გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210017002221170
N2/1214-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - მა---------–--ე
მოპასუხე - ლე----------–-–---–ი
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.1. მოსარჩელე მა---------–--ესა და მოპასუხე ლე----------–-–---–ს შორის, 2008 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.1.2. მოპასუხე ლე----------–-–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების: 2008 წლის 04 დეკემბერს დაბადებული გი-------------–-–---–ისა და 2011 წლის 05 ივნისს დაბადებული ან-------------–-–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 120-120 ლარის ოდენობით - 2017 წლის 18 დეკემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-12).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2008 წლის 10 ნოემბრიდან, მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 04 დეკემბერს დაბადებული გი-------------–-–---–ი და 2011 წლის 05 ივნისს დაბადებული ან-------------–-–---–ი. 2016 წლის მაისის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე არ ზრუნავს ბავშვებზე და მათი აღზრდა მარტო უწევთ. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი. მოსარჩელის განმარტებით, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია და ითხოვს შესარიგებელი ვადის გარეშე ქორწინების შეწყვეტას (იხ. სარჩელი ს.ფ. 1-12).
2. მოპასუხე ლე----------–-–---–ის პოზიცია
მოპასუხე ლე----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო მა---------–--ის სარჩელი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 44-51).
2018 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლე----------–-–---–მა განმარტა, რომ მას სურს ოჯახის აღდგენა და მეუღლესთან შერიგება. მოპასუხის განმარტებით, იგი არის უმუშევარი და არ აქვს ალიმენტის სახით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 120 ლარის გადახდის საშუალება და თანახმაა ორივე ბავშვის რჩენისათვის მოსარჩელეს ყოველთვიურად გადაუხადოს 100 ლარი (იხ. 21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2008 წლის 20 ნოემბრიდან, მა---------–--ე და ლე----------–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 13);
3.1.1. 2016 წლის მაისის თვიდან, მა---------–--ე და ლე----------–-–---–ი ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. მა---------–--ესა და ლე----------–-–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 04 დეკემბერს დაბადებული გი-------------–-–---–ი და 2011 წლის 05 ივნისს დაბადებული ან-------------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ.14-15);
3.1.3. 2008 წლის 04 დეკემბერს დაბადებული გი-------------–-–---–ი და 2011 წლის 05 ივნისს დაბადებული ან-------------–-–---–ი აღსაზრდელად იმყოფებიან დედასთან მა---------–--ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
3.1.4. მა---------–--ე მუშაობს სს ,,კრ----------ში“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 640 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. კერძოდ, მოპასუხე ლე----------–-–---–მა არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სურს მეუღლესთან შერიგება. მოსარჩელე მა---------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი წინააღმდეგია ლე----------–-–---–თან შერიგებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 21.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2.2. ამჟამად მოპასუხე ლე----------–-–---–ი არის უმუშევარი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მუშაობს და აქვს ყოველთვიური შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოსარჩელის ზემოაღნიშნულ განმარტებას მოპასუხე უარყოფს, მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოსარჩელის განმარტების სისწორისადმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მა---------–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, „ბავშის უფლებათა შესახებ კონვენცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია განქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ შესარიგებელი ვადის დანიშვნა შესაძლებელი და მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ორივე მხარე პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოხატავს ოჯახის შენარჩუნების სურვილს. ვინაიდან, მოსარჩელე კატეგორიულად გამორიცხავს მოპასუხესთან შერიგებას და ამის მიზეზად ასახელებს მხარეებს შორის კონფქლიქტის არსებობას, რის გამოც მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესარიგებელი ვადის მიცემას კონკრეტულ შემთხვევაში შედეგი არ მოჰყვებოდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა---------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მა---------–--ესა და ლე----------–-–---–ს შორის, 2008 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ გააჩნია შემოსავალი.
აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამასთან, ალიმენტის გადახდის ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს 120-120 ლარს თითოეული ბავშვის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მა---------–--ის სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ლე----------–-–---–ს მოსარჩელე მა---------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, მა---------–--ის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 120-120 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ღირებულება შეადგენს 2880 ლარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესით, ამასთან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ 100 ლარის დაკისრების ნაწილში. სარჩელისათვის გადასახდელი ბაჟის ოდენობა კი განისაზღვრება დასახელებული თანხის 1680 (2880-1200) ლარის 3%-ით. აღნიშნული მოთხოვნა გამოდის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი დავა, რის გამოც, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს მა---------–--ესა (პ/ნ 15001017643) და ლე----------–-–---–ს (პ/ნ 15001011593) შორის, 2008 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება, ქორწინების სააქტო ჩანაწერი №24200830---.
3. მოპასუხე ლე----------–-–---–ს არასრულწლოვანი შვილების: 2008 წლის 04 დეკემბერს დაბადებული გი-------------–-–---–ისა და 2011 წლის 05 ივნისს დაბადებული ან-------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 120-120 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 18 დეკემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
4. მოპასუხე ლე----------–-–---–ს მოსარჩელე მა---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხე ლე----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.
მოსამართლე ია ლაბაძე