გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
190210017002132641
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2356-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მარტი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ----------ი"

წარმომადგენელი გელა ღუნწკიძე

მოპასუხე ი---- ს--------–--ე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი---- ს--------–--ისათვის 2290.47 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 14 სექტემბერs სს „თ----------სა“ და ი---- ს--------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 1200 ლარი 2017 წლის 23 აგვისტომდე ვადით. საპროცენტო განაკვეთი გათვალისწინებული არ არის. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებული ყოველ თვის 23 რიცხვში 101.50 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი.

2016 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ გადაიხადა 70 ლარი, რის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. მისი დავალიანებაა 2290.47 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1129.60 ლარი, პირგასამტეხლო 1142.87 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 სექტემბერ სს „თ----------სა“ და ი---- ს--------–--ეს შორის წერილობით ფორმით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სამომხმარებლო კრედიტი 1200 ლარი 2017 წლის 23 აგვისტომდე ვადით. საპროცენტო განაკვეთი გათვალისწინებული არ არის. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებული ყოველ თვის 23 რიცხვში 101.50 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%, ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის 20 ლარი.

 

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-36)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

 

3.1.2. ი---- ს--------–--ემ 2016 წლის 24 ოქტომბერს ბანკს გადაუხადა 70 ლარი, რის შემდეგ კრედიტი არ დაუბრუნებია. მისი დავალიანებაა 2290.47 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 1129.60 ლარი, პირგასამტეხლო 1142.87 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-23)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკრედიტო ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და კრედიტის ნაწილობრივ დაბრუნების შესახებ, დამტკიცებულებად ითვლება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

2016 წლის 14 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 1200 ლარი 12 თვის ვადით. სესხის სარგებელი განსაზღვრული არ არის. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა ყოველ თვის 23 რიცხვში თანხის შეტანით. 2016 წლის 24 ოქტომბრის შემდეგ კრედიტი მოპასუხეს არ დაუბრუნებია, გადახდილია მხოლოდ 70 ლარი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ასეთი გარემოებები საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, დარღვეულია კრედიტის დაბრუნების ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის 1129.60 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხე ი---- ს--------–--ეს სხდომის თარიღი ეცნობა კანონით დადგენილი წესის დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

 

სარჩელში მითითებულ სატელეფონო ნომერზე სასამართლოს მოხელეს ესაუბრა მოპასუხის შვილი მარიამ ს--------–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ დედა საზღვარგარეთაა და მას შეატყობინებს სხდომის თარიღს. მოპასუხის შვილს მარიამ ს--------–--ეს ჩაბარდა ასევე სარჩელი და თანდართული საბუთები. ამდენად, სხდომის თარიღი მოპასუხეს ეცნობა ოჯახის სრულწლოვანი წევრების მეშვეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი დამტკიცებულად ითვლება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას შემდეგი სამართლის ნორმებიდან გამომდინარე:

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს, ასევე გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის ფიქსირებულ თანხას 20 ლარს.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია და მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია ძირითადი თანხის დავალიანების 0,5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში შეადგენს 5,64 ლარს. პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 24 ნოემბრიდან 2017 წლის 26 სექტემბერამდე (337 დღით ვადის გადაცილებისათვის).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია გასესხებული თანხის ოდენობით. მიხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სესხის უმნიშვნელო ნაწილი დააბარუნა, მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მეტისმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება იქნება ისეთ ვითარებაშ, როცა სესხის თანხა არ არის მაღალი და პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თითქმის სესხის ტოლი თანხა. ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, სესხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის გადაუხდელი ნაწილის 0,1%-ის ოდენობით, რაც ვადაგადაცილების 337 დღისათვის შეადგენს 380 ლარს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე ერთჯერადი პირგასამტეხლოს 20 ლარის გადახდა, შესაბამისად, მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოა ჯამურად 400 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 2290,47 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 1529,60 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 62%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის 62% არის 62 ლარი, რაც სსსკ 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი;

 

1.1. ი---- ს--------–--ეს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ 1529,60 ლარის გადახდა;

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 760,87 ლარის პირგასმატეხლოს დაკისრების ნაწილში;

 

2. ი---- ს--------–--ეს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 62 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი