის მეუღლე, ხოლო სახლი სადაც განთავსებულია დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოსარჩელის შვილის შო------------–---–-ს საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44-45);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 38).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის თანახმად, აღწერილი იქნა და დაყადაღდა ბოლნისის რაიონი, სოფელ რაჭისუბანში მდებარე შემდეგი ნივთები: ,,კონკას“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, დივანი, სავარძელი და ორ ადგილიანი ყავისფერი ტყავის სავარძელი, შუშის მაგიდა, ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, ,,პრაიმის“ ფირმის მაცივარი, ,,ვაგნერის“ ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა და ,,ლჯ“-ის ფირმის პროცესორი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აქტი (ს.ფ. 18-19);

 

3.2.2. 2017 წლის 30 აგვისტოს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში ჩამოთვლილ ნივთებზე აუქციონი დანიშნული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 სექტემბრის მიმართვა (ს.ფ. 59);

 

3.2.3. დაყადაღებული ნივთები: ,,კონკას“ ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, დივანი, სავარძელი და ორ ადგილიანი ყავისფერი ტყავის სავარძელი, შუშის მაგიდა, ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, ,,პრაიმის“ ფირმის მაცივარი, ,,ვაგნერის“ ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა და ,,ლჯ“-ის ფირმის პროცესორი წარმოადგენს მოსარჩელე ნა---------–----------–---–ის საკუთრებას. აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ ნივთების შეძენის ფაქტი.

 

მოპასუხე თე--------------------–---–ი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას, თუმცა მას რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენდა მოვალე ნო--------------–---–ისა და არა მოსარჩელე ნა---------–----------–---–ის საკუთრებას, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურება, ხოლო მოპასუხე თე--------------------–---–მა ვერ შეძლო საწინააღმდეგოს დადასტურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 15.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ქვითარი, საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 20-31);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 32-35).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა---------–----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 151-ე, 158-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართულია ორი მოპასუხის წინააღმდეგ, რომლებიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ორივე მათგანის თანხვედრი ნების გამოვლენაა საჭირო. შესაბამისად, მხოლოდ ერთის, განსახილველ შემთხვევაში, ნო--------------–---–ის მიერ სარჩელის ცნობას, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

დადგენილია, რომ ქონება სადაც აღიწერა მოძრავი ნივთები არ არის მოვალის ნო--------------–---–ის საკუთრება. საწინააღმდეგო შედავება მოპასუხე თე--------------------–---–ს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საკუთვნებელია მოძრავი ნივთი, რომელიც სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან, არ წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს, მაგრამ, განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და კავშირშია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სადაც აღიწერა და დაყადაღდა სადავო ნივთები მოპასუხის სახელზე აღრიცხული არ არის და იქ წლებია ცხოვრობს მოსარჩელე, ხოლო მოპასუხე ნო--------------–---–ი აღნიშნულ სახლში ცხოვრობს დაახლოებით 12 წელია. შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ სახლში განთავსებული ნივთების მესაკუთრეები და მფლობელები არიან სწორედ აღნიშნული პირები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნა---------–----------–---–მა დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლო დაედასტურებინა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების არსებობა. ამდენად, ნა---------–----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე თე--------------------–---–მა მართალია, საწინააღმდეგოზე მიუთითა, მაგრამ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მას ეკისრებოდა, რისი რეალიზებაც მან ვერ შეძლო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნო--------------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო მოსარჩელე ნა---------–----------–---–ის სარჩელი, რის გამოც, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჯის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

მოსარჩელე ნა---------–----------–---–ის მიერ მის სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 119 ლარი. მოსარჩელეს მისი მოთხოვნის შესაბამისად (სარჩელის ფასი: 3657 ლარი) სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 109,71 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 9,29 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე თე--------------------–---–ს მოსარჩელე ნა---------–----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 109,71 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ნა---------–----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ ეტაპზე არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნა---------–----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მი----–---------–---–ის მიერ 2017 წლის 30 აგვისტოს აქტით დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ,,კონკას“ ფირმის შავი ფერის თხევად-კრისტალური ტელევიზორი, დივანი, სავარძელი და ორ ადგილიანი ყავისფერი ტყავის სავარძელი, შუშის მაგიდა, თეთრი ფერის ,,ვესტელის“ ფირმის სარეცხი მანქანა, ,,პრაიმის“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, ,,ვაგნერის“ ფირმის ვერცხლისფერი გაზქურა და ,,ლჯ“-ის ფირმის პროცესორი.

 

3. მოპასუხე თე--------------------–---–ს მოსარჩელე ნა---------–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 159,71 ლარის ოდენობით.

 

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე