გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2018
საქმის ნომერი
200210015001164902
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/521-15

N200210015001164902

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 აპრილი, 2018 წელი ქ. თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბ---ი''

წარმომადგენელი - ნ--------–--ა

მოპასუხე - ი-------ა

წარმომადგენელი - თ------ო მ---------ე

დავის საგანი - საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით - ი-------ას სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -3578.9 ლარის გადახდა, საიდანაც შემცირებული ძირი თანხაა-1589.53 ლარი, პროცენტი-1174.32 ლარი და ჯარიმა-815.05 ლარი.

1.2. მოპასუხე ი-------ას დაეკისროს სს ”თ----ი ბ---ის” მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 163.07 ლარის და ბანკის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების ხარჯის -სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ 217.43 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე ი-------ას შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prıme Card 3500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი-36%, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ”თ----ი ბ---ის” ბ---ომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 23 რიცხვი. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს - ი-------ას სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -3578.9 ლარის გადახდა, საიდანაც შემცირებული ძირი თანხაა-1589.53 ლარი, პროცენტი-1174.32 ლარი და ჯარიმა-815.05 ლარი.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება სარჩელს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მან 2012 წელს ნამდვილად დადო მოსარჩელესთან საკრედიტო ხელშეკრულება ბარათით სარგებლობის შესახებ. წლების განმავლობაში იხდიდა თანხას კეთილსინდისიერად, თუმცა 2015 წლის ივნისის თვიდან ვეღარ შეძლო გრაფიკის მიხედვით თანხის ყოველთვიურად დაფარვა, ვინაიდან მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას. ისინი არიან ა---------იდან დევნილები, არ ჰქონდათ სახლი. ოჯახში ცხოვრობს 11 ადამიანი, საიდანაც 4 არასრულწლოვანი ბავშვია. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აქვთ სახლი შეძენილი. ლარის კურსის მკვეთრი ცვლილების გამო 2015 წლის ივნისიდან ვერანაირად ვეღარ ახერხებდა ბარათის სარგებლობით გათვალისწინებული თანხის სრულად შეტანას. მაგრამ იგი არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და ყოველთვიურად ითხოვდა კრედიტორისგან, რომ მოეხდინათ სესხის რესტრუქტურიზაცია, რაზეც მოსარჩელე ეუბნებოდა, რომ ამ შემთხვევაში დიდი თანხა იქნებოდა გადასახდელი, რომლის გადახდაც მას არ შეეძლო, წლების მანძილზე მას ყოველთვიურად არათუ პროცენტზე, არამედ ძირითად თანხაზე მეტიც აქვს გადახდილი, თუმცა მაინც არ უთქვამს უარი თანხის გადახდაზე, მაგრამ ითხოვდა გადასახდელი თანხის შემცირებას, რაზეც მოსარჩელე არანაირად არაა თანახმა. იგი მაინც იხდიდა 50 ლარს ყოველთვე, მაგრამ უთხრეს, რომ გრაფიკი არ შედგებოდა და ეს თანხაც ტყუილად ეკარგებოდა, ჯარიმებიც ერიცხებოდა. აქედან გამომდინარე, მიაჩნია რომ მოსარჩელის მხრიდან ჯარიმის თანხის მოთხოვნა სრულიად გაუმართლებელი და უსაფუძვლოა. მან პროცენტის სახით წლების მანძილზე 1175 ლარზე მეტი გადაიხადა, ამიტომ ვერ დაეთანხმება სს ”თ----ი ბ---ის” მოთხოვნას ჯარიმის და პროცენტის დარიცხვის ნაწილში. 2012 წლიდან 2015 წლის ივნისის თვემდე კეთილსინდისიერად იხდიდა თანხას, ივნისის თვიდან რამდენჯერმე შეიტანა 50 ლარი და სთხოვა კრედიტორს, გაენაწილებინა გადასახდელი თანხა მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რაზეც მიიღო უარი. შესაბამისად ითხოვს არ დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვილი ჯარიმის თანხა და პროცენტი და სესხის ძირითადი თანხა გაუნაწილდეს იმგვარად, რომ ყოველთვიურად გადაიხადოს თანხა 50 ლარის ოდენობით, ანუ რეალურად რა თანხის გადახდაც ნამდვილად შეუძლია ამჟამად.ასევე ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს აღნიშნული მოთხოვნას და არ დაეკისროს სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯები, ვინაიდან მოსარჩელეს შეეძლო მასთან შეთანხმებით მიეღო ანაზღაურება და არ მიემართა სასამართლოსთვის, ანუ სასამართლოს გარეშე მოეგვარებინა დავა. ამასთან, მას არანაირი ეკონომიკური საშუალება არ გააჩნია, რომ დამატებით სხვა ხარჯები გაიღოს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს ”თ----ი ბ---სა” და მოპასუხე ი-------ას შორის 2012 წლის 29 ივნისს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2012 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14-20);

 

3.2.2. 2015 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით ი-------ას საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდა დავალიანება 5435.83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-3446.46 ლარი, პროცენტი-1174.32 ლარი და ჯარიმა -815.05 ლარი.

საქმის განხილვის დღისთვის დაზუსტებული მოთხოვნის თანახმადე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 3578,9ლარი, საიდანაც ძირი თანხაა- 1589,53 ლარი, პორცენტი-1174,32 ლარი და ჯარიმა-815,05 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს ,,თ----ი ბ---ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 24);

- ამონაწერი ანგარიშიდან/გადახდების ისტორია (ს.ფ. 21-23);

-მოსარჩელის განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ(ს.ფ)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბ---ის'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბ---ო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თ----ი ბ---სა'' და ალექსანდრე მალუძეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბ---ო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. ი-------ამ მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---თან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ----ი ბ---ი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----ი ბ---ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 1589.53 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 1174.32ლარს.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - - 81 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ----ი ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ი-------ას მოსარჩელე სს “თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2844.85 ლარის გადახდა ძირი თანხაა - 1589.53 ლარი, პროცენტი - 1174.32 ლარი და ჯარიმა 81 ლარი).

3. მოპასუხე ი-------ას მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 37.65 ლარის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

4. სს „თ----ი ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 103.40 ლარი (47.69+55.71), ხოლო მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, კერძოდ, 22.02 ლარი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. მოპასუხე ი-------ას მოსარჩელე სს ,,თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მიზნით 113.80 ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის წესების დაცვით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინე ცერცვაძე