გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.04.2018
საქმის ნომერი
140210117002000647
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210117002000647

საქმე №2/997-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხშვილი

სხდომის მდივანი მარიამ საძაგლიშვილი

 

მოსარჩელე - სს “თ----------ი”

წარმომადგენელი - გ---–---------–---–ი

მოპასუხე - გ--------------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო (დაზუსტებული) მოთხოვნა

 

მოპასუხე გ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

1. 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7018.76 ლარის - გადახადა, საიდანაც ძირი თანხა არის 5 980.57 ლარი, პროცენტი - 718.30 ლარი და ჯარიმა - 319.89 ლარი;

2. დავალიანების ცნობის გაცემის თარიღიდან - 2017 წლის 15 მაისიდან, 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 5980.57 ლარზე - ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა;

3. დავალიანების ცნობის გაცემის თარიღიდან - 2017 წლის 15 მაისიდან 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 5980.57 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0,5% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 29.90 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1993 ლარისა (იხ. სარჩელი და 26.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 25 მარტს სს „თ----------სა“ და გ--------------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხეკშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Primer Card 6 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, 18%-იანი საპროცენტო განაკვეთით კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვისა და 36%-იანი სარგებლით კრედიტის ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანაგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განსაზღვრული იყო ყოველი თვის 23 რიცხვი, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ ხელშეკრულება დაარღვია და 2017 წლის 17 იანვრის შემდეგ გადახდა არ განუხორციელებია. შესაბამისად, 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით, გ--------------–---–ს ერიცხება დავალიანება 7018.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5980.57 ლარი, სარგებელი - 718.30 ლარი, პირგასამტეხლო - 319.89 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ--------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, იგი დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას დავალიანების ძირი თანხის - 5980.57 ლარის მოთხოვნის ნაწილში, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა პროცენტისა და ჯარიმის ნაწილში. მისი პოზიციით აღნიშნულის სახით მოთხოვნილი თანხა, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს 10227.96 ლარს, ძირითად თანხაზე ბევრად მეტია და ბანკი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზე, რის გამოც ვერ დაფარა სესხი დროულად. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა ბანკის მხრიდან დავალიანების დაფარვის მიზნით მომავალში მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შესაძლებლობას და მიუთითა, რომ მას და მის ოჯახს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი და რაიმე ქონება, ბინის რეალიზაციით კი იგი და მისი ოჯახი ჩავარდება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო ის გარემოება, რომ სესხი იყო სარგებლიანი, ვინაიდან როდესაც „თ----------ში“ საკრედიტო ბარათის განუცხადეს, რომ სესხი იყო უპროცენტო, რასაც ადასტურებს თ----------იდან მისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაც, რომლის მიხედვითაც სესხი უპროცენტო იყო (იხ. შესაგებელი, 26.06.2018 წ. და 04.04.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 25 მარტს სს ”თ----------სა” და მოპასუხე გ--------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშერულება, რა დროსაც გაიცა TBC Prime Card 6000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით 4203 კალენდარული დღის მოქმედების ვადით 26.09.2026 წლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებას;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს "თ----------სა" და გ--------------–---–ს შორის 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშერკულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო 18% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.2.2. სს "თ----------სა" და გ--------------–---–ს შორის 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით პირგასამტეხლო ვადაგადაცილებიასთვის გათვალისწინებული იყო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის (გარდა სესხის წინასწარი დაფარვისა) და დავალიანების 0,5% კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთვევაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება;

 

3.2.3. მოპასუხე გ--------------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა, იგი ვადაგადაცილებაშია და მოპასუხის დავალიანება მოსარჩელე სს „თ----------ის მიმართ, 2017 წლის 15 მაისის მდგომარეობით შეადგენს 7 018.76 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 5 980.57 ლარი, პროცენტი - 718.30 ლარი, ჯარიმა - 319.89 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 15 მაისის ცნობა დავალიანების შესახებ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ”თ----------ის” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 416-418-ე, 411-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხელშეკრულება და მოპასუხე მხარემ დაარღვია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მან ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მოპასუხე კი სადავოდ მიიჩნევს მისთვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობას იმ საფუძვლით, რომ მას უპროცენტო სესხის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული თ----------თან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სათანადოდ უნდა შეფასდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ნამდვილობა მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, ასევე სადავო არ გამხდარა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის მოპასუხის მხრიდან გადახდის ვალდებულება, სადავოა მხოლოდ მხარეთა შორის პროცენტსა და პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობის საკითხი.

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

6.10. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა წერილობითი ხელშეკრულება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და რომლითაც დგინდება, რომ სესხი იყო სარგებლიანი და ასევე ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეზე და მან უნდა ადასტუროს ის გარემოება, რომ სესხი გაცემული იყო სარგებლის გარეშე.

 

აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ წარმოადგინა თ----------იდან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც თ----------ი გ--------------–---–ს შეახსენებს პრაიმ ბარათის დაფარვის თარიღს: 17.02.2017, მინიმალური დასაფარი თანხის ოდენობას - 477.78 ლარი და ატყობინებს, რომ უპროცენტო კრედიტისთვის უნდა დაეფარა 6159.32 ლარი, ე.ი. შეტყობინების აღნიშნული ტექსტი მსესხებელს ატყობინებს, რომ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საშეღავათო ვადაში დაფარავდა მთლიან თანხას, იმ შემთხვევაში სესხი იქნება უპროცენტო და არა იმ გარემოებას, რომ სესხის ხელშეკრულება იყო უპრეცენტო.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ეკისრება პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულებაში ნათლადაა მითითებული, რომ სესხი იყო სარგებლიანი, მხარეებს შორის 2015 წლის 25 მარტს დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკერულების მე-2 მუხლით გათალისწინებული იყო საკრედიტო ბარათის პირობები, მათ შორის სესხის სარგებელთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18%-ს, კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 36%-ს, კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0%-ს ორმოდათხუთმედღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. როგორც მოსარჩელე მხარემაც დაადასტურა სესხი უპროცენტო იყო იმ შემთხვევაში თუ დაფარვა მოხდებოდა მთლიანად საშეღავათო 55 დღიან პერიოდში. შესაბამისად, მოპასუხის აღნიშნული მტკიცებულება ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

6.10. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნაზ ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარე სს „თ----------ის“ საქმიანობა სწორედ კრედიტების გაცემას და ამ გზით შემოსავლის მიღება წარმოადგენს, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით (აღებული სესხის სარგებელთან ერთად დაუბრუნებლობით) მან მიიოღო ზიანი, რომლის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრება საფუძვლიანია.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას, გ--------------–---–ისათვის დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 25 მაისიდან მოსარჩელე სს "თ----------ის" სასარგებლოდ ძირი თანხაზე ყოველთვიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო:

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება -პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის ზიანის სახით, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრებით მოსარჩელეს აუნაზღაურდება არა მარტო დამდგარი ზიანი, არამედ ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოსალოდნელი ზიანი, შესაბამისად, სასამართლოს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებასთან ერთად პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულად მიაჩნია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს ”თ----------ის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 486,84 ლარი და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 536.84 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 239.20 ლარი, ხოლო დარჩენილი 184.20 ლარიდან 113.44 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

რაც შეეხება მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაღებულ ხარჯებს, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 500 ლარი. შესაბამისად, დავის საგნისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ ხარჯების ანაზღაურება 348 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, გ--------------–---–ს (პ/ნ 24001006461) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი კასპი, ქუჩა კელაპტრიშვილის №1, საკადასტრო კოდი №67.01.38.078, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 25 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს დავალიანების - 7 018.76 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 5980.57 ლარი, პროცენტი - 718.30 ლარი, ჯარიმა - 319.89 ლარი.

 

3. მოპასუხე გ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 25 მაისიდან დაეკისროს ძირითადი თანხის - 5980.57 ლარის წლიური 18%-ის გადახდა, ყოველთვიურად 89.70 ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე გ--------------–---–ისათვის 2017 წლის 25 მაისიდან მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ ძირითადი თანხაზე - ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოსარჩელე სს „თ----------ს“ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თახიდან - 536,84 ლარიდან დაუბრუნდეს 239,20 ლარი, ხოლო 184,20 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. მოპასუხე გ--------------–---–ს მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 113.44 ლარი გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 348 ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი