განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2018
საქმის ნომერი
820100118002263710
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002263710

№1-11/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18.04.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ------ია

 

ბრალდებული - ს----- ქ-----–---–ი

ადვოკატი - რ----- ნ--------ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173221217002 საქმე

 

ბრალდებულ ს----- ქ-----–---–ის მიმართ

მამის სახელი: ი----;

დაბადებული: 13.08.1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, კ----;

პირადი ნომერი: 0----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უმაღლესი;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრირებული და ფაქტობრივი მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-------- მე-4 მ/რ, კორპ. №8, ბინა №---.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ს----- ქ-----–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდ ოდენობით 0,472 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს’’, რაც 2017 წლის 22 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

2. შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ-------------ის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული იქნა ინფორმაცია ს----- ქ-----–---–ის მიმართ, რომ იგი გადაადგილდებოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. მიღებული ოპერატიული ინფორმაცია სამმართველოს ხელმძღვანელს შესაბამისი პატაკით აცნობა და შეტყობინება დარეგისტრირდა ელექტრონულ ბაზაში.

 

3. მოწმეების, შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების გამომძიებლების, ზ---------–-----ის და ლ---- შ--------ას ჩვენებით 2017 წლის 22 დეკემბერს განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს ს----- ქ-----–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღებული იქნა რვა ცალი მთლიანი კონვალუტის ფირფიტა, თითოში შვიდი ცალი აბით და ერთი ცალი კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერი სამი ცალი აბით ლათინური წარწერით სუბოქსინე.

 

4. 2017 წლის 22 დეკემბერს ს----- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოღებული იქნა 59 აბი სუბოქსინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2017 წლის 22 დეკემბერის ექსპერტიზის №ქ/590 დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის ტაბლეტს, და 59 ცალი ტაბლეტი შეიცავს - 0,472 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს (ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,008 გრამ ბუპრენორფინს).

 

5. ს----- ქ-----–---–მა დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი კუთვნილია.

 

6.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

7. ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, დანართი №2, №29 რეგისტრაციით - 0,472 გრამი ,,ბუპრენორფინი” წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას;

 

8. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.

 

9. ს----- ქ-----–---–ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.

 

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს----- ქ-----–---–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი”.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ქ-----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. ს----- ქ-----–---–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

13.ს----- ქ-----–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გამოძიებასთნ თანამშრომლობა და დანაშაულის გულწრფელი აღიარება მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

14. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ს----- ქ-----–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმუმის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს----- ქ-----–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

15. ს----- ქ-----–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ს----- ქ-----–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. რის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

2. ს----- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.

 

3.გაუქმდეს მსჯავრდებულ ს----- ქ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ნარკოტიკული საშუალება - 0,472 გრამი ბუპრენორფინი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი