გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2018
საქმის ნომერი
820310018002319031
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002319031

№ 3-10/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.04.2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

მოსარჩელე - დ----- დ---–--ე

მოპასუხე - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ს---–---- ჩ------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა

- ბათილად იქნეს ცნობილი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 იანვრის №8 განკარგულება.

სარჩელში მოსარჩელე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მ-----–---–ი მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი ს/კ 21.01.37.3--. მას ასევე აღნიშნული მიწის მომიჯნავედ სარგებლობაში გააჩნია 499 კვმ მიწის ნაკვეთი. მოსარჩელემ საჯარო რეესტრში წარადგინა დოკუმენტაცია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე. აღნიშნული განცხადება საჯარო რეესტრმა გადაუგზავნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას, რომელმაც 2018 წლის 26 იანვრით დათარიღებულ №8 განკარგულებით უარი უთხრა აღნიშნული მიწის საკუთრების აღიარებაზე, იმ მოტივით, რომ წარმდგენილი ნახაზი ზედდებაშია ტყის მასივის კონტურთან (№6-------------- კვმ). მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული განკარგულება უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.

დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტერიტორია სხვა პიროვნებაზე იყო გაფორმებული, ს/კ 21.01.37.2-- მესაკუთრე გახლდათ გ---–----- ღ------------ე პ/ნ 6----------, რომელიც გაუქმებული იქნა მესაკუთრის მიერ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, რადგან მას საკუთრებაში ჰქონდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომ მოსარჩელის სახელზე იქნა დარეგისტრირებული ს/კ 21.01.37.3--. გ---–----- ღ------------ეს საკუთრებაში გააჩნდა 1761 კვმ მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედიოდა მოსარჩელის 500 კვმ მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენ მიწის ნაკვეთს მოსარჩელე ფლობს და სარგებლობს დღემდე. მოსარჩელისთვის გაუგებარია რის საფუძველზე განმარტავენ, რომ ზედდებაშია ტყის მასივის კონტურთან ან რას ნიშნავს ტყის მასივის კონტურთან ზედდებას, გაუგებარია საკუთრება ვის სახელზეა აღრიცხული დღეის მდგომარეობით, თუ კი სახელმწიფო საკუთრებაა მაშინ რატომ მიიღო უარი აღიარებაზე, როდესაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთს მოსარჩელის ოჯახი დიდი ხნის მანძილზე ფლობს და სარგებლობს, დღემდე სხვა პირს რაიმე პრეტენზია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ განუცხადებია.

2.მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე ეთანხმება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მ-----–---–ი გააჩნია მიწის ნაკვეთი ს/კ 21.01.37.3--, რომლის მომიჯნავედ მდებარეობს 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, იგი ეკუთვნის სახელმწიფო ტყის ფონდს და მასი მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი არ დგინდება.

მოსარჩელე არ ეთანხმება მესამე ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან კომისიამ 2018 წლის 26 იანვარს განიხილა მოსარჩელის დ----- დ---–--ის განცხადება მის მიერ სოფელ ქვედა მ-----–---–ი თვითნებურად დაკავებული 499 კვმ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ შემდეგ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებათა გამო კერძოდ: განმცხადებლის მეირ წარმოდგენილი განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მე-11 მუხლის მოთხოვნებს, ასევე კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ადგილზე დათვალიერების შემდეგად გამოარკვია, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის საკადასტრო გეგმით/აზომვითი ნახაზით საკუთრებაში მოთხოვნილი უფლება საღიარებელი მიწის ნაკვეთი მთლიანობაში ზედდებაში მოდის ტყის მასივის კონტურებთან (64683-/-221168036 კვმ). მოსარჩელის მითითებას საქმისთვის მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევის და შეფასების გარეშე გამოიტანა კომისიამ გადაწყვეტილება მიაჩნია უსაფუძვლოდ რადგან კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოიკვლია საქმისთვის არსებითი ყველა გარემოება, რითაც დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მისის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით საკუთრებაში მოთხოვნილი უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ზედდებაში მოდის ტყის მასივის კონტურებთან შესაბამისად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ეს გარემოება და მტკიცებულებები რომელიც საქმეში იყო წარმოდგენილი.

მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს - რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში რეგისტრირებული ჰქონდა გ---–----- ღ------------ეს, რომელმაც გააუქმა საკუთრება მიწის ნაკვეთზე და გაუქმებული მიწის ნაკვეთიდან 500 კვ.მ საკუთრებაში გაუფორმდა მოსარჩელეს, ხოლო 499 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განცხადება შეიტანა რეგისტრაციისთვის როგორც თვითნებურად დამკავებელმა, - რადგან საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მოსარჩელის მიერ და არც წარმოდგენილ განცხადებაში არ ყოფილა აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ რომც ყოფილიყო არსებით გავლენას ვერ იქონიებდა გადაწყვეტილების შინაარსზე, რადგან მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მთლიანობაში ზედდბაში მოდის ტყის მასივის კონტურთან.

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მ-----–---–ი დ----- დ---–--ეს გააჩნია მიწის ნაკვეთი ს/კ 21.01.37.3--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებები,3.2. სადაო მიწი ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, მისი ფართია 499 კვ.მ., და წარმოადგენს ტყის მასივს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებები,საქმეზე დართული ორთოფოტო .

 

3.3. 2018 წლის 26 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა დ----- დ---–--ის განცხადება 499.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით და 26.01.2018 წლის N8 განკარგულებით უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ტყის მასივის კონტურებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2018 წლის 26 იანვარის ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისის განკარგულება.

-

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ

ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მოცემულ შემთხვეევაში არ არსებობს დ----- დ---–--ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 იანვრის №8 განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთანარსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ----- დ---–--ემ განცხადებით მიმართა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას და მოითხოვა ტყის ფონდის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 იანვრის საოქმო გადაწვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყის ფონდის მიწას.

 

6.3. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა)მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული; ბ)თვითნებურად დაკავებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:

 

გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;

 

აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო მიუთითებს, რომ პირის მოთხოვნა შესაძლოა აკმაყოფილებდეს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს,- თუმცა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი გარემოების არსებობა გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 იანვრის საოქმო გადაწვეტილებით დ----- დ---–--ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთი ზედდებაშია ტყის მასივის კონტურებთან.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, აეროფოტოგადაღებით, მოპასუხე მხარის განმარტებით ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს ტყის მასივის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის აღიარებას.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 იანვრის №8 განკარგულება, მიღებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- დ---–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- დ---–--ის სარჩელი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი