გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002309559
საქმე №2/123-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.04.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნ----- გოჩიტაშვილი
მოსარჩელე - ნ---------------–---–-
წარმომადგენელი - დ------------–-–---–ი
მოპასუხე - ი--------------–---–ი
წარმომადგენელი - შ--–--------------–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ი--------------–---–ს არასრულწლოვანი შვილის მ------------–---–ის (დაბადების თარიღი: 2----–-–------------) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ნ---------------–---–ს და მოპასუხე ი-------------–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - მ------------–---–ი (დაბადების თარიღი: 2----–-–------------).
2017 წლის 04 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა ქორწინება და მას შემდეგ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ნ---------------–---–- არასრულწლოვან შვილ მ------------–---–თან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების სახლში. მ------------–---–ი დადის სასწავლო ცენტრ ,, ბაზისის “ ბაგა-ბაღში, სადაც მოსარჩელე ყოველთვიურად იხდის გადასახადს 150 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ 100 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ იგი სისტემატურად ცდილობს დაეხმაროს შვილს შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა მოპასუხე დღემდე შესაძლებლობას არ აძლევს მამას ინახულოს საკუთარი შვილი და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდასა და რჩენაში. ამასთან აღნიშნა, რომ იგი მუშაობს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამხედრო დანაყოფში და მისი შემოსავალი შეადგენს თვეში 800 ლარს. მას რეგულარულად უწევს საგარეჯოდან სამსახურის ადგილამდე, კერძოდ, ვაზიანამდე გადაადგილება, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ამავე დროს მოპასუხეს გააჩნია ფინანსური ვალდებულებების მესამე პირთა წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას შეუძლია გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილის - მ------------–---–ის სასარგებლოდ ალიმენტი მხოლოდ 100 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელე ნ---------------–---–ს და მოპასუხე ი-------------–---–ს ერთად ცხოვრების პერიოდში, 2016 წლის 21 ივნისს შეეძინათ ვაჟიშვილი - მ------------–---–ი. 2017 წლის 04 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა ქორწინება. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში.
ი--------------–---–ს გააჩნია შემოსავალი (ხელზე მისაღები ხელფასი) თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებები, დაბადების მოწმობა; განქორწინების მოწმობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ , 250 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.2. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ალიმენტის დაკისრებას მაგრამ ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხის შემოსავლიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (350 ლარის) დაკისრების შემთხვევაში მოპასუხეს არ დარჩება საკმარისი თანხა პირადი მოხმარებისათვის, რის გამოც ამ თანხის დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა. აღნიშნული ოდენობა შეადგენს მოპასუხის შემოსავალის დაახლოებით 30 პროცენტს და შეესაბამება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა 250 ლარის ნაწილში, ხოლო მოპასუხემ სარჩელი საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ცნო ნაწილობრივ 100 (ასი) ლარის ფარგლებში.
მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად რაც შეადგენს 4.5 (ოთხი ლარი და 50 თეთრი) ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნ----- ჯ-------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი--------------–---–ს (პ/N:-----------) არასრულწლოვანი შვილის მ------------–---–ის (დაბადების თარიღი: 2----–-–------------) სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ი-------------–---–ის მიერ არასრულწლოვანი შვილის მ------------–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდევინება მოხდეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 16 თებერვლიდან, შვილის - მ------------–---–ის სრულწლოვანებამდე.
4. მოპასუხე ი-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 4.5 (ოთხი ლარი და 50 თეთრი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-6 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე