გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002391339
№3/225-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - მ----- ლ-----–--ა
მოსარჩელე- ჟ---- ლ-----–--ა
წარმომადგენელი - ა---------– ბ----------ე, ლ---- ჭ--–--ე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - დ----------–----
დაინტერესებული პირი - ნ---- ნ--–-----ე
დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----------–----ს მიერ 2018 წლის 05 აპრილს გამოცემული №000933 შემაკავებელი ორდერი.
სარჩელის თანახმად, 2003 წელს მოსარჩელე მ----- და ჟ---- ლ-----–--ებმა შეიძინეს საცხოვრებელი ბინა ქ. ქუთაისი გ-------------ს ქუჩა № 42/45, როდესაც ცოცხალი იყო ჟ---- ლ-----–--ას შვილი. 2018 წლის 05 აპრლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჟ---- ლ-----–--ა მის შვილთან მ----- ლ-----–--ასთან ერთად იმყოფებოდა ექიმთან, როდესაც ისინი დაბრუდნენ სახლში აღმოჩნდა, რომ მოპასუხე ნ---- ნ--–-----ეს ჩაკეტილი ჰქონდა ბინის შესასვლელი კარი, რის გამოც გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და 2018 წლის 05 აპრილს შედგა №000946 შემაკავებელი ორდერი ნ---- ნ--–-----ის მიმართ. 2018 წლის 05 აპრილს ასევე, შედგენილ იქნა №000933 შემაკავებელი ორდერი ჟ---- და მ----- ლ-----–--ას მიმართ, მოსარჩელეების განმარტებით სადავო ორდერი შედგენილია უსაფუძვლოდ, რადგან შემაკავებელ ორდერს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად უდევს „ძალადობა მსხვერპლზე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ფორმით“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს იგი ეფუძნება ერთის მხრივ ერთ-ერთი მხარის ცრუ განაცხადს, ხოლო მერეს მხრივ მოპასუხე მხარის მხრიდან საქმის დეტალურად გაურკვევლობით გამოცემულ სადავო აქტს. მოსარჩელეების განმარტებით, პატრულ-ინსპექტორმა ოქმის შედგენის დროს არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ისინი ცხოვრობენ ქ. ქუთაისის გ-------------ს ქუჩა №42/45-ში და მათ სხვა საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნიათ, ამასთანავე არიან ლტოლვილები და სოციალურად დაუცველები. მ----- და ჟ---- ლ-----–--ებმა განმარტეს, რომ სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა მოპასუხე მესაკუთრე ანა ლ-----–--ას მიმართ საცხოვრებელი ბინის ½ -ის ცნობასთან დაკავშირებით, ხოლო ნ---- ნ--–-----ე, რომელიც არის ანა ლ-----–--ას დედა ცდილობს დადგეს კანონზე მაღლა და აწარმოოს აღსრულება ისე, რომ არ დაელოდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ყოველივე აღნიშნული ემსახურება იძულებას უარი თქვან საცხოვრებელ სახლზე და არსებულ დავაზე.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა ჟ---- და მ----- ლ-----–--ების სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
2.1. დაინტერესებული მხარე ნ---- ნ--–-----ე არ დაეთანხმა ჟ---- და მ----- ლ-----–--ების სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3. უდაო ფაქტობრივი.
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 05 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----------–----ს მიერ შედგენილი №000946 შემაკავებელი ორდერის თანახმად დადგენილია, რომ რძალი ნ---- ნ--–-----ე ფსიქოლოგიურად ძალადობს დედამთილზე ჟ---- ლ-----–--აზე და მულზე მ----- ლ-----–--აზე, კერძოდ, იგი არ ძლევს საშუალებას ისარგებლონ თანაცხოვრებაში შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთებით და არ აძლევს საშუალებას დროულად მოიხმაროს მედიკამენტები. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა; ნ---- ნ--–-----ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; განხორციელდეს ნ---- ნ--–-----ის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ნ---- ნ--–-----ეს აეკრძალა მსხვერპლთან ტელეფონით და სოციალური ქსელით ურთიერთობა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №000946 შემაკავებელი ორდერი
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----------–----ს მიერ ასევე, შედგა შემაკავებელი ორდერი №000933, რომლის თანახმად, მული მ----- ლ-----–--ა და დედამთილი ჟ---- ლ-----–--ა ფსიქოლოგიურად ძალადობენ ნ---- ნ--–-----ეზე. კონკრეტულად მასთან, მოსულ სტუმრებთან შედიოდნენ კონფლიქტში და უკრძალავდნენ ნ---- ნ--–-----ესთან სტუმრად მისვლას. ასევე ძალადობდნენ ეკონომიკურად, კერძოდ, ნ---- ნ--–-----ეს სთხოვდნენ კომუნალური გადასახადების გადახდას.
ამავე, №000933 შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, ძალადობის დროა - 09:00 სთ; შეტყობინების დრო - 17:52 სთ; შემთხვევის ადგილზე მისვლის დრო - 17:52 სთ. ძალადობის სახე (რაში გამოიხატა ძალადობა) დედამთილი ჟ---- ლ-----–--ა და მუხლი მ----- ლ-----–--ა ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას ახორციელებდნენ რძალზე ნ---- ნ--–-----ეზე, კერძოდ მასთან მისულ სტუმრებს და ნათესავებს სთხოვდნენ აღარ მივიდნენ მასთან და შედიან მათთან კონფლიქტში და ასევე სთხოვენ კომუნალური გადასახადების გადახდას. ძალადობის ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა და ეკონომიური ძალადობა; მ----- და ჟ---- ლ-----–--ებს აეკრძალათ მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; განხორციელდეს მ----- და ჟ---- ლ-----–--ების იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მ----- და ჟ---- ლ-----–--ებს აეკრძალათ მსხვერპლთან ტელეფონით და სოციალური ქსელით ურთიერთობა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №000933 შემაკავებელი ორდერი; №000933 შემაკავებელი ორდერის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ----- და ჟ---- ლ-----–--ების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
”ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 36 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის„ „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე კანონის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა. 3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობა.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---- ნ--–-----ე არის მ----- ლ-----–--ას (ძმის მეუღლე) და ჟ---- ლ-----–--ას (შვილის მეუღლე) რძალი.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე1)არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
საქმის მასალებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ჟ---- ლ-----–--ას და მ----- ლ-----–--ას მიერ ნ---- ნ--–-----ის მიმართ ფსიქოლოგიური და ეკონომიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო: შემაკავებელი ოქმის შემდგენი პირის დ----------–----ს განმარტებით, მ----- და ჟ---- ლ-----–--ების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზეზს წარმოადგენდა ნ---- ნ--–-----ის განმარტება მხარეთა შორის ხანგძლივი კონფლიქტური ურთიერთობის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ შემაკავებელი ოქმის შედგენის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სავარაუდო მოძალადეები სავარაუდო მსხვერპლთან მისულ ,,სტუმრებთან შედიოდნენ კონფლიქტში და უკრძალავდნენ ნ---- ნ--–-----ესთან სტუმრად მისვლას“, ,,სტუმრებს და ნათესავებს სთხოვდნენ აღარ მივიდნენ მასთან და შედიან მათთან კონფლიქტში“. სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის რომ აღნიშნული გარემოება მიჩნეული იქნეს ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად, სახეზე უნდა იყოს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის შემცველი ისეთი ქმედება, როგორიცაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ანუ, სავარაუდო მსხვერპლის მიმართ გამოვლენილი ქმედება უნდა შეიცავდეს ისეთ ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს, რომ იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ხოლო, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობა უნდა დასტურდებოდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით - წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. და უნდა იყოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროისათვის აქტუალური, რამეთუ შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი მოქმედების პრინციპი ეყრდნობა მხარეთა შორის არსებული იმწუთიერი, კონკრეტულ დროში აღმოცენებული კონფლიქტის სწრაფი რეაგირებით მოწესრიგებას, რათა სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე მხარეები (მსხვერპლი და მოძალადე) დაცულები იყვნენ შემდგომი ვითარების ესკალაციისგან. ხოლო, ის გარემოება, რომ ერთ ოჯახად მცხოვრები პირები, შესაძლოა ზოგადად, გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას რომელიმე პირის მიმართ ვერ იქნება მიჩნეული ამ კონკრეტულ საქმეზე ფსიქოლოგიურ ძალადობად და ვერ დაედება შემაკავებლი ორდერის ძალაში დატოვებას საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჟ---- და მ----- ლ-----–--ებსა და ნ---- ნ--–-----ეს შორის ნამდვილად არსებობს ხანგძლივი ოჯახური უთანხმოება, რომელსაც ქონებრივი დავა უდევს საფუძვლად, რის თაობაზეც მხარეთა შორის სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა.
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის გამოწერის მეორე საფუძველს - ეკონომიკურ ძალადობას, სასამართლო აქაც აღნიშნავს, რომ მხარეები არ უარყოფენ და პირიქით, ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 05 აპრილამდე ცხოვრობდნენ ერთ საცხოვრებელ ბინაში და რომ, მათ შორის ნამდვილად არსებობს პრობლემა კომუნალური გადასახადების გადახდის თაობაზე, რის გამოც ერთმანეთში აწარმოებდნენ კიდევაც მოლაპარაკებას. ხოლო, ის ფაქტი, რომ ერთ საცხოვრებელ ფართში სადაც დამოუკიდებლად, გამიჯნულად არ არსებობს ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის მოხმარების აღმრიცხველი მოწყობილობა, აქ მცხოვრები პირები ერთმანეთს (შემაკავებელი ოქმის მიხედვით) ,,სთხოვენ კომუნალური გადასახადების გადახდას“ , ასევე ვერ იქნება მიჩნეული ეკონომიკურ ძალადობად ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება კი, რომელიც სასამართლოს სხვაგვარი შეფასების საშუალებას მისცემდა, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 2 ივლისის N491 ბრძანებით რეგულირებულია შემაკავებელი ორდერის დანართი N1 და დანართი N2 ფორმები, რომელიც დაცული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ მისი შევსების დროს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ოქმისა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ დაცული არ იყო 2018 წლის 05 აპრილს გამოცემული N000933 შემაკავებელი ოქმის შედგენის დანართი N1-ით გათვალისწინებული პირობა: პირველი გრაფა - ორდერის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; მე-11 გრაფა - მოძალადის ხელმოწერა შემაკავებელი ორდერის მიღებაზე ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა. საქმის ზეპირი განხილვის დროს დადასტურდა, რომ სავარაუდო მოძალადე ჟ---- ლ-----–--ას შემაკავებელი ორდერის ასლი არ ჩაბარდა, ის გადაეცა მხოლოდ მ----- ლ-----–--ას. ასევე, დანართი N2-ის თანახმად გრაფა N14 არ არის შევსებული, ხოლო აღნიშნული გარემოების თაობაზე მოწმემ განმარტა, რომ ჟ---- და მ----- ლ-----–--ების მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს მათი გამოკითხვა არ განხორციელდა, რამდენადაც რამოდენიმე საათით ადრე ნ---- ნ--–-----ის მიმართ შედგენილი ჰქონდათ შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულებას უნდა წარმოადგენდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადისათვის ისეთი ქმედებების განხორცილების აკრძალვა, რაც ადამიანს აქცევს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლად, თუმცა აღნიშნული ღონისძიების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს იმ უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. სახელმწიფოს (მისი უფლებამოსილ პირის) მხრიდან ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც პირს აყენებს მკაცრი, შემზღუდავი პირობის შესრულების ვალდებულების წინაშე, კანონის ზედმიწევნით დაცვითა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა ხორციელდებოდეს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, რაც 2018 წლის 5 აპრილს გამოცემული N000933 შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----- ლ-----–--ას და ჟ---- ლ-----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის დ----------–----ს მიერ 2018 წლის 5 აპრილს გამოცემული №000933 შემაკავებელი ორდერი.
3. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი