გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
160210017002182632
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210017002182632

N 2/1128-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,A-----a”

წარმომადგენელი - გო----------------–---–ი

მოპასუხე - ლა---------------ე

წარმომადგენელი - ემ------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ლა---------------ისათვის მოსარჩელე შპს ,,A-----a”-ს სასარგებლოდ 2224 ლარი გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2016 წლის 30 აგვისტოს, შპს ,,A-----a”-სა და ლა---------------ეს შორის დაიდო B22,5 (M300) მარკის ბეტონის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,A-----a”’-ს 2016 წლის 31 აგვისტოს საკუთარი ავტომანქანებით ლა---------------ისათვის უნდა მიეწოდებინა მშენებლობისათვის საჭირო ოდენობის B22,5 (M300) მარკის 14,5 კუბური მეტრი მზა ბეტონი, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2030 ლარი. შპს ,,A-----a”-ს მიერ სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხეს გადაეცა სულ 2030 ლარის ღირებულების ბეტონი, მოპასუხემ კი არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ გადაუხადა თანხა.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მას მიადგა ზიანი, ვერ გააფართოვა წარმოება, ვერ მიიღო შემოსავალი, კერძოდ მიღებული თანხის კომერციულ ბანკში განთავსებით მიიღებდა ყოველწლიურ სარგებელს 8%-ის ოდენობით. 2016 წლის 31 აგვისტოდან დღემდე გავიდა 1 წელი და 2 თვე და მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 194 ლარს (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას ბეტონი ესაჭიროებოდა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მშენებლობისათვის მოპასუხეს დაქირავებული ჰყავს მშენებელი პა--–-----------ე. 2016 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ მას მიაწოდა 13 კუბური მეტრი მზა ბეტონი. ბეტონის მიწოდების შემდეგ მშენებელმა პა--–-----------ემ აღმოაჩინა, რომ ბეტონი იყო უჩვეულო ფერის, რაც მიანიშნებდა, რომ იგი არ იყო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული 300 მარკიანი ბეტონი. აღნიშნულის შესახებ მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, მან ადგილზე ნახა ბეტონი და თვითონვე გაუკვირდა ბეტონის ფერი, თუმცა აღნიშნა, რომ ბეტონი სხვისგან წამოიღო. მოპასუხის განმარტებით, მან ბოლოს მიწოდებული 13 კუბური მეტრი ბეტონის ფული არ მისცა, რადგან ცუდი ხარისხის ბეტონი მიაწოდა. მოპასუხემ მიიყვანა სპეციალისტი და შეამოწმებინა ბეტონი და დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცე შეადგენდა 220 მარკას და აღნიშნული ბეტონი ასეთი კონსტრუქციისათვის იყო მიზანშეუწონელი. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ უნდა დაეკისროს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება (იხ. შესაგებელი ს.ფ. 47-55).

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ 980 ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ აღნიშნული თანხის ბეტონი გამოყენებული იქნა აუზის ჩასასხმელად და იგი შეესაბამება შესაბამის ხარისხს. მოპასუხე მხარის მითითებით, 840 ლარის დაკისრების ნაწილში არ ცნობს სარჩელს, რადგან აღნიშნული თანხის ბეტონი არ იყო შესაბამისი ხარისხის, ხოლო 210 ლარის ღირებულების ბეტონი საერთოდ არ მიუწოდებია მოსარჩელეს (იხ. 21.02.2018 წლის, 13.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 30 აგვისტოს შპს ,,A-----a”-სა და ლა---------------ეს შორის დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,A-----a”-მ იკისრა ვალდებულება ლა---------------ისათვის B22.5 (M-300 ხარისხის) ბეტონის მიწოდების შესახებ მყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად. ხელშეკრულების მიხედვით 1 მ3 ბეტონის, B22.5 (M-300) ღირებულება განისაზღვრა 140 ლარით. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება ბეტონის მიწოდების შესახებ მისივე სატრანსპორტო საშუალებით. მიწოდების ადგილად განისაზღვრა ქ. ბოლნისი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 24-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 13.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მიწოდებული საქონლის ფასის გადახდა უნდა განხორციელებულიყო საქონლის მიწოდებისთანავე. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია ბეტონის ღირებულების საფასური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 13.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,A-----a”-მ ლა---------------ეს 2016 წლის 31 აგვისტოს მიაწოდა 14,5მ3 ბეტონი, სულ 2030 ლარის ღირებულების. აღნიშნული თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია. მოპასუხემ სადავოდ გახადა მიწოდებული საქონლის რაოდენობა და მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სულ 13მ3 ბეტონი, ხოლო 1.5მ3 მას არ მიუწოდებია. მოსარჩელე არ დაეთანხმა აღნიშნულ განმარტებას და მიუთითა, რომ მან სრულად მიაწოდა 14,5მ3 ბეტონი.

 

საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 1.5მ3, 3.0მ3 და 10მ3 რაოდენობის ბეტონი, ჯამში 14,5მ3. მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებით და რაიმე მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 24-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 13.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ შპს ,,A-----a”-ს მიერ მიწოდებულ ბეტონს ლა---------------ე მოიხმარდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 13.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოპასუხემ სადავოდ გახადა მიწოდებული ბეტონიდან 840 ლარის ღირებულების ბეტონის ხარისხი და მიუთითა, რომ მიწოდებული ბეტონი არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებულ ხარისხს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა მშენებლის პა--–-----------ის ახსნა-განმარტებაზე; ასევე მის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი შეკითხვა: დადგენილიყო ქ. ბოლნისში, რკინიგზის დასახლებაში მშენებარე ლა---------------ის კუთვნილი სახლის მე-2 სართულის სვეტებისა და ეზოში განთავსებული აუზის კედლების ბეტონის მარკა. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ არამღრვევი მეთოდით გამოკვლეული კონსტრუქციული ელემენტების, კერძოდ სვეტების საშუალო სიმტკიცე კუმშვაზე არის 259 კგძ/სმ 2, მარკა M250, რაც შეესაბამება ბეტონის B20 კლასს. აუზის კედლის სიმტკიცე კუმშვაზე არის 308 კგძ/სმ 2, მარკა M300, ბეტონის კლასი B22,5. ექსპერტიზა ჩატარებული იქნა 2017 წლის 18 დეკემბერს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ დასკვნას და მიუთითებს, რომ მსგავსი ტიპის დავებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებას და იმ გარემოების დადგენას ბეტონი მიწოდების მომენტშივე იყო უხარისხო, თუ მისი მარკიანობის დარღვევა გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, რაზეც გამყიდველმა პასუხი არ უნდა აგოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ მის მიერ მიწოდებული ბეტონი მიწოდების მომენტში იყო შეთანხმებული ხარისხის, ხოლო მოგვიანებით, მოპასუხის მიერ გამოყენებული ბეტონიდან აღებული ნიმუშების მიხედვით ჩატარებული ექსპერტიზა ვერ დაადგენდა მიწოდების მომენტში ბეტონის ნაკლს, ვინაიდან, ბეტონის ხარისხი დამოკიდებულია: გამოყენებული მასალის ხარისხზე, მომზადებისა და დაყალიბების პროცესების დაცვაზე. თუ ბეტონის დაყალიბებისა ან მისი მოვლის პროცესში დაირღვა გარკვეული წესები, ბეტონის სიმტკიცე მნიშვნელოვნად იკლებს. ამდენად, მიწოდების მომენტში ბეტონი შეიძლება იყოს ხარისხიანი, მაგრამ დაყალიბებისა და მოვლის პირობების დარღვევის გამო, მოხდეს მისი ხარისხის (მარკიანობის) მნიშვნელოვანი კლება.

 

ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიწოდების მომენტში ბეტონის ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს, ეკისრებოდა მოპასუხეს. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით მოპასუხემ მართალია, მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის დასკვნაზე, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა ბეტონის ხარისხის დადგენა მიწოდების მომენტში და ამდენად, არც დასკვნა შეიცავს ამ საკითხზე მსჯელობას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწვეული ზემოთმითითებული დასკვნის გამცემი ექსპერტის ლე----------------ას ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად არასათანადო დაყალიბებისა და მოვლის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად დაიკლოს ბეტონის მარკამ, კერძოდ ამ შემთხვევაში ბეტონის მარკამ შესაძლოა დაახლოებით 30%-ითაც დაიკლოს. ამდენად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის განმარტებით ირკვევა, რომ ბეტონის ხარისხი, მისი ჩასხმის შემდეგ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს, თუ არ ხდება მისი სათანადოდ დაყალიბება და მოვლა.

 

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული მშენებლის პა--–-----------ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მან ბეტონის ფერის მიხედვით მიიჩნია, რომ არ იყო შესაბამისი ხარისხის, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ბეტონის ხარისხი ვერ დადგინდება მხოლოდ მოწმის ჩვენებით. ის ფაქტი, რომ მიწოდების მომენტშივე ბეტონი არ იყოს შესაბამისი ხარისხის, უნდა დადასტურდეს სპეციალური მტკიცებულებით, რაც მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 316-ე, 361-ე, 477-ე, 186-ე, მე-400, 411-412-ე, 417-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მხარეებმა რეალურად უნდა შეასრულონ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ხოლო იმ მხარეს, რომელსაც საპასუხო შესრულება არ მიუღია, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.

 

მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისას, სადავოობის შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს მყიდველისათვის ქონების გადაცემა, ხოლო მყიდველმა - გამყიდველისთვის შეთანხმებული ფასის ანაზღაურება.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წერილობით ფორმას არ ადგენს. შესაბამისად, მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წრილობითი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ შპს ,,A-----a”-მ მოპასუხე ლა---------------ეს მიაწოდა 2030 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ პროდუქციის მიწოდებით, ხოლო მოპასუხის მიერ მისი მიღებით, მხარეთა შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადასახდელი აქვს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 2030 ლარი. მოპასუხე მიუხედავად მოთხოვნისა, არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად,შპს ,,A-----a”-ს სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და ლა---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2030 ლარის გადახდა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 2030 ლარის ოდენობით უნდა გადაეხადა 2016 წლის 31 აგვისტოს. დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის სახით ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულ პერიოდზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ის თანხა, რასაც მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 2030 ლარის საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში მიიღებდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში. მოსარჩელისათვის სავარაუდო ზიანად სასამართლო მიიჩნევს მოპასუხეთათვის წლიური 8%-ის გადახდევინებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან, 2016 წლის 31 აგვისტოდან - 2017 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვადაგადაცილებულ პერიოდზე ერთჯერადად 194 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,A-----a”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ 980 ლარის დაკისრების ნაწილში, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება (2017 წლის 15 ნოემბრის საგადახდო დავალება), საიდანაც დგინდება, რომ შპს ,,A-----a”-ს მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 88 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 88 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,A-----a”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ლა---------------ეს მოსარჩელე შპს ,,A-----a”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2030 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე ლა---------------ეს მოსარჩელე შპს ,,A-----a”-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 194 ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხე ლა---------------ეს მოსარჩელე შპს ,,A-----a”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 61 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. მოპასუხე ლა---------------ეს მოსარჩელე შპს ,,A-----a”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 88 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

6. მოსარჩელე შპს ,,A-----a”-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს 100 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 39 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი”, ბანკის კოდი: TBCBGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2017 წლის 15 ნოემბრის №1510756849 საგადახდო დავალება).

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე

 

5.