გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/160-18
160210018002307367
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - მზ---------–--ლი
მოპასუხე - შპს ,,ვი-------------------თი’’
წარმომადგენელი - და------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ვი-------------------თისთვის’’ მზ---------–--ლის სასარგებლოდ სამი თვის საიჯარო ქირის 937.50 ლარის და 2017 წლის 3 თვის არასრულად გადახდილი თანხიდან დარჩენილი ყოველთვიური 62.50 ლარის, სულ 187.50 ლარის, მთლიანობაში 1125 ლარის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
2017 წლის 1 მარტს მზ---------–--ლს და შპს ,,ვი-------------------თის’’ შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება და ყოველთვიური სიაჯარო ქირის თანხად განისაზღვრა 312.50 ლარი.
2017 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე კომპანია წყვეტდა ხელშეკრულებას. აღნიშნულის გამო, მან ოფისის გასაღები გამოართვა მოცემული კომპანიის ბოლნისის ოფისის თანამშრომელს დავ----------–--ეს, რომელმაც ასევე ხელწერილით დაადასტურა მოსარჩელისთვის ოფისის გასაღების გადაცემის ფაქტი და ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,ვი-------------------თი’’ ბანერს მოხსნიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. მოსარჩელემ 2017 წლის 1 სექტემბერს ზემოაღნიშნული ოფისი მიაქირავა ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას.
შპს ,,ვი-------------------თის’’ გადახდილი აქვს სამი თვის საიჯარო ქირა არასრულად, 62.50 ლარის დანაკლისით, ხოლო სამი თვის საიჯარო ქირა საერთოდ არ გადაუხდია, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1125 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ვი-------------------თის’’ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შედავების ფარგლებში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება სრულად არის შესრულებული. ხელშეკრულება მოსარჩელესთან შეწყდა 2017 წლის მაისის ბოლოს, შესაბამისად სამი თვის საიჯარო ქირა სრულად იქნა გადახდილი მზ---------–--ლისთვის. რაც შეეხება მოსარჩელისთვის საიჯარო ქირის 312.50 ლარის ნაცვლად, 250 ლარის გადახდას, მოპასუხის მტკიცებით, იჯარის ხელშეკრულების 4.1 პუნქტში მითითებულ 312.50 ლარში, ნაგულისხმები იყო ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც მოცემული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად იხდიდა ,,მოიჯარე’’ - შპს ,,ვი-------------------თი’’. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მიერ დასახელებულ პირს დავ----------–--ესა და შპს ,,ვი-------------------თის’’ შორის სამსახურებრივი ურთიერთობის ფაქტი და მიუთითა, რომ ასეთ პიროვნებას ზემოაღნიშნულ შპს-ში არასდროს უმუშავია.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 1 მარტს მზ---------–--ლსა და შპს ,,ვი-------------------თის” შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მეიჯარემ - მზ---------–--ლმა, მოიჯარე შპს ,,ვი-------------------თიზე” გასცა ქ.ბო-–---–ი, აღ--–-----–ის ქუჩის N82-ში მდებარე 45კვ.მ. ფართობის მქონე უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 5.03.2018 წლის სხდომის ოქმი)
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 3.1. პუნქტი ითვალისწინებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც განსაზღვრული იყო 2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მიხედვით კი ორივე მხარე იტოვებდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების შედეგად. საიჯარო თანხა შეადგენდა 312.50 ლარს და იგი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 5.03.2018 წლის სხდომის ოქმი)
3.1.3. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 4.2 პუნქტი ითვალისწინებდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდას მოიჯარის, ანუ შპს ,,ვი-------------------თის’’ მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 12-14)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 5.03.2018 წლის სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ შპს ,,ვი-------------------თიმ” 2017 წლის 13 აპრილს, 2017 წლის 10 მაისს და 2017 წლის 21 ივნისს მზ---------–--ლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით განახორციელა 3 თვის საიჯარო ქირის გადახდა, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მზ---------–--ლის საბანკო ანგარიშის ამონაწერი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 5.03.2018 წლის სხდომის ოქმი)
3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მაისს, 2017 წლის 19 ივნისს და 2017 წლის 19 ივლისს, მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადი, თითოეულ შემთხვევაში 62.50 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 5.03.2018 წლის სხდომის ოქმი)
- ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ
3.2.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ივნისს, მზ---------–--ლს, თავისი რეგისტრაციის მისამართზე გაეგზავნა 2017 წლის 1 მაისით დათარიღებული, შპს ,,ვი-------------------თის” იურიდიული სამსახურის უფროსის დ.ხარატის წერილი, 2017 წლის 2017 წლის 1 მარტის საიჯარო ხელშეკრულების 2017 წლის 1 ივნისიდან შეწყვეტის თაობაზე. თუმცა ადრესატის მოუძიებლობის გამო, მეიჯარე მზ---------–--ლს აღნიშნული წერილი არ ჩაბარებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ვი-------------------თის” მიმართვა
- საფოსტო რეესტრი და უკუგზავნილი
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 5.03.2018 წლის სხდომის ოქმი)
3.2.4. 2017 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 30 აგვისტოდან შეწყდა შპს ,,ვი-------------------თისთან” გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და მან მოცემულ უძრავ ქონებაზე გააფორმა ახალი იჯარის ხელშეკრულება სხვა სუბიექტთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 5.03.2018 წლის სხდომის ოქმი)
- 2017 წლის 1 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება
3.2.5. მოსარჩელის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე გა---------------მა განმარტა, რომ იგი მზ---------–--ლისგან იღებდა სამართლებრივ კონსულტაციებს და ამ უკანასკნელთან ხშირად მიდიოდა ოფისში, რომელიც მდებარეობდა იმავე შენობაში სადაც ,,ვი-------------------თი’’. 2017 წლის ივლისის თვეში მან ნახა ,,ვი-------------------თის’’ ფორმაში ჩაცმული ამავე კომპანიის თანამშრომელი. მოწმის განმარტებით მოპასუხე კომპანიის ბანერიც ოფისის გარე კედელზე ეკიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმის ჩვენება (5.03.2018 წლის სხდომის ოქმი);
3.2.6. მოპასუხის შუამდგომლობით მოწვეულმა მოწმე მოწმე შო--------------–---–მა მის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დათო მჭედლიძე ერთადერთხელ ნახა ქ.ბო-–---–ი აღ--–-----–ის ქუჩის N82-ში მდებარე ,,ვი-------------------თის’’ ოფისში. მოწმის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ოფისი დაიკეტა 2017 წლის მაისის თვის მიწურულს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმის ჩვენება (26.03.2018 წლის სხდომის ოქმი);
3.2.7. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულება შეწყდა არა 2017 წლის 30 აგვისტოს არამედ, 2017 წლის 30 მაისს და მას ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული.
3.2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ნაწილობრივ დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 531-ე, 561-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მხარეებს მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებული აქვთ იჯარის ხელშეკრულების სახელით, მაგრამ ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც, თუმცა იჯარის სახელწოდებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი შინაარსის განმსაზღრელია, არა ხელშეკრულების სახელწოდება, არამედ ის უფლება-მოვალეობები რომლითაც მხარეები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები. ამდენად, ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. სწორედ ამის მიხედვით უნდა გაიმიჯნოს ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
ქირავნობის ხელშეკრულება თავისი თვისებებით ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს იჯარის ხელშეკრულებასთან. თუმცა, მათ შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, კერძოდ, ქირავნობისგან განსხვავებით, იჯარის ხელშეკრულება მოიჯარეს ანიჭებს დამატებით უფლებას, მიიღოს ნაყოფი (შემოსავალი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთიდან, ხოლო მეიჯარეს ეკისრება დამატებითი (გამქირავებლისგან განსხვავებით) ვალდებულება, მთელი საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. ამასთან, იჯარის საგანს უნდა გააჩნდეს გარკვეული სამეურნეო დანიშნულება და იმთავითვე, მხოლოდ და მხოლოდ მეურნეობის სწორად გაძღოლის შედეგად უნდა იძლეოდეს ნაყოფს (შემოსავალს). თუმცა, თუ მოიჯარის მიერ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოხდება ინვენტარის შევსება ან სხვაგვარი მოდიფიცირება, ეს არ ნიშნავს, რომ ნივთს თავიდანვე არ ჰქონდა უნარი, მოეტანა შემოსავალი და ამით ხელშეკრულების არსი არ იცვლება. ქირავნობა მიმართულია მხოლოდ ნივთისკენ, ხოლო იჯარა ქონებისკენ (ნივთი და უფლება). ქირავნობა უზრუნველყოფს მხოლოდ ნივთით სარგებლობას, იჯარა - ასევე ნაყოფის მიღებას. როდესაც მიწის ან ფართის გადაცემა ხდება სამრეწველო ან თავისუფალი პროფესიული საქმიანობისთვის, იჯარის ხელშეკრულებად მოცემული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ მოცემული მიწის ნაკვეთი ან ფართი კონსტრუქციულად განკუთვნილია განსაზღვრული საქმიანობისთვის, ამასთან, ისეა მოწყობილი და აღჭურვილი, რომ მისი გამოყენება მაშინვე (იმთავითვე) შესაძლებელია მოგების მიღების მიზნით შემოსავლის მომტანი (შემოსავლიანი, მომგებიანი, მოგების მიღების მიზნით) საქმიანობისთვის. თუმცა, შესაძლოა, ინვენტარი შესავსები იყოს. იჯარისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ის გარემოება, რომ ფართი (მათ შორის ცარიელი) სამეწარმეო ან პროფესიული დანიშნულებით გამოიყენება.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტის ხელშეკრულების საგანი წარმოადგენდა ფართს და იგი მოპასუხე კომპანია მას ოფისად იყენებდა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა მხოლოდ ქონების სარგებლობაში გადაცემა და იგი ვერ უზრუნველყოფდა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა რომ სახეზეა ქირავნობის ურთიერთობა.
გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულების 3.3. პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის მიხედვით, ორივე მხარე იტოვებს ხეშეკრულების შეწყვეტის უფლებას ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა შეადგენს სამ თვეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა სახელშეკრულებო თავისუფლებათა პრინციპის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენება ძირითადად გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის არის დამახასიათებელი, რადგან ამგვარი ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი მოქმედებით, არამედ გულისხმობს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ხელშეკრულების მოშლის ფუნქცია არის არა შესრულების შედეგად მიღებული შედეგების უკან დაბრუნება, არამედ მის შესრულებაზე მომავალში უარის თქმა, განსხვავებით ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტისა, რომლის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს მხარეს, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, როცა კონტრაჰენტი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მათ შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთადერთ პირობას წარმოადგენდა შეწყვეტის თაობაზე გამქირავებლისთვის ერთი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნა. ხელშეკრულების შეწყვეტისთვის საჭირო სხვა რაიმე სახის პირობის (მაგ., ახალი დამქირავებლის შეთავაზების და სხვა) შესრულების ვალდებულებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 1 მაისით დათარიღებული წერილი, რომელიც იმავე წლის 30 ივნისის საფოსტო გზავნილით გაეგზავნა მზ---------–--ლს მისი რეგისტრაციის მისამართზე წყნეთის ხევი N1 და ეს წერილი მას არ ჩაბარებია. შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს, წერილობით არ ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და მოპასუხის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება არ მიუღია მოსარჩელე მხარეს. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მზ---------–--ლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სწორედ იმ მისამართზე მდებარეობს (ქ.ბოლნისი, აღ--–-----–ის 82) სადაც ოფისი, რომელთან დაკავშირებითაც დაიდო მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება, თუმცა ამ უკანასკნელის შეტყობინება გაეგზავნა არა მისი ფაქტობრივი საცხოვრებელის, არამედ რეგისტრაციის მისამართზე, სადაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელეს არ ჩაბარდა მოპასუხის შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ წარმატებით გაართვა მის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს ხელშეკრულების შეწყვეტის დროსთან დაკავშირებით. იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2017 წლის მაისი თვის დასრულებამდე ერთი თვით ადრე მოდის მოპასუხეზე, რომლებმაც ვარ დაადასტურა აღნიშნული, და------------მა წარმოადგინა შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა, მისი მტკიცებით აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ მოსარჩელე მზ---------–--ლს იგი ესაუბრა 2017 წლის 26 აპრილს და აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა რამდენადაც მოსარჩელე მხარემ უარყო, მოპასუხესთან ასეთი შინაარსის საუბრის გამართვა და ამასთან მოცემული წერილობითი დოკუმენტი, არ იძლევა საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაციას და იგი მხოლოდ ორ მხარეს შორის კომუნიკაციის ფაქტს ადასტურებს, სასამართლოს მხედველობაში ვერ მიიღებს მას, როგორც მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მზ---------–--ლისთვის 2017 წლის 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მასსა და ,,ვიქტორიას სექიურითის’’ შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა, მოპასუხე აღარ აპირებდა ქირის გადახდას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება შეწყდა და მან ახალი ხელშეკრულება გააფორმა სხვა სუბიექტთან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა სამი თვის საიჯარო ქირის გადახდის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი არ იყო ნაგულისხმები 312.50 ლარში, გადახდილი თანხის ოდენობისა და წარმოებული გადახდების პერიოდულობის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ყოველთვიურად საშემოსავლოს 62.50 ლარის გადახდით ანუ იმ თანხის გადახდით, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის შესაბამის პროცენტს შეადგენს, ასრულებდა ხელშეკრულების 4.2. პუნქტს. ვალდებულების შესრულება ვლინდება ობიექტური გარემოებებიდან, ან კონკლუდენტური მოქმედებებიდან, შესაბამისად მზ---------–--ლისთვის ყოველთვიურად 250 ლარით ჩარიცხვით, მოსარჩელისთვის განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ 4.2. პუნქტით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი ნაგულისხმები იყო საიჯარო ქირის გადასახადში და სწორედ აღნიშნული თანხის გამოკლებით არსებული თანხა 250 ლარი შეადგენდა ყოველთვიური საიჯარო ქირის გადასახადს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 1125 ლარის გადახდის დაკისრებას, მისი მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მზ---------–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის 1125 ლარის გადახდის დაკისრებას, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს მოთხოვნის 83.34%-ს, 41,66 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მზ---------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ,,ვი-------------------თის’’ მოსარჩელე მზ---------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს 937.50 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ,,ვი-------------------თის’’ დაეკისროს მზ---------–--ლის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 83.34 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი