განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100118002388213
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - დავით კირჩხელი
ბრალდებული - კა---–--–--–--ლი
ადვოკატი - დავ------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: კა---–--–--–--ლი
მამის სახელი: ბეჟანი
დაბადებული: 16.07.1994 წელი
დაბადების ადგილი: ქობულეთი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 6----------
მისამართი: ქობულეთი, კო------ს ქ. N13ა, ბინა N32
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქ/პუნქტები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 06 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, კა---–--–--–--ლი ქობულეთში, რუსთაველის ქ. N154-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია’’-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატში უკანონო შეღწევით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაუფლებოდა ზემოთაღნიშნულ აპარატში არსებულ ფულად თანხას 1450 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა:
3. დაცვის თანამშრომლის ნუგ------------ის ჩვენების თანახმად ის მუშაობს ქობულეთში, რუსთაველის ქ. N154-ში მდებარე კოლეჯში, დაცვის სამსახურში. 2018 წლის 05 მარტს დაახლოებით 02:30 საათზე დაცვის სამსახურის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ ოთახში ყოფნისას, ვიდეოთვალის მონიტორზე შენიშნა ჩასარიცხ აპარატთან მისული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ექაჩებოდა ჩასარიცხი აპარატის კარებს და რაღაც ნივთის გამოყენებით ცდილობდა კარის გაღებას. როდესაც ის ახლოს მივიდა, შენიშნა, რომ კარები იყო გამოქაჩული და დაზიანებულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ დარეკა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომლები დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ და დაიწყეს თავიანთი საქმიანობა, ამ დროს კოლეჯში შესვლას აპირებდა, რა დროსაც დაინახა აღნიშნული პიროვნება. პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა, რომ ეს ის პიროვნება იყო ვინც რაღაც ნივთის გამოყენებით ცდილობდა ჩასარიცხი აპარატის კარების გაღებას.
4. ნუგ------------ის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ზუ------–-----ძის და თე---------------ის ჩვენებებით.
5. ბრალდებული კა---–--–--–--ლი ადასტურებს ფაქტს, რომ ცდილობდა დაუფლებოდა შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია’’-ს აპარატში არსებულ ფულად თანხას.
6. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2018 წლის 06 მარტს კა---–--–--–--ლის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სახრახნისი.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
8. კა---–--–--–--ლს ფარულად დაუფლების და თანხის განკარგვის საშუალება აღარ ჰქონდა, რადგან იგი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთანავე იქნა მხილებული დაცვის თანამშრომლის მიერ.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული კა---–--–--–--ლი ფარულად ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლებას.
ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
10. დაზარალებულ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია’’-ს წარმომადგენელ გრ----------------ნის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ კომპანიას ბრალდებულ კა---–--–--–--ლისათვის მისი კუთვნილი ნივთების წაღების უფლება არ მიუცია.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია’’-ს კუთვნილი თანხა, მისი მფლობელობიდან გადიოდა მისი ნების გარეშე და, რომ არა დაცვის თანამშრომელი კა---–--–--–--ლი, მოიპარავდა და განკარგავდა თანხას, როგორც საკუთარს.
ქმედება საცავში უკანონო შეღწევით და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
14. სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებული თანხა იყო 1450 ლარი.
15. სასამართლო განმარტავს, რომ საცავში მოიაზრება მატერიალური ფასეულობის დროებითი ან მუდმივი შესანახი ადგილი, რაც იზოლირებული და მიუღწეველია გარეშე პირებისთვის.
16. ნათელია, რომ კა---–--–--–--ლი სწორედ დაცული საცავიდან ცდილობდა თანხის დაუფლებას.
სამართლებრივი შეფასება:
17. სასამართლოს მიაჩნია, რომ კა---–--–--–--ლმა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და "ბ" ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
18. კა---–--–--–--ლის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
19. კა---–--–--–--ლის მიმართ პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
20. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
21. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ კა---–--–--–--ლს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პირობითად ჩათვლილი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კა---–--–--–--ლის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული კა---–--–--–--ლი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში და-----–--–--–--ლს პ/ნ 6--------55 დაუბრუნდეს ბრალდებულ კა---–--–--–--ლის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი. დასტური Nა 048779, სს ,,საქართველოს ბანკი".
კა---–--–--–--ლს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 06 მარტიდან - 2018 წლის 09 მარტის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- 2018 წლის 06 მარტს კა---–--–--–--ლის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სახრახნისი და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ,,ექსპრეს ბანკი’’-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
- ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, რომელიც დალუქულია და ერთვის საქმეს დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
პირობით მსჯავრდებულ კა---–--–--–--ლის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი