გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2018
საქმის ნომერი
190310017001916681
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/106-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30.03. 2018 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე -ი-–- ს----–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ი----------–---–ი, მ----ა ს----–---–ი

მოპასუხე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხე წარმომადგენელი - გ--------- გ------–-–---–ი

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის #8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის #1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

1.3 დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, გარდაბნის რაიონის სოფელ ფ---–------------ის ტერიტორიაზე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ი-–- ს----–---–ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, მას, როგორც ქარხნის საბრძმედე საამქროს ცვლის უფროსს გამოუყო მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფ. ფ---–------------ის ტერიტორიაზე 600 კვ.მ #---.

 

მოსარჩელემ 29.08.2016 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე, რაზეც 2016 წლის 06 დეკემბრის #8------------ გადაწყვეტილებით რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უარი თქვა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ მსაფუძვლით, რომ საკუთრების უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ცარიელია, მასზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. ამავე დროს დაინტერესებულ პირს საკუთრებაში ან მართლზომიერებაში არ აქვს მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 09 იანვრის #7--- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის #------- წერილით არ დაკმაყოფილდა ფ---–------------ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე ი-–- ს----–---–ზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა.

 

2017 წლის 07 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე რაზეც 2017 წლის 13 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით აღძრულ განცხადების განხილვაზე იმ მოტივით, რომ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით არ დგინდებოდა ახლადაღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა განცხადებისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. 2017 წლის 29 მარტის #1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ #8-------------- განცხადებასთან ერთად წარდგენილი საარქივო ცნობის იდენტური ცნობა ასევე წარდგენილი იყო #8----------- განცხადებასთან ერთად. შესაბამისად, მიიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ: ადგილზე არ გავიდა, არ გამოიკითხა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მეზობლები, არასწორადაა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოება ვინაიდან, ა.ი.პ. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის არქივის დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის #----- საარქივო ცნობას თან ერთვის ფ---–------------ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის მოქალაქეებზე განაწილების სია, მიწის ნაკვეთის ნორმების მითითებით, რაც არ ახლდა ა.ი.პ. 03.02.2017 წლის #----- საარქივო ცნობას. გარდა ამისა, 2017 წლის 02 მარტის მეზობლების ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელე 1970 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს.

 

მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გადააგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, ვინაიდან 2017 წლის 07 თებერვალს #----- საარქივო ცნობა თანდართულ სიასთან ერთად უნდა განეხილა, როგორც მართლზომიერი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველი.

 

მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს ##8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ი-–- ს----–---–ის წარმომადგენელმა მ----ა ს----–---–მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფ---–------------ში 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მინდობილობა (რეესტრის #1--------, თარიღი:19.10.2015, ნოტარიუსი ლ--------–---–ი) და არასამეწარმეო იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2015 წლის 21 აპრილის საარქივო ცნობა #1-----, რომლის მიხედვითაც, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოქალაქე ს----–---–ს ”ფ---–------------ის” ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი #-- (ძველი ნომრით), თუმცა ფართობი მითითებული არ იყო.

 

2016 წლის 01 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 01 სექტემბერს #------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი სამსახურიდან. სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა მას შემდეგ, რაც ზემოთაღნიშნულ წერილზე პასუხი მიღებული იქნებოდა.

 

2016 წლის 16 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან შესული #1------- წერილის მიხედვით, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ფ---–------------ის 1992-2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის ზონარგაყრილი წიგნები, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის განაწილების და საგადასახადო სიები, მებაღეობის დოკუმენტები რუსთავის არქივში დაცვაზე არ შესულა, რის გამოც იგი ვერ გასცემდა მოთხოვნილ ინფორმაციას ი-–- გ--------ს ძე ს----–---–ის კომლის შემადგენლობისა და კომლზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ;

 

2016 წლის 6 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან შესული #2------------- წერილის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფ---–------------ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სია 1996 წ. საარქივო სამმართველოში ინახება, მაგრამ ი-–- გ--------ს ძე ს----–---–ი სიაში არ ფიქსირდება.

2016 წლის 29 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილება და 2016 წლის 29 ოქტომბრის #------ წერილით შესაბამისი დოკუმენტაცია კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

2016 წლის 30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის #------- წერილით ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გ----------ის ტერიტორიაზე, ფ---–------------ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე მოქალაქე ი-–- ს----–---–ის საკუთრების აღიარების თაობაზე;

 

2016 წლის 06 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილება;

 

2016 წლის 08 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ი-–- ს----–---–ის წარმომადგენელმა მ----ა ს----–---–მა და მოითხოვა 2016 წლის 06 დეკემბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 06 დეკემბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის #8-------------- გადაწყვეტილება იყო კანონიერი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა;

 

2017 წლის 09 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო #7--- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2017 წლის 07 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს #------------ სარეგისტრაციო განცხადებით განმეორებით მიმართა ი-–- ს----–---–ის წარმომადგენელმა მ----ა ს----–---–მა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ზემოთაღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებული პირის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ქაღალდისა და ელექტრონული ვერსია) და არასამეწარმეო იურიდიული პირის ქალაქ რუსთავის მუნიციპალური არქივის მიერ გაცემული 2017 წლის 07 თებერვლის საარქივო ცნობა #-----, თანდართული სიით, რომლის მიხედვით, რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოქალაქე ს----–---–ს ”ფ---–------------ის” ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი #-- , თუმცა ფართობი მითითებული არ არის.

 

2017 წლის 13 თებერვალს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო #8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102 მუხლის საფუძველზე.

 

2017 წლის 28 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ი-–- ს----–---–ის წარმომადგენელმა ი----------–---–მა და მოითხოვა 2017 წლის 13 თებერვლის რეგისტაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 თებერვლის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის #8-------------- გადაწყვეტილება იყო კანონიერი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან გასაჩივრებული რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102 მუხლის პირველ ნაწილს.

 

მოცემულ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ #------------ განცხადებასთან ერთად, წარდგენილი საარქივო ცნობის იდენტური შინაარსის ცნობა, ასევე წარდგენილი იყო #8----------- განცხადებასთან ერთად. ამრიგად, არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა დაინტერესებული პირისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების (უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) მიღებას.

 

2017 წლის 29 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო #1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაინტერსებული პირის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, ვერც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული შესაბამის მიწის ნაკვეთზე ი-–- ს----–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

რაც შეეხება დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილ საარქივო ცნობებს, სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ საარქივო ცნობებში აღნიშნული არ არის პიროვნების სახელი და მამის სახელი, ასევე მიწის ფართობი, შესაბამისად აღნიშნული საარქივო ცნობის საფუძველზე რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა.

 

გასაჩივრებული რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ #8-------------- გადაწყვეტილება ეფუძნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები ( მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ #------------ განცხადებასთან ერთად, წარდგენილი საარქივო ცნობის იდენტური შინაარსის ცნობა, ასევე წარდგენილი იყო #8----------- განცხადებასთან ერთა. ამრიგად, არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების (უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) მიღებას;

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაცულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები

 

3. მესამე პირის პოზიცია:

3.1. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომებში მიუღია მონაწილეობა, რის გამოც მისი პოზიცია განსახილველ საკითისადმი უცნობია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, როგორც ქარხნის საბრძმედე საამქროს ცვლის უფროსს მოსარჩელეს გამოუყო მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფ. ფ---–------------ის ტერიტორიაზე 600 კვ.მ #--- .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-03.02.2017 წლის საარქივო ცნობა #-----ბ, ღირსების სიგელი.

 

4.1.2. მოსარჩელემ 29.08.2016 წელს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა სახელმიწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე, 06.12.2016 წ. გადაწყვეტილება #8-------------ით რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით , რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უარითქვა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლება ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ცარიელია, მასზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა. ამავე დროს დაინტერესებულ პირს საკუთრებაში ან მართლზომიერებაში არ აქვს მომიჯნავე მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 06.12.2016 წ. გადაწყვეტილება #8------------რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

 

4.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 09 იანვრის #7--- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა , იმ მოტივით , რომ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 30 ნოემბრის #------- წერილით არ დაკმაყოფილდა ფ---–------------ის დასახლებაში მდებარე უძრავ ნივთზე ი-–- ს----–---–ზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 09 იანვრის #7--- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის შესახებ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის2016 წლის 30 ნოემბრის #------- წერილი

 

4.1.4. 2017 წლის 07 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ა/წ 13 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #8-------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით აღძრულ განცხადების განხილვაზე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება #8--------------

 

4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 29 მარტს მიღებული იქნა #1----- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება #1-----

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი-–- ს----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,-საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

7.2 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მე-601 მუხლიდან გამომდინარე კი, გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ბათილად ცნობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

7.8 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

7.9 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

7.10. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

7.11 ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტი გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განხორციელებული საჯარო მმართველობით სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.

 

7.12 ,,სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახე ,, საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ” მ,, ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია-ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტიარის-1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა -დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ”საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ ,,საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილების შესაბამისად სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია, ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

7.13 ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ”ლ”, ”კ” პუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია- რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

” სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახე ,, საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგიტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია;

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, ხოლო მე-4 პრიმა მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდული პირი- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

”სახელმწიფო პროექტების ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახე ,, საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანხმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგიტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს;

 

ზემოთაღნიშნული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების/შუამდგომლობის მიმართვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ამავე წესის მე-17 მუხლის თანახმად , თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს ” ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ,, საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებას დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

7.14 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამავე კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელეს 2017 წლის 29 მარტის #1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ #8-------------- განცხადებასთან ერთად წარდგენილი საარქივო ცნობის იდენტური ცნობა ასევე წარდგენილი იყო #8----------- განცხადებასთან ერთად. შესაბამისად, მიიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც განაპირობებდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 07 თებერვალს გაცემული #----- საარქივო ცნობა, რომლის თანახმად დგინდება, რომ რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ქონებისა და მიწის მართვის სამსახურის მასალებით დასტურდება, რომ მოქალაქე ს----–---–ს "ფ---–------------ი"-ს ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი #-- (ძველი ნომერი). დანართი მითითებულია ერთ ფურცლად. საფუძველი:ფონდი17, აღწერა 2, საქმე 9, ფურცლები 23-24. ცნობას თან ერთვის სია, სადაც მითითებულია 28 ნომრად ს----–---–ი, მიწის ნაკვეთის ძველი ნომერი ----, რაც არ ახლდა ა.ი.პ. 03.02.2017 წლის #----- საარქივო ცნობას. გარდა ამისა, დამატებით წარდგენილი იქნა 2017 წლის 02 მარტის მეზობლების ახსნა-განმარტებები, რითაც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 1970 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ: ადგილზე არ გავიდა, არ გამოიკითხა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მეზობლები, არასწორადაა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოება ვინაიდან, ა.ი.პ. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის არქივის დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის #----- საარქივო ცნობას თან ერთვის ფ---–------------ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის მოქალაქეებზე განაწილების სია, მიწის ნაკვეთის ნორმების მითითებით. ასევე იზიარებს და ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად გადააგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, ვინაიდან 2017 წლის 07 თებერვალს #----- საარქივო ცნობა თანდართულ სიასთან ერთად უნდა განეხილა, როგორც მართლზომიერი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მიეცა სამართლებრივი შეფასება.

 

7.15 სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

7.16 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.17 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

7.18 სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ სრულად იქნა გამოკვლეული გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად.

 

7.19 სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.

 

7.20 ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის #8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის #1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებით მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ი-–- ს----–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის #8-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 29 მარტის #1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებით მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე ი-–- ს----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი