გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200210015741959
საქმე N2/78-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე – სს ,,-------------’’ წარმომადგენელი – ნ--------–--- მოპასუხე – ი----------–--–---–ი დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ი----------–--–---–ს სს ,,-------------ს’’ სასარგებლოდ დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად დაეკისროს 2010 წლის 06 ივლისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 3695 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1847,47 ლარი, პროცენტი - 228.67 ლარი, ჯარიმა - 1618.86 ლარი.
1.2. მოპასუხე ი----------–--–---–ს სს ,,-------------ს’’ სასარგებლოდ დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისად დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 6441 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 3220.31 ლარი, პროცენტი - 1868.88 ლარი, ჯარიმა - 1273.30 ლარი და დაზღვევა - 78.51 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,თ------------" და მოპასუხე ი----------–--–---–ს შორის 2010 წლის 06 ივლისს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 1875 ლარიანი ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი და 10 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%, ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა - 50 ლარი, კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 28 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულება დაირღვა 2012 წლის 28 თებერვალს და სასამართლო სხდომაზე 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება განვადების ბარათზე სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით შეადგენს 3695 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1847,47 ლარი, პროცენტი - 228,67 ლარი და ჯარიმა - 1618.86 ლარი.
სს ,,თ------------" და მოპასუხე ი----------–--–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4450 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა - 2014 წლის 01 თებერვლამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. ხელშეკრულება დაირღვა და 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით ი----------–--–---–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით 6441 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3220.31 ლარი, პროცენტი - 1868.88 ლარი, ჯარიმა - 1273.03 ლარი და დაზღვევა - 78.51 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი----------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხის ნაწილში, ხოლო პროცენტისა და ჯარიმის გადახდისაგან ითხოვა გათავისუფლება, იმ მოტივით, რომ მას ეკონომიური მდგომარეობის გამო ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სს ,,თ------------" და მოპასუხე ი----------–--–---–ს შორის 2010 წლის 06 ივლისს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 1875 ლარიანი ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი და 10 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%, ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა - 50 ლარი, კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 28 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.07.2010 განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 14);
- განაცხადი განვადების ბარათზე (ს.ფ. 16-17);
-
3.1.2. ხელშეკრულება დაირღვა 2012 წლის 28 თებერვალს და 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება განვადების ბარათზე სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით შეადგენს 3695 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 1847,47 ლარი, პროცენტი - 228.67 ლარი, ჯარიმა - 1618.86 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 27-28);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 30);
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. დადგენილია, რომ სს ,,თ------------" და მოპასუხე ი----------–--–---–ს შორის 2011 წელს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4450 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით, კრედიტის ვადა - 2014 წლის 01 თებერვლამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 1 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.1.4. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
3.1.5. ხელშეკრულება დაირღვა და 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნით შეადგენს 6441 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3220.31 ლარი, პროცენტი - 1868.88 ლარი, ჯარიმა - 1273.03 ლარი და დაზღვევა - 78.51 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2/10/2011 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №980175-1299433 (ს.ფ. 18-26);
- დანართი №1/ პოლისი №980175-1299433 (ს.ფ. 24);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25-26);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 29);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 30);
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,-------------ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხისა და სიცოცხლის დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ 06.07.2010 წლის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით და 2.10.2011 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,-------------'' უფლებამოსილია მოითხოვოს განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაცემული ძირითადი თანხის 1847.47 ლარისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 3220.31 ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო ვალი შეადგენს - 228.67 ლარს და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო ვალი - 1868.88 ლარს.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის 06.07.2010წ. და 2.10.2011წ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა 20 ლარი ერთჯერადად და დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამიტომ, ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 06.07.2010 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 161.88 ლარის და 2.10.2011 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 127.33 ლარის გადახდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 369.38 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოთხოვნილი გაწეული საადვოკატო ხარჯები, საქმის განხილვის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის დროის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,-------------ს"’ სარჩელი მოპასუხე ი----------–--–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ი----------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,-------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 06.07.2010 წლის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2238.02 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1847.47 ლარი, პროცენტი - 228.67 ლარი და პირგასამტეხლო - 161.88 ლარი;
1.2. მოპასუხე ი----------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,-------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 2.10.2011 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5295.03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3220.31 ლარი, პროცენტი - 1868.88 ლარი, პირგასამტეხლო - 127.33 ლარი და დაზღვევა 78.51 ლარი;
2. მოპასუხე ი----------–--–---–ს მოსარჩელე სს ,,-------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს 71.58 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 301.32 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;
3. სს ,,თ-----------' დაუბრუნდეს 219.68 ლარი მის მიერ სარჩელზე 2015 წლის 27 თებერვალს სს ,,თ----------–-’’ (საგადახდო დავალება #33), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 369.38 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300853150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი